ნორვეგიიდან დანახული ქართული ჯანდაცვის პრობლემები - გზაპრესი

ნორვეგიიდან დანახული ქართული ჯანდაცვის პრობლემები

XX საუკუნის ბოლოდან მსოფლიოში დაიწყო ე.წ. "ტვინების გადინების" პროცესი. გამონაკლისი არც საქართველოა. ზაზა წერეთელი ერთ-ერთი იმ ადამიანთაგანია, ვისაც სამშობლოში არაერთხელ აგრძნობინეს, რომ პროფესიონალზე უფრო მნიშვნელოვანია "ვინმეს თვალში მოხვედრილი კადრი". ზაზა ამჟამად უფროსი მრჩეველია ნორვეგიის სამეფოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროში.

-ბატონო ზაზა, თქვენი აზრით, თვისებრივად რაიმე თუ შეიცვალა საქართველოში ჯანდაცვის საკითხებისადმი მიდგომაში?

-ეს საკმაოდ ვრცლად სასაუბრო თემაა, თუმცა ვეცდები, მოკლედ გიპასუხოთ. აქვე განვმარტავ, რომ ჩემი პასუხი გამომდინარეობს იქიდან, თუ რას ვუსმენ, ვკითხულობ და ვიგებ მეგობრებისგან. თავიდან მკითხველს შევახსენებ, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (ჯანმო) რეკომენდაციის მიხედვით, ჯანდაცვის სისტემის გამართული მუშაობისთვის შემდეგი 6 ფაქტორია აუცილებელი: სისტემის ხელმძღვანელობა და მართვა, ფინანსირება, ადამიანური რესურსები, ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემა, სამედიცინო პროდუქტები და ტექნოლოგიები, მომსახურების გაწევა. შესაბამისად, პრობლემა რომელიმე ამ საკითხში, ქმნის პრობლემას მთელი სისტემისთვის. საქართველოს რომ დავუბრუნდეთ, პროგრესად უნდა ჩავთვალოთ, რომ შეწყდა ნადირობა ჩვენი პროფესიის წარმომადგენლებზე, რომელიც წინა ხელისუფლებას ჰქონდა გამოცხადებული. ისინი ცდილობდნენ ექიმის პროფესიის დისკრედიტაციას და სამედიცინო პერსონალის სრულ დემორალიზაციას. იყო განუწყვეტელი ლანძღვა, დადანაშაულება არაკომპეტენტურობასა და უცოდინარობაში. მოკლედ, ექიმის პროფესია ყველას სალანძღავად იყო ქცეული. შესაბამისად, გამართული სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი -ადამიანური რესურსები, სრულიად უგულებელყოფილი იყო. შემდეგი ცვლილება შეეხება სისტემის ხელმძღვანელობასა და მართვას. შეიძლება ითქვას, ესეც დადებითი კუთხით შეიცვალა თუნდაც იმიტომ, რომ ყოფილი პირველი ლედის არაფორმალური ლიდერობა აღარ არის ჯანდაცვაში. აღარ არიან ის ადამიანები სისტემაში, რომელთა მთავარი ამოცანა იყო სისტემის სრული განადგურება... დადებითია ის ფაქტიც, რომ აღარ არის ყოვლად გაუაზრებელი ჰოსპიტალური სისტემის პრივატიზაციის და ე.წ. "კერძო სადაზღვევო" სისტემის ბუმი. ორი მიმართულება, რომელმაც მოშალა როგორც ჯანდაცვის სისტემა, ასევე გააუფასურა მოსახლეობის დამოკიდებულება დაზღვევისადმი. ამას ემატება დეცენტრალიზების წარუმატებელი განხორციელება და სტატისტიკური მონაცემების შეგროვება-დამუშავების შეწყვეტა. ეს უკანასკნელი, ჯანდაცვის სამინისტრომაც კი ვერ შეძლო დაეფარა და მეტად კრიტიკულად შეაფასა მის მიერ 2009 წელს საქართველოში ჩატარებული კვლევებისას. სიტუაცია მართლაც კრიტიკული უნდა იყოს, რომ მუდამ ზომიერმა სამინისტრომ ქვეყნის მთავრობა გააკრიტიკოს (თან იმ დროს, როდესაც ქვეყნის პირველი ლედი მისი "კეთილი ნების ელჩია").

-მიგაჩნიათ, რომ ახალი მთავრობის მოსვლის შემდეგ საქმე უკეთესობისკენ დაიძრა?

-გვაქვს ჩ ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა (პირველები მსოფლიოში), საყოველთაო დაზღვევა (რამაც მოქალაქეებს გაუდვილა სისტემასთან ურთიერთობა, რადგან ტერმინმა -"უფასო" გაიჟღერა), გვყავს მინისტრი, რომელიც კარგი ექიმი და ადამიანია და შეიძლება ჩაითვალოს, რომ სწორ გზაზე ვართ, მაგრამ ვინმემ იცის, როგორი სისტემა გვაქვს ახლა? იცის, გვაქვს თუ არა ჰოსპიტალური სისტემის განვითარების გეგმა? რას ვაკეთებთ პირველად ჯანდაცვასთან დაკავშირებით? როგორ ვაფინანსებთ და ვამუშავებთ პროფილაქტიკურ პროგრამებს? იცის, როგორ და რამდენ ხანს შეუძლია საყოველთაო ჯანდაცვას, დააფინანსოს დახმარება იმ ქვეყანაში, სადაც ასე დიდია უმუშევრობა, დაბალია ხელფასები და გადამხდელუნარიანობა? არის სადმე მონაცემები, თუ რა ტენდენციები გვაქვს ამა თუ იმ დაავადებასთან, მათ მკურნალობასა და გამოსავალთან? აკეთებს ვინმე გათვლებს, ამ ტენდენციების გათვალისწინებით, რომ ვიცოდეთ, თუ რა დაფინანსება დაგვჭირდება იმისათვის, რომ ჯანდაცვის მთავარი პრინციპი -ხელმისაწვდომობა და თანასწორობა არ დაირღვეს და სისტემამ გამართულად იმუშაოს? ყველაზე მდიდარმა ქვეყანამაც იცის, რომ თუ პაციენტმა დროულად მიმართა პირველად ჯანდაცვის სისტემას და დროული დახმარება გაუწიეს, ის თავიდან ირიდებს ამ დაავადების გართულებას და შესაბამისად, ჰოსპიტალურ სისტემაში მოხვედრას. ადამიანის ჰოსპიტალურ სისტემაში მოხვედრა კი, ცხადია, სახელმწიფოს უფრო ძვირი უჯდება. შესაბამისად, უფრო ეფექტიანია გამართული პირველადი ჯანდაცვის ქსელის არსებობა, ხოლო გამოთავისუფლებული ფულით პროფილაქტიკური პროგრამების დაფინანსება. მაგალითისთვის ერთ შემთხვევას მოვიყვან: რაიონში მცხოვრებ მოქალაქეებს ვკითხე, -თქვენთან თუ არის მოწყობილი ამბულატორია? მიპასუხეს: -არ არის და 20 კილომეტრი მაინც უნდა გაიარონ, რომ მივიდნენ უახლოეს ამბულატორიამდე. შესაბამისად, ავადმყოფი ამჯობინებს, წავიდეს ქალაქში და პირდაპირ ჰოსპიტალს მიმართოს. ნახეთ, რამდენი რამ ირღვევა: წესით, ჰოსპიტალში ავადმყოფი ამბულატორიის ექიმის მიმართვით უნდა მიდიოდეს, რადგან ამას ჯანდაცვის სისტემა მოითხოვს. ჩვენთან ამას არ აკეთებენ. გზა ფულია, რომელიც ცხადია, არ იფარება. ჰოსპიტალი კერძოა, რაც ნიშნავს, რომ პაციენტის იქ მომსახურება საყოველთაო ჯანდაცვას იაფი არ დაუჯდება. იქ გამოწერენ წამლებს, რომლებიც ასევე ავადმყოფმა თავისი ფულით უნდა იყიდოს, აფთიაქში წამლები იაფი არ არის და არც სისტემაა შექმნილი, რომელიც გააკონტროლებდა ექიმებს, თუ რა წამლებს გამოწერენ ისინი და ცდილობენ თუ არა, რომ პაციენტის მატერიალური მდგომარეობა გაითვალისწინონ, რათა ავადმყოფები უწამლოდ ან უფულოდ არ დარჩნენ. ხოლო, თუ უეცრად აღმოჩნდა, რომ გვიან მიხვედით და უკვე ჰოსპიტალიზებაა საჭირო, შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რა ხარჯებთან იქნება ეს დაკავშირებული თქვენთვისაც და სახელმწიფოსთვისაც. გასათვალისწინებელია ისიც, რომ კერძო კლინიკას შემოტანილი აქვს ძვირად ღირებული აპარატურა. იგი ამით ცდილობს მიიზიდოს პაციენტები, ხოლო ძვირი აპარატი, შესაბამისად, ძვირ მომსახურებასაც ნიშნავს. ასე რომ, ზედაპირული უკეთესობის უკან, რაც დიდ ხარჯებს მოითხოვს, ბევრი პრობლემა იმალება. კიდევ რამდენ ხანს შეძლებს ეს სისტემა ასეთ შემთხვევებთან გამკლავებას? საინტერესო იქნებოდა ამაზე პასუხის მიღება, რადგან ჯანდაცვის სისტემა მარტო ერთი კარგი პროგრამა და ერთი კარგი პიროვნება არ არის, ეს უფრო რთული მექანიზმია, რომელსაც რაც უფრო დიდხანს არ მოვუვლით, მომავალში უფრო გაჭირდება მისი გამართვა.

-რა ქმედითი ნაბიჯებია გადასადგმელი ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებისათვის?

-ამ თემაზე სხვადასხვა ქვეყანაში სპეციალურ გამოკვლევებსაც კი ატარებენ და წიგნებს გამოსცემენ. ამიტომ ვეცდები, შეძლებისდაგვარად მოკლედ გიპასუხოთ. ამისათვის კი მხოლოდ ორ ასპექტს შევეხები: პირველადი ჯანდაცვა და ჰოსპიტალური სექტორი. დავიწყოთ იმით, რომ მსოფლიოს უმეტეს ქვეყანაში ჯანდაცვის მთავარი პრიორიტეტია მოსახლეობა (და არა მარტო სამედიცინო დაწესებულება), მისთვის სამედიცინო დახმარების გაწევის პირობებში უთანასწორობის შემცირება და მოსახლეობაზე ორიენტირებული ჯანდაცვის სისტემის ჩამოყალიბება. ეს თავისთავად გულისხმობს სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობას. მოვიძიე ბოლო მონაცემები, რომელიც საქართველოდან 2012 წელს არის წარდგენილი და წელიწადში ერთი ადამიანის მიერ პირველადი ჯანდაცვის სპეციალისტის მონახულების რაოდენობას გვიჩვენებს. საქართველო ამ მაჩვენებლით ბოლო ადგილზეა ევროპულ რეგიონში -2,1 მონახულება წელიწადში! ზოგიერთი პოლიტიკოსი ალბათ ამაზე გვეტყვის, რომ კარგი ფაქტია, თუ ჩვენი მოსახლეობა იმდენად ჯანმრთელია, რომ არ სჭირდება ექიმთან ვიზიტი. მე კი ამაზე საბჭოთა კავშირის დროინდელი ცნობილი გამოთქმა მახსენდება: "ყველაზე ჯანმრთელი ავადმყოფი საბჭოთა ავადმყოფია". თუ ჯანდაცვაზე გაზრდილ დანახარჯებსაც გავითვალისწინებთ, ვხვდები, რომ დიდი პრობლემები გვაქვს! პირველად ჯანდაცვას GATE-ს ანუ კარსაც უწოდებენ. წარმოიდგინეთ თქვენი სახლი, რომელსაც კარი არ უვარგა და ნორმალურად არ ფუნქციონირებს. შესაძლო შედეგები არც ისე მიმზიდველია. GzaPress

-თქვენი აზრით, ამ პრობლემიდან გამოსავალი რა იქნება?

-არანაჩქარევი სტრატეგიის შემუშავება, სადაც ზუსტად იქნება გაწერილი, რა სურს საქართველოს ჯანდაცვის სისტემას და როგორ აპირებს ამის მიღწევას. ეს უნდა იყოს დეტალურად გაწერილი ქმედებები. კარგად ორგანიზებული პირველადი ჯანდაცვა უნდა გახდეს სისტემის ქვაკუთხედი. ის უნდა ეცადოს, მართოს არა მარტო ინფექციური, არამედ არაინფექციური დაავადებებიც, უნდა იყოს დაკავებული დაავადებათა პრევენციით და ჯანმრთელობისათვის ხელშემწყობი პირობების დანერგვით. ამ სისტემის დანერგვას უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობაც აქვს ქვეყნისთვის, რადგან ის სოფლებისა და რაიონების გაძლიერებას შეუწყობს ხელს, ხოლო ქვეყნის სიძლიერე არა მარტო მისი დედაქალაქის, არამედ სწორედაც რომ სოფლებისა და რაიონების სიძლიერით არის განპირობებული. ცხადია, გამოჩნდებიან კრიტიკოსები, რომლებიც იტყვიან, სად არის ამდენი სამედიცინო პერსონალი ან მათი მუშაობისა და ცხოვრებისთვის საჭირო პირობებიო... გიპასუხებთ, თუ ნორმალური ქვეყანა გვინდა შევქმნათ, მაშინ, იმის მაგივრად, რომ უცხოეთიდან შემოვიტანოთ უძვირესი აპარატურა, რომელსაც წელიწადში მხოლოდ 3-4-ჯერ გამოვიყენებთ და შენახვა კიდევ ცალკე ხარჯია, ამ ფულით შესაძლოა, 3-4 ამბულატორია მოვაწყოთ, ადგილობრივი კადრებიც მოვამზადოთ. ასე უნდა მოვიქცეთ, თუ ქვეყნის აშენება გვსურს და ხალხის მომავალზე ვფიქრობთ. საქართველოში ყველაზე პოპულარული ჰოსპიტალური სისტემაა. ჯერ კიდევ გამეფებულია მოსაზრება, რომ სწორედ ჰოსპიტალია ჩვენი ჯანმრთელობის მთავარი დამცველი. მიუხედავად იმისა, რომ ეს ძვირი გვიჯდება ჩვენც და სახელმწიფოსაც, ჯიუტად არ ვიცვლით ამ მოსაზრებას. 100 ჰოსპიტლის ამბავი, უახლოესი წარსულიდან ამის ნათელი მაგალითია. არაფერს ვამბობ კერძო კლინიკების მომრავლებაზე, რომელიც ნამდვილად არ არის იმის მანიშნებელი, რომ ქვეყანა მის მოქალაქეებზე ფიქრობს. მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში, ჰოსპიტალური მომსახურების ფასების დადგენა ხდება ე.წ. დიაგნოზზე დამყარებული ჯგუფების საფუძველზე. ეს ხელს უწყობს ქვეყანას, აკონტროლოს მისი ფინანსური დანახარჯები უფრო გამართულად, რადგან მეტ-ნაკლებად განსაზღვრული და სტანდარტულია, თუ რა დაჯდება ამა თუ იმ დაავადების ჯგუფის მკურნალობა. პაციენტისთვისაც კარგია ეს, რადგან მან იცის, რა დაუჯდება მკურნალობა. სამწუხაროდ, როგორც ირკვევა, საქართველოში ეს სისტემა დანერგილი არ არის და ჰოსპიტალები მეტ-ნაკლებად თავიანთი დანახარჯების გათვალისწინებით ადგენენ მოთხოვნებს სამინისტროსადმი. ცხადია, სამინისტრო ამ გათვლების გარკვეულ სტანდარტიზაციას ახდენს, მაგრამ ჰოსპიტალები თავისუფალი არიან გათვლებში. უბრალო მაგალითი: თუ ერთ ჰოსპიტალს საოპერაციო აქვს 30 კვმ, ხოლო მეორეს მხოლოდ 10კვმ, ერთი და იგივე ოპერაცია პირველს უჯდება გაცილებით მეტი, ვიდრე მეორეს, ფართობის განსხვავებით გამოწვეული გადასახადების გათვალისწინებით. შესაბამისად, როგორც სახელმწიფოსთვის, ისე პაციენტისთვის ძნელია დანახარჯების განსაზღვრა. ცხადია, ჰოსპიტალები არ იქნებიან უკმაყოფილოები არსებული სისტემით, მაგრამ ყველას ავიწყდება, რომ ჯანდაცვის სისტემის მთავარი ამოცანაა მოსახლეობა და ისიც ავიწყდება, რომ ქვეყნის ბიუჯეტიც არ არის უძირო.

-თქვენი დღევანდელი მუშაობისას თუ გაქვთ რომელიმე პოსტსაბჭოურ ქვეყანასთან შეხება და რა თავისებურება აქვს მას?

-1,5 წლის წინ ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტრომ ხელი მოაწერა ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეკრულებას მოლდავეთთან. ამ თანამშრომლობის კოორდინაცია ახლა მე მეხება. თანამშრომლობის ერთი ნაწილი სწორედ მოლდავეთის ჰოსპიტალური სისტემის რეორგანიზაციის ხელშეწყობაა. იცით, როდესაც ნორვეგიის დელეგაცია ჩავიდა მოლდავეთში და რამდენიმე საავადმყოფო დაათვალიერეს, გაოცებულებმა ჰკითხეს მოლდაველ კოლეგებს, თქვენ მდიდარი ქვეყანა ხართო? ცხადია, მოლდაველებს გაეცინათ. ნორვეგიელებმა, -ჩვენ კი ვართ მდიდარი ქვეყანა, მაგრამ ჩვენც კი ვერ მივცემთ თავს უფლებას, შევინახოთ ისეთი ჰოსპიტალური სისტემა, რაც თქვენ გაქვთ დანერგილიო. მდიდარი ნორვეგიაც კი მუდმივად აკეთებს ფინანსურ გათვლებს, სისტემამ რომ გამართულად იმუშაოს და ზედმეტი ხარჯები არ გაიღოს. ალბათ საქართველოსთვისაც საყურადღებო უნდა იყოს ეს ფაქტი.

-თუ გაქვთ კიდევ სხვა სტატისტიკური ინფორმაცია, რომელიც საინტერესოა საქართველოსთვის?

-ჯანმრთელობის სამინისტრო პერიოდულად გამოითვლის ხოლმე, თუ რა პროცენტს ფარავს ქვეყანა ჯანდაცვის დანახარჯებში და შესაბამისად, რამდენის გადახდა უწევს პაციენტს თავისი ჯიბიდან. ბოლო მონაცემები არის 2011 წლის და საქართველო ბოლო ადგილზე იმყოფებოდა. მოსახლეობას უწევდა დანახარჯების 82%-ის საკუთარი ჯიბიდან გადახდა. შედარებისთვის: ესტონეთში იყო 20%, ნორვეგიაში -15%. სავარაუდოდ, საყოველთაო დაზღვევის შემდეგ საქართველოში დანახარჯის მაჩვენებელი დაიწევდა და სასურველია, ის, რაც შეიძლება მცირე იყოს! თუმცა, სახელმწიფოს წილის გაზრდა, მისი არაეფექტიანი ხარჯვის ფონზე ასევე ძალზე ცუდია.

როლანდ ხოჯანაშვილი