ქართველი ემიგრანტები გერმანულ მედიას დეზინფორმაციაში ადანაშაულებენ - გზაპრესი

ქართველი ემიგრანტები გერმანულ მედიას დეზინფორმაციაში ადანაშაულებენ

ჩვენი თანამემამულე, ჟურნალისტი, სალიტერატურო და აღმზრდელობითი მეცნიერების მაგისტრი მარიამ ფოფხაძე-შტილერი 18 წელია, გერმანიაში ცხოვრობს. ამჟამად იგი ერთ-ერთი გერმანული ჰუმანიტარული ორგანიზაციის - "სამარიტელთა გაერთიანება" - საორგანიზაციო და საადმინისტრაციო საქმეთა მწარმოებელია. მას გერმანიაში დავუკავშირდით.

- საქართველოსა და ქართველების წინააღმდეგ მომართული პროპაგანდა, განსაკუთრებით ამ ბოლო ხანებში, ძალიან მძაფრად შეიგრძნობოდა გერმანულ გაზეთებსა თუ გადაცემებში. გერმანულ მედიაში დანაშაულებრივი ქმედებების მიხედვით ქართველებს "მოწინავე" ადგილზე გვასახელებდნენ. ეს ჩემში დიდ პროტესტს იწვევდა. თან ისიც არარეალურად მიმაჩნდა, რომ თურმე ამხელა კრიმინალური ენერგიის მატარებელია ჩვენი ერი. ლაპარაკი იყო ასევე იმაზე, რომ ვიზალიბერალიზაციის შემთხვევაში, საქართველოდან კრიმინალური დაჯგუფებები დაიძვრებოდნენ, რითაც გერმანია დიდი განსაცდელის წინაშე აღმოჩნდებოდა. არ არის ბევრი ფიქრი იმაზე საჭირო, თუ რას მოასწავებდა ყოველივე ეს და რა მიზნით ვრცელდებოდა დაუსაბუთებელი ბრალდება. ჯერ კიდევ 2008 წელს, ყოველ სატელევიზიო არხზე რუსული მხარის მიერ მოწოდებულ მასალას აშუქებდნენ გერმანიაში.

ამ ამონარიდის მიხედვით, საერთო-სტატისტიკური მონაცემებიდან, რომელიც ჩემმა მეგობარმა, ქეთევან ჯანჯიბუხაშვილმა ქალაქ ფრაიბურგიდან მომაწოდა, ქართველები 0,9 პროცენტით, ბოლოდან მეორე ადგილზე არიან და არა - პირველზე, რაზეც განუწყვეტლივ იყო საუბარი გერმანულ მედიაში.

შემდეგ სრული სტატისტიკაც მოვიძიეთ და ამ ინფორმაციას ვავრცელებდით სოციალურ ქსელებში. ხალხი ძალიან აღშფოთებული იყო. ჩემი აქ ცხოვრების 18 წლის განმავლობაში ბევრი ქართველი გამიცნია გერმანიაში, მაგრამ კრიმინალურ საქციელში არავინ შემიმჩნევია, ყველა პატიოსნად და დაუღალავად შრომობს ან სწავლობს. სწორი ინფორმაციების გავრცელებამ და გერმანიაში ქართველი სტუდენტების აქტიურობამ შედეგიც გამოიღო - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო SPIEGEL ONLINE-ს დაუკავშირდა, რომელმაც გაყალბებული ინფორმაცია ჩაასწორა: "რედაქციის კომენტარი: ამ სტატიის საწყის ვერსიაში ნახსენები იყო საინფორმაციო სააგენტო AFP-ს მიერ მოწოდებული მასალის საფუძველზე, რომ დანაშაულის უმეტესობა, ბინების გატეხის სერიიდან, ქართველების მიერაა ჩადენილი. ეს არ არის სწორი. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის (BKA) უწყებით, საქმე ეხება ბინის გატეხის ბევრ შემთხვევას". ინფორმაციები უნდა შესწორებულიყო ასევე დანარჩენი საინფორმაციო უწყებებისა და გაზეთების მიერაც.

ჯერჯერობით მხოლოდ დადებითი ინფორმაციები ჟღერდება საქართველოზე გერმანული მედიით. ასე რომ, ყველანაირ ბრძოლას აზრი აქვს, მაშინაც კი, როცა მოწინააღმდეგე ძალიან გავლენიანი და ძლიერია.