ქარ­თუ­ლი ღვი­ნო არც ერ­თი ქვეყ­ნის ღვი­ნოს არ ჰგავს... - გზაპრესი

ქარ­თუ­ლი ღვი­ნო არც ერ­თი ქვეყ­ნის ღვი­ნოს არ ჰგავს...

რუსა მაკოვსკი გერმანიაში სწავლის გასაღრმავებლად 9 წლის წინ გაემგზავრა. სწავლის პარალელურად დაოჯახდა და დღესდღეობით ბერლინში ცხოვრობს.

რუსა მაკოვსის კომპანიის ერთ-ერთი მიმართულება გერმანიასა და სხვადასხვა ქვეყანაში ქართული კულტურის პოპულარიზაციაა. თავად ის ბერლინში ცხოვრობს, ჰყავს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი, თუმცა ოჯახზე ზრუნვის პარალელურად საკმაოდ აქტიურია. მისი კომპანია მარკეტინგულ მომსახურებას სთავაზობს მსურველებს და გერმანულ ბაზარზე ქართული ფირმების პროდუქციის რეალიზაციას ახდენს. ამავდროულად, რუსა გალერეას - "მაკოვსკის" ხელმძღვანელობს, სადაც თითქმის ორი წელია, სისტემატურად იმართება ქართველ ხელოვანთა გამოფენები.

20-21 მაისს, ავსტრიის ქალაქ ლინცში "ლილი ვაინმა" ღვინის გამოფენაზე ქართული ღვინო წარადგინა. როგორც რუსამ მითხრა, ავსტრიის ღვინის გამოფენის ისტორიაში ეს პირველად მოხდა და ქართული ღვინო ყოველწლიურ გამოფენაზე მოწინავე ქვეყნების გვერდით იყო წარმოდგენილი.

- გვქონდა პატივი, რომ ავსტრიის ღვინის გამოფენის ისტორიაში პირველად ქართული ღვინის პრეზენტაცია მოგვეწყო, სადაც რა თქმა უნდა, "ლილი ვაინის" სახელით ვმონაწილეობდით. ცნობილია, ძირითადად გვაქვს უმაღლესი ხარისხის ქვევრის ღვინოები, ასევე ქართულ ტრადიციაზე დაყენებული ღვინოები, ვთანამშრომლობთ მცირე მეწარმეებთან და დიდი მომწოდებელიც გვყავს. გერმანიაში მოღვაწე კომპანია ვართ, ქართულ ღვინოსაც ვუწევთ პოპულარიზაციას, მაგრამ ჩვენს ინტერესშია ევროპის სხვა ქვეყნებში გასვლაც.

- როგორ მოხვდა ქართული ღვინო ავსტრიაში?

- რამდენადაც ინფორმირებული ვარ, დღემდე ქართული ღვინო ავსტრიაში არ შესულა. მხოლოდ ამ ქვეყნის რომელიღაც საზღვართან ერთი ადამიანი ყიდის ქართულ ღვინოს და სულ ესაა. ბავშვობის წლები ბოლნისში გავატარე. იქ ცხოვრობენ ჩემი ნათესავებიც. ბიძაჩემისა და დედაჩემის ოჯახი წლების განმავლობაში აყენებდა სახლში ღვინოს და გადავწყვიტე, რომ საკუთარი ღვინის მარანი გამეხსნა, სადაც ქვევრის ღვინოს ვამზადებთ და ჩემი უსაყვარლესი ბებიის პატივსაცემად კომპანიას Lილი ჭინე დავარქვი. სწორედ ამ სახელწოდების სტენდზე ეწყო ქართული ღვინო, რომელიც ავსტრიაში გამოფენაზე წარვადგინეთ.

ხელოვანი ნინო ლომსაძე ლინცში მოღვაწეობს, საკმაოდ წარმატებული ქალბატონი და ერთ-ერთი წამყვანი პარტიის წევრია. მისი წყალობით, გამოფენას ბევრი მნიშვნელოვანი სტუმარი ჰყავდა, მათ შორის ქალაქის მერი, რომელიც აღფრთოვანდა ქართული ღვინით. მიხარია, რომ სწორედ ჩვენ, ახალჩამოყალიბებულმა და მცირე ისტორიის მქონე ღვინის მარანმა, "ლილი ვაინმა" პირველებმა შევძელით ქართული ღვინის პოპულარიზაცია ავსტრიაში.

აქვე მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ავსტრიაში მცხოვრებ ქართველობას, რომელიც მხარში დაგვიდგა და ერთიანობა და სულისკვეთება გვაგრძნობინა. სამწუხაროდ, გერმანიაში ძალიან მაკლია ხოლმე მსგავსი თანადგომა თანამემამულეების მხრიდან.

- რუსა, ინტერნეტის მეშვეობით თვალს ვადევნებ, რომ თქვენს გალერეაში არაერთი ქართველი ხელოვანის გამოფენა იმართება. რა სიხშირით ეწყობა გამოფენები?

- გალერეაში "მაკოვსკი" დაახლოებით თვეში ერთხელ იმართება გამოფენები. ერთი გერმანელი ხელოვანის გამოფენა გვქონდა, სხვა დანარჩენ შემთხვევაში სივრცე ქართველებს ეთმობა.

- ღვინის თემას მივუბრუნდები. ავსტრიაში წარდგინების შემდეგ, რომელი ქვეყანა იქნება შემდეგი?

- ავსტრიაში ქართული ღვინის თავის დასამკვიდრებლად არა ცალობით, არამედ დიდი რაოდენობით შეტანას ვგეგმავთ და ამ საკითხზე ინტენსიურ მოლაპარაკებას ვაწარმოებთ. შემდეგი ქვეყანა შვეიცარიაა, რომელშიც შესვლას ვაპირებთ. ასევე ჩვენს უახლოეს გეგმებშია: ტაივანი, სამხრეთ კორეა და ჰონკონგი. ტაივანში ქართული ღვინო არ იყიდება და ამიტომ ივნისში გავგზავნეთ. შემოდგომაზე სამხრეთ კორეაში მონაწილეობას მივიღებთ საკმაოდ ცნობილ ღვინის გამოფენაზე. კერძო კონტაქტებზე დაყრდნობით, ზაფხულში ქართული ღვინის შეტანას ვგეგმავთ უნგრეთში, სადაც ქართული ღვინო არ შესულა.

- დეგუსტატორები და დამთვალიერებელი როცა ქართულ ღვინოს სინჯავენ, როგორ აფასებენ და რით გამოარჩევენ მას?

- სამწუხაროდ, ბევრმა არ იცის, სად არის საქართველო, ზოგს უბრალოდ ყური აქვს მოკრული ასეთი ქვეყნის შესახებ. ავსტრიაში რომ ვიყავით, უმთავრესად გერმანელი პუბლიკა იყო და როცა ღვინოს სინჯავდნენ, გარკვეული დრო სჭირდებოდათ გასაანალიზებლად და ასოციაციისთვის, გვაინტერესებდა, რომელი ქვეყნის ღვინოს მიამსგავსებდნენ, თუმცა, მსგავსება ვერ აღმოაჩინეს. ამბობდნენ, რომ არც ერთი ქვეყნის ღვინოს არ ჰგავს, ძალიან განსხვავებული, არომატული, სურნელოვანი და მაღალხარისხიანია. ქვევრის ღვინოზე ხომ საერთოდ იშოკებიან და მზად არიან, ძვირიც კი გადაიხადონ ამ სასმელში.

- რა ფასებში ყიდით ქართულ ღვინოს ევროპულ ბაზარზე?

- ჩვენთან ღვინო საკმაოდ მაღალ ფასად იყიდება, მაგრამ ჩვენს მარანში მოსულმა ადამიანებმა იციან, რომ ისინი მაღალხარისხიანია. მაგალითად, ერთი ბოთლი ქვევრის ღვინო 20 ევრო ღირს, "მუკუზანი" - 16 ევრო და ა.შ. უნიკალურ ღვინოებს სპეციალურად კიდევ უფრო ძვირად ვაფასებთ, რომ ყველამ აღიქვას, როგორც მაღალხარისხიანი სასმელი.

ანა კალანდაძე