რატომ არ შეუშვეს ვახტანგ მაჭავარიანი ოპერაში... და დავით კინწურაშვილის პასუხი განაწყენებულ მომღერლებს - გზაპრესი

რატომ არ შეუშვეს ვახტანგ მაჭავარიანი ოპერაში... და დავით კინწურაშვილის პასუხი განაწყენებულ მომღერლებს

ბოლო დღეების განმავლობაში, სოციალურ ქსელებში დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ვახტანგ მაჭავარიანი ოპერაში არ შეუშვეს... თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, დავით კინწურაშვილმა დირიჟორ ვახტანგ მაჭავარიანთან შეხვედრა არ ისურვა...

ვითარების გარკვევა ორივე მხარესთან ვცადეთ...

ვახტანგ მაჭავარიანი:

- დასავლეთში ვმოღვაწეობ და ჩემი რეჟიმი მკაცრადაა გაწერილი. საქართველოში ჩამოსვლა ყოველთვის მიხარია, რადგან ეს ჩემი სამშობლოა და როდესაც მენეჯერს ვეუბნები, რომ აქ მოვდივარ, იცის, იმ პერიოდში არაფერი არ უნდა შემომთავაზოს! თბილისშიც სულ საქმიანი შეხვედრები მაქვს... ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელმა - დავით კინწურაშვილმა დამინიშნა შეხვედრა 11 საათზე. 11-ს 5 წუთი რომ აკლდა, უკვე თეატრში გახლდით! ძალიან პუნქტუალური ადამიანი ვარ, მამაჩემიც ასე იყო, დედაჩემიც და ბაბუაც... მიყვარს სიზუსტე და სიმართლე, ტყუილს კი ვერ ვიტან! მიყვარს ზრდილობა და კატეგორიულად შეურიგებელი ვარ უზრდელობის მიმართ! წინასწარ არ გამაფრთხილეს, რომ ეს შეხვედრა არ შედგებოდა, უკვე თეატრში მისული კი იქ არ შემიშვეს. მითხრეს, რომ სამხატვრო ხელმძღვანელს დრო არ ჰქონდა ჩემთან შესახვედრად. არც თვითონ დამელაპარაკა და არც მისმა მდივანმა იკადრა ჩამოსვლა, დაცვის ამარა დამტოვეს.

- პრემიერის წინ ხელოვანი ყოველთვის განსაკუთრებულად ღელავს. დავით კინწურაშვილი ზუსტად იმ დღეს, საპრემიერო სპექტაკლს დირიჟორობდა და იქნებ მიზეზიც ეს იყო?

- ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მის საქციელს ვერაფრით გავამართლებ! ტელეფონი ხომ აქვს და რა მოხდებოდა, თავად რომ დამლაპარაკებოდა?! ჩვენ ადრეც შევხვედრივართ და ვითომ, ჰქონდა ჩემთან თანამშრომლობის სურვილი. თუმცა, კონცერტი გამიუქმა, თან - საკმაოდ ცუდად მომექცა. მსურდა, ფრანგული მუსიკის კონცერტისთვის მედირიჟორა, ვინაიდან ათი წელი პარიზში ვცხოვრობდი. იქ ბევრი მეგობარი მყავს. გარდა ამისა, ჩემი ბაბუა და მისი ძმა საფრანგეთში არიან დასაფლავებული. ისინი მიიღო საფრანგეთმა, მეც მიმიღო და პარიზიდან დაიწყო ჩემი ინტერნაციონალური კარიერა. ამიტომაც მინდოდა, კონცერტი ამ ქვეყნისთვის მიმეძღვნა. ჩემს ამ წინადადებას თავიდან დათანხმდა დავით კინწურაშვილი, მაგრამ მერე ეტყობა, გადაიფიქრა და კონცერტი გამიუქმა. მიუხედავად ამისა, მინდოდა მასთან შეხვედრა და სამომავლო გეგმებზე საუბარი! ახლა კი თეატრში საერთოდ არ შემიშვეს!

- ამ ყველაფრის შემდეგ უარს იტყვით საქართველოში შემოქმედებით საქმიანობაზე?

- არავითარი სურვილი არ მაქვს მასთან ურთიერთობის! მას რომ ზრდილობა და ტაქტი გააჩნდეს, ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა!.. შემოქმედებასა და კულტურას შორის უზარმაზარი განსხვავებაა. უდიდესი ჩინელი ფილოსოფოსი, კონფუციუსი ამბობს: "კეთილშობილი ადამიანი შესაძლებელია, ოდესმე იყოს არაჰუმანური, მაგრამ მდაბიო ადამიანი ვერასოდეს იქნება ჰუმანური! კეთილშობილი ადამიანი უნივერსალურია და არ არის პარტიული, ხოლო მდაბიო ადამიანი პარტიულია და არ არის უნივერსალური!"... ასევე, იგი ბრძანებს, რომ ჰუმანიზმი ადამიანისმოყვარეობაა, ადამიანის ცოდნა და ვისაც ეს არ გააჩნია, მას რა უნდა ხელოვნებაში!?

მე დავით კინწურაშვილს ვესაუბრებოდი ალექსი მაჭავარიანის ოპერა "ჰამლეტის" შესახებ! მამას მოსკოვის დიდი თეატრი და მარიას თეატრი ეხვეწებოდა, "ჰამლეტის" პრემიერა იქ შემდგარიყო. მან მათ დიდი მადლობა გადაუხადა და განაცხადა, - ეს ოპერა ქართულად დავწერე და პირველად ქართულად უნდა გაიჟღეროსო... ქართველებმა ამ ოპერას პრემიერა არ აღირსეს! მიკვირს, რომ ალექსი მაჭავარიანის "ჰამლეტის" ნაცვლად, ახლახან თურმე, რაღაც მოჩვენება-სპექტაკლი დაიდგა ოპერაში (მე არ მინახავს ის სპექტაკლი, მაგრამ კომპეტენტურმა ადამიანებმა მითხრეს).

- გურამ დოჩანაშვილის "სამოსელი პირველი" იგულისხმეთ?

- გურამ დოჩანაშვილს და მის შემოქმედებას უდიდეს პატივს ვცემ! მე მოგახსენეთ, რომ სპექტაკლი ყოფილა მოჩვენება!

- სპექტაკლში შესანიშნავი მსახიობები თამაშობენ...

- მერე რა, მაინც მოჩვენებაა!.. უკვე ძალიან დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა სოციალურ ქსელში იმ ამბავს, რომ ოპერაში არ შემიშვეს, კულტურის სამინისტროსგან კი ამის შესახებ სიტყვაც არ მომისმენია! ეს ჩემთვის მათი უკულტურობის ნიშანია... უფრო მეტიც, კულტურის სამინისტრო მე დღეს მაგონებს "იკეას" ფირმის პრიალა, მაგრამ ცარიელ კარადას...

მსოფლიოში წარმატებულმა საოპერო მომღერალმა - ნანა მირიან ქავთარაშვილმა საკუთარ "ფეისბუკ"-გვერდზე შემდეგი სიტყვები დაწერა (სტილი დაცულია):

"მთელი ოპერის დასის საყურადღებოდ!!! თუ ახლა არ დავდგებით ერთად და არ დავატოვებინებთ თანამდებობას კინწურაშვილს, იცოდეთ, თითოეული თქვენგანი რიგრიგობით შეიძლება აღმოჩნდეს ოპერის გარეთ! სადაც ამ დონის ღვაწლმოსილი პიროვნება, ბატონი ვახტანგ მაჭავარიანი არ შეუშვეს თეატრში და შესასვლელიდანვე უკან გააბრუნეს, რა გარანტია გაქვთ, რომ ხვალ იმავე სიტუაციაში თქვენც არ აღმოჩნდებით? ამიტომ მოგიწოდებთ ყველას, დავდგეთ ერთად და საბოლოოდ დავუსვათ წერტილი სიყალბეს და იმ მარაზმს, რაც თეატრში სუფევს!"

ამ ამბავს სოციალურ ქსელში თამარ ივერიც გამოეხმაურა (სტილი დაცულია):

"რა სამარცხვინოა! თქვენ მაგივრად მე მრცხვენია! მჯერა, რომ ეს სამარცხვინო ფაქტი საფუძველს ჩაუყრის თეატრის გამოფხიზლებას და ის ცნობილი ხელოვანებიც ამოიღებენ ხმას, ვინც ასევე, ზუსტად იმავე სცენარით აყურყუტეს მოსაცდელში და მათ შესათავაზებელ პროექტებზეც ასე გულგრილად "გადააგდეს"! ეს ხომ თეატრის დირექტორის ცნობილი ხელწერაა და ბევრს დაუჩივლია ჩემთანაც! წარმატებებს გისურვებთ დიდებული და არისტოკრატიული ოჯახის ღირსეულო წარმომადგენელო და არ აპატიოთ ეს "წიხლი" ამ პატარა და უზნეო ცახისებს!"

დავით კინწურაშვილი:

- ვახტანგ მაჭავარიანს პირადად ვესაუბრე და ბოდიში მოვუხადე, როგორც ტელეფონით, ასევე იმეილით... კატეგორიულად უარვყოფ, თითქოს იგი თეატრში არ შემოუშვეს. სრული უფლება ჰქონდა, თეატრში შემოსულიყო და დაეთვალიერებინა. რაც შეეხება იმ საკითხს, თითქოს კონცერტი მოიხსნა, - არც ამას ვეთანხმები; ზუსტად ამიტომ უნდა შევხვედროდი ვახტანგ მაჭავარიანს, კონცერტის თარიღზე რომ გვესაუბრა.

- ინფორმაციას, რომ ვახტანგ მაჭავარიანი თეატრში არ შეუშვეს, ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა და რამდენიმე საოპერო მომღერალმა ისიც კი აღნიშნა, - ეს სამხატვრო ხელმძღვანელის "ხელწერააო"...

- ფაქტი, რომ თეატრიდან ვინმე გამებრუნებინოს, არასოდეს დაფიქსირებულა! ზოგჯერ ითხოვენ, რომ იმწამსვე ვუპასუხო სატელეფონო შეტყობინებას ან "ფეისბუკზე" მოსულ წერილს, მაგრამ სამწუხაროდ, 24 საათი სოციალურ ქსელში ყოფნას ვერ ვახერხებ... თამარ ივერთან ერთად გავხსენით ოპერა და ერთობლივად, კიდევ ბევრი სამომავლო გეგმა გვაქვს... კომენტარს ვერ გავაკეთებ ნანა მირიანი ქავთარაშვილის შესახებ. ჩვენ გვქონდა ძალიან სასიამოვნო საუბარი და გასაკვირია ჩემთვის მისი ასეთი მწვავე რეაქცია... სამწუხაროა ამ ხელოვანების განაწყენება და დიდი იმედი მაქვს, რომ მალე ყველაფერს გავარკვევ.

მანანა გაბრიჭიძე