ქართული ოჯახი რუსეთის წინააღმდეგ - გადაიხდის თუ არა რუსეთი 70 ათას ევროს? - გზაპრესი

ქართული ოჯახი რუსეთის წინააღმდეგ - გადაიხდის თუ არა რუსეთი 70 ათას ევროს?

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 26 მაისს, რუსეთის ფედერაციასა და 2006 წელს დაღუპულ მანანა ჯაბელიას ოჯახს შორის შეთანხმება დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც, რუსულმა მხარემ ჯაბელიას ოჯახს მატერიალური და არამატერიალური ზარალის ასანაზღაურებლად 3 თვეში 70.000 ევრო უნდა გადაუხადოს. აგრეთვე აანაზღაუროს ყველა ხარჯი, რაც კვარაცხელიებმა სასამართლო დავის დროს გასწიეს.

ევროსასამართლოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს მოქალაქე, მანანა ჯაბელია ოჯახთან ერთად მოსკოვში 1994 წელს დასახლდა, სადაც ბინადრობის მოწმობა ჰქონდა. 2006 წლის 5 ოქტომბერს ის მოსკოვის ბაზარში მუშაობისას, მასობრივი რეიდისას დააკავეს და იზოლატორში გადაიყვანეს. როგორც აღმოჩნდა, მის პასპორტს ვადა ჰქონდა გასული და შესაბამისად, ბინადრობის მოწმობაც ძალადაკარგული იყო.

სააპელაციო სასამართლომ 30 ნოემბერს გამოიტანა განაჩენი, სადაც ეწერა, რომ ჯაბელიას არ დაურღვევია რუსეთში ცხოვრების წესები, თუმცა, სამართალდამცავებმა იზოლატორიდან მაინც არ გაათავისუფლეს. 2 დეკემბერს, გამთენიისას, მანანა ჯაბელია გულის შეტევით გარდაიცვალა... როგორც ოჯახის წევრები ჰყვებიან, იმ დროს ადგილზე არ იმყოფებოდა ექიმი, რადგან მისი სამუშაო საათები ამოწურული იყო. ადგილზე მოსულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას კი, საქართველოს მოქალაქე უკვე გარდაცვლილი დახვდა. ფაქტიდან მალევე, რუსულმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, თუმცა საქმე 2007 წლის იანვარში, `დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო~ შეწყდა...

პავლე ბერია, მანანა ჯაბელიას ოჯახის ადვოკატი:

- რუსეთის მხარემ მომჩივანთან მორიგება ითხოვა, რისი წინააღმდეგიც ოჯახი არ იყო და საბოლოოდ, რუსეთმა კვარაცხელიების ოჯახს, კომპენსაციის სახით 70 ათასი ევრო უნდა გადაუხადოს, ასევე უნდა აანაზღაუროს სასამართლოს ხარჯებიც... მანანა ჯაბელია ბაზრობაზე მუშაობდა და 2006 წლამდე რუსეთში ყოფნისთვის საჭირო რეგისტრაცია ჰქონდა, თუმცა დაკავების დროს რეგისტრაციას ვადა გასული ჰქონდა. დაკავების შემდეგ ის იზოლატორში მოათავსეს და სასამართლომ, სხვა ქართველებთან ერთად მასაც დეპორტაციის განაჩენი გამოუტანა და ამასთან ერთად, დააკისრა ჯარიმა. პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება მან გაასაჩივრა და აპელაციის შედეგად დეპორტი გაუუქმდა. იმის მაგივრად, რომ დაკავებული გაეთავისუფლებინათ, იზოლატორში დააბრუნეს, სადაც ის გულის შეტევით გარდაიცვალა...

შახი კვარაცხელია, მანანა ჯაბელიას მეუღლე:

- ჩემი 51 წლის მეუღლის სიცოცხლე სრულიად უსამართლოდ შეიწირეს... ბოროტმოქმედივით ციხეში გამოკეტეს და არაადამიანურ პირობებსა და მოპყრობას ვერ გაუძლო. სრულიად ჯანმრთელი ქალი იყო, უსამართლობა ახრჩობდა და მასთან ბრძოლას შეეწირა კიდეც... როგორ გითხრათ, გახარებული ვარ-მეთქი. ჩემი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, არც მახსოვს, როდის რა გამიხარდა, მაგრამ მაინც სასიხარულოა იმის განცდა, რომ მის ბრძოლას უშედეგოდ არ ჩაუვლია... ის იყო ადამიანი, რომელიც არ უშინდებოდა სიძნელეებს და ახლა, ამ ყველაფრის შემდეგ, გულზე მომეშვა...

- როგორ ფიქრობთ, რუსეთი გადაიხდის ამ თანხას?

- თანხის გადახდით საქმის დახურვა მათივე შემოთავაზება იყო... ის ამ საქმეს შეეწირა და ალბათ არაფერი დაშავდება, თუ მეც შევეწირები... ასეა თუ ისე, - უკან დახევას არ ვაპირებ. ამ 9 წლის განმავლობაში, ძალიან რთული გზა გავიარეთ და ბევრი რამ ვისწავლეთ. მე და ჩემი შვილები არ ვაპირებთ შეჩერებას.

- აფხაზეთიდან დევნილები ხართ?

- დიახ, მანანა სოხუმელია. მე წალენჯიხიდან ვარ... ოჯახის შექმნის შემდეგ, სოხუმში, მანანას მამისეულ სახლში ვცხოვრობდით. 3 ბიჭი შეგვეძინა. ლამის ბოლო დღემდე სოხუმში ვიყავით. 28 სექტემბერს, დილით, როდესაც აეროპორტის დაბომბვა დაიწყეს და ლამის ყველაფერი დაინგრა, გადავწყვიტეთ, იქაურობა დაგვეტოვებინა. მაშინ ყველას უჭირდა და არ გვინდოდა, ნათესავებს ტვირთად დავწოლოდით, ამიტომ რაიონის ხელმძღვანელობამ წალენჯიხის ბაღში შეგვასახლა... თავის რჩენა პრობლემა იყო. მე და მანანამ მოვითათბირეთ, იქნებ ცოტა ხნით რუსეთში წავიდეთო. რაღაც გზები გამოვნახეთ და მოსკოვში გავემგზავრეთ. ის მცირეოდენი თანხა, რითაც ვითომ მუშაობის დაწყებამდე თავი უნდა გვერჩინა, გზაში წაგვართვეს და ასე მშიერ-მწყურვალი დავრჩით, სამ შვილთან ერთად... შემდეგ მანანამ მუშაობა დაიწყო. ბაზარში ქართული რძის ნაწარმს ყიდდა. ვწვალობდით, მაგრამ რას ვიზამდით, სხვა გზა არ გვქონდა. შემდეგ, როდესაც რუსეთსა და საქართველოს შორის სიტუაცია პოლიტიკურად დაიძაბა, ქართველების აყვანა და დეპორტაცია დაიწყეს. მოხუცსა და ახალგაზრდას არ არჩევდნენ. ვისაც საბუთები წესრიგში არ ჰქონდა, იჭერდნენ. ჩვენ საბუთები წესრიგში გვქონდა, მანანამ საბჭოთა, ე.წ. წითელი პასპორტი კოდორის ხეობით გადმოსვლისას დაკარგა და ქართული გააკეთა, თუმცა, რუსეთში, ბინადრობის მოწმობა ჰქონდა, ამიტომაც არ გვეშინოდა. 2006 წლის 4 ოქტომბერს დამირეკეს, მანანა დაკავებულიაო. რომ დავურეკე, მითხრა, დეპორტი მომცესო. ძალიან გაბრაზებული იყო. მასთან ერთად კიდევ ერთი ქართველი ქალი იყო, ეთერ ჟვანია. ვერ გავიგეთ, ადგილობრივ სამართალდამცველებს რა უნდოდათ. დეპორტი ჩაურტყეს, მაგრამ არც უშვებდნენ...

ნიკო კვარაცხელია, გარდაცვლილის შვილი:

- როგორც გავარკვიეთ, დედა მოსკოვის 243-ე განყოფილებაში იმყოფებოდა. დედამ თავად დაგვირეკა და გვთხოვა, - აქაურ ქართველებს აქვე, განყოფილებასთან იჭერენ და არ მოხვიდეთ, ნაცნობები მყავს და ვეცდები, ჩემით რამე გავაკეთოო... სასამართლო პროცესზე არ შემიშვეს, - დახურულიაო... მერე მითხრა დედამ, არც კი გვალაპარაკეს, განაჩენი გამოგვიტანეს და ხელის მოწერა მოგვთხოვესო, მაგრამ მას ხელი არ მოუწერია... მათი მხრიდან ეს აბსურდი 58 დღე გრძელდებოდა. დედა გაწამდა. იქამდე მივიდა, რომ შიმშილობა დაიწყო. ძალიან გვეხმარებოდა რუსეთში საქართველოს კონსული, ზურაბ პატარიძე. ჩვენი გზებითაც ვცდილობდით საშველის პოვნას, მაგრამ ქართველების საქმეს ყველა გაურბოდა, - საშარო საქმეაო, პირდაპირ ამბობდნენ. რამდენიმე ადვოკატს ვესაუბრეთ, - დიდი თანხა მოგვთხოვეს და გარანტიაც არ მოგვცეს. შემდეგ, სახალხო დამცველს მივმართეთ, ისინი გვეხმარებოდნენ, მაგრამ ეს საკმარისი არ იყო... ეს იყო უმძიმესი დღეები ჩემს ცხოვრებაში... ბოლოს უკვე მოითხოვეს, შეწყვიტოს დედათქვენმა შიმშილობაო... დედის გარდაცვლება მეორე დღეს მაცნობეს, - დედათქვენი გარდაიცვალა და მორგში მიბრძანდითო... თავზარი დამეცა. ვერაფრით ვიფიქრებდი. დედა ისეთი ძლიერი იყო, მებრძოლი, ჩვენ, ყველას მაგალითს გვაძლევდა, როგორ არ უნდა შეეგუო უსამართლობას, როგორ უნდა იყო შენი პრინციპების ერთგული... მიჭირს იმ ყველაფრის გახსენება.

ეთერ ჟვანია, მანანა ჯაბელიას მეგობარი:

- მე და მანანა დომოდედოვოს ბაზარში დაგვაკავეს. დილის 10 საათი იქნებოდა. ვიცნობდით იმ ბიჭებს... 14 წელია იმ ბაზარში ვიყავით და ყველას ვიცნობდით. თავიდან მხოლოდ მოგვესალმა, ისე, როგორც ადრე... `ომონის~ გვეშინოდა, ისინი ცნობილი იყვნენ ქართველების დაწიოკებით... ერთი სიტყვით, იმ ჩვენმა მაიორმა ვიღაც კაცი შემოგზავნა, საბუთები მოგვთხოვა. - მხოლოდ ლტოლვილის საბუთი მაქვს-მეთქი. წაგვიყვანეს განყოფილებაში და იმ დღიდან დაიწყო ჩვენი წამება... არც გვიშვებდნენ, არც არაფერს გვეუბნებოდნენ, რა უნდოდათ. ეს იყო კოშმარი. მანანამ პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო, მხოლოდ წყალსა და ლიმონზე იყო... წნევები აწუხებდა. ნერვიულობდა, რომ საქმე წინ არ მიდიოდა. საკანში გადაგვიყვანეს, ოღონდ რის საფუძველზე, არავის აუხსნია. არაადამიანურად გვექცეოდნენ, - საჭმელი არ ვარგოდა. გარედან შემოგზავნილიც ნახევარი არ მოდიოდა ჩვენამდე. იმ დილით, - 6 საათი იქნებოდა, არ მეძინა. არც მანანას ეძინა. უცებ მას თავი გადაუვარდა და ხროტინი დაიწყო. რომ მივვარდი, გაშავებული იყო და ტუჩები გასივებოდა. ყვირილი დავიწყე... სხვებიც წამოცვივდნენ. იატაკზე დავაწვინეთ და ხელოვნური სუნთქვა ჩავუტარეთ, - ენა არ ჩაუვარდეს-მეთქი. რაღაც წამებში თვალები გაახილა, რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ ძალა არ ჰქონდა და ისევ დახუჭა თვალები... `სასწრაფო~ გამოვიძახეთ. მორიგე ექიმიც შემოვიდა, მაგრამ მანანა უკვე გარდაცვლილი იყო. ძნელია გადმოგცეთ, რა ტანჯვა გამოვიარეთ იმ ორ თვეში. ვერ გაუძლო მანანამ და შეეწირა კიდეც მისი სიცოცხლე...

რუსულმა მხარემ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს წარუდგინა წერილი, სადაც ეწერა, რომ ის მზად იყო, საქმე მორიგებით დაესრულებინა და კომპენსაცია გადაეხადა დაზარალებულისთვის. მორიგებაზე თანხმობა განაცხადა გარდაცვლილის ოჯახმაც. შესაბამისად, სასამართლომ აღნიშნული მორიგება 2016 წლის 26 მაისს დაამტკიცა და საქმე ამორიცხა განსახილველი საქმეების სიიდან.

ალექსანდრე ბუმკინი, რუსეთის ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაცია `პრავაზაშიტნიკის~ წევრი:

- იმ წელს ძალიან ბევრი არალეგალი გააძევეს რუსეთიდან და ყველა მათგანმა თუ მოითხოვა კომპენსაცია, რუსეთის ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი ეკონომიკა ამას ვერ გაუძლებს... სხვა საკითხია, რუსეთი გადაიხდის თუ არა მისთვის დაკისრებულ ჯარიმას, მაგრამ ეს მაინც კარგი პრეცედენტია, თუნდაც იმიტომ, რომ ან ყველასთვის და ყოველთვის უნდა `მუშაობდეს~ კანონი, ან არავისთვის და პოლიტიკური ნიშნით შერჩევას შეეშვას.

ლალი პაპასკირი