მშვიდობა, რომელიც სიმდიდრეზე ძვირფასია... - გზაპრესი

მშვიდობა, რომელიც სიმდიდრეზე ძვირფასია...

მთავრობის ლანძღვა-გინებით რომ ადამიანების უმეტესობა არასდროს იღლება, ეს კარგად მოგეხსენებათ, მაგრამ იშვიათობაა, როცა ხელისუფლების დაცვას ვიღაც თავგამეტებით ცდილობს. ბატონი რამაზი გორიდან გახლავთ. ამბობს, რომ "ოცნებაზე" სიკეთის მეტს, ვერაფერს იტყვის, განსხვავებით წინა მთავრობებისგან, რომელთა შეცდომების გამო, ხალხმა მწარედ აგო პასუხი და ისინი საკუთარი სახლებიდან გაყარეს; იძულებულები გახადეს, ბარაკებისმაგვარ სახლებში დასახლებულიყვნენ, სადაც პირველ ხანებში, თავს ადამიანებად ვერაფრით გრძნობდნენ.

- წარმოიდგინეთ, სასახლეში ცხოვრობთ, სადაც ყველაფერი თქვენი გემოვნებით გაქვთ მოწყობილი; სადაც ყოველი კუთხე-კუნჭული გიყვართ, რადგან თქვენია. ამ სასახლესთან ბევრი მოგონება გაკავშირებთ. ეს არის თქვენი ციხესიმაგრე და უცებ, ჰოპლააა... ეშვები დაბლა. გაგდებენ ამ სასახლიდან და იძულებული ხარ, თავი შეაფარო რაღაცას. უკეთესის ძიებაში, ადამიანი საძროხისმაგვარ თავშესაფარში რომ აღმოჩნდები, რომელიც ლამის ერთ დღეში ააგეს, ძალიან გაგიჭირდება, ამისთვის მადლობა გადაუხადო მას, ვინც ეს ბოსელი შენთვის ააშენა. დიახ, ვგულისხმობ იმ დასახლებებს, რომელიც მიშამ ცხინვალიდან და გორიდან დევნილებისთვის, სასწრაფოდ ააშენებინა. ის სახლები, სადაც ჩვენ უკაცრავად და, შეგვყარეს, ზედ ჭაობზე იდგა და ცხადია, იქ ნესტიც იყო, საშინელი, არასაცხოვრებელი პირობებიც და ასთმიანი ბავშვის მშობელი ამ ყველაფრით კმაყოფილ-ბედნიერი ვერაფრით ვიქნებოდი. ვითხოვდი კიდეც: მირჩევნია, თბილისში ერთი ოთახი მომცეთ, სამზარეულო-სააბაზანოს გარეშეც კი, სადაც ბავშვს ასთმური შეტევები არ ექნება, ვიდრე აქ ორ ოთახში გვაცხოვროთ-მეთქი, და გაეცინათ, - შენ, ჩემო ბატონო, კარგი ცხოვრება მოგნდომებიაო... კარგი ცხოვრება ის იქნებოდა, ჩემს სახლს თუ არაფერი დაემუქრებოდა და საკუთარი ხელით აშენებულ, წინაპრებისგან შთამომავლობით გადმოცემულ მიწას არ დამაკარგვინებდნენ. აი, მაშინ ვიქნებოდი კარგად, თორემ თბილისში ერთი ოთახი ნამდვილად ვერ გამაბედნიერებდა... სხვა გზა რომ არ მქონდა, დავრჩი იმ ბოსელში, რომელიც ადამიანებისთვის ცოტა უფრო კოხტად მოაწყვეს, თვალის ასახვევად. მერე, დროთა განმავლობაში, ხალხმა თავისი საცხოვრებელი გაალამაზა, გაათბო, გაამწვანა. თუმცა, ეს ყველამ ვერ შეძლო და გაიქცნენ, ზოგი ალთას, ზოგიც - ბალთას. ლამის ვინატრეთ, რატომ შევარდნაძის დროს არ მოხდა ეს ყველაფერი, რომ აფხაზეთიდან დევნილების მსგავსად, ჩვენც რომელიმე შენობაში შევჭრილიყავით და უკანონობით გვესარგებლა-მეთქი.

- დღემდე იმ სახლში ცხოვრობთ, რომელიც როგორც დევნილს, მოგცეს?

- არა. მიუხედავად საშიშროებისა, მე და ჩემი მეუღლე სახლს დავუბრუნდით, ბავშვები კი იქ არიან. მხოლოდ უფროსი შვილია თბილისში, ნათესავთან. როცა იმ დასახლებაში ჩადის, მაშინვე ასთმური შეტევა ემართება და ხომ არ მოვკლავთ ბავშვს? ნათესავი ხელს მიმართავს. გაიხაროს იმისმა ოჯახმა!

- გასაგებია, რომ "ნაციონალები" არ მოგწონდათ, მაგრამ დღევანდელი მთავრობა მოგწონთ?

- მომწონს, ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ჭირი მოგვაშორა თავიდან და მეორეც, აღარ მეშინია, რომ ვიღაცის პროვოკაციას წამოეგებიან და კონფლიქტის ზონაში მცხოვრებლებს კიდევ ერთხელ, სარბენად გაგვიხდიან საქმეს. უკეთესი იქნებოდა, ხალხს ჰქონოდა ძალაუფლება. ჩვენ მთავრობის ჩარევის გარეშე, როგორმე მოვახერხებდით ერთმანეთში მოლაპარაკებას და შევეცდებოდით სიმშვიდეში ცხოვრებას. აბა, როდემდე უნდა მივიტაცოთ მიწები და მერე ამის გამო ვიომოთ? ახლა რომ გაჰყვირიან, რუსების ბრალია, კაცი რომ მოკლეს საზღვართანო, ერთი გამაგებინეთ, ამის გამო ისევ ომი უნდა წამოვიწყოთ თუ რაშია საქმე? ერთი უდანაშაულო, სიცოცხლეს გამომშვიდობებული პიროვნების გამო ომი ავტეხოთ და უამრავი ახალგაზრდა, მებრძოლი სულის ადამიანი გავიმეტოთ დასაღუპავად? კი, ბატონო, ვიყვიროთ, რამდენიც გინდათ, მეც ვაგინე მის მკვლელებს და სიამოვნებით წავუჭერდი ხელს ყელში, მაგრამ ამის გამო ქვეყნებს შორის კონფლიქტის წარმოქმნა სისულელე იქნება ჩვენი, ყველანაირად დაუცველი ქვეყნის მხრიდან. "ნაციონალები" კი მთავრობას უკიჟინებენ: რატომ ხარ ჩუმად? პასუხს რატომ არ სთხოვ რუსეთს, დათვის გეშინიაო? რომ ეშინოდეთ, რა, მერე? თვითონ რომ არ ეშინოდათ, იმიტომაც მიიღეს საგანგაშო დარტყმა. თუმცა, თავად რა ენაღვლებოდათ, გაიმეტეს მოქალაქეები, გაწირეს ბიჭები და თავად სად გარბოდნენ, ეშმაკმა იცის. აბა, გამოვიდნენ და თქვან, რომ კონფლიქტის ზონაში მოსულებმა ხელში იარაღი აიღეს და რიგითების გვერდით იბრძოდნენ. ვერც ერთი დაიკვეხნის ამას. აბა, სად იყო მაშინ ბოკერია ან მელია? ის ქალბატონი, რომელიც კორცხელში დიდი ამბით გაკიოდა, ჩვენი ცემა "ოცნების" ბობოლა კაცებმა დაგეგმესო? მე თქვენ გეკითხებით, ეს "გმირები" ომის დროს სად იყვნენ? თავიანთ თბილ სახლში მოკალათებულები, ტელევიზორს უყურებდნენ და შფოთავდნენ იმიტომ კი არა, რომ ხალხი ეცოდებოდათ (თუმცა, ზოგიერთს შესაძლოა, მართლა ჰქონდა ადამიანური ტკივილი), არამედ იმიტომ, რომ შეეშინდათ, თბილისსაც არ შემოუტიონო. ჰოდა, უკვე გზებს ეძებდნენ, როგორ დაეტოვებინათ თავიანთი მყუდრო სახლები და სად წასულიყვნენ... მადლობა ღმერთს, "ოცნებას" სათავეში უდგას ისეთი ადამიანი, რომელსაც ეყო გონიერება და ამ ბინძურ თამაშებს არ აჰყვა, პროვოკაციას არ წამოეგო.

- "ქართული ოცნება" რომ ნელ-ნელა დაიშალა, ამაზე რას გვეტყვით?

- ეს მოსალოდნელიც იყო. კარგია, ასე რომ ხდება და ერთ გუნდად შეკრულები არ დარჩნენ. ისევ ერთად რომ ეყარათ კენჭი, ამით ხომ გარკვეულწილად, თავიანთ პირობასაც დაარღვევდნენ?

- რას გულისხმობთ?

- თავიდანვე თქვეს, იმიტომ შევიკარით ერთ მუშტად, რომ მიშა მოვაშოროთ ხელისუფლებას, თორემ თითოეულ პარტიას სხვებისგან განსხვავებული იდეები, აზრები აქვს და ერთ გუნდად დიდხანს ვერ დავრჩებითო. მიკვირს, ეს დანაწევრება ცოტა ადრე რომ არ მოხდა.

- ბევრი სხვა დაპირებაც არ შესრულდა და ამაზე რას იტყვით? და კიდევ, ამ დაშლილი "ოცნებიდან", განსაკუთრებით, რომელი პარტია გესიმპათიურებათ?

- "თავისუფალი დემოკრატები" ძალიან მომწონს. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ მათი დაჩოჩების გამო სხვებს ვემდური. ყველას თავისი ღირსება აქვს. პარტიის რა მოგახსენოთ, მაგრამ ვისურვებდი, ბიძინა ისევ დარჩეს ხალხის იმედად. მართალია, ბევრი დაპირება არ შესრულდა, მაგრამ მგონია, რომ მას შეუძლია კარგი რაღაცების გაკეთება და დროთა განმავლობაში ამას აუცილებლად მოახერხებს. კვირიკაშვილიც ძალიან მომწონს. გონიერი, აუღელვებელი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს.

- ამჟამინდელი მთავრობა, "ნაციონალებისგან" განსხვავებით, დევნილებისთვის რა სიკეთეს აკეთებს?

- სიკეთე არ არის, ისევ ომს რომ არ იწყებენ და დიპლომატიური გზებით ცდილობენ რუსებთან საერთო ენის გამონახვას? ჩვენთვის, დევნილებისთვის მშვიდობაზე ძვირფასი აღარაფერია. უკვე ვიცით, შეიძლება, ადამიანი მილიონერი იყოს და ეს სიმდიდრე წამებში დაკარგოს, თუ ქვეყანა აირევა. ასე რომ, მირჩევნია, ცივი პური ვჭამო, ვიდრე მთავრობა ყოველთვიურ დახმარებას მიწევდეს და საომარ ველზე ვიყო. მერწმუნეთ, ფუფუნებაში ცხოვრება კი არა, ადამიანს მშვიდობიანი გარემო აბედნიერებს!

- მაგრამ მხოლოდ მშვიდობიანი გარემოც არ არის საკმარისი. თუ ადამიანს არ აქვს სამსახური და ოჯახის რჩენის შესაძლებლობა, ის უკვე სამშობლოდან გაქცევაზე იწყებს ფიქრს და ამის უამრავი მაგალითია გარშემო...

- ადამიანს შრომა თუ ეზარება ან გონება არ ჰყოფნის ნებისმიერი საქმის შესასრულებლად, ან სულაც, უკადრისია, მოდი, რა, ამას მთავრობას ნუ დავაბრალებთ. ადამიანებშია პრობლემა. ზოგი საზღვარგარეთ საშინელ სამუშაოს ასრულებს, პრეტენზიულ მოხუცებს ბავშვივით უვლიან, აქ კი მსგავს რამეს ხელსაც არ მოჰკიდებენ. თურმე, ქართველების გარემოცვაში ამის გაკეთება თავმოყვარეობას შეულახავთ! ზოგიერთი კი თავს იმართლებს: იქ მეტს გვიხდიანო. კი, მაგრამ შენიანებისგან შორს რომ ხარ და ყველაფერ კარგს მოწყვეტილი, ამაზე არ ფიქრობ? მაგრამ ოღონდ გავიქცეთ პრობლემებისგან და სხვა ყველაფერი წყალსაც წაუღია. ვიმეორებ, მე მირჩევნია, ცივი პური ვჭამო, ვიდრე სხვაგან ვიყო და ჩემები რძეში ვაბანაო. ვისაც გულით უნდა, სამსახურს ახლაც იშოვის. უბრალოდ, უსაქმურ კაცებს მიზეზები არ ელევათ, თავიანთი უმაქნისობა სხვას რომ გადააბრალონ... აი, ექიმთან რომ უფასოდ მიდიან, ამასაც არად აგდებენ. არადა, მიშას დროს და უფრო ადრეც, მოკვდებოდა კაცი და ექიმთან არ მივიდოდა, რადგან იცოდა, იქ "გაატყავებდნენ". ედუარდის პრეზიდენტობის დროს პირდაპირ ჯიბეს გიჩვენებდნენ, ფართოდ რომ ჰქონდათ ხალათზე მიკერილი, მიშას დროს კი გადასახადები ოფიციალურად იყო იმხელა, სიკვდილს ინატრებდი, მკურნალობის ხარჯის ანაზღაურებაზე რომ მიდგებოდა საქმე. ახლა უფასოა, შე დალოცვილო, და მაინც ეძებ ნაკლს? ყველაფერში და ყველგან მთავრობის ნაკლს ხედავს. ჩავიხედოთ საკუთარ გულებში და ვკითხოთ ჩვენს სინდისს: "მე რომ პრემიერი ან პრეზიდენტი ვიყო, რას გავაკეთებდი?" ცხადია, ჯერ თავო და თავო, მერე სხვაო. ახლა არ მითხრათ, რომ მხოლოდ ხალხზე იფიქრებდით და შინ არაფერს წაიღებდით. უბრალოდ, ყველაფერი ისე უნდა გათვალო და გააანალიზო, რომ ხალხი არ მოიმდურო. 100 ლარიდან 20 წაიღე, 30 ხალხს მიეცი და 50 სახელმწიფო საქმეებს მოახმარე - ეს იქნება სიკეთე, თორემ ასიდან 90-ს ჯიბეში რომ ჩაიდებ და 10 ლარით შეეცდები საქმის მოგვარებას, არაფერი გამოვა. ხალხი აგიჯანყდება და იმ სკამისკენ მიმავალ კარს ამოგიქოლავს, ასე ძალიან რომ გიყვარს. ვფიქრობ, "ოცნების" ბევრმა წარმომადგენელმა მოითბო ხელი იმით, რომ ხალხს ბიძინა უყვარს, მაგრამ ცუდის დალექვას და კარგის ზედაპირზე ამოტივტივებას დრო სჭირდება. ჰოდა, ამ არჩევნებზე ისევ ბიძინას ხალხს დავუჭერ მხარს იმიტომ, რომ მჯერა, კარგი ცუდისგან უკვე გამოცალკევდა და ახლა რეალურად არის დრო, როცა ხალხს ამოსუნთქვის საშუალებას მისცემენ.

ლიკა ქაჯაია