"პოლიტიკაში იდიოტიზმი არანაკლები დანაშაულია" - გზაპრესი

"პოლიტიკაში იდიოტიზმი არანაკლები დანაშაულია"

"ჩვენ გვქონდა "შავი რომანტიზმი" ზვიად გამსახურდიას დროს, აქედან შევარდნაძის მარაზმში გადავინაცვლეთ, ჭაობში ვიყავით, მერე - სააკაშვილის სადიზმში და მივედით "ოცნების" მაზოხიზმამდე", - ამბობს ექსპერტი გია ხუხაშვილი ქვეყანაში დღეს არსებულ სიტუაციაზე და დაშლილი კოალიციის ირგვლივ მიმდინარე ქაოსზე, "რესპუბლიკელების" "პარაზიტოლოგიაზე", არჩევნებზე, უნიჭოდ გამოვლენილ ძალადობასა და სხვა თემებზე გვესაუბრება.

- კოალიცია რომ დაიშალა, ეს კანონზომიერი პროცესია. საერთოდ, ნებისმიერ კოალიციას, რაღაც ფასეულობები უნდა აერთიანებდეს და გარკვეულ ფუნდამენტზე იდგეს, ეს კოალიცია კი ძალიან ეკლექტური იყო და ეს ეკლექტურობა მისივე ფორმირების პროცესში იყო ჩადებული, გამომდინარე იქიდან, რომ ნეგატიური ამოცანა იყო დასახული - რეჟიმის დამარცხება. ფასეულობებზე კი მაინცდამაინც არავინ მსჯელობდა. რაც შეეხება იმას, რომ ამ პროცესმა უცნაური ფორმა მიიღო - თითქოს იშლებიან, მაგრამ მიუხედავად ამისა, თანამდებობებზე რჩებიან, ამას ორი მიმართულება აქვს. საპარლამენტო თანამდებობებზე რომ რჩებიან, ამაში უცნაურს ვერაფერს ვხედავ, რადგან საპარლამენტო ცხოვრება ასეთ კონფიგურაციას გულისხმობს, მაგრამ აღმასრულებელ ხელისუფლებაში ოპოზიციურად განწყობილი, ხელისუფლებისგან დისტანცირებული ძალების ყოფნა, რა თქმა უნდა, უცნაურია. მოგეხსენებათ, მთავრობა სოლიდარული პასუხისმგებლობის სისტემაა, სადაც მიმდინარე პროცესებზე პასუხისმგებლობას ყველა ინაწილებს და ძალიან უცნაურია, როდესაც "რესპუბლიკური პარტია" საკმაოდ მწვავე განცხადებებს აკეთებს ხელისუფლების ქმედებებზე, შესაბამისად, პასუხისმგებლობას თავის კოლეგა მინისტრებს აკისრებს. ეს უცნაურია, რადგან ისინიც ისევე არიან პასუხისმგებლები, თუნდაც, მაგალითად, იმაზე, რაც კორცხელში მოხდა. გარდა ამისა, წმინდა საარჩევნო ტექნოლოგიების თვალსაზრისითაც გაუგებარია, ასეთ პირობებში რანაირად უნდა აწარმოონ საარჩევნო კამპანია? ეს კითხვები, რა თქმა უნდა, ჩნდება, მაგრამ "რესპუბლიკური პარტიისთვის", გამომდინარე იქიდან, რომ ამ საარჩევნო ციკლში რეალურ პლატფორმას ვერ პოულობენ, ძალაუფლებითი ინსტრუმენტების დათმობის გადავადება სასიცოცხლო ამოცანას წარმოადგენს. "რესპუბლიკური პარტია" აღმოჩნდა სიტუაციაში, როცა ელექტორატთან მისასვლელი გზები გადაკეტილი აქვს და ეს მათ ბიოგრაფიაში ახალი არ არის. ამასთანავე, ამ ოთხი წლის განმავლობაში, მათ თითქმის ყველა ის პრინციპი გათელეს, რასაც თითქოს 30 წლის განმავლობაში ემსახურებოდნენ და ეს ბევრჯერ გამოვლინდა, ვეტოს გადალახვით დაწყებული, ხელისუფლების საეჭვო ქმედებებზე თვალის დახუჭვით დამთავრებული. იგივე, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, როცა უარი თქვეს მაჟორიტარების გაუქმებაზე საარჩევნო პროცესში, რასაც წლების განმავლობაში ითხოვდნენ. ისინი გაემიჯნენ იმ პრინციპებს, რაც მათ პოლიტიკაში ყოფნას ამართლებდა. შესაბამისად, გარკვეულ, პარაზიტულ პოლიტიკურ წარმონაქმნად ჩამოყალიბდნენ, რომელმაც პოლიტიკური ენერგია მხოლოდ სხვაზე მიტმასნის საფუძველზე შეიძლება მიიღოს. ამასთანავე, შეიქმნა ვითარება, როცა პარაზიტობაც აღარ გამოსდით, იმიტომ, რომ აღარავის უნდა მათი მიტმასნება. ხელისუფლებამ ისინი ფაქტობრივად განდევნა პოლიტიკური სისტემიდან და საარჩევნო პარტნიორობიდან, ოპოზიციაშიც ისინი არავის სჭირდება, საკუთარი რესურსი არა აქვთ და გაუგებარ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ - აღარც ცისები არიან და აღარც - მიწისები. მათი პოლიტიკური პერსპექტივაც ბუნდოვანია და აქედან გამომდინარეობს მათი უცნაური ქცევები და ქმედებები.

- რაც შეეხება "ქართულ ოცნებას", თქვენ როგორ გესახებათ მისი უახლოესი პოლიტიკური მომავალი, გამომდინარე იქიდან, რომ "რესპუბლიკელების" გარდა, სხვაც ბევრი ადამიანი ტოვებს მმართველი გუნდის რიგებს? თქვენი აზრით, არჩევნებისთვის როგორ მოხდება ამ პარტიის ფორმირება?

- "ქართული ოცნება" განაგრძობს ვარდნას, ნაცვლად იმისა, რომ პოზიტივი შემოეტანა. ამომრჩეველი მას გაემიჯნა და მიაჩნია, რომ ცუდი ხელისუფლება ჰყავს, თუმცა, როცა ხედავს, რომ ოპოზიცია კიდევ უარესი ჰყავს, ეს იყო "ოცნების", ასე ვთქვათ, კოზირი, "მოკავშირე". ოპოზიციის მიმართ ამომრჩეველს მეტი ნეგატივი ჰქონდა. სამეგრელოსა და გურიის არჩევნებმა კი აჩვენა, რომ მათი მდგომარეობა ამ მხრივაც კი არაა საიმედო. ერთადერთი პოზიტივი, რაც დღევანდელ ხელისუფლებას აქვს, მისი ჰუმანურობა იყო, საზოგადოებას არ თრგუნავდა და იმ ძალისმიერ ინსტრუმენტებს არ იყენებდა. ხელისუფლება ცდილობს, რომ მიშას მიერ წარმოშობილი სისტემა თავის სამსახურში ჩააყენოს, რაც ძალიან უხარისხოდ გამოსდის. მიშა ამას ეფექტიანად ახერხებდა. მიშა თუ ძალადობდა, აქედან რაღაც შედეგს იღებდა და იგებდა მაინც. კორცხელის მაგალითზე ვნახეთ, რომ ხელისუფლება ძალისმიერად მოქმედებას შეეცადა, მაგრამ მაინც წააგო. ჩვენ გვქონდა "შავი რომანტიზმი" ზვიად გამსახურდიას დროს, აქედან შევარდნაძის მარაზმში გადავინაცვლეთ, ჭაობში ვიყავით, მერე სააკაშვილის სადიზმში და მივედით "ოცნების" მაზოხიზმამდე. ყველა ქმედება ბუმერანგივით უტრიალდებათ უკან, ამითაა განპირობებული მათი რეიტინგული ვარდნა და მე აღარ ვიცი, ამის ქვემოთ სადღა უნდა ჩავიდნენ. თუმცა, სიტუაციის სტაბილიზებას და ამომრჩევლის თუნდაც მცირე ნაწილის მობრუნებას, ფაქტია, ვერ ახერხებენ.

- ზოგი ფიქრობს, რომ კორცხელის ინციდენტის დროს, ხალხმა შური იმ ლიდერებზე იძია, რომლებიც თავის დროზეც სძულდათ და მიაჩნდათ, რომ სისასტიკეს სჩადიოდნენ, მაგრამ ხელისუფლებამ ისინი სათანადოდ არ დასაჯა.

- არადამაჯერებელია, მიუხედავად იმისა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ, საკმაოდ სერიოზული აგრესიაა საზოგადოების სერიოზულ ნაწილში. ჩვენ რაც ვნახეთ, ეს ხალხის შურისძიებას არ ჰგავდა. იქ რომ ადგილობრივები ყოფილიყვნენ, მაშინ შეიძლებოდა ის ინციდენტი ამ ლოგიკით შეეფუთათ. იგივე ადამიანები ვიხილეთ, რომლებიც ადრე ბოკერიას დავალებით ჩვენ გვცემდნენ, ახლა კი ბოკერიას სცემეს ჩემი მეგობრების დავალებით. რით ჯობია ეს ხელისუფლება წინას? ეს ძალიან სახიფათო კითხვაა. თუ ეფექტიანი არ ხარ, ადამიანის უფლებების მხრივაც სისტემური ნაბიჯები არ გადადგი, მაშინ შენი ხელისუფლებაში ყოფნის მოტივიც თითქოს აღარ ჩანს. კვირიკაშვილი იყო და იმედი მაქვს, რჩება პოზიტივად, რომელსაც მართლაც უნდა უკეთესობა, თუმცა, თუ რეალურ ქმედებებს ვერ აჩვენებს, ეს მის იმიჯს დააზიანებს.

- თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ "ნაციონალური მოძრაობა" პროვოკაციებითა და ინტრიგებით ყველასგან გამოირჩევა და ეს კარგად გამოსდის.

- ისინი რომ პროვოკაციებზე მიდიან და ეს მათი ტექნოლოგიებია, გასაგებია, მაგრამ ეს არანაირად არ ამართლებს იმას, რაც მოხდა. თუ ხელისუფლებამ ეს გააკეთა, ერთი უბედურებაა, მაგრამ თუ არ უნდოდა და ოპოზიციის მახეში გაება, ეს - მეორე. მერწმუნეთ, პოლიტიკაში ასეთი უუნარო იდიოტიზმი შეგნებულ აგრესიაზე არანაკლები დანაშაულია.

- დაბოლოს, როგორ შეაფასებთ იმ წერილს, რომელიც ხანგრძლივი დუმილის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილმა ბოლო პერიოდის ანალიზის სახით გამოაქვეყნა?

- ბიძინა ივანიშვილმა მთელი ეს ოთხწლიანი პერიოდი და რეჟიმთან ბრძოლის დრამატული პროცესი მიმოიხილა. ცალკეული მოსაზრებები ძნელია, არ გაიზიარო, რადგან მისი მრჩევლობის დროს, მე ამ ყველაფრის თანამონაწილე ვიყავი. რა მოხდა და როგორ მოხდა, ამაში საკამათო ნამდვილად არაფერია, მაგრამ ჩემი აზრით, ამ წერილის მთავარი პრობლემა ისაა, რომ ბიძინა ივანიშვილი პროცესს "ნაციონალური მოძრაობის" პრიზმაში ხედავს. ეკონომიკური ანალიზიც კი მათთან შედარებებით აქვს გაკეთებული. ფაქტია, მას მიაჩნია, რომ ქვეყნის განვითარება "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის დაპირისპირებაა, ამ ქვეყანაში მეტი არაფერი ხდება? როცა ამბობს, რომ მათ დამარცხებას მთელ თავის რესურსს დაახარჯავს, რატომ? ხელისუფლებაში ოთხი წელი ჰქონდა და შეეძლო დანაშაულში მხილებული პარტიისთვის თავისი ადგილი მიეჩინა. ყველანაირი ბერკეტი მის ხელში იყო - მორალური, სამართლებრივი, პოლიტიკური და ა.შ. მან კი ეს ძვირფასი დრო დაკარგა. ისტორიული თვალსაზრისით, შესაძლოა, მისი წერილი საინტერესო იყოს, მაგრამ დღევანდელ გამოწვევებსა და მოთხოვნებს, ფაქტია, არ პასუხობს.

თამთა დადეშელი