სინით მორთმეული ფულის გემო - "ღარიბები კი ვართ, მაგრამ ღირსება არ დაგვიკარგავს..." - გზაპრესი

სინით მორთმეული ფულის გემო - "ღარიბები კი ვართ, მაგრამ ღირსება არ დაგვიკარგავს..."

ამჯერად პოლიტიკაზე სალაპარაკოდ ბათუმიდან დაგვირეკეს. ბატონი თენგიზი ამბობს, რომ უმუშევრობის პრობლემა ბათუმშიც აქვთ, მაგრამ სხვა რაღაცები უფრო მეტად აწუხებთ ქალაქში, რომელიც წლის განმავლობაში ასობით ტურისტს მასპინძლობს... პოლიტიკოსებთან აქვს პრეტენზია, რომლებიც ნაკლებად ზრუნავენ ტურიზმის განვითარებაზე და დროს ერთმანეთთან დავა-კინკლაობაში უქმად ფლანგავენ.

- ბათუმშიც უმუშევრობის პრობლემაა და ყველა თავისებურად ცდილობს ფულის შოვნას. ზაფხულის დადგომას იმედით შევყურებთ. წლის ამ დროს ზღვისპირეთის მოსახლეობას ამოსუნთქვის საშუალება ეძლევა: ვაქირავებთ საკუთარ სახლებს, ვაცხობთ და ვაცხობთ `აჭარულებს" გასაყიდად ან ვხსნით კვების ობიექტებს, რომლებიც წლის სხვა დროს გაუქმებული გვაქვს, პროდუქტზე დაბალი მოთხოვნის გამო. მოკლედ, ზაფხულში შრომისგან არაქათი გვეცლება, მაგრამ ღირს: ამ სამ თვეში ნაშოვნ ფულს ისე ვხარჯავთ, რომ დანარჩენი 9 თვე არსებობა მოვახერხოთ. ჰოდა, ცხადია, პირველ რიგში გვინდა, რომ ტურიზმი უფრო მეტად განვითარდეს და ჩვენთან დასასვენებლად არა მხოლოდ სომხები და რამდენიმე სხვა ეროვნების ადამიანი, არამედ მთელი მსოფლიოდან ჩამოდიოდნენ; ქვეყნის პოლიტიკური მდგომარეობა არ აფიქრებდეთ და არც კრიმინალების შიში ჰქონდეთ. სხვათა შორის, შარშან ძალიან ბევრი დამსვენებელი გაქურდეს და ეს სახელს აუცილებლად შეგვილახავს... ადრე, სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს საოცარი რეკლამა უკეთდებოდა ჩვენს ქალაქს და ეს დაგვეტყო კიდეც აჭარლებს, მერე კი ჩათვლიმეს პოლიტიკოსებმა, სხვა რაღაცებზე დაიწყეს ფიქრი და ისევ გაგვიჭირდა. ბევრი რესურსი გვაქვს ქართველებს საიმისოდ, რომ უცხოელებმა საქართველოში ჩადონ ინვესტიცია, თვითონაც იხეირონ და ქართველი ხალხიც გვახეირონ, მაგრამ მთავრობა მათაც არ აძლევს ხელის განძრევის საშუალებას და არც თვითონ აკეთებენ ხალხისთვის რაიმე სასარგებლოს.

- ვფიქრობ, ბათუმელებს მთავრობასთან სასაყვედურო ნაკლებად გაქვთ. სხვა რეგიონებსა თუ ქალაქებში უარესი მდგომარეობაა...

- ბიჭო, სხვაგან ყველაფერი რომ დაიქცეს, მე ჩემი ქალაქის განვითარებაზე არ უნდა ვიზრუნო? პირველ რიგში, ჩემი მტკივა. ისე, მართალი ხართ, ბევრ შესანიშნავ კურორტზე უარესი მდგომარეობაა. ნელ-ნელა კვდება და უფერულდება ჩვენი შესანიშნავი ადგილები და სასწრაფოდ მისახედია ეს ყველაფერი. ადამიანს ღმერთმა საოცარი ბუნება რომ გიბოძა, ეს შენს სასარგებლოდ როგორ ვერ უნდა გამოიყენო? ხალხი ისეთ რაღაცებს იგონებს, რაც გაოცებისგან პირს დაგაღებინებს და რაც ხელისგულზე გიდევს, იმის გაფრთხილება-მოვლაზე რატომ არ ვფიქრობთ? ქართველებს სულაც არ გვჭირდება ახალი ველოსიპედის გამოგონება, რომ ჩვენი ქვეყანა ფეხზე წამოდგეს და ღირსეულ ქვეყნად ჩამოყალიბდეს; ამისთვის საჭიროა, ჩვენი ბუნებრივი რესურსის, საკურორტო ზონების გონივრულად გამოყენება-რეკლამირება. უცხოელებს სასტუმროების მშენებლობის უფლება არ უნდა მისცენ. ეს ხომ პირდაპირ მოსახლეობის ჯიბეს ურტყამს?! მათ მისცენ სხვა რაღაცების აშენების ნება, მაგრამ არა იმის, რითიც ქართველები შოულობენ ფულს.

- მაგალითად, უცხოელებმა რა უნდა ააშენონ საქართველოში?

- ის უნდა გააკეთებინონ, რაც არ გვაქვს და რაც ხალხის დასაქმებას შეუწყობს ხელს. მაგალითად, ხილის ან თხილის გადამმუშავებელი ქარხანა. რა, ცუდი აზრია? წვენიც ჩვენი რომ გვექნება და თხილსაც უკვე დამუშავებულს რომ გავიტანთ საზღვარგარეთ, უკეთესი არ იქნება? ქართველებს ხომ ხილიც ჭარბად გვაქვს და თხილიც... თუმცა, ყველაფერს დღევანდელი დღისთვის ვაკეთებთ და ხვალ რა გველოდება, ამაზე აღარ ვფიქრობთ - ესეც გაჭირვებული ცხოვრების შედეგია. უკვე ეჭვი მეპარება, რომ ოდესმე გვეღირსება ქვეყნის სათავეში ისეთი გონიერი ადამიანის მოსვლა, რომელიც ყველაფერს თანამიმდევრულად გააკეთებს და ხალხზე რეალურად იზრუნებს.

- ბათუმში ახლახან უცხოელი მომღერლები გესტუმრათ... მათ კონცერტზე დასასწრებად ხალხი არა მარტო საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ საზღვარგარეთიდანაც კი ჩავიდა ბათუმში. ეს რაიმეში წაგადგათ?

- წაგვადგა იმ მხრივ, რომ იმ დღეს გარკვეული თანხა დახარჯეს ჩვენს ქალაქში და კონცერტის შემდეგ, გარუჯვის მსურველებმა, დამატებით რამდენიმე დღე დაჰყვეს ბათუმში, მაგრამ ეს Mაროონ 5 რა ჯგუფი იყო, წარმოდგენაც არ მქონდა. იმ დღეს მათ პირველად მოვუსმინე და ვერაფრით მივხვდი, რატომ გიჟდებიან მათზე?.. მერჩივნა, ის თანხა, რაც უცხოელების აქ ჩამოსაყვანად დაიხარჯა, ქალაქს მოხმარებოდა. ბევრგან არის გზა გაფუჭებული, რაღაცები შესაკეთებელია. ამ გალამაზებულ ქალაქს ყოველ წელს თუ არ შეავლე ხელი, რამდენიმე წელიწადში განიავდება. მოგეხსენებათ, აქ ნესტიანი ჰავაა და ყველაფერს უფრო მეტი გაფრთხილება სჭირდება, ვიდრე სხვა ქალაქებში... ან რა, ჩვენ ნაკლებად საინტერესო მომღერლები გვყავს? თავს დავდებ, ბევრი მათგანი ჯობია კიდეც ამ Maroon 5-ს, მაგრამ ქართველებმა ერთმანეთის დაფასება არ ვიცით.

- გარდა ჩამოთვლილისა, კიდევ რა პრობლემები აქვთ ბათუმელებს?

- ასლან აბაშიძის მმართველობიდან მოყოლებული, ვერ გავიხარეთ: გამუდმებით ისეთ ადამიანს გვასვამენ თავზე, რომელიც თვითნებურად ან ვიღაც კონკრეტული ჩინოვნიკის კარნახით ისე იქცევა, რომ აშკარაა, ხალხის მოსაზრება ფეხებზე ჰკიდია. არ მახსოვს, ჩვენს მთავრობაში ვინმესთან მივსულიყავი და ის საქმე ჩემს სასარგებლოდ დასრულებულიყოს. მაინცდამაინც ვინმე `წონიანი" ახლობელი უნდა გამოჩიჩქნო, რომ შენ გამო ვინმემ ხელი გაანძრიოს! დავიღალეთ უკვე ხვეწნა-მუდარით და ჩვევად ჩამოგვიყალიბდა, ყველაფერს თავად, დამოუკიდებლად ვაკეთებთ და მერე ამის გამო გვაჯარიმებენ... მიხეილ სააკაშვილი ჩვენთან ლამის ყოველთვე ჩამოდიოდა, რაღაცებს ხსნიდა ან ცდილობდა მაინც, სხვა რეგიონებსაც ხშირად სტუმრობდა, მარგველაშვილი კი იშვიათად ტოვებს თბილისს. ჰო, მიშასნაირი ძალაუფლება აღარ აქვს, მაგრამ ხომ შეუძლია, მიდგეს-მოდგეს, ხალხი შეაწუხოს და რაიმე სასარგებლო გააკეთოს? უქმად რომ არის და მხოლოდ ვეტოს ადებს პარლამენტის მიერ გამოტანილ `სავარაუდო განაჩენებს", ეს არის საქმე? ან პრემიერი, რომელმაც პრეზიდენტობაც შეითავსა და სხვა დანარჩენიც, რას აკეთებს? რეგიონებში გაიაროს და აქ უფრო თვალნათლივ დაინახავს ყველა იმ შეცდომას, რომელიც მისმა გუნდმა დაუშვა. იმის ნაცვლად, რომ დაპირებები შეესრულებინათ და ცხოვრების უკეთეს რელსებზე გადავსულიყავით, კიდევ უფრო მეტად გავმათხოვრდით. ქართველები თავმოყვარეები ვართ და შეიძლება არასდროს ვაღიაროთ, რომ დავჩაჩანაკდით, მაგრამ ეს ხომ უკვე თვალით ხილულია? ომიანობის დროს უარესად კი არ ვცხოვრობდით; მაშინაც გვქონდა საჭმელი და სხვა - არაფერი. დღესაც ასეა: რა ვჭამოთ და ოჯახი რით გამოვკვებოთ, ამაზე გვიწევს ფიქრი, დანარჩენი კი ფუფუნებაა.

- არჩევნები გვიახლოვდება. უკვე იცით, ვის დაუჭერთ მხარს?

- ვაი, რომ არ ვიცი. გაუგებარია, ვინ ვინაა. ვერ მიხვდები, გუნდის ლიდერები რა კრიტერიუმით აფასებენ და ირჩევენ თანაგუნდელს. ამას წინათ მეჭიაურის გვერდით მყოფების სახელები ჩამოვწერე და რა გამოვიდა? ისეთი ხალხი დაიყენა, დიდი სიმპათიაც რომ მქონდეს ამ კაცის მიმართ, ხმას მაინც არ ვაღირსებ. ლევან მამალაძე თავის დროზე თუ არ ვარგოდა, ახლა ივარგებს? ან ვასაძეს რისთვის ეხვეწება, ჩემთან მოდიო? მისი ფულები უნდა თუ ის, რომ რუსის პრეზიდენტი დაგვასვას თავზე?.. პაატა ბურჭულაძესაც არავითარ შემთხვევაში არ დავუჭერ მხარს, რადგან მის გარშემო დიდი კითხვის ნიშანია და თუ მართლა დაუმტკიცდა, რომ პარტიას ხალხის მიერ გაღებული შემოწირულობით აფინანსებს, მაშინ ცუდად წაუვა საქმე: ქართველი ხალხი აბუჩად აგდებას არავის აპატიებს. ღარიბები კი ვართ, მაგრამ ღირსება არ დაგვიკარგავს... ჯერ უნდა დაამტკიცოს, რომ ეს ყველაფერი მის წინააღმდეგ აგორებული ბინძური კამპანიაა და მერე შეიძლება, რაიმეზე დაფიქრდეს ადამიანი... `ქართული ოცნება" რომ აუხდენელ დაპირებებს იძლევა, ამას უკვე მივხვდით. თანაც, ნაწილებად დაიშალნენ და მეეჭვება, გამარჯვებას მიაღწიონ. არც `ნაციონალები" მესახება ქვეყნის იმედად და მით უმეტს, არც `ლეიბორისტები", რომლებსაც საქმედ უქცევიათ მკვახე ლაპარაკი და ამით ცდილობენ ხალხის გულის მოგებას, თორემ ამდენი წელია, პოლიტიკაში არიან და რა გაუკეთებიათ საზოგადოებისთვის სასარგებლო? აი, ლეონიდ ჩერნოვეცკი რამ გააგიჟა და რატომ ეგონა, რომ ქართველები მასზე დაამყარებდნენ იმედს, ღმერთმანი, მიკვირს. ფული გაქვს? მიხედე, რა, შენს საქმეს.

- თქვენი აზრით, რატომ უჩნდებათ ადამიანებს პოლიტიკაში მოსვლის სურვილი?

- იმიტომ, რომ ეს იოლად ნაშოვნი ფულის ტოლფასია. იციან, რომ სახელმწიფო სექტორში ხალხის ფული ტრიალებს და ხეირი აუცილებლად იქნება, ოღონდ, ზოგისთვის მეტი, ზოგისთვის - ნაკლები. ჰოდა, რაღაზე იმტვრიონ თავი რაიმეს გამოგონებით, აშენებით, ბიზნესის კარგად დათვლით და ბუღალტერიით, როცა შეუძლიათ, ბევრი ლაპარაკის გამოისობით სინით მიიღონ გარკვეული თანხა? მდიდრებს კიდევ ალბათ, უფრო მეტი ძალაუფლების სურვილი კლავთ, თორემ ფული თუ გაქვს, პოლიტიკაში ყოფნის გარეშეც შეგიძლია ხალხზე იზრუნო და სახელი მოიხვეჭო. აი, ვიდრე პოლიტიკაში ჩაერთვებოდა, ბიძინა ყველას უყვარდა. მის ქებას სად არ გაიგონებდი! ქეიფისას, უბრალო მოქალაქეების ოჯახში ხშირად ილოცებოდა ეს ადამიანი, რომელმაც ბევრი მშიერი გადაარჩინა სიკვდილს, ახლა კი ყველგან მის ლანძღვას ვისმენთ. პაატა ბურჭულაძესაც ყველა აქებდა... ეტყობა, უღირთ ამ ლანძღვის ატანა, სხვაგვარად თავს ხომ არ გადადებდნენ? არ მაქვს ილუზია, რომ ამას მხოლოდ ხალხის საკეთილდღეოდ აკეთებენ.

- გამოდის, არც ერთი პარტიის ლიდერის არ გჯერათ...

- დიახ, ასეა, მაგრამ არჩევნებზე მაინც მივალ და უარესებს შორის, უკეთესს დავუჭერ მხარს, მაგრამ ეს ვინ იქნება, ჯერ ვერ ჩამოვყალიბდი, დაკვირვების რეჟიმში ვარ...

P.s. შემოგვიერთდით და გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები. ჩვენთვის თითოეული თქვენგანის სიტყვა მნიშვნელოვანია. დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე: 5(58) 25.60.81

ლიკა ქაჯაია