ძლივს ნაშოვნი სამსახური და მომდურებული ნათესავები - გზაპრესი

ძლივს ნაშოვნი სამსახური და მომდურებული ნათესავები

"ადამიანებად იმისთვის ვიბადებით და გონება იმისთვის დაგვაყოლა ბუნებამ, რომ თავად უნდა ავირჩიოთ ჩვენი სავალი გზა. მაგრამ რა გამოდის? ყოველი არჩევანის დროს ადამიანი "ემოციების რელსებზე" იწყებს გადართვას და გულის კარნახს აყოლილი, გონებას აღარ ენდობა. ჰოდა, ამის გამოა, რომ უკვე მერამდენე წელია, შეცდომას შეცდომაზე ვუშვებთ", - ამბობს ქალბატონი მანონი. ის წლებია, თბილისში ცხოვრობს. ამჟამად ერთ-ერთ სახელმწიფო დაწესებულებაში მუშაობს და მიუხედავად იმისა, რომ ამ სამსახურის გამო "ქართული ოცნების" მადლიერია, როგორც ამბობს, თვალს მაინც არ ხუჭავს და მთავრობის ნაკლოვანებებზეც ლაპარაკობს ხოლმე.

- ბევრი უმადური ადამიანია გარშემო და რაც უნდა გაუკეთო, მაინც არ დაგიფასებენ, უფრო მეტს მოგთხოვენ და ყოველ ჯერზე მათ მადას თუ არ დააკმაყოფილებ, აუცილებლად ტალახის სროლას დაგიწყებენ. მე კი ვერ ვიტან ასეთ უმადურობას!.. ხდება ისეც, რომ ზოგიერთებს სიმართლის თქმისთვის გაწირავენ - ეს დაუშვებელია! როგორ შეიძლება, ადამიანი სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გააძევო ან სულაც, დაასაქმო. ყველამ ჩვენ-ჩვენი ადგილი უნდა ვიცოდეთ და მაშინ აეწყობა ქვეყანა საათივით. 3 წელია, სახელმწიფო დაწესებულებაში ვმუშაობ და მას მერე მეც მოვიმდურე ნათესავები: როგორ, ნუთუ, იმის შესაძლებლობაც არ არის იმ შენს სამსახურში, რომ დამლაგებლად დავიწყოთ მუშაობაო? ცხადია, ყველას დამლაგებლობაც არ უნდა, ზოგს უფრო დიდი მიზან-მოთხოვნილება აქვს. რომ ვამბობ, - კადრების მიღება-გაშვება ჩემი საქმე არ არის და ამაში რომ ჩავერიო, სამსახურს მეც დავკარგავ-მეთქი, ბრაზობენ: შენ ხომ ხარ თბილად და სხვა რაში გენაღვლებაო? არადა, როგორ არ მენაღვლება ახლობელი? როგორ არ ვწუხვარ თითოეული უმუშევარი, მაგრამ მოწადინებული ადამიანის გამო, მაგრამ რა გავაკეთო? მე დამსაქმებელი არ ვარ, არც რომელიმე საწარმოს დირექტორი და საქმის "ჩაწყობებიც" არ მეხერხება. თავადაც დიდხანს ვეძებდი სამუშაოს და ბოლოს, როგორც იქნა, ვიპოვე ჩემი ადგილი. ვიცი, რა არის უმუშევრობა, მაგრამ ჩემიც ხომ უნდა გაიგონ? რაც მეხერხება, იმას გავაკეთებ და რაც არ შემიძლია, რატომ მთხოვენ? ამ მთავრობის პარალელურად, მეც ხშირად მაგინებენ ხოლმე - ეს ვიცი და ასე ცხოვრებას შევეჩვიე კიდეც.

- პროფესიით ვინ ხართ?

- მუსიკოსი ვარ. წლების მანძილზე კონსერვატორიაში ვსწავლობდი, მაგრამ არავის გამოადგა ჩემი მუსიკოსობა. მერე მენეჯმენტი და ფინანსების მართვა შევისწავლე. სტაჟირება ათას ადგილას გავიარე და ბოლოს, მეღირსა ნორმალური სამსახური. პარალელურად, მუსიკაში ბავშვებს ვამეცადინებ... ვიცი, რთულია ცხოვრება. ძალიან მინდა, ქვეყანაში სიტუაცია გამოსწორდეს, მაგრამ მე არაფერი შემიძლია და ეს ვერ გავაგებინე ხალხს. ჩემზე არ არის დამოკიდებული ახლობლების ბედი...

- ამბობთ, რომ არჩევანის წინაშე მდგარი ქართველები ხშირად ვუშვებთ შეცდომას. რას გულისხმობთ?

- არჩევნებზე ყველა პარტია გვპირდება რაღაცას და ვერ ვისწავლეთ, რომ დაპირებულიდან 5% თუ შესრულდა, ესეც დიდი მიღწევაა. უმეტეს შემთხვევაში, პოლიტიკოსების პროგრამა სიცრუეზეა აგებული და პირდაპირ ხალხის გულზე გადის. ჩვენ ვბრაზობთ ყოველ ახალ მთავრობაზე და ჩვენივე არჩეულ ხელისუფლებას ცოტა ხანში გადაგდებით ვემუქრებით; თავადაც ვიფუჭებთ განწყობას, სხვებსაც ავიყოლიებთ ხოლმე და მთავრობის წევრებსაც ავალაპარაკებთ, ხალხი არაფრის ღირსი არ არისო. ჩვენივე არჩეული ხელისუფლება კი არ უნდა გადავაყენოთ, უნდა ვაიძულოთ, საქმე რეალურად აკეთოს და დაპირებული შეგვისრულოს.

- როგორ უნდა ვაიძულოთ?

- გონიერება უნდა გამოვიჩინოთ და კი არ ვიყვიროთ, არამედ მშვიდად მოვითხოვოთ ის, რაც მართლა გვეკუთვნის.

- თუმცა, ხალხის ხმა არავის ადარდებს არჩევნებამდე. ყველაფერს მაინც ისე აკეთებენ, როგორც თავად აწყობთ. არ მეთანხმებით?

- რატომ, ზოგჯერ ხომ ითვალისწინებენ მოსახლეობის აზრს, ყველაფერში კომპეტენტურები კი არ ვართ. ასე რომ იყოს, ჩვენც პოლიტიკოსები ვიქნებოდით. ისე, სიმართლე გითხრათ, ნამდვილად არ მინდა პოლიტიკოსობა. ეს არის თანამდებობა, რომელიც სახელს აუცილებლად შეგილახავს. რამდენი სიკეთეც უნდა აკეთო, მაინც გაილანძღები.

- თქვენ მოგწონთ, "ქართულმა ოცნებამ" დანაპირები რომ არ შეასრულა? ამ გუნდის მუშაობით კმაყოფილი ხართ?

- კმაყოფილი არასდროს იქნება ადამიანი, მაგრამ არც უმადური ვარ და ვხედავ, ბევრი კარგი საქმე გააკეთეს. ნაკლი ამათაც აქვთ და თავადაც იციან, რომ ბევრი რამ არის გამოსასწორებელი. მაგალითად, მისახედია ქვეყნის ეკონომიკა. წაქცეული ქვეყანა როგორმე, ფეხზე უნდა წამოვაყენოთ. მაგრამ ცხადია, ამას 4 წელი არ ეყოფოდა. მომავალ არჩევნებშიც თუ გაიმარჯვებენ, ყველაფერს უფრო კარგად გაართმევენ თავს. ხომ ხედავთ, როგორი შემართებით მუშაობს პრემიერი და მისი იმედი მაქვს. ძალიან მესიმპათიურება დიმიტრი ქუმსიშვილი, რომელსაც სიტყვაც არ ეშლება და საქმესაც აკეთებს. ნარმანიაც მომწონდა, მაგრამ ბოლო დროს მისი როლი ისე დააკნინეს, ისეთ რაღაცებს აბრალებენ, რომ ამ პოლიტიკოსისადმი რწმენა შემერყა. ხომ იცით, ჭორის 20% მაინც სიმართლეს შეესაბამება. ისე, მისი მოწონების გამო შეიძლება, ვინმე ქუჩაში დამხვდეს და ქვა ჩამარტყას თავში. მასზე, როგორც პოლიტიკოსზე, დაბეჯითებით ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ იმის თქმა კი დაზუსტებით შემიძლია, რომ დავით ნარმანია პატიოსანი კაცია. მას უბრალო ადამიანების სატკივარი გულთან მიაქვს და შესაძლებლობების ფარგლებში, ყველას ეხმარება, ისევე, როგოც კახა კალაძე, რომელიც კარგი მინისტრი გამოდგა. რა ქნას ახლა, ტარიფები თუ ვერ განახევრდა? მალე ამასაც მოახერხებს, თუ რა თქმა უნდა, კარს მომდგარი არჩევნების შემდეგაც შეინარჩუნებს თანამდებობას.

- როგორ ფიქრობთ, ახლა რა უშლიდათ ხელს, რომ დანაპირების 50% მაინც შეესრულებინათ?

- ბევრი ბარიერი ჰქონდათ გადასალახი და ეს ჩემზე უკეთ გეცოდინებათ, მაგრამ ამის აღიარებას ყველა გაურბის. ერთი რამ ზუსტად ვიცი, შანსი რომ ჰქონოდათ, ამ შანსს აუცილებლად გამოიყენებდნენ ხალხის საკეთილდღეოდ და მომავალ არჩევნებში გამარჯვებაც გარანტირებული ექნებოდათ.

- გუნდიო, - ახსენეთ, მაგრამ "ქართული ოცნება" ნელ-ნელა დაიშალა...

- ასეც უნდა მომხდარიყო და ამაში საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ. ერთ მუშტად ყველამ ვიცით, რისთვისაც შეიკრნენ. სულ არ გამიკვირდება, ახლა დემოკრატებიც თუ გაემიჯნებიან ამ გუნდს. "ქართული ოცნება" დაკომპლექტებული იყო სხვადასხვა პარტიით და ამ პარტიებში მყავდა ჩემი სიმპათიები. ჰოდა, რომელ გუნდშიც უფრო მეტ ადამიანს ვენდობი, იმაზე გავაკეთებ არჩევანს. თუმცა, მხოლოდ ჩემი ხმა გაზაფხულს ვერ მოიყვანს. მთავარია, ხალხი ვის დაუჭერს მხარს... ერთი რამ ზუსტად ვიცი: ქართველები მიშას და მისი გუნდის წევრებს ან თუნდაც, ყოფილ "ნაცებს" არაფრით დაუჭერენ მხარს; არც ნათელაშვილს და არც სხვა ძველ, ვადაგასულ პოლიტიკოსებს მიანიჭებენ უპირატესობას, რადგან მათ წლების მანძილზე ხალხისთვის სასარგებლო ვერაფერი გააკეთეს და ამას ვერც მომავალში შეძლებენ. სამწუხაროდ, არც ისეთი ახალი პარტია შექმნილა ჯერ, რომელიც ხალხის გულს მალამოსავით მოედებოდა. ვიცი, პაატა ბურჭულაძე ბევრს მოსწონს, მაგრამ არა მგონია, როგორც პოლიტიკოსს, მხარდამჭერები ჰყავდეს. კაცმა არ იცის, ვინ უმაგრებს ზურგს, ვინ აფინანსებს. თანაც, გუნდის წევრები უკვე დაასახელა და ვინ არიან ისინი? მეეჭვება, ამ ადამიანებს საზოგადოება მიენდოს. ალბათ, დაშლილი "ოცნებიდან" რომელიმე საუკეთესო გუნდს დავუჭერ მხარს. რა ვქნა, ისევ ძველი მირჩევნია ახალ ჭირსა და თავსატეხს.

- ალბათ, "ოცნებას" იმ მიზეზითაც დაუჭერთ მხარს, რომ ძლივს ნაშოვნი სამსახური არ დაკარგოთ...

- არც მთლად მასეა საქმე. სამსახურს სხვა დროსაც ვიშოვი ან სულაც, ვიქნები უსაქმურად, ოღონდ კი ქვეყანა იყოს დალაგებული და ჩემ გარშემო დაასაქმონ ყველა, მე კი მუსიკის პედაგოგობითაც გავიტან თავს. ჩემი სამსახური არ არის მთავარი. უბრალოდ მეშინია, რომ უარესზე უარესი არ ავირჩიოთ. ქართველები ემოციურები ვართ და "ფეთქებადი" ხასიათი გვაქვს. თუ ვინმეზე გავბრაზდებით, ოღონდ ის მოვიშოროთ და, ნებისმიერ ძალას მხარს დავუჭერთ. მინდა, ერთხელ მაინც, გონებით მივიღოთ გადაწყვეტილება და არა "ცხელ გულზე". ჰოდა, ასეთ შემთხვევაში იქნება კი გვეშველოს რამე.

- ქვეყნის პრემიერს რომ შეგახვედრონ, მას რას ეტყოდით?

- მადლობას გადავუხდიდი, რომ ზრუნავს ქართველ ხალხზე და ვთხოვდი, ხელი შეუწყოს ბიზნესმენებს, რომ მათ რაც შეიძლება მეტი საწარმო ააშენონ ან ძველი ფაბრიკა-ქარხნები აღადგინონ, რომ ამ გზით სამუშაო ადგილები გამოჩნდეს ახლო მომავალში; ადამიანები თუ დასაქმდებიან, მერე ბევრი მადლიერი ამომრჩეველი ეყოლებათ. პრემიერს ვთხოვდი, ბატონი ბიძინასთვისაც გადაეცა მადლობა იმისთვის, რაც მან გააკეთა ქართველი ხალხისთვის. ადამიანს სიკეთე უნდა დავუფასოთ! უმადურობა დიდი დანაშაულია არა მარტო კონკრეტული პიროვნების, არამედ კაცობრიობის წინაშე. რომ აუჩემებიათ: ხე მოგლიჯა და ზღვაში აბანავაო, იმას რატომ არ ამბობენ, იმ ადგილას რამდენი ხე დაარგვევინა. სხვებისგან განსხვავებით, მას სახელმწიფოსთვის არაფერი წაურთმევია თავისი ახირებულობით. იმ ხის ყიდვა ძალიან ძვირი დაუჯდა! ბოტანიკური ბაღის ტერიტორია რომ შეისყიდა, ამაზეც ერთი ამბავი ატყდა, არადა, იქ მშენებლობა მიდის. ამბობენ, საოცარი რაღაცები გაკეთდებაო. თავიდან "შუშის ხიდსაც" ვეწინააღმდეგებოდით, მაგრამ ახლა ხომ ძალიან მოგვწონს? იქნება ისიც მოგვეწონოს, ვინ იცის და რა მნიშვნელობა აქვს, ვის კუთვნილებაში იქნება. მაინცდამაინც გადამთიელმა უნდა იყიდოს ყველაფერი, რომ ხმა არ ამოვიღოთ? ქართველი კაცი ქართულ მიწას თუ შეიძენს და იქ ფულს დააბანდებს, ახალი სამუშაო ადგილები გამოჩნდება, ამაშიც საგანგაშოა რამე? ცხადია, ბიძინა ამ საქმით მხოლოდ ხალხზე კი არა, საკუთარი ბიზნესის გაფართოებაზეც ზრუნავს, მაგრამ ბიზნესი თუ არ იქნება, ეს სამუშაო ადგილი საიდან მოგვიტანონ? იქნებ ვისწავლოთ ჩვენთვის სასიკეთო დეტალების დანახვა იმაში, რაც ცუდად გვესახება.

P.s. შემოგვიერთდით და გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები. ჩვენთვის თითოეული თქვენგანის სიტყვა მნიშვნელოვანია. დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე: 5(58) 25.60.81

ლიკა ქაჯაია