ღვთის სა­ჩუ­ქა­რი ანუ მა­თე­მა­ტი­კუ­რი ფორ­მუ­ლე­ბი­დან "დი­დი დე­დის", ნა­ნას სა­გა­ლობ­ლამ­დე - გზაპრესი

ღვთის სა­ჩუ­ქა­რი ანუ მა­თე­მა­ტი­კუ­რი ფორ­მუ­ლე­ბი­დან "დი­დი დე­დის", ნა­ნას სა­გა­ლობ­ლამ­დე

ამ პრობლემით მეცნიერი გია კვაშილავა ჯერ კიდევ სკოლაში სწავლისას დაინტერესდა. ყველაფერი ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის ფიზიკა-მათემატიკურ სკოლაში დაიწყო, სადაც არაჩვეულებრივი პედაგოგი, ვახტანგ ჯავახაძე ასწავლიდა. მან იცოდა აგრეთვე, ლათინური, ბერძნული, ინგლისური, ჩინური ენები და ფინიკიური დამწერლობა. მოსწავლეები ღრმად რომ ჩასწვდომოდნენ მათემატიკის არსს, ამ ენათა დამწერლობის ნიშნების შესწავლას ავალებდა. ცხადია, დამწერლობის ნიშნებს სხვა მოზარდებიც სწავლობდნენ, მაგრამ მათ შორის მხოლოდ გიას მოუვიდა აზრად, სამი ენა ერთმანეთისთვის შეედარებინა. აკვირდებოდა გეომეტრიული ფიგურებით გამოსახულ ასო-ნიშნებს და ფიქრობდა, რა შეიძლებოდა, ყოფილიყო მათი საწყისი აღნიშვნა:

- კვლევის პროცესში ებრაული და არაბული დამწერლობის ნიშნებიც შევისწავლე და საბოლოოდ იმ დასკვნამდე მივედი, რომ ებრაული, არაბული და ბერძნული ანბანი ფინიკიურიდან მომდინარეობს. ისე აღვფრთოვანდი ჩემი აღმოჩენით, მეგონა, სამყაროს ჭიპს მივაგენი, ის კი არ ვიცოდი, რომ ეს უკვე აღმოჩენილი იყო...

1989 წლის 13 დეკემბერს ჯერ კიდევ მეთერთმეტეკლასელი, მომავალი მეცნიერი ერთ-ერთ საგაზეთო პუბლიკაციაში წააწყდა წერილს ფესტოსის დისკოს სავარაუდო წაკითხვის შესახებ, რომლის მცდელობა ავსტრიელ ინჟინერს, ჰერბეტ ცებიშს ჰქონდა. იქიდანვე შეიტყო, რომ მეცნიერს თავისი კვლევა 1988 წელს ბუდაპეშტის საერთაშორისო კონგრესზე წარუდგენია და ფესტოსის დისკოს გაშიფვრისას ქართველური ენებისთვის მიუმართავს. ამ კონგრესს ესწრებოდნენ ქართველი მეცნიერები: აკადემიკოსი გურამ ლორთქიფანიძე, პროფესორები - ვახტანგ ჯაფარიძე და ნელი მახარაძე.GzaPress

ამის შემდეგ გია კვაშილავამ მოიძია და გაეცნო ცებიშის წიგნს - "იბერიული - ღმერთების ენა". გაარკვია, აგრეთვე, რომ ინგლისელმა არქეოლოგმა, სერ არტურ ევანსმა 1894 წელს გადაწყვიტა, საბერძნეთში შეხვედროდა გერმანელ არქეოლოგ შლიმანს, რომელიც იქ არქეოლოგიურ კვლევებს აწარმოებდა, და გაეშურა მიკენის დასახლებისკენ (ბერძნების ქალაქი, რომელიც ჰომეროსამდე 700 წლით ადრე არსებობდა), სადაც გათხრები მიმდინარეობდა. იქ ევანსმა შემთხვევით, ჯოხი წაჰკრა ქვებს შორის მოქცეულ პატარა ქვას, რომელიც გემმა (ბეჭედი) აღმოჩნდა, რვაფეხას ამოტვიფრული ნიშნით. ევანსი მიხვდა, რომ ეს არ იყო ადგილობრივი, ბერძნული ნიშანი და მისი წარმოშობის გამოსაკვლევად, კუნძულ კრეტას კნოსოსის დასახლებას ეწვია. ადგილობრივი ბერძნისგან შეიძინა ის ადგილი, სადაც, მისი ვარაუდით, კნოსოსის სასახლე უნდა მდგარიყო, და მართლაც, იქ აღმოაჩინა მეფე მინოსის ქვის ტახტი, რომლის ხის ასლი, როგორც სამართლიანობის სიმბოლო, ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს თავმჯდომარისთვის დაამზადეს. ევანსმა თქვა: "მე ვიპოვე ცივილიზაცია, რომელიც არც ბერძნულია და არც რომაული".

1900 წელს ევანსმა, კნოსოსის სასახლეში ჩატარებული არქეოლოგიური კვლევების შედეგად, მიაკვლია თიხის ფირფიტების არქივს სამეურნეო-ადმინისტრაციული ხასიათის ჩანაწერებით. მეცნიერი ყველაზე მეტად სწორედ ამ ფირფიტებით დაინტერესდა, მათი კლასიფიკაცია მოახდინა და დაასკვნა, რომ უფრო ძველი - კლასის ხაზოვანი დამწერლობა, სავარაუდოდ, ძვ.წ. 1400-1450 წლებში გამოიყენებოდა, შედარებით ახალი - კლასისა კი - 1450-1100 წლებში...GzaPress

ევანსმა დაწყებული კვლევა ბოლომდე ვერ მიიყვანა - ის 1941 წელს გარდაიცვალა. მერე მეორე მსოფლიო ომი დაიწყო და კრეტისა და მინოსელებისთვის აღარავის ეცალა...

მეხუთეკურსელი მათემატიკოსის ლინგვისტიკით დაინტერესება შეუმჩნეველი არ დარჩენია პროფესორ მიხეილ ჭიჭინაძეს, რომელიც უკითხავდა ლექციების კურსს - "მათემატიკის დაფუძნება, ფილოსოფია და ისტორია". მას აკადემიკოს გიორგი ჭოღოშვილისთვის უთქვამს: გია კვაშილავას აქვს ყველა შესაძლებლობა, რომ ბერძნულ ენაზე დაწერილი "ევკლიდეს გეომეტრია" დაამუშაოსო. გიამ მოიძია შესაბამისი ლექსიკონი და, თუმცა იქ ამოკითხულმა მათემატიკურმა ტერმინებმა ცოტა არ იყოს, შეაკრთო, მაინც არ დანებდა, სამუშაოს ექვს თვეში მოერია და ნაშრომი კათედრაზე წარადგინა.

კათედრის წევრებმა ცალსახად მოიწონეს ნაშრომი, მხოლოდ გიორგი ჭოღოშვილი დუმდა, შემდეგ, რატომღაც მესამე პირში, თქვა: გია კვაშილავა ამ მიღწევით არ უნდა დაკმაყოფილდეს; ახლა აიღოს ჰოლანდიელი მეცნიერის, ვან დერ ვარდენის წიგნი - "ძველი ეგვიპტური, ბაბილონური და ბერძნული მათემატიკა" და დაამუშაოსო. საკვლევ თემად პირამიდის ფართობისა და მოცულობის შესახებ ძვ.წ. XVII საუკუნეში ქურუმის მიერ პაპირუსზე დაწერილი ეგვიპტური მათემატიკური ტექსტი აირჩია. ბიბლიოთეკაში, დასახელებულ წიგნს მიაკვლია, ერთდროულად, ეგვიპტური იეროგლიფური და ბაბილონური ლურსმული დამწერლობები შეისწავლა. თემის დამუშავების შემდეგ, ასპირანტურაში ჩააბარა და 1996 წელს სამეცნიერო კვლევების გასაგრძელებლად, მოსკოვში გაემგზავრა. 1998 წელს გიორგი ჭოღოშვილი გარდაიცვალა, ხოლო 2000 წელს - გიას სამეცნიერო ხელმძღვანელი, აკადემიკოსი თენგიზ ბურჭულაძე... კვლევა წლები გაგრძელდა. ახალგაზრდა მეცნიერი ერთმანეთს ადარებდა შუმერულ და ეგვიპტურ წერით ნიშნებს და მიხვდა, რომ შეეძლო, ფესტოსის დისკოს წარწერების ამოკითხვა.

გია კვაშილავა:

- B კლასის ხაზოვანი მარცვლოვანი დამწერლობით დავიწყე. ერთმანეთს შევადარე A და B კლასების ხაზოვანი სილაბოგრამები, შემდეგ ეს ნიშნები ფესტოსის დისკოს ნახატ-ნიშნებს შევადარე. გამოვთქვი მოსაზრება, რომ ფესტოსის დისკოზე მარცვლოვან-სიტყვითი ტიპის დამწერლობა იყო. 2006 წლის 25 დეკემბერს თსუ-ის სამეცნიერო წრეს შევთავაზე ფესტოსის დისკოს წარწერის ამოკითხვის შედეგი, რომლის კვლევისას ძირითადად, ჩვენი დიდი მეცნიერების - თამაზ გამყრელიძისა და გივი მაჭავარიანის 1965 წელს გამოცემულ აკადემიურ წიგნს - "სონანტთა სისტემა და აბლაუტი ქართველურ ენებში" ვეყრდნობოდი. საქმეში ჩაუხედავი ადამიანები ფიქრობენ, რომ თანამედროვე მეგრულ ენაზე დაყრდნობით ვაწარმოებ კვლევებს, რაც აბსოლუტურად მოკლებულია მეცნიერულ საფუძველს, რადგან ლინგვისტიკა, როგორც ზუსტი მეცნიერება, კვლევის დროს უპირატესობას ანიჭებს ქართველურ ენათა და დიალექტთა ლექსიკური ერთეულების შედარების პრინციპს და მე, როგორც მეცნიერი, კვლევის პროცესში, ლინგვისტურ კანონზომიერებებს ვეყრდნობი. იმ პერიოდში, რომელსაც ვიკვლევ, საერთო ქართველური ენა სხვადასხვა დიალექტად დაყოფილი არ ყოფილა და ამ საერთო ქართველურ ენაზე მეტყველებდა ხმელთაშუა და შავი ზღვისპირეთში მოსახლე კავკასიური (იგივე ქართველური) მოდგმა. ამ ენაზეა დაწერილი ფესტოსის დისკოსა და A კლასის ხაზოვანი წარწერები.GzaPress

A კლასის ხაზოვანი დამწერლობით შესრულებული ტექსტების კვლევის პროცესში გია კვაშილავამ ფესტოსის დისკოს წარწერაც გაშიფრა. ეს წარწერა "დიდი დედის" - ქალღვთაება ნანასადმი (იგივეა, რაც ფასიანე, რეა-კიბელე, ინანა, იზიდა, იშთარი, აფროდიტე, ვენერა) მიძღვნილი სავედრებელ-საგალობელია, რომლის ავტორად ქართველი მეცნიერი რეა-კიბელეს ქურუმებს, კორიბანტებს მიიჩნევს. საინტერესოა ისიც, რომ კორიბანტები ფლობდნენ საიდუმლო დამწერლობას, რომლის საბეჭდი "მატრიცები" ოქროსი იყო და რომელსაც ბერძნული წყარო "ხრისოგრაფიას" ("ოქრომწერლობას") ანუ "ოქროთი წერას" უწოდებს.

..."ყოველთვის მინდოდა, მათემატიკის მასწავლებელი ვყოფილიყავი. ამიტომ, როგორი სამეცნიერო მუშაობითაც უნდა ვიყო დაკავებული, პედაგოგობას ვერასოდეს შეველევი", - მითხრა თსუ-ის თეორიული და გამოყენებითი ენათმეცნიერების სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის (ხელმძღვანელი - აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე) თანამშრომელმა გია კვაშილავამ, რომელიც ერთ-ერთ კერძო სკოლაში მოზარდებს მათემატიკას ასწავლის; ამასთანავე, ცალკე ნაშრომებად აქვეყნებს თავის კვლევებს A კლასის ხაზოვანი ტექსტების შესახებ და ჩვენი საუბრის დასასრულს დასძენს: "სანამ ამ ცალკეულ ნაშრომებს წიგნში მოვუყრიდე თავს, ჩემმა შრომამ ერთ უტყუარ დასკვნამდე მიმიყვანა: დაბეჯითებით შემიძლია გითხრათ, რომ ენა ადამიანისთვის ღვთის საჩუქარია".

მარინა გოგოლაშვილი