ტურიზმი გადაარჩენს საქართველოს? - გზაპრესი

ტურიზმი გადაარჩენს საქართველოს?

ტურიზმის ექსპერტი და ლექტორი, ლალი მიქელაძე ჩვენი ქვეყნის ტურისტულ ბაზაზე, ამ მიმართულებით მომუშავე პედაგოგების კვალიფიკაცია-განვითარების, მომსახურების სფეროში არსებულ პრობლემებზე, პროფესიული კუთხით განათლების ამაღლების საჭიროებასა და ამ თემასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე გვესაუბრება.

- დასაწყისში, იმ გამოცდილებაზე გვესაუბრეთ, რაც წლების განმავლობაში ტურიზმის სფეროში დაგიგროვდათ.

- ამ სფეროში მუშაობის 25-წლიანი სტაჟი მაქვს. ორ უნივერსიტეტში ტურიზმის მიმართულებას ვასწავლი, პროფესიულ სასწავლებელში კი უკვე ხუთი წელია, მასწავლებელი და პროგრამის ხელმძღვანელი ვარ ტუროპერატორის პროფესიის მიმართულებით. პედაგოგი მხოლოდ თეორიული განათლებითა და აკადემიური მონაცემებით ვერ დაკმაყოფილდება, აუცილებელია, პრაქტიკულ კომპონენტებთან მუდმივი წვდომა ჰქონდეს - ბიზნესთან, საწარმოებთან, რაც ასევე მოვიწესრიგე და ერთ-ერთ ტურისტულ კომპანიაში კონსულტანტი გახლავართ, ასევე, ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის პიარმენეჯერი და კონსულტანტი. სტუდენტს ყოველდღე უნდა ასწავლო, რას გააკეთებს, როდესაც დასაქმდება, რადგან მხოლოდ 2-საათიანი ლექციები არავის სჭირდება, ასე დიდ შედეგებზე ვერ გავალთ.

- როდესაც უმუშევრობაზე ჩამოვარდება საუბარი, ხშირად აღნიშნავენ, რომ ახლა ტურისტული მიმართულება და კვალიფიციური მომსახურე პერსონალი მეტად მოთხოვნადია. თქვენ როგორ ატყობთ, რამდენად დაბალანსებულია ეს სფერო? სად საქმდებიან და მართლაც არის თუ არა მოთხოვნა პროფესიონალ კადრზე?

- როცა პროფესიული განვითარებით სტუდენტი გარკვეულ დონეს აღწევს, გვაქვს იმის საშუალება, რომ სადმე გავუშვათ? შეიძლება თბილისმა ეს კარგი კადრი რაღაცნაირად "შეისრუტოს" და გარკვეული საწარმოები სოციალური სქემის პარტნიორობით მოვიძიოთ, მაგრამ აქვს კი რეგიონებს ამის საშუალება? ტურისტული კომპანია ზოგან საერთოდ არაა და სად გავუშვა ეს სტუდენტი? ბავშვი, რომელიც კარგად სწავლობს და სერიოზული კადრია, შეიძლება ისეთ ტურისტულ კომპანიაში მოხვდეს, სადაც გამაღიზიანებელიც კი იყოს მისი განათლება და პროფესიონალიზმი. სასტუმროები და კვების ობიექტები მარტივად "იწოვენ" პროფესიონალ კადრებს, მაგრამ ტურისტულ ფირმაში, სადაც ვიღაცას შესაძლოა, სულ 3 კვადრატული მეტრი ჰქონდეს ადგილი, ზედმეტი ჟანგბადის შემსუნთქველიც კი არ უნდა. მოვახერხეთ და წამყვან ტუროპერატორებთან კარგი ურთიერთობა დავამყარეთ, მაგრამ პრობლემაა, რომ თუნდაც სტაჟირების ან პრაქტიკის ნაწილი კარგ ტონებში მიდიოდეს, გარკვეული შერჩევები და მოლაპარაკებები გვიწევს. ტურისტულ საწარმოებს ვერც გავამტყუნებ, ეს სხვა ბიზნესია. თუკი სასტუმროში ან კვებით დაწესებულებაში სტაჟიორს სამზარეულოში შეუშვებ, საჭმლის მომზადებაში ან დალაგებაში მოგეხმარება, მაგრამ ტურისტული კომპანიების მესვეურებისთვის რთულია ორი დღის მისული პრაქტიკანტის გამო თავის საქმეს მოწყდეს და ლექცია სტუდენტს უტაროს...

- აღნიშნეთ, რომ 25 წელია ამ სფეროში ხართ ჩართული, ტურიზმი ჩვენთან მაინც ახალი დარგია, ბევრი რამ დასახვეწი, განსავითარებელი, შესასწავლია. შედარება გავაკეთოთ - ტურიზმი მაშინ და ახლა.

- საგანმანათლებლო სივრცეში ტურიზმი, რა თქმა უნდა, ახალი დარგია, თუ შევადარებთ მედიცინას, იურისპრუდენციას და სხვა მიმართულებებს, მათი სახელმძღვანელოებიც უფრო დახვეწილია, მეთოდებიც და ა.შ. როცა მუშაობა დავიწყე, სისტემური წიგნები, რომლებიც დარგს აღწერდა, ნაკლებად იყო. სასწავლებლებში მარინა მეტრეველის წიგნებს ვიყენებთ და მისი მადლიერი ვართ, მასტერკლასებსაც გვიტარებს. სხვათა შორის, ტურიზმში შემდგარი პროფესიონალი ადამიანების მასტერკლასები ხშირად გვაქვს და ეს ძალიან კარგია. სტუდენტების მიერ ამ ადამიანების ნახვა, მათთვის მოტივაციის მიმცემია - რას შეიძლება მიაღწიონ. დღეს უკვე ტურიზმის საგანმანათლებლო პროგრამებთან, სილაბუსებთან დაკავშირებით, მუდმივად დაობენ, რადგან განვითარებას და დახვეწას საჭიროებს. უმაღლეს სასწავლებლებს ავტონომია გაცილებით მეტი აქვთ და ყველა ცდილობს, მუდმივად დაიხვეწოს, უცხოური გამოცდილება გამოიყენოს.

- ყბადაღებული თემაა სასტუმროების დონე და ფასები, მომსახურების ხარისხი და ა.შ. რა ქმედითი ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რომ ეს ყველაფერი ბოლოს და ბოლოს მოწესრიგდეს?

- საქართველოს ტურისტული დონე ვრცელი და ამოუწურავი რომ არის, ამაზე თავს აღარ შეგაწყენთ, ამ დარგში ნიშები ჯერ კიდევ თავისუფალია. ძალიან მაიმედებს პრემიერ კვირიკაშვილის ფრაზა, რომ ტურიზმი ქვეყნის განვითარებისთვის უკვე სტრატეგიული გახდა და ამაში ვეთანხმები. 2015 წლის მონაცემებით, უცხოელი ტურისტების რაოდენობა 6 მილიონამდე დაფიქსირდა, თუმცა, გამოჩნდა სამთავრობო დოკუმენტი, სტრატეგია, რომელშიც 2025 წლამდეა გაწერილი მიზნები, ინდიკატორები, ამოცანები, სახელმძღვანელოები. ტურიზმში, მაგალითად, საშუალო დანახარჯი ჯერჯერობით 350 დოლარის ფარგლებშია და 500-მდე უნდა გაიზარდოს. ალბათ ხვდებით, ამ ყველაფრის ფონზე, რამდენად მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს ამ სფეროში პროფესიული განათლების დონე. სასტუმროების, კვების ობიექტების, მომსახურების რაოდენობის გაზრდა მოგვიწევს. დაბალი მაჩვენებელი სწორედ სერვისებში გვიფიქსირდება. ტურიზმი მსოფლიო მასშტაბით მოიხსენიება, როგორც მომსახურებით ვაჭრობა. უნდა ვიზრუნოთ ტურისტული პროდუქტის გამრავალფეროვნებაზე. პაკეტი არ უნდა იყოს მხოლოდ ძეგლი-მგზავრობა, კერძები, ღვინო უნდა შევთავაზოთ, რაც შეიძლება მეტი მრავალფეროვნებაა საჭირო. ჯაჭვური რეაქციაა, ეს ყველაფერი ერთიან აწყობილ სისტემაში რომ მოვიდეს.

- აჭარაზე მინდა გკითხოთ. საზღვაო სეზონი მოვიდა და ქართველების ის ნაწილი, ვინც უცხოურ პლაჟებზე წასვლას ვერ ახერხებს, მაინც ამ კუთხეს აწყდება. მათ მეზობელი თუ შორეული ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტებიც ემატებიან და ვიცით, რომ მათ განსათავსებლად საჭირო სხვადასხვა ტიპის სასტუმროების რაოდენობას ეს მხარე ნამდვილად არ უჩივის, თუმცა, იქ არსებული ფასები, დონე და მომსახურების ხარისხი რომ არაადეკვატური და ურთიერთშეუსაბამოა, ამაში ალბათ დამეთანხმებით. შესაბამისად, ხშირად ამასაც გაიგონებთ - რა მინდა წვიმიან აჭარაში, როცა იმ ფულით შემიძლია საზღვარგარეთ უკეთეს კურორტზე უმაღლეს დონეზე დავისვენო. თქვენი აზრით, როგორ და რა გზებით უნდა დარეგულირდეს ეს არეული სისტემა და ამ ფონზე, როგორ უნდა დავიპყროთ ტურიზმის უმაღლესი მწვერვალები?

- ერთ-ერთ კონფერენციაზე ვიყავი, რომელიც ტურიზმსა და ბიზნესს ეხებოდა და ყველა სპეციალისტი მარტივად ადასტურებს, რომ საქართველოში ფასისა და სერვისის შეუსაბამობა რეალობაა. ექვსი წელი ბულგარეთში მაქვს გატარებული, ერთ-ერთ პატარა სასტუმროსაც ვმართავდი და ყოველთვის ვეკითხებოდი სტუმრებს - რატომ მოდიოდა მთელი ევროპა იქ? პასუხი მარტივი იყო - მაღალი სერვისი, დაბალი ფასი. უნდა ვაღიაროთ, რომ საქმე ყოჩაღად ვერ გვაქვს, ფასები კი - ორმაგი. სახელმწიფო ვერავის აიძულებს, რომ ფასები დასწიონ. გარკვეული ტრენინგები დამფუძნებლებსაც სჭირდებათ, რომ 100%-იან მოგებაზე არ იყვნენ ორიენტირებულები. ეკონომისტები ამბობენ ხოლმე, როცა კონკურენტები გამოჩნდებიან, ფასები თავისით დალაგდებაო, მაგრამ თუ გვინდა, რომ სწრაფი ტემპებით ვიაროთ, რაიმე ზომები უნდა მივიღოთ.

- თავის მხრივ კი, ეს ხელს შეუწყობს სხვა დარგების განვითარებასაც, ხომ ასეა? როგორიცაა, მაგალითად, სოფლის მეურნეობა, რადგან ბევრ ტურისტს ბევრი საკვები სჭირდება და მხოლოდ იმპორტზე ვერ ვიქნებით დამოკიდებული, სამშენებლო თუ სხვა სახის ბიზნესი და ა.შ. მაგრამ ამ ყველაფერს, სახელმწიფოს მხრიდან, ისევ და ისევ, დეტალურად დაგეგმვა-განვითარება, რისკებისა და საფრთხეების კარგად გათვლა, ფასებისა და ხარისხის, მოთხოვნა-მიწოდების სწორად დარეგულირება და ბევრი რამ სჭირდება, მერე რომ "გაურკვევლობებში" არ აღმოვჩნდეთ. მოკლედ, მთელი ჯაჭვია, რომლის ასაწყობად ძლიერი ხელია საჭირო.

- დიახ, ნამდვილად. ტურიზმი ყველგან და ყველაფერშია. სწორედ ამას ვეუბნები სტუდენტებს. ტურისტმა შეიძლება გამოიყენოს კლინიკიდან დაწყებული, კორტებით, საყვავილე ფარდულით დამთავრებული, ყველაფერი მის კმაყოფილებაზე აისახება. ანუ ქვეყანას თუკი რაიმე ინფრასტრუქტურული ნაწილი, რაიმე ხიბლი გააჩნია, ტურისტი ყველაფერს იყენებს. დარგთა შორის კომპლექსშია. ბებიათი დაწყებული, წინდები რომ მოქსოვა და ხელნაკეთი ნივთები გაყიდა, დამთავრებული სატრანსპორტო მიმართულებით, სოფლის მეურნეობითა თუ მსუბუქი მრეწველობით, ყველას რეალიზაციის საშუალება უჩნდება.

თამთა დადეშელი