წარღვნით დამეგობრებულები და ოჯახი, რომელშიც მაშველები ანთებული კელაპტრების სინათლემ მიიყვანა - გზაპრესი

წარღვნით დამეგობრებულები და ოჯახი, რომელშიც მაშველები ანთებული კელაპტრების სინათლემ მიიყვანა

13 ივნისი უკვე ისტორიის ნაწილია. დიდი ტკივილით, მსხვერპლით, თანადგომისა და სოლიდარობის საოცარი მაგალითებით. ერის მეხსიერებას შემორჩა სტიქიასთან ნაომარ ქალაქში, ქუჩებში მოსიარულე ნიჩბიანი, ტალახით დასვრილი, ერთ მუშტად შეკრული, ერთი ტკივილით გაერთიანებული ახალგაზრდები, ქვეყნის ხვალინდელი დღის მშენებლობის სიმბოლოდ რომ იქცნენ. 13 ივნისის საღამოს ის ადამიანები იხსენებენ, რომლებსაც ეს ტრაგედია უშუალოდ შეეხოთ.

წარღვნით დამეგობრებულები

გიგი კეშელავამ სიკვდილს 7 თვის ორსული გოგონა გადაარჩინა. მაშინ იმაზე არ ფიქრობდა, რომ საფრთხეში საკუთარი სიცოცხლე ჩაიგდო. როგორც დღეს იხსენებენ, სიცოცხლემ სიკვდილს რამდენიმე წამით გაუსწრო. რამდენიმე თვის შემდეგ დემეტრე დაიბადა. ბიჭი, რომელიც მალე მისი გადამრჩენის ნათლული გახდა.

- იმ საღამოს ორ მეგობართან ერთად ვიყავი. ვაკეში მინდოდა მეგობართან ასვლა. თამარაშვილის ქუჩა გადაკეტილი დამხვდა და ვიფიქრე, ახალი გზით ავალ-მეთქი. გვირაბიდან რომ გავედი, გზაზე წვიმის გუბეები იდგა. მე პოლიციის მხარეს ვიყავი. მოპირდაპირე ზოლში იმდენად დიდი წყალი იყო, რომ 20 მანქანა მაინც გახლდათ გაჩერებული, ვერ მოძრაობდნენ. უკან პატრული მომყვებოდა. მანქანა გავაჩერე, პატრულიც გაჩერდა. ის თავის ტერიტორიაზე მოძრაობდა, გამოძახებით არ მოსულა. ხალხის მანქანებიდან გადმოყვანა დაიწყეს. წყალი უკვე მანქანის სალონამდე აღწევდა, დაახლოებით 5 წუთში კი წყლის დონემ იმდენად აიწია, ბორდიურიდან მარჯვენა ხაზში იწყო გადმოსვლა. მივხვდი, იქ რომ გავჩერებულიყავი, ჩემი მანქანა აუცილებლად დაიტბორებოდა. მე და ჩემი მეგობრები ჩავსხედით. `სტარტერი~ გაფუჭებული მქონდა. ვიწვალე და როგორც იქნა, მანქანა დავქოქე. აღმართზე, პოლიციის შენობასთან ავედი. ვფიქრობდი, იმ სიმაღლეზე წყალი ვერ ამოვიდოდა. შორიდან შემზარავი ხმა ისმოდა, ყველაფერი გრგვინავდა. ვიფიქრე, წლის მილები თუ გასკდა-მეთქი და იმასაც ვგრძნობდი, რომ ეს ხმა თანდათან გვიახლოვდებოდა. ის იყო, აღმართზე უნდა ავსულიყავი, რომ შევნიშნე, ბორდიურზე ბიჭთან ერთად ორსული გოგო იდგა.GzaPress

მარი მოსიძე:

- მე და ჩემი მეუღლე 13 ივნისის ღამეს სტიქიის ეპიცენტრში აღმოვჩნდით. ძალიან მოკლე დროში, ისეთი საცობი წარმოიქმნა, გადაადგილება შეუძლებელი იყო. მალე წყლის დონემ აიწია, უკვე მანქანის სალონი დასველდა. გაჩერებას აზრი აღარ ჰქონდა, გადმოვედით და ბორდიურზე დავდექით. მაშინ 7 თვის ორსული ვიყავი. ვხედავდით, წყლის დონე სწრაფად იმატებდა. ვიდექით, მაგრამ რას ველოდებოდით, არ ვიცოდით. ამ დროს მანქანა მოგვიახლოვდა.

გიგი:

- დავუძახე, - სწრაფად ჩასხედით-მეთქი. ეს ამბავი პოლიციიდან დაახლოებით 30 მეტრის მოშორებით ხდებოდა. მათ ხომ არ მივატოვებდი? მე ჯიპით ვიყავი და ამან მიშველა, დაბალი გამავლობის მანქანით ვერ ავიდოდი. ძალიან გავრისკე, ჯერ ზემოთ ავედი, მერე ისევ უკან დავბრუნდი. ბორდიურიდან ეგრევე სალონში შემოძვრნენ. უკან რომ მივბრუნდი, იმ აღმართზე ასვლა უკვე ძალიან გამიჭირდა. წყლის დიდი ტალღა გვიახლოვდებოდა, მანქანის ქვეშ ხეებიც კი გამომედო. გადარჩენის ინსტინქტით ვმოქმედებდი. აღმართზე ავედი თუ არა, უკანა ნაწილს პირველმა დიდმა ტალღამ დაარტყა.

მარი:

- 20-30 წამით რომ დაგვეგვიანა, ჩვენც ის ტალღა გაგვიტაცებდა. გიგიმ 3 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. ჩვენი მანქანა წყალმა წაიღო და მოგვიანებით გმირთა მოედანზე ვიპოვეთ.

უსაფრთხო ადგილზე რომ ავედით, გიგი და მისი მეგობრები ხალხის მისაშველებლად გაიქცნენ. ჩემს მეუღლესაც უნდოდა წასვლა, მაგრამ იმდენად შეშინებული ვიყავი, მარტო ვეღარ დამტოვა. მალე ხალხი აყვირდა, მანქანებში არავინ გაჩერდეთო. გადმოვედით. უცხოელები შეგვხვდნენ, თავიანთ მანქანაში ჩაგვსვეს და სახლამდე მიგვიყვანეს.

გიგი:

- უკან მობრუნებულმა დავინახე, როგორ წაიღო წყალმა პატრულის მანქანა. ერთი პოლიციელი გადმოსული იყო, მეორე კი ნიაღვარმა მანქანასთან ერთად გაიტაცა. საოცარი სურათი იყო. თავდაპირველად ვხედავდით, როგორ ამოყო თავი მანქანიდან, ამოძრომას ცდილობდა, მერე საერთოდ გაქრა, აღარც კაცი ჩანდა და აღარც - მანქანა.

იმ დღეს ნანახი და განცდილი არც კი ვიცი, როგორ აღვწერო. მსგავსი რამ ფილმებშიც არ მინახავს. ჩვენ თვალწინ ნიაღვარს მოჰქონდა სახლები, ანთებულფარნიანი მანქანები, ხეები, საყოფაცხოვრებო ნივთები. მთელი ახალი გზა იყო მდინარის ვეებერთელა კალაპოტი, ძალიან ჩქარი დინებით.

ეს ხდებოდა პირველ წუთებში, როცა იქ არც `სასწრაფო დახმარება~ და არც სამაშველო სამსახურები არ იყვნენ. მხოლოდ 30-მდე კაცი ვიქნებოდით. იმ სწრაფ დინებაში ჩასვლას აზრი არ ჰქონდა, მსხვერპლს მსხვერპლი მიემატებოდა. მხოლოდ ის მოვახერხეთ, რომ ერთი მანქანა, რომელიც წყალს მოჰქონდა, ნაპირისკენ გამოვათრიეთ. ვხედავდით ადამიანებს, რომლებიც ბოძებს ეჭიდებოდნენ. ეს ბოძები ჩვენ თვალწინ ილეწებოდა, საშინელი სურათი იყო. წყალს ძალიან დიდი ხეები მოჰქონდა. მახსოვს ერთი კაცი ბოძზე იყო შემოხვეული, მას ვუყურებდით, მაგრამ ვერ ვშველოდით, მხოლოდ ტელეფონის ფარნებს ვუნთებდით და ფსიქოლოგიურად ვამხნევებდით. ის კაცი იღბლიანი აღმოჩნდა. წყალმა თითქმის ყველა ბოძი გადაამტვრია, ერთ-ერთზე კი ხე გაიჭედა, დინების მთლიან დარტყმას ეს ხე იღებდა და მომდევნო ბოძი, რომელზეც კაცი იყო შემოხვეული, წაქცევას გადაურჩა.GzaPress

მაშველები რომ მოვიდნენ, ამ კაცის გადმოსაყვანად სახანძრო სამსახურის მანქანების კიბეებით `ხიდები~ გააკეთეს, მაგრამ მაინც ვერ მისწვდნენ, ახლოს ვერ მიდიოდნენ. ის კაცი გაძლებაზე იყო, წუთი წუთზე წყალი იმ ბოძსაც გადატეხდა, მაგრამ საბედნიეროდ, გადარჩა.

მალე ცხოველებიც გამოცვივდნენ, ქუჩაში დარბოდნენ. ძაბვის ხაზები დაბლა ეყარა. ჩემ გვერდით ქალი აკივლდა, მისი ახლობელი წყალმა წაიღო. მერე სინათლე გაითიშა, გარშემო ყველაფერი ჩაბნელდა. ისეთი პანიკა იყო, იმ წუთებში აზროვნებაც გამიჭირდა. 2-3 დღე რომ გავიდა, მომხდარი მერე უფრო გავაანალიზე.

ჩემს მანქანასთან რომ მივედი, ის ორსული გოგო და მისი მეუღლე აღარ დამხვდნენ. სახლში გამთენიისას, 7 საათზე დავბრუნდი.

მარი:

- ძალიან გვაინტერესებდა და გვინდოდა გვცოდნოდა, ვინ იყვნენ ჩვენი და ჯერ დაუბადებელი ბავშვის გადამრჩენელები. მხოლოდ მანქანის ფერი და მარკა ვიცოდით. ტელევიზიაში დავრეკეთ და ვითხოვეთ, მათ მოძებნაში დაგვხმარებოდნენ. გიგი არც სახეზე მახსოვდა, არც სახელი და გვარი ვიცოდი.

გიგი:

- ამ გადაცემას ჩემი მეგობარი უყურებდა. მან მისცა ჩემი ნომერი და ასე დამიკავშირდნენ. ერთმანეთს შევხვდით, ოჯახის წევრები გავიცანით, დავმეგობრდით. მითხრეს, - ბავშვი რომ დაიბადება, ნათლია შენ უნდა იყოო. რამდენიმე თვეში დაიბადა პატარა დემეტრე, რომელიც მე და ჩემმა მეგობარმა მოვნათლეთ.

მოგვიანებით გავიგე, რომ ის პატრულის თანამშრომელიც გადარჩა. არადა, ისეთმა დიდმა ნიაღვარმა წაიღო, ყველას გვეგონა, დაიღუპებოდა. მისი მეწყვილე ძალიან ნერვიულობდა, შოკში იყო, მიშველებას ცდილობდა და არ გავუშვით, დავიჭირეთ, - აბა, ამას რა აზრი ჰქონდა? წყალი მასაც წაიღებდა.

მარი:

- არ არსებობს ახალ გზაზე გავიარო და ეს ამბავი არ გამახსენდეს. როცა წვიმს, ცუდი ამინდია, შიში მიპყრობს. მიხარია, რომ ჩემი შვილის ნათლიები გიგი და ნიკა არიან. ჩვენ წარღვნამ დაგვამეგობრა.

20 წლის გიორგი ხარებაშვილი სვანიძის ქუჩაზე, თანამოქალაქეების დასახმარებლად ნახალოვკიდან მაშველებზე ადრე მივიდა და არაერთი ადამიანის გადარჩენა მოახერხა. დღესაც არ იცის, ვინ იყვნენ ის ადამიანები ან ამას რა მნიშვნელობა აქვს?

- ძალიან შემზარავი კადრები ვნახე. თავშესაფრის მხრიდან მივედი, ცხოველების გადარჩენა მინდოდა, მაგრამ ისეთი სურათი დამხვდა, დღემდე თვალებიდან არ ამომდის. ადამიანები ყვიროდნენ, დახმარებას ითხოვდნენ, ძაღლების თავშესაფრიდან ცხოველების განწირული ხმა ისმოდა... წყალი მკერდს მიფარავდა. რა დროს შიშზე იყო ლაპარაკი, როცა ვხედავდი, ქალები, მოხუცები ჩვენ თვალწინ სიცოცხლისთვის როგორ იბრძოდნენ და როგორი უმწეოები იყვნენ. შევცურე, მაგრამ ხალხის გამოყვანა ძალიან რთული იყო. მოხალისეები ვცდილობდით, ადამიანები ხელიდან წყალს არ გამოეტაცა, დამოუკიდებლად მდინარის დინებას ვერ გაუმკლავდებოდნენ. მერე ისე დავდექით, დაზარალებულებს ერთმანეთს ხელიდან ხელში ვაწვდიდით. იმ ღამეს და შემდეგ დღეებშიც, რაც შემეძლო, ყველაფერი გავაკეთე.

დღე არ გავა, იქ ნანახი არ გამახსენდეს და როცა ახლოს გავივლი, სვანიძის ქუჩის მხარეს ვიხედები. ერთხელ ჩავედი, მინდოდა მენახა, რა ხდებოდა. სტიქიის ნაკვალევის ნახვაც არანაკლებ შემზარავი აღმოჩნდა. განსაკუთრებით მძაფრად რამდენიმე კადრი მახსოვს.

წყნეთის ქუჩა #60 ერთ დროს ქარდავების ოჯახის მისამართი იყო. ეს ოჯახი განსაცდელში უკვე მეორედ აღმოჩნდა. წლების წინ, როცა აფხაზეთიდან დევნილებად იქცნენ, ბინა ამ ქუჩაზე დაიდეს, სახლი ააშენეს, ხილი და ვაზი გააშენეს...GzaPress

გულნაზი ქარდავა:

- 13 ივნისამდე 1 კვირით ადრე, მდინარე ვერე ადიდდა. ჩვენი რამდენიმე მეზობელი გაიყვანეს და ბინა დაუქირავეს, რადგან მათი საცხოვრებლები დაიტბორა. მაშინ ჩვენს სახლში წყალი არ შემოსულა და მთელი სამეზობლო შევიფარეთ. 13 ივნისს საღამოს ძლიერი წვიმა რომ დაიწყო, ჩემმა რძალმა თქვა, - ბავშვი ხომ არ გავიყვანოო? მაგრამ სანდროს ეძინა და გარეთ გაყვანაც გაჭირდა. უეცრად წყალი ისე მოვარდა, ვეღარსად წავიდოდით. უკვე წყალი კი არა, ლაფი მოდიოდა, ხეები მოჰქონდა. სახლს ხე დაეჯახა, ფანჯარა ჩატეხა და პირველ სართულზე წყალი ერთიანად შემოვარდა. ყველანი მეორე სართულზე ავედით. ყოველ წუთას სამაშველო სამსახურში ვრეკავდით, განსაკუთრებით იმის გამო ვნერვიულობდით, რომ სახლში პატარა გვყავდა. მოგვიანებით ვიპოვეთ საათი, რომელიც 2-ის წუთებზე იყო გაჩერებული; იმ დროს გაჩერდა, როცა წყალში ჩავარდა.

მეორე სართულზე ავედით, მაგრამ ვხედავდით, კიბეზე როგორ იწევდა წყლის დონე. საშინელი ხმა იყო. წინ ყველაფერი ოკეანესავით ჩანდა და წყლის გარდა ვერსად ვერაფერს ვხედავდით.

ჩემი ძმა გვამხნევებდა, - ეს სახლი იმდენად მყარად არის ნაშენები, ისეთი ძლიერი საძირკველი აქვს, ნუ გეშინიათ, არ დაინგრევაო. ჩვენ კი ვხედავდით, როგორ მიჰქონდა ნიაღვარს ჩვენი მეზობლების სახლები.

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთულ მდგომარეობაში ვიყავით, იმედი წუთითაც არ დამიკარგავს, სასოწარკვეთა არ მქონია. მალე წყალმა მკერდამდე მოაღწია. ბავშვი სხვენში ავიყვანეთ. სინათლე გაითიშა. გულში ვლოცულობდი, 2 კელაპტარი ვიპოვე, ავანთე და ერთი წუთით არ შემპარვია ეჭვი იმაში, რომ ვერ გადავრჩებოდით. ამ დროს მაშველების 5-კაციანი ჯგუფიც მოვიდა, რომლის ხელმძღვანელი ირაკლი მაისურაძე იყო. ის ფანჯარასთან მოცურდა. თურმე, ლაფი თვალში ჩასხმია და ვეღარ ხედავდა. თქვა, - საკუთარ თავს შემოვუძახე და მაინც მოვედიო. კელაპტრები რომ მეჭირა, ირაკლი ჩვენამდე ამ შუქმა მოიყვანა. ისეთი ძლიერი ბიჭები იყვნენ, მათი წყალობით გადავრჩით. ირაკლიმ გაგვამხნევა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გაგიყვანოთ, არ შეშინდეთო. თავდაპირველად ნავებს ელოდებოდა, მაგრამ რომ დაინახა, წყალი კატასტროფული სიჩქარით იმატებდა, სახლს კარი ჩამოგლიჯა და წაიღო, სხვა მაშველებს დაუძახა, - თოკები გამოჭიმეთო. სახლში მარმარილოს სვეტი იყო, ცალ მხარეს თოკი იმ სვეტს მოაბა, მერე მაშველს დაუძახა: სანდრო მოდი, პატარა სანდრო გაიყვანეო. მაშინ გავიფიქრე, - სანდრომ სანდრო გადაარჩინა-მეთქი. ეს სიტყვები გონებაში ჩამებეჭდა.

სამშვიდობოს პირველი ბავშვი გაიყვანეს, მერე - ოჯახის დანარჩენი წევრები. ორგანიზებულად, ძალიან სწრაფად მოქმედებდნენ. სახლში ძაღლი გვყავდა და ისიც კი გამოიყვანეს, არ დატოვეს. ძაღლი ძალიან შეშინებული იყო.GzaPressGzaPress

- როგორც ვიცი, შემდეგ თქვენი გადამრჩენელი მაშველები მოძებნეთ და გაიცანით.

- დიახ. იმ დღეებში ისეთ შოკში ვიყავით, არაფერი მახსოვდა. არც მაშველის სახელი და სახე. რამდენიმე დღის შემდეგ აღვიდგინე კადრები და გამახსენდა, ირაკლი როგორ მოვიდა, როგორ გაგვეცნო, გაგვამხნევა. როგორ დაუძახა სანდროს და კიდევ უამრავი დეტალი.

- შემდეგ სად დაგაბინავეს?

- სასტუმროში გადაგვიყვანეს. ვამბობდი, - ჯოჯოხეთიდან სამოთხეში მოვხვდით-მეთქი.

- ახლა სად ცხოვრობთ?

- ჩვენი სახლი, მიუხედავად იმისა, რომ მყარად იყო ნაშენები, გარემონტებული და კეთილმოწყობილი, სპეციალისტებმა რომ შეამოწმეს, ცხოვრების უფლება არ მოგვცეს. მერიისგან კომპენსაცია მივიღეთ და ბინა შევიძინეთ. ეზოში ბევრი ხილი გვქონდა. კიდევ კარგი, მამა ამ განსაცდელს არ მოესწრო. ნოემბერში გარდაიცვალა. ის ალბათ, მეორე დევნილობას ისედაც ვეღარ გადაიტანდა. ლექსებს ვწერ. ჩემი ნაწერები წყალმა გამინადგურა და გული დამწყდა, მაგრამ რადგან გადავრჩით, ეს სალაპარაკო აღარ არის. როგორი ბედი მაქვს, სოხუმში რაც მქონდა, ყველაფერი ცეცხლმა დამიწვა და თბილისში წყალმა წამართვა.

თამუნა კვინიკაძე