"თუ კაცი ხარ, სუფთად მეჭიდავე და მოიგე" ანუ შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა მსა­ჯე­ბის მოს­ყიდ­ვა? - გზაპრესი

"თუ კაცი ხარ, სუფთად მეჭიდავე და მოიგე" ანუ შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა მსა­ჯე­ბის მოს­ყიდ­ვა?

თავისუფალი და ბერძნულ-რომაული ჭიდაობები ეს ის სახეობებია, რომლებშიც ქართველ სპორტსმენებს ყველაზე მეტი ოლიმპიური ოქროს მედალი აქვთ მოპოვებული. 1952 წლის ჰელსინკის ოლიმპიურ თამაშებზე დავით ციმაკურიძის პირველი ქართული ოქროს ჯილდოდან მოყოლებული, რევაზ მინდორაშვილისა და მანუჩარ კვირკველიას პეკინური ტრიუმფით დამთავრებული, დღემდე ჩვენი ფალავნები 12-ჯერ ავიდნენ ოლიმპიური კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე. კარს მომდგარ რიო-დე-ჟანეიროს თამაშებზეც, პირველ რიგში, სწორედ მათი იმედი გვაქვს. ბოლო ჩემპიონატზე, ამერიკულ ლას-ვეგასში ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა, ხოლო ორიოდე თვის წინ რიგაში გამართული ევროპის ჩემპიონატიდან ხინჩეგაშვილის გარდა ოქროს მედლები გენო პეტრიაშვილმა და ზურაბ დათუნაშვილმაც ჩამოიტანეს.

იმედი, რა თქმა უნდა, კარგია და უნდა გვქონდეს კიდეც, მაგრამ როგორ სპორტულ ფორმაში არიან ჩვენი ფალავნები, როგორ ემზადებიან და რა შანსები აქვთ მათ ბრაზილიურ ოლიმპიადაზე, ამის შესახებ ყველაზე უკეთ საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს, მანუჩარ კვირკველიას მოეხსენება. ამიტომაც ჩვენთვის საინტერესო საკითხებზე სასაუბროდ სწორედ მას შევხვდი. მანუჩარი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონია. საჭადრაკო ენაზე რომ ვთქვათ, თავისი საქმის დიდოსტატია.

- მანუჩარ, ვიდრე აგირჩევდნენ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტად, ამ ორგანიზაციაში გვარიანი ქაოსი იყო. ერთ მუშტად შეკრული ქართველი მოჭიდავეების საძმო ერთბაშად აირია. წელიწადზე ცოტა მეტია, რაც შენ აგირჩიეს თავკაცად და სიმართლე გითხრა, მსგავსი რამ აღარ მსმენია. გურული კი ხარ და გონებაც გიჭრის, მაგრამ ასეთი რა მოიმოქმედე, რომ პრაქტიკულად, ყველა და ყველაფერი ჩაწყნარდა?

- ამთავითვე აღვნიშნავ, რომ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტობა ადვილი არაა. საქმე ძალზე ბევრია. პირველ რიგში მწვრთნელებს თავისუფლება და კომფორტულ სიტუაციაში მუშაობის საშუალება მივეცი. მათ საქმეში არ ვერევი, თუმცა შემდგომში მიღწეული შედეგების მიხედვით მაქსიმალურად მოვთხოვ პასუხს. იმის საშუალებასაც ვაძლევ, რომ ვთქვათ, დროებითი წარუმატებლობის შემთხვევაში თავადვე გააანალიზონ მიზეზები და შესაბამისი გადაწყვეტილებებიც მიიღონ. ერთმანეთში ნორმალური, ადამიანური და საქმიანი ურთიერთობა უნდა გვქონდეს, ისე წარმატებას ვერ მივაღწევთ. ავამოქმედეთ ახალი პროექტები, რომლებიც საჭიროა ჭიდაობის შემდგომი განვითარებისათვის. გაიზარდა ბიუჯეტი, მწვრთნელების, სპორტსმენების ანაზღაურება. ჩამოვიტანეთ ხალიჩები და ფიტულები, იხსნება ახალი დარბაზები. რაღა თქმა უნდა, გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია. არ მინდა ვისაუბრო, ჩემს პრეზიდენტობამდე რა და როგორ იყო. ვიტყვი მხოლოდ, რომ ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ბოლო წლებში მსოფლიოს ჩემპიონატებზე პრიზიორიც კი არ გვყოლია, შარშან კი ლაშა გობაძე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა, ხოლო თავისუფალ ჭიდაობაში ათწლიანი პაუზის შემდეგ, ლადო ხინჩეგაშვილი სულაც მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. კარგი შედეგები გვაქვს ევროპის ბოლო ჩემპიონატზეც. ორივე სახეობაში ლატვიიდან 9 ჯილდო ჩამოვიტანეთ, მათგან 3 - ოქროსი. რაც პრეზიდენტი გავხდი, სახლში პრაქტიკულად არა ვარ, ბავშვებსაც ხეირიანად ვერ ვხედავ. ჩემი დევიზია, ყველას ამოვუდგე მხარში, რომ ეს ჩვენი ფალავნების შედეგებზე აისახოს. თავისუფალ და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობას ვაერთიანებთ. ყველაზე დიდი ფედერაცია ვართ და ყველაზე მეტი მედლის მოპოვებაც ჩვენ შეგვიძლია.

- გულშემატკივრებს ალბათ ახსოვთ, რომ ჩვენმა მოჭიდავეებმა ბოლო ოლიმპიური ოქროს მედლები 2008 წელს, პეკინში მოიპოვეს. სხვათა შორის, თავისუფალი სტილის ფალავნებიდან ჩემპიონი საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი, რევაზ მინდორაშვილი გახდა, ხოლო ბერძნულ-რომაულში - შენ. კარგად მახსოვს, შენ ყველაზე ცუდ დღეში იყავი. იმ გაგანია ომის დროს მეუღლეს დღე-დღეზე უნდა ემშობიარა. ღვთის წყალობით ყველაფერი კარგად დამთავრდა და დღეს ოლიმპიური ჩემპიონიც ხარ და ხუთი შვილის მამაც. ქართველ ჩემპიონთა შორის ეს რეკორდია.

- მაშინ მე და რეზომ მართლაც დაუვიწყარი გამარჯვებები მოვიპოვეთ. მე 13 აგვისტოს ვჭიდაობდი. დილით რომ ავდექი, ბიჭები ჩურჩულებდნენ, "13" თარსი რიცხვიაო, მე კი ჩვენი გუნდის ექიმს, ზურაბ კახაბრიშვილს ვუთხარი, 13-ში ვარ დაბადებული და იცოდე, დღეს ჩემი დღეა, ჩემპიონი გავხდები-მეთქი. ფინალში მასპინძელთა ფალავანი, იონგ ჰან ჩანგი ისეთი უპირატესობით დავამარცხე, რომ ჩინელებიც მიკრავდნენ ტაშს.

- ახლა რეზოზე მითხარი, როგორი მწვრთნელია, როგორ ართმევს თავს საქმეს?

- ერთი პერიოდი ამბობდნენ, თითქოს არ შეუძლია მწვრთნელობა და მისგან კარგი სპეციალისტი არ გამოვაო. მე გეტყვით, რომ მასთან ძალიან ადვილია მუშაობა და ეს გვეხმარება კიდეც სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში. მოჭიდავეებთანაც იოლად გამონახა საერთო ენა. ყველასთან ინდივიდუალურად მუშაობს და ყველასგან მაქსიმალურ შედეგებს იღებს. მწვრთნელის პროფესიონალიზმიც სწორედ ეგ არის, რომ გახსნას სპორტსმენი. ცოტა უთქმელი კაცია, მაგრამ ძალიან მშრომელია. ბაქოს პირველ ევროპულ თამაშებზე 5 მედალი ჰქონდა, თუმცა არც ერთი ოქრო. სამაგიეროდ, მსოფლიოს ჩემპიონატზე ორი ბრინჯაოს ჯილდო და ერთი ოქრო აიღო, კონტინენტის წლევანდელ ჩემპიონატზე კი ჩვენებმა ექვსი მედალი დაისაკუთრეს, მათგან ორი - უმაღლესი სინჯის. ვიტყოდი, რომ რეზო დიდ მწვრთნელად ჩამოყალიბდა. თავისთავად ის ფაქტი, რომ ექვსივე წონით კატეგორიაში გვაქვს მოპოვებული ოლიმპიური ლიცენზია და ექვსივეში ძლიერი ბიჭები გვყავს, რეზოს, როგორც მწვრთნელის, მაღალ დონეზე მეტყველებს.

- მანუჩარ, რას გვეტყვი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებზე? ამ სახეობას 20 წელზე მეტია, ბეგი დარჩია უდგას სათავეში. შენც სწორედ მის ხელში მოიპოვე ყველა ტიტული. ამასთან, ბიძაშენია, მაგრამ კარგა ხანია, გუნდი ვერ დააყენა ფეხზე. ეგებ ამიხსნა მიზეზი.

- უკვე ვთქვი, წარსულზე საუბარი არ მინდა. მიზეზი კი ალბათ ის არის, რომ მას მუშაობის ნორმალური პირობები არ ჰქონდა. მწვრთნელთა საბჭოზე გვინდოდა, ახალგაზრდა მწვრთნელები შეგვერჩია, მაგრამ მათ გამოცდილებაც უნდა ჰქონოდათ, ვინაიდან აქ ქვეყნის ეროვნულ ნაკრებზეა ლაპარაკი და არა - ცალკეულ პიროვნებებზე. ბეგის ძალიან დიდი გამოცდილება აქვს. პეკინის ოლიმპიური თამაშების შემდეგ ის მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს. ამ დონის სპეციალისტი რომ მოვიწვიოთ, 5-10 ათასი დოლარი უნდა გადავუხადოთ. მისი ხელმძღვანელობით შარშანდელ მსოფლიოს ჩემპიონატზე პრიზიორი გვყავდა, ხოლო წელს ევროპის ჩემპიონატიდან სამივე სინჯის მედალი ჩამოიტანეს. რაც მთავარია, ბიჭებს ეტყობათ, რომ თანდათან უმატებენ და ხუთ წონაში მოვიპოვეთ კიდეც ოლიმპიადის საგზურები. ვერ დავიწყებ იმის მტკიცებას, რომ ყველა მათგანი ავა ოლიმპიურ კვარცხლბეკზე, მაგრამ ფორტუნამ თუ კეთილი თვალით გადმოგვხედა, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებისგაც უნდა ველოდოთ მედლებს.

- კარგა ხანია ლაპარაკობენ, რომ სხვადასხვა ქვეყნის ფედერაციების ხელმძღვანელები თავიანთი სქელი ჯიბით, მსოფლიოსა თუ ოლიმპიურ ტურნირებზე კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურებზეც ადიან. კონკრეტულ პიროვნებებსაც ასახელებენ, მაგალითად - რუსეთის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს, მიხეილ მამიაშვილს. გამოდის, რომ ჩვენი ბიჭები შეიძლება, არაობიექტური მსაჯობით დაიჩაგრონ.

- პირდაპირ გეტყვით, არ მსიამოვნებს, როდესაც ასეთ რაღაცებს ამბობენ, მით უფრო, გვარებს რომ ასახელებენ. მაშინ, მე მოგცემთ ფულს და თქვენ მოისყიდეთ რომელიმე მსაჯი და მიყიდეთ ოლიმპიური ოქროს მედალი. არ ეგონოს ვინმეს, რომ სულ ჩვენ ვართ დაჩაგრულები. ყოფილა შემთხვევა, არაფერი გაუკეთებია ქართველ მოჭიდავეს და ორი ქულა მიუციათ და გადამწყვეტი შეხვედრაც მოუგია. ამას თუ არ დავინახავთ, არ ვიქნებით მართლები. რა თქმა უნდა, მსაჯიც ადამიანია და ისიც შეიძლება შეცდეს. მსაჯის დახმარებით ვინმე ჩემპიონი რომ გახდეს, ეს ცრუ ინფორმაციაა. შეჯიბრების დროს მე არ გამოვდივარ დარბაზიდან და თავად ვუყურებ ყველაფერს. თუ სპორტსმენი ძლიერია, გამარჯვების მოპოვებაში მას მსაჯიც ვერ შეუშლის ხელს. ამის მომსწრე თავად ვყოფილვარ.

- კიდევ ერთი საჭირბოროტო საკითხი, რომელიც დღეს მთელ მსოფლიოს მოედო და მათ შორის, სამწუხაროდ, საქართველოსაც: დოპინგი. რა მოვუხერხეთ ამ პრობლემას?

- ეს საკითხი მართლაც, მთელ მსოფლიოს აწუხებს. ბევრ ქვეყანაში იყენებენ სხვადასხვა პრეპარატს, თუმცა ჩვენც და თავად სპორტსმენებიც ამის წინააღმდეგი ვართ. თუ კაცი ხარ, სუფთად მეჭიდავე და მომიგე. ეს არ არის ვაჟკაცობა. მაგრამ იმ პრეპარატზე ხმაური, რომელზეც ბოლოს ჩაატარა შემოწმება მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტომ, ცოტა ავანტიურისტული იყო, ვინაიდან ეს ანაბოლიკი არ არის და არავითარ შედეგს არ იძლევა, გულის კუნთისა და სისხლძარღვების გამაჯანსაღებელი საშუალებაა. თანაც, ყოფილა შემთხვევა, შემოწმების წინადღეს მიღებული არ აჩვენა ტესტირებამ და ერთი თვის წინ მიღებული დააფიქსირა. ეს ჩვენც გვაბნევს, ბევრმა გააპროტესტა კიდეც და გადაწყდა, რომ გარკვეული დოზით დაუშვან ეს პრეპარატი. მიუხედავად ამისა, მაინც სისტემატურად ვამოწმებთ სპორტსმენებს, რომ ვინმეს შედეგის მიღწევის მიზნით არ წაუცდეს ხელი.

- სპორტსმენებიც სხვადასხვა ფსიქოლოგიურ ტიპს მიეკუთვნებიან. ზოგს რინგზე გასვლის წინ მეტოქის შიში შეიპყრობს, სხვა პირიქით, ისე განეწყობა, ლამის ლომი ხდება. ამიტომ დოპინგს სპორტული ფსიქოლოგის დახმარება სჯობია. თქვენ თუ გყავთ ფსიქოლოგი?

- დღეისათვის უკვე ყველა წონით კატეგორიაში ვიცით ჩვენი ლიცენზიანტები და ფსიქოლოგიც გვეყოლება, მაგრამ სიმართლე გითხრათ, თუ მოჭიდავე თავად არ არის ლომი, ფსიქოლოგი ვერ უშველის.

- ალბათ ხვდები, რომ ამ ოლიმპიადის შედეგებზე დამოკიდებული იქნება შენი, როგორც ფედერაციის პრეზიდენტის ბედიც...

- რა თქმა უნდა, და ეს ჩემთვისაც საინტერესოა. თუ მიზანს ვერ მივაღწიეთ, ე.ი. მწვრთნელებმა დაუშვეს შეცდომები, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ვერ გავაკონტროლე ისინი, ვერ შევასრულე ჩემი მოვალეობა. ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა ქვეყნის წინაშე და ყველანი დაინტერესებული ვართ, რომ ჩემპიონებიც გვყავდეს და პრიზიორებიც. იმედი მაქვს, ასეც იქნება.

გოგი ფრანგიშვილი