აგროდაზღვევის პროგრამა და მისი შუქჩრდილები - გზაპრესი

აგროდაზღვევის პროგრამა და მისი შუქჩრდილები

მაისის შუა რიცხვებში შიდა ქართლში მოსულმა სეტყვამ და უხვმა ნალექმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ბუნება მართლაც მბრძანებელია და შეუძლია, ადამიანის ნაშრომი წამებში გაანადგუროს. უფრო ადრე სეტყვა კახეთსაც დაატყდა თავს და იქაურ გლეხებს ძალიან დიდი ზარალი მოუტანა (როგორც ამბობდნენ, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ ტექნიკური პრობლემების გამო სათანადოდ ვერ იმუშავა...) ამ სიტუაციაში მოსახლეობაში გაჩნდა კითხვა - რა არის გამოსავალი? როგორ შეიძლება დავიზღვიოთ თავი ბუნების ჭირვეულობისგან?

ქართული სახელმწიფო გლეხებს აგროდაზღვევის პროგრამას სთავაზობს. ეს პროგრამა საქართველოში 2014 წლის 1-ლი სექტემბრიდან ამოქმედდა და სტიქიით დაზარალებულთა დახმარებას ისახავს მიზნად. პროგრამას ახორციელებს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო, რომელიც აფორმებს ხელშეკრულებებს სადაზღვევო კომპანიებთან და სადაზღვევო თანხის სუბსიდირებასაც უზრუნველყოფს. მართალია, ფერმერების ნაწილი აცხადებს, რომ მოსავლის დაზღვევისთვის ზედმეტი ხარჯის გაწევა არ შეუძლია, მაგრამ ბევრი მათგანი უკვე მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დაზღვევა აუცილებელია.

მიხეილ ედილაშვილი, ფერმერი, ქარელის რაიონის სოფელ ბრეთის მკვიდრი:

- მთელი სოფელი დაზარალდა, ზოგი მეტად, ზოგიც - ნაკლებად. დიდი ნაკვეთები მაქვს, ბევრნაირი კულტურა მაქვს დათესილი და სეტყვის გამო 200 ათასი ლარის ზარალი მაინც ვნახე. მოსავალი დაზღვეული არ მქონდა, სეტყვის მერე დავაზღვიე, მაგრამ უკვე აზრი აღარ ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო დაზღვევა მხოლოდ 5 ჰექტარზე ვრცელდება, მაგრამ მაინც ღირს: მართალია, მთელ მოსავალს ვერ გადაარჩენ, მაგრამ სულ ხელცარიელიც არ დარჩები. სახელმწიფო თანხის 80 პროცენტს იხდის. ბევრი ამბობს, რომ საშუალება არა აქვს და დაზღვევის ფულს ვერ გადაიხდის, მაგრამ როდესაც სახელმწიფო ამხელა თანამონაწილეობას გთავაზობს, დარჩენილი თანხა კი უნდა გადაიხადო. მაინც ჯობია, თავი დაიზღვიო და ამხელა ზარალი არ ნახო.

კახა ბიჭიკაშვილი, კასპის რაიონის სოფელ ხოვლეს მკვიდრი:

- შარშან სეტყვამ მთელი ჩემი ნაშრომი 20 წუთში გაანადგურა და შემოსავლის გარეშე დამტოვა: მთელი ნაკვეთი დასეტყვილი იყო. 150 ტონა ვაშლი უნდა მიმეღო და ერთი კილოგრამიც არ დამიკრეფია. წელს მოსავალიც დავაზღვიე, თანაც, სეტყვის საწინააღმდეგო ბადე უნდა დავაყენო, ჩინეთიდან მაქვს გამოწერილი და უკვე ჩამომივიდა. თუ ამინდებიც ხელს შემიწყობს, ერთ კვირაში უნდა გადავაფარო ჩემს ბაღს. უკვე მირეკავენ ნაცნობი ფერმერები და მეკითხებიან, როგორ აკეთებო? თუმცა, ამ ბადის დაყენება საკმაოდ ძვირი ჯდება: 1 კვმ ფართობი სადღაც 70-80 თეთრი მაინც ღირს. მერე უკვე ბოძები და მავთული გჭირდება, რომელზეც ამ ბადეს გადაჭიმავ, მაგრამ წვალებად ღირს, რადგან თავიდან ბოლომდე დაზღვეული ხარ.

ზურაბ დავითაშვილი, ფერმერი, ქარელის რაიონის მკვიდრი:

- სეტყვამ სოფელ რუისის ტერიტორია ყველაზე მეტად დააზიანა. ამ სოფელში თანამედროვე, ევროპული სტანდარტებით გაშენებული ვაშლის ბაღი მაქვს 17 ჰექტარზე და სულ დამისეტყვა. ამ ბაღის გასაშენებლად კრედიტი მაქვს აღებული ბანკიდან. კიდევ კარგი, სხვაგანაც მაქვს ბაღები და ისინი გადამირჩა. მარტო ხილი კი არა, ვაზი, ხორბალი, ბოსტნეული - ყველაფერი მოსპო და გაანადგურა. სათბურები ჰქონდა ხალხს, ისიც დაანგრია. მე ყოველ წელიწადს ვაზღვევ მოსავალს, მაგრამ წელს სწორედ ის ბაღი დამისეტყვა, რომელიც ახალი გაშენებული მქონდა, არ ვჩქარობდი მის დაზღვევას და ვიზარალე. სადაზღვევო კომპანიას მთავრობა ურიცხავს თანხას, ამიტომ მოსავლის დაზღვევა შედარებით იაფი გვიჯდება, თორემ ისე ძალიან ძვირი იქნებოდა. რატომ არ აზღვევენ გლეხები მოსავალს? - აბა, რა გითხრათ? ბევრი ერიდება ამ ხარჯს, მაგრამ მოვა დრო და ყველა დააზღვევს თავის მოსავალს, რადგან ამ ბოლო წლებში სეტყვა და უამინდობა ძალიან შემოგვეჩვია. ვაშლის ბაღი 1 ჰექტარზე მაქსიმალურად თუ განადგურდება, 25 ათას ლარს უხდიან, ეს კი ნორმალური თანხაა. სხვათა შორის, ძალიან კარგია სეტყვის საწინააღმდეგო ბადეებიც, მაგრამ მათი დაყენება დიდ ფართობზე ძალიან ძვირი ჯდება. ევროპაში თითქმის ყველგან ასეთი ბადეები აქვთ გაკეთებული, ჩვენთან კი, ამის საშუალება ყველას არა აქვს.

ნინო ზამბახიძე, ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელი:

- რატომ არ აზღვევენ გლეხები მოსავალს? - ვფიქრობ, რომ სათანადო ინფორმაცია არა აქვთ, რამდენად დადებითად იმოქმედებს აგროდაზღვევა მათ მდგომარეობაზე. შეიძლება ზოგიერთებმა კიდეც დააზღვიეს, მაგრამ იმ წელს სტიქია თუ არ მოვიდა, მიაჩნიათ, რომ ტყუილად გადაყრილი ფულია. ეს მცდარი აზრია, რადგან არასოდეს იცი, რა მოხდება, მაგრამ როცა ნაკვეთი დაზღვეული გაქვს, ის მაინც იცი, რომ ნაწილს მაინც ამოიღებ. ვფიქრობ, რომ ეს არის მიზეზი, რომლის გამოც ფერმერები დაზღვევისაგან თავს იკავებენ. არსებობს მეორე და მთავარი მიზეზი: მათ არა აქვთ სათანადო ფინანსური რესურსი, თუმცა, მე მაინც მიმაჩნია, რომ მოსავლის დაზღვევა ძალიან კარგი გზაა. წარმოიდგინეთ გლეხი, რომელიც ყოველდღიურად შრომობს და მოსავალს ელოდება. მან კარგად იცის, რომ მთელი წელი ამ მოსავლის იმედზე უნდა იყოს და სტიქიის გამო ყველაფერს რომ კარგავს, ხომ უარეს მდგომარეობაში ვარდება? ამიტომ, როდესაც რაღაც თანხას აკოწიწებ და ინახავ, დაზღვევაც უნდა გაითვალისწინო. ასეულობით შემთხვევა ვიცი, როდესაც ადამიანებმა სახლი გაყიდეს, რადგან სტიქიის გამო მოსავალი გაუნადგურდათ და ვერც სესხი გაისტუმრეს და ვერც ის ფული ამოიღეს, რომელიც მოსავლის მოსაყვანად დახარჯეს. ჩემი აზრით, უმჯობესია, ნაკლებ მიწაზე დათესო და დაზღვევა გაითვალისწინო, ვიდრე მთლიანი ნაკვეთები აითვისო და ყველაფრის გარეშე დარჩე. ბევრს შიში აქვს, რადგან იყო ხარვეზებიც - არიან ორგანიზაციები, რომლებიც დაზღვევის თანხას დროულად ანაზღაურებენ, ზოგი - აჭიანურებს. ზოგს ის ფორმალობებიც აშინებს, რაც აგროდაზღვევის გაფორმებას ახლავს: ერთი ფერმერი მყავდა, რომელიც ჩიოდა, - დაზღვევის თანხა არ ამინაზღაურესო. ვკითხე, - რატომ-მეთქი და იცით, რა მიპასუხა? - საბუთები არ წამიღია, ხომ უნდა მიმხვდარიყვნენ, მეზობლის ნაკვეთი თუ დაისეტყვა, ჩემიც დაისეტყვებოდაო? მიუხედავად სირთულეებისა, მგონია, რომ აგროდაზღვევაში თანდათან ყველა ჩაერთვება. ისედაც, ამდენი წლის მანძილზე აგრარული სექტორი საქართველოში ალალბედზე იყო მიტოვებული, ალბათ წლები დასჭირდება, რომ ხალხმა აგროდაზღვევის და საერთოდ, სოფლის მეურნეობის სიკეთე დაინახოს. აგროსექტორისადმი მიდგომაც ნელ-ნელა იცვლება: თუ ადრე სოფლის მეურნეობაში ინვესტიციებს არავინ დებდა, ახლა ძალიან ბევრი დებს თანხას და მოგების იმედიც აქვს. სამწუხაროდ, ეს დარგი ჯერ კიდევ ვერ იქცა ბიზნესად, ბევრ გლეხს უჭირს და ინფორმაციაც არა აქვს, თუ რა დადებითი მხარეები აქვს დაზღვევას. რამდენიმე წლის შემდეგ ყველა მიხვდება, რომ ეს კარგი საქმეა. GzaPress

ლევან მაღრაძე, აგროდაზღვევის პროგრამის მენეჯერი:

- მსურს, კიდევ ერთხელ განვმარტო პირობები, რომელსაც აგროდაზღვევის პროგრამა ითვალისწინებს: ნებისმიერ ადამიანს, ვისაც თავისი მოსავლის დაზღვევის სურვილი აქვს, შეუძლია მიმართოს სადაზღვევო კომპანიას და სახელმწიფოსგან სუბსიდიის სახით მიიღოს თანხის 70 პროცენტი ყველა კულტურაზე, გარდა ვაზისა. ვაზზე სახელმწიფო თანადაფინანსება 50 პროცენტია. თუ გლეხს მიწა დარეგისტრირებული აქვს, მაშინ სახელმწიფო 80 პროცენტს იხდის ანუ 100 ლარიდან 80 ლარს სახელმწიფო გადაიხდის, ხოლო 20 ლარის გადახდა ფერმერს მოუწევს. სადაზღვევო პოლისი ფარავს შემდეგი სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებულ ზარალს: სეტყვა, ჭარბი ნალექი, ქარიშხალი, საშემოდგომო ყინვა. დაზღვევა ეხება მხოლოდ 5 ჰექტრამდე ფართობს. შეიძლება ბენეფიციარს 10 ან 20 ჰექტარი მიწა ჰქონდეს, მაგრამ სახელმწიფო თანადაფინანსება მხოლოდ 5 ჰექტარს შეეხება. ეს პროგრამის ლიმიტირებული ბიუჯეტის ბრალია, თანაც, ფერმერების დიდი ნაწილი საქართველოში 5 ჰექტრამდე მიწას ფლობს. ვითვალისწინებთ, რომ დიდი ნაკვეთის მფლობელს ფინანსური შესაძლებლობებიც უფრო მეტი აქვს. ზიანის მიყენების შემთხვევაში გლეხმა 24 საათის განმავლობაში უნდა დარეკოს სადაზღვევო კომპანიაში და სადაზღვევო თანხის ანაზღაურება მოითხოვოს. წელს უკვე 6 500 პოლისია გაცემული ანუ 6 500 ადამიანი სარგებლობს აგროდაზღვევით. 2014 წლის 1-ლი სექტემბრიდან დღემდე, 29 ათასმა ბენეფიციარმა ისარგებლა ჩვენი პროგრამით. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ აგროდაზღვევის პროგრამა მომავალ წელსაც გაგრძელდება.

- ბატონო ლევან, რატომ არ სურს ზოგიერთ ფერმერს თავისი მოსავლის დაზღვევა?

- ჩემი აზრით, თავს იკავებენ სხვადასხვა მიზეზის გამო: ხშირ შემთხვევაში ადრე ჩვენი გლეხების დიდ ნაწილს სტიქია არ შეხებია და ისინი მხოლოდ მოსავლის განადგურების შემდეგ ნანობენ, რომ ნაკვეთები არ დააზღვიეს. თუმცა, სულ უფრო მეტი ოჯახი გამოთქვამს სურვილს, რომ თავისი ფართობი დააზღვიოს. ზოგჯერ გლეხები ხელშეკრულებას არ კითხულობენ და დაზღვევის პირობებს კარგად არ იცნობენ, თუმცა სადაზღვევო კომპანიებისგანაც იყო ხარვეზები, ეს არც არის გასაკვირი, რადგან აგროდაზღვევის გამოცდილება არც ერთ მხარეს ჰქონია. დიდი პრობლემაა ისიც, რომ შემფასებელი ექსპერტების რაოდენობაც არ არის საკმარისი, მაგრამ წელს უკვე მიმდინარეობს მათი გადამზადება და სერტიფიცირება. იმედი უნდა გამოვთქვა, რომ მსგავსი ღონისძიებების წყალობით, აგროდაზღვევის პროგრამა ჩვენს ქვეყანაში წარმატებით გაგრძელდება. თანაც, საქართველო არ არის პირველი ქვეყანა, რომელიც ამ გზას გადის, ის ყველა განვითარებულმა სახელმწიფომ გამოიარა. ყველა ქვეყანაში, სადაც აგროსექტორი კარგად არის განვითარებული, აგროდაზღვევაც მაღალ დონეზე დგას და რადგან დაზღვევა საკმაოდ ძვირია, თანხის ნაწილს სახელმწიფო იხდის სუბსიდიის სახით. არსებობს აგროდაზღვევის წარმატებული მაგალითები ამერიკაში, კანადაში, ესპანეთში, მათი გამოცდილება ძალზე მნიშვნელოვანია. მართალია, ერთი ქვეყნის გამოცდილებას მეორეს ვერ მოარგებ, მაგრამ რაღაც ნიუანსები შეიძლება გადმოვიღოთ და გავითვალისწინოთ. იმედია, ჩვენს ქვეყანაში აგროდაზღვევის კულტურა თანდათან შემოვა და დამკვიდრდება. ჩვენი ფერმერებიც, ყველანაირად უნდა შეებრძოლონ იმ უსიამოვნო მოვლენებს, რომელსაც ბუნება გვთავაზობს.

ხათუნა ჩიგოგიძე