ტექნიკურ უნივერსიტეტში შემონახული მიხაი ზიჩის უნიკალური ნახატები - გზაპრესი

ტექნიკურ უნივერსიტეტში შემონახული მიხაი ზიჩის უნიკალური ნახატები

"უნგრელ მხატვარს, მიხაი ზიჩის დიდი ადგილი უკავია ქართულ კულტურაში - იმდენად დიდი, რომ ბევრს იგი ქართველიც კი ჰგონია. ზიჩი საქართველოში იონა მეუნარგიას წყალობით მოხვდა. მეუნარგია უდიდესი ქართველი იყო, უდიდესი კოლხი კაცი, რომელიც ბრწყინვალედ ფლობდა ფრანგულს და ამ ენაზე "ვეფხისტყაოსანი" თარგმნა. სწორედ მისი დამსახურებაა, ზიჩიმ "ვეფხისტყაოსნის" შესახებ რომ გაიგო.

მეუნარგია ჰიუგოსა და სხვა ფრანგი მწერლებისა და პოეტების მეგობარი გახლდათ და მათ დააკავშირეს იონა მეუნარგია ზიჩისთან. 8 წელი იმუშავა "ვეფხისტყაოსნის" ილუსტრაციებზე და ერთი კაპიკი არ აუღია გასამრჯელოდ! ეს ყველაფერი კი მეუნარგიას დამსახურებაა! ამიტომ, ილია ჭავჭავაძე ყოველთვის ხაზს უსვამდა იონა მეუნარგიას დიდ ღვაწლს. როცა ზიჩი თბილისში ჩამოვიდა, თქვენი აზრით, პირველ რიგში, რა დახატა? ნარიყალას ციხე! ეს არის უზუსტესი სურათი. ჩვენთან ასევე ინახება იშვიათი სურათი - "ზიჩის სამუშაო ოთახი". ზიჩის შესრულებულია "წმინდა ნინო", ეს სურათიც ჩვენთან ინახება. მას საქართველოში დიდ პატივს სცემდნენ და არაერთგზის იყო მიწვეული სხვადასხვა რეგიონში. განსაკუთრებით, იმერეთში ჩასვლა უყვარდა, გამორჩეულად მოსწონდა იმერელი ქალის ტიპაჟი, - ასე დაიწყო ჩვენთან საუბარი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ვაჟა პაპასკირმა და გვიამბო საინტერესო ამბავი "ვეფხისტყაოსნის" უნიკალურ გამოცემასა და მხატვრის სხვა უნიკალურ ნაწარმოებებზე.

ვაჟა პაპასკირი:

- ეს ესკიზები არის ის, რაც ზიჩიმ "ვეფხისტყაოსნისთვის" შექმნა. ეს არის სრული კომპლექტი. ესკიზები 60-იან წლებში გამოვიდა ალბომად და მასში შედის 26-ვე სურათი! ისინი მხოლოდ ჩვენთანაა ხელუხლებლად შენახული.

- როგორ მოხვდა ეს ალბომი ტექნიკურ უნივერსიტეტში?

- ეს ალბომი თავის დროზე, საქართველოს ინდუსტრიულმა ინსტიტუტმა - პოლიტექნიკური ინსტიტუტის, შემდგომ - ტექნიკური უნივერსიტეტის წინამორბედმა შეიძინა. ეს არის საოცრად კარგი გამოცემა, რომელიც XIX საუკუნის 30-იან წლებშია შექმნილი. ალბომს სუფთა ტყავის ყდა აქვს, რომელიც იხსნება და სასოებითაა ჩასმული ყველა ის ნახატი, რომელიც ზიჩიმ "ვეფხისტყაოსნისთვის" შეასრულა. მსგავსი ალბომი რამდენიმე ცალი შეიძლება იყოს შენახული, მაგრამ ის, რაც ჩვენთან ინახება, ერთადერთია, ასეთი სრულყოფილი არც ერთი ეგზემპლარი აღარ მოიძებნება.GzaPress

- გამოდის, რარიტეტია.

- დიახ, ეს უკვე დიდი ხანია, რარიტეტადაა აღიარებული. ზიჩიმ მეტი ესკიზი გააკეთა, მაგრამ დიდმა კომისიამ, რომლის თავმჯდომარე ილია ჭავჭავაძე იყო და ამ კომისიის სულისჩამდგმელმა იონა მეუნარგიამ, აგრეთვე - ივანე მაჩაბელმა, საუკეთესო ესკიზები შეარჩიეს. დავიწყოთ პირველი სურათით. რომელს ვეძახით პირველს? "ვეფხისტყაოსნის" ქართველიშვილისეულ გამოცემაში პირველი სურათია ის მომენტი, როცა შოთა რუსთაველი თამარ მეფეს მიართმევს "ვეფხისტყაოსანს". საქართველოში ძალიან ცოტამ თუ იცის, რომ ეს არ არის ერთადერთი ესკიზი. მრავალი ესკიზი შეიქმნა, მაგრამ საბოლოოდ, ეს შეარჩია. რატომ? ზიჩის პერსონაჟებს რამდენიმე პროტოტიპი ჰყავდა. შოთა რუსთაველის პროტოტიპად რამდენიმე მსახიობი ჰყოლია. ამ ცნობილ სურათზე რუსთაველის პროტოტიპი - ქუთაისელი კაცია, გვარად ქაჯაია. მას არ ჰქონდა საშუალება, დედანში წაეკითხა პოემა, ამიტომ სცენებს დგამდა. თამარ მეფის პროტოტიპი კი იოსელიანის ქალბატონი იყო. სპექტაკლს დგამდა და სპექტაკლის უკან იკითხებოდა მხოლოდ ერთი სცენა. ეს შემდეგ ძალიან მოდური გახდა და "ვეფხისტყაოსანი" ევროპაში დაიდგა - პრაღაში, ესტონეთში. ეს სცენები რუსეთშიც ორჯერ დაიდგა, ერთხელ - პეტერბურგში, ერთხელ კი - მოსკოვში.

- საქართველოში რამდენჯერ დაიდგა?

- საქართველოში სულ ათი ცოცხალი სურათი დაიდგა. 1901 წლიდან იდგმებოდა სცენები. საინტერესო ის იყო, რომ ამ პროცესში მხატვარი ცვლიდა პერსონაჟებს და, ყველაზე მეტად რომელიც მოეწონებოდა, იმას ტოვებდა. ზიჩის ქართული ცეკვის ილეთები კარგად რომ ესწავლა, ამისთვის მოუყვანეს ანსამბლი, რომელიც 100 ქალ-ვაჟისგან შედგებოდა. ამიტომაა სურათებში ქართული სული. პირველ სურათზე საქართველოს ყველა კუთხის წარმომადგენელს თავისი ადგილი აქვს მიჩენილი: აქ არიან კოლხი, ქართლელი, იმერელი. ეს სურათი თავიდან სხვაგვარი იყო, რაც რადიკალურად განსხვავდება მეორისგან. პირველ სურათს თურქულ-სპარსული ელფერი დაჰკრავს. ეს სურათი ქუთაისშია შექმნილი. ქართულ სინამდვილეში რატომღაც, მიჩქმალულია ის ფაქტი, რომ ზიჩი თბილისში ჩამოსვლამდე, დაუსწრებლად ხატავდა კავკასიის პეიზაჟებს. მან შექმნა ლერმონტოვის "მწირის" ილუსტრაციები, დემონის ილუსტრაცია, რაც საუკეთესოდაა მიჩნეული. ზიჩის "ვეფხისტყაოსანი" ისე შეუყვარდა, რომ ის ფრანგულად მიაწერდა ხოლმე სურათებს თავის შეხედულებებს. ჩვენთან ეს სურათებიც არის შემონახული. "ვეფხისტყაოსნის" ილუსტრაციებს შორის, ნაკლებად ცნობილია სცენა, როდესაც ნესტანმა შეიტყო, რომ ტარიელი ხვარაზმელზე მის გათხოვებას მეფეს დათანხმდა. ასევეა სცენა, როდესაც ფატმანის დავალებით, ავთანდილმა ჭაშნაგირი მოკლა. ყველა გამოცემაში შევიდა სცენა, როდესაც ნესტანი მამიდამისმა დავარმა კიდობანში ჩასვა და ზღვას მისცა. პოემაში მითითებულია, რომ ამაში ორი შავი კაცი და ერთი შავი ქალი მონაწილეობდნენ, ქალი კი სურათში გამოსახული არ არის.

- დავათვალიერე თქვენი გალერეა და აღმოვაჩინე, რომ თქვენთან "ვეფხისტყაოსნის" ბევრი უნიკალური გამოცემაც ინახება.

- დიახ, ჩვენთან 200-ზე მეტი ეგზემპლარია შენახული. იუნესკომ 2016 წელი შოთა რუსთაველის წლად გამოაცხადა, რასაც პირველები ჩვენ - ტექნიკური უნივერსიტეტი და საუნივერსიტეტო სამეცნიერო ბიბლიოთეკა გამოვეხმაურეთ. აქ წარმოდგენილია დიდი კოლექცია, რომელიც 1912 წლიდან გროვდებოდა. ამ დროს ვორონცოვმა რუსეთის იმპერატორის დავალებით შექმნა დოკუმენტაცია, საქართველოში რომ უმაღლესი სასწავლებელი გახსნილიყო. გაიხსნა ეს სასწავლებელი, რომელიც შემდეგ ლენინმა დახურა, მაგრამ წიგნები არ დაკარგულა და 1922 წელს ჩვენ გადმოგვეცა.GzaPress

საბედნიეროდ, ბიბლიოთეკაში თავისი საქმის დიდოსტატები მუშაობდნენ. დღეს ჩვენთან სამი ქალბატონი მუშაობს. ისინი გაისად 80-80 წლისანი გახდებიან, 20 წლის იყვნენ, ბიბლიოთეკაში რომ მოვიდნენ!..

- გამოფენაზე წარმოდგენილ "ვეფხისტყაოსნის" გამოცემებზე რა შეგიძლიათ გვითხრათ?

- ყველა უნიკალურია, მაგრამ გამოვყოფ ქართველიშვილის გამოცემას, რომელიც 1888 წელს გამოვიდა ორ ვარიანტად - ჩვეულებრივი და ქსოვილიანი (რუსთაველის ბარელიეფით) ყდით. ქსოვილიანი ყდით 200 ეგზემპლარი გამოვიდა, ჩვეულებრივი კი - 600. 200 ცალიდან ათიოდე ეგზემპლარია შემონახული. დაუზიანებელი ვარიანტი ჩვენთანაა, რაც კარგად იცის საჯარო ბიბლიოთეკამ და ისინი ხშირად მოდიან, გვეკითხებიან, ხომ არ დავუთმობდით მათ ამ ეგზემპლარს, მაგრამ ეს არის ჩვენი სავიზიტო ბარათი და ვერ ვიმეტებთ. ამ წიგნს კორექტირება გაუკეთეს აკაკი წერეთელმა, ილია ჭავჭავაძემ და, რაც მთავარია, პირველად აქ გამოჩნდა ზიჩის ნახატები.

ბოლოს მინდა გითხრათ, რომ საქართველოში ზიჩი სათანადოდ არაა დაფასებული. კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს: ზიჩი ჩამოვიდა მისთვის სრულიად უცხო ქვეყანაში, შეიყვარა ჩვენი სამშობლო, ხალხი, იმუშავა და ერთი კაპიკიც არ აუღია გასამრჯელოდ! ის კი არა, ბოლოს, ქართული დაუდევრობის გამო, კინაღამ უწიგნოდ დარჩა: ბევრი ეძებეს და ძლივს იპოვეს ერთი ეგზემპლარი, რომელიც მხატვარს აჩუქეს. ზიჩი გახლდათ ერთ-ერთი ბრწყინვალე ილუსტრატორი ევროპელი მწერლებისა და პოეტებისა, რომლის არაერთი ნამუშევარი სანქტ-პეტერბურგში, "ერმიტაჟის" აღმოსავლეთის დარბაზშია დაცული. ქართველებს კი, ნამდვილი განძი - "ვეფხისტყაოსნის" უნიკალური ილუსტრაციების კრებული დაგვიტოვა.

თეა ხურცილავა