"კ ჩორტუ კაპრატივი" ანუ რა უშლის ხელს კოოპერატივების შექმნას საქართველოში? - გზაპრესი

"კ ჩორტუ კაპრატივი" ანუ რა უშლის ხელს კოოპერატივების შექმნას საქართველოში?

როდესაც სიტყვა "კოოპერატივს" ახსენებენ, ძალაუნებურად ჯავახიშვილის ცნობილი სიტყვები გახსენდება: "კ ჩორტუ კაპრატივი, ჯაყოს არ გინდა კაპრატივი, არა-მეთქი..." მართალია, კოოპერატიული მოძრაობა ბევრს საბჭოთა პერიოდის გადმონაშთი ჰგონია, მაგრამ მას გაცილებით ღრმა ფესვები აქვს: კოოპერატივების შექმნას თავის დროზე მხარს უჭერდნენ ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ანტონ ფურცელაძე და სხვა დიდი მოღვაწეები.

ხათუნა ჩიგოგიძე

საქართველოში კოოპერატივების განვითარება ევროკავშირის ერთ-ერთი რეკომენდაციაა. კოოპერატივების შექმნას ხელს უწყობს ქართული სახელმწიფოც, ფუნქციონირებს "კოოპერატივების განვითარების სააგენტო", რომლის ინფორმაციით, დღეს საქართველოში უკვე 1 489 კოოპერატივი მოქმედებს, თუმცა ბევრი ფერმერი თავს იკავებს, რომ კოოპერატივის წევრი გახდეს. როგორც თვითონ ამბობენ, ამის მიზეზი უამრავია:

ნინა პეტროვა-ძნელაძე, ბიოფერმერი:

_ მე ბიოლოგიურად სუფთა ბოსტნეული მომყავს. ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მაქვს მეურნეობა, რომელსაც "მწვანე სახლები" ჰქვია. ჩემი მწვანილი ან პომიდორი 3 თვის განმავლობაში იზრდება, ხოლო ვინც ნიტრატებს მიაყრის, იმისი _ ერთ კვირაში. რა თქმა უნდა, კომერციულად ჩემი საქმე ნაკლებად მომგებიანია, მაგრამ ვისთვისაც ხარისხი მნიშვნელოვანია, ის ყოველთვის ჩემს პროდუქციას ყიდულობს. ამიტომ, მე ეს გზა ავირჩიე. რაც შეეხება კოოპერატივებს, იმასთან გავერთიანდებოდი, ვისთანაც უფრო წარმატებულად ვიმუშავებდი და ვინც ბიზნესის გაფართოებაში დამეხმარებოდა, მაგრამ დღესდღეობით ვერ ვხედავ მას, ვისთანაც შეიძლება გავერთიანდე. მაქვს შემოთავაზებები, მაგრამ უარს ვამბობ, მიუხედავად იმისა, რომ კოოპერატივები დღეს დიდი შეღავათებითა და პრივილეგიებით სარგებლობენ. ძალიან ბევრი მიზეზი არსებობს, რის გამოც ფერმერები კოოპერატივების შექმნისგან თავს იკავებენ. უმეტესობა გადარჩენაზე ფიქრობს. ბევრს ალბათ ინფორმაციაც არა აქვს და ბოლომდე არ იცის, კოოპერატიული გაერთიანება რა სარგებელს მოუტანს. ამავე დროს, ყველას აქვს ხარჯები, კოოპერატივში შემოსავალიც ერთიანდება და გასავალიც. ალბათ ბევრი ამასაც ერიდება. თანაც, დღეს საქართველოში ბევრია ოჯახი, რომლის მატერიალური მდგომარეობაც ძალზე მძიმეა. ასეთ ოჯახებს დამატებითი ხარჯი არ სჭირდებათ და რომც მოინდომონ, მათ გაერთიანებას აზრიც არა აქვს. კოოპერატივში თავიდანვე უნდა იყოს გარკვეული, ვინ რა ქონებას ფლობს, ვის რა გასავალი ან შემოსავალი აქვს. ოთხი-ხუთი მეურნეობა რომ გაერთიანდება და მათი ბიუჯეტი საერთო გახდება, ხარჯიც და მოგებაც _ ეს შეიძლება ბევრს აშინებს. მთავარი მიზეზი კი ის არის, რომ დღეს ყველა, ვინც სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული, ღარიბ-ღატაკია. ჩემს მაგალითზე გეტყვით: შეიძლება ვიღაცას ჰგონია, რომ დიდი მეურნეობა მაქვს და შეძლებული ვარ, მაგრამ ასე არ არის. ფერმერების უმეტესობას გამოტანილი გვაქვს კრედიტი. დიდი ბიომეურნეობა მაქვს, მაგრამ ყველაზე მეტად დღეს შეიძლება მე მიჭირს, რადგან იძულებული ვარ, ბანკის პროცენტებიც ვიხადო, საქმეც შევინარჩუნო და მოსავალიც მოვიყვანო, რომ არ გავკოტრდე. ამას ემატება სეტყვა, ქარბუქი და სტიქიური მოვლენები, რომლებმაც შეიძლება მთელი მოსავალი გაგინადგუროს. თუ მცირე მეურნეობები კოოპერატივებში გადაიზრდებიან, ეს ძალიან კარგი ნაბიჯი იქნება, მაგრამ მათ არა აქვთ პერსპექტივა _ ყველას აქვს სესხი და როდესაც შენი პრობლემები გაქვს, სხვისი პრობლემების დამატება აღარ გსურს. იმ სხვასაც ძლიერ პარტნიორთან გაერთიანება ურჩევნია.

ჯაბა ჭეიშვილი, ფერმერი:

_ კოოპერატივები, რომლებიც შეიქმნა, საკმაოდ კარგად ფუნქციონირებს, მაგრამ ჩვენს ფერმერებს არა აქვთ ერთად შრომის გამოცდილება. კოოპერატივში ყველაფრის სწორად დაგეგმვა და საქმის სწორად მართვა აუცილებელია. უამისოდ საქმე წინ ვერ წაიწევს. ადამიანი კოოპერატივში რომ შედის, რაღაც ბაზა უნდა ჰქონდეს და საქმეს აკეთებდეს. ვინც ზარმაცია, არაფერი აბადია და მუშაობაც არ უნდა, კოოპერატივში რას გააკეთებს? ალბათ ამის ბრალიცაა, რომ ბევრი კოოპერატივი არ იქმნება, თუმცა, ჩემი აზრით, ჯობია რაიონში ორი კოოპერატივი იყოს და გამართულად მუშაობდეს, ვიდრე ოცი და ყველას უჭირდეს. ეს ის დარგია, რომელსაც დიდი ცოდნა და გამოცდილება სჭირდება. ტრენინგებიც ტარდება, კონსულტაციებიც, მაგრამ ბევრი გლეხი არ დადის. ზოგს ჰგონია, ყველაფერი იცის და არც ცდილობს ისწავლოს, ცოდნის გარეშე კი, აგრარულ სექტორში ვერაფერს მიაღწევ. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენთან ცხოვრების დონეც დაბალია და ანაზღაურებაც, ამიტომ მიდიან ჩვენი გლეხები და უცხოეთში მუშაობენ. იქ მათი ანაზღაურებაც მეტია. საქართველოში კი, ძალიან დიდი მიწა და მოსავალი უნდა გქონდეს, რომ მოგებაზე გახვიდე. მართალია, ჩვენი სახელმწიფო კოოპერატივებს ხელს უწყობს, მაგრამ კიდევ უფრო მეტი ხელშეწყობაა საჭირო.

აკაკი ღლონტი, სწავლული აგრონომი:

_ კარგად ვიცი ხალხის აზრი და ისიც, რომ ზოგიერთს კოოპერატივი იგივე კოლმეურნეობა ჰგონია. ხალხს თითქოს შიში აქვს კოოპერაციის მიმართ, რადგან კომუნისტების დროს კოოპერირებას ძალდატანებითი ხასიათი ჰქონდა. მართალია, დოვლათიც იქმნებოდა და ხალხს შემოსავალიც მეტი ჰქონდა, მაგრამ მაშინდელი კოოპერატივი არ იყო ნებაყოფლობითი გაერთიანება. ამასთანავე, ქართველების ბუნება ისეთია, რომ გაერთიანება უჭირთ. გლეხების უმეტესობა მატერიალურად შეჭირვებულია, სუსტი ადამიანების გაერთიანებას კი, კარგი არაფერი მოაქვს. რამდენიმე საშუალო დონის ფერმერი მაინც უნდა შეიკრიბოს, რომ კოოპერატივი შეიქმნას. როდესაც ადამიანს ფინანსები არა აქვს, სამუშაო იარაღი არა აქვს, რატომ გაერთიანდება ვინმესთან? ვინც ძლიერია, ის დამოუკიდებლადაც კარგად მუშაობს, საშუალო ფენა კი, გლეხობაშიც არ გვყავს. რაღაც ოქროს შუალედია მოსაძებნი, რომ კოოპერირების პროცესს ბიძგი მივცეთ. მიუხედავად იმისა, რომ კოოპერატივები სახელმწიფოსგან სერიოზულ დახმარებებს იღებენ, ბევრი კარგი პროექტი მუშაობს, ის რაოდენობა მაინც არ არის, რაც საჭიროა. არადა, აგრარული სექტორი საქართველოში ვერ განვითარდება, თუ კოოპერირებას ვერ შევძლებთ. ყველა ქვეყანაში, კაპიტალისტური იქნება ის თუ სოციალისტური, კოოპერატივები წარმატებით მუშაობენ და დოვლათიც ასე იქმნება. კოოპერატივები ჩვენთვისაც გამოსავალია, რადგან ჩვენი რეგიონები მოსახლეობისგან თანდათან იცლება, ხალხს შემოსავალი არა აქვს და მშობლიურ ადგილებს ტოვებს.

გიორგი მიშელაძე, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე:

_ მსოფლიოს ყველაზე განვითარებულმა ქვეყნებმა 170 წელი მოანდომეს, რომ კოოპერაციის იმ დონისთვის მიეღწიათ, რომელიც დღეს აქვთ. ამ ქვეყნებს შორის არის ინგლისი, საფრანგეთი, ესპანეთი, გერმანია, შვედეთი, ჰოლანდია, იაპონია, აშშ და სხვა... ყველა მოწინავე ქვეყნის აგრარულ სექტორში კოოპერაციას წამყვანი ადგილი უკავია. შემიძლია, ციფრებიც დაგისახელოთ: იაპონიაში ფერმერების 90% კოოპერატივის წევრია, ესპანეთში კი _ 60%. ასე რომ, ევროპას ამ მხრივ დიდი გამოცდილება აქვს. მათ ათწლეულები დასჭირდათ, რომ ახლანდელი დონისთვის მიეღწიათ. ჩვენ ამდენ ხანს ვერ დავიცდიდით, სწორედ ამიტომ, ჩვენი სახელმწიფო სერიოზულ ღონისძიებებს მიმართავს კოოპერაციის მხარდაჭერისთვის. პირველ რიგში ვცდილობთ, გლეხებს ავუხსნათ, რომ სხვებთან ერთად მიზნის მიღწევა უფრო იოლია და უფრო ნაკლებ დანახარჯს მოითხოვს. ერთ გლეხს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებაც არ შეუძლია, რადგან მისი ეკონომიკური შესაძლებლობები მწირია, სხვებთან ერთად კი, ამის მიღწევა შესაძლებელია. ამავე დროს უნდა აღვნიშნო, რომ კოოპერატივი არ არის მხოლოდ მწირი ეკონომიკური შესაძლებლობის მქონე ოჯახებისთვის. საკმაოდ ძლიერი ფერმერებისთვისაც კი, კოოპერატივი დიდი სიკეთის მომცემია, რადგან სხვა ფერმერებთან ერთად გლეხს შეუძლია თანამედროვე ტექნიკაც შეიძინოს.

_ ბატონო გიორგი, დღევანდელ ხელისუფლებას ბევრი აკრიტიკებს იმის გამო, რომ აგრარულ სექტორში მსხვილი ინვესტიციები ჩადო, მაგრამ რეალური შედეგი ჯერ კიდევ არ ჩანს. კოოპერატივებზეც იგივე ხომ არ ითქმის?

_ საერთოდ, აგრარული სექტორი რთული სექტორია, ეს არ არის მშენებლობა, რომლის შედეგიც შეიძლება ერთ წელიწადში დაინახო: ააშენებ სახლს და მოგებასაც უცბად მიიღებ. აგრარულ სექტორში შედეგის დანახვას დრო სჭირდება. მიუხედავად ამისა, კოოპერატივების შექმნის პროცესი საკმაოდ კარგად მიმდინარეობს: საქართველოში კოოპერირება დაიწყო 2014 წლის მარტიდან და დღეის მდგომარეობით უკვე 1 489 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი გვაქვს. ამ ადამიანებმა გადალახეს თავიანთი მენტალობა და დღეს უკვე 12 600-მდე გლეხია კოოპერატივებში გაერთიანებული. ეს საკმაოდ მაღალი ციფრია. მასობრივი ჩართვა კი სულაც არ არის აუცილებელი, ეს არ არის კოლმეურნეობა, რომ ყველა მისი წევრი გახდეს. კოლმეურნეობა გახლდათ სახეცვლილი და დამახინჯებული ფორმა ევროპული კოოპერატივისა. არ უარვყოფთ, რომ აგრარულ სექტორს უჭირს, ამიტომაც ცდილობს ქართული სახელმწიფო, რომ მას დაეხმაროს: 2012 წლამდე ეს დარგი სრულ სტაგნაციაში იყო, რადგან წინა ხელისუფლებას მიაჩნდა, რომ აგრარული სექტორი თავისით უნდა განვითარებულიყო _ თანაბარი კონკურენციის პირობებში. ეს კი, შეუძლებელია, ვინაიდან არ გვაქვს ის მოცემულობა, რომელიც ევროპაშია. ჩვენი მოსახლეობის 50-52% სოფლის მეურნეობაშია ჩართული. ამ ხალხის მიშვება და მხარდაჭერის გარეშე დატოვება არ შეიძლება, რადგან მოსახლეობა დაზარალდება. ამიტომ ცდილობს სახელმწიფო, წაახალისოს აგრარულ სექტორში დასაქმებული ჩვენი მოქალაქეები და მაქსიმალურად შეუწყოს ხელი კოოპერატივების შექმნას. სხვათა შორის, გაერთიანება ფერმერებს მარტო საქართველოში კი არა, მთელ მსოფლიოში უჭირთ, მაგრამ ეს არ არის დაუძლეველი მოვლენა.