"დედაენა" და ქართული ენის პრობლემები სკოლებში - გზაპრესი

"დედაენა" და ქართული ენის პრობლემები სკოლებში

ქართული ენისა და ლიტერატურის გააზრებული და ხარისხიანი ცოდნის მოსწავლისათვის გადაცემა სწავლების მართვაზეა დამოკიდებული. პრობლემებთან გამკლავებასა და ხარვეზების შევსებას თითო-ოროლა კარგი პედაგოგი ვერ შეძლებს. ლიტერატურული მუშაობა, სასწავლო მასალის დამუშავება მრავალმხრივი პროცესია და შედეგზე უნდა იყოს ორიენტირებული. სასკოლო რეფორმასა და სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაზე, უკანასკნელ წლებში ბევრი ითქვა და დაიწერა. განათლების რეფორმის სხვადასხვა ვარიანტიც დასახელდა, მაგრამ კონკრეტულად რომელი საგნის სწავლებაში რა პრობლემებია, პედაგოგთა აზრს, სამწუხაროდ, არავინ ითვალისწინებს. ამ თემაზე ერთ-ერთი საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი გვესაუბრება:

- თქვენი აზრით, რა პრობლემებია დღეს სკოლებში ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლებაში?

- განათლების სისტემაში აუარებელი პრობლემაა, რომელთა გამოსწორებაც სასწრაფოდ უნდა დაიწყოს, თორემ სულ მალე სკოლა წერა-კითხვის მცოდნე ბავშვების გამოშვებით ვეღარ დაიკვეხნის. ჩემი, მოქმედი მასწავლებლის აზრით, განათლების ე.წ. რეფორმა განათლების სისტემის უფრო მეტად გამანადგურებელია, ვიდრე განმავითარებელ-გამომასწორებელი. რატომ? პირველ რიგში იმიტომ, რომ სასწავლო-საგნობრივი პროგრამები კარდინალურად უნდა შეიცვალოს და მასწავლებლის "ტერორი" უნდა დამთავრდეს, რადგან დღეს იგი იმაზე ფიქრობს, როგორ მოაგროვოს დაწყევლილი ქულები იმისათვის, რომ დადებითი შეფასება მიიღოს; გაკვეთილი ისე დადგას, რომ ამა თუ იმ დონის შემმოწმებელ-შემფასებელს თავი მოაწონოს და სამსახური როგორმე შეინარჩუნოს. განათლების სამინისტრო ამ კრედიტქულებით სპეკულირებს და სამინისტროს ყველა თანამშრომელი ტრენინგს ისეთ საკითხებზე ატარებს, რომელთა უდიდესი ნაწილი მასწავლებლის პროფესიულ დონეს არ ზრდის ანუ აბსოლუტურად უსარგებლოა. სამსახურის შემდეგ, 6-8 საათი ამ ლექციებზე ზიხარ, დაღლილი, მშიერი და თავბედს იწყევლი, ოდესღაც თავში რომ მოგივიდა ადამიანთა განათლებაზე გეზრუნა. ტრენერები, რა თქმა უნდა, ამაში სოლიდურ ანაზღაურებას იღებენ.

- რამდენადაც ვიცი, ტრენინგები სიახლეებისა და ახალი იდეების დასანერგად ტარდება და ამით ყველა წინამორბედი მინისტრი ამაყობდა, თუმცა სწავლების ხარისხზე ჯერჯერობით ვერაფერი აისახა.

- მასწავლებელთა პროფესიული გადამზადება აუცილებელია, მაგრამ მათი დატერორება, რბილად რომ ვთქვა, უზნეობაა. ყოველი ახალი მთავრობა, წინას ჯინაზე უფრო და უფრო აბსურდულ სიახლეებს გვთავაზობს იმ მათხოვრული ანაზღაურების ფასად, რასაც გვიხდიან. მეტყვით, ახლა ხომ მოგიმატეს ხელფასიო. დიახ, ასეთი 5 წლის წინ რომ გვქონოდა, არ იქნებოდა ურიგო, მაგრამ დღევანდელი ინფლაციის ფონზე ეს კაპიკებია. თავის დროზე ერთ საათში 1,5 ლარიც იყო ჩემი ხელფასი. ვისაც არ ეზარება, ყველას აქვს უფლება, შეურაცხყოფა მოგვაყენოს. ამით იბღალება არა მარტო ჩვენი ღირსება, არამედ ბავშვებს ასწავლიან უფროსის და კონკრეტულად მასწავლებლის უპატივცემულობას. სად მიგვიყვანს ეს, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს.

- გამოსაშვები გამოცდების სისტემაზე რას გვეტყვით?

- პირადად ჩემთვის ყოვლად მიუღებელია. ეს გამოცდები მოსწავლის ცოდნას ვერც აჯამებს და ვერც მისი განათლების დონეზე გვიქმნის წარმოდგენას. ბავშვს შეუძლია შემოხაზოს ყველა საკითხის ერთი და იგივე პასუხი და მიიღოს გამსვლელი შეფასება. ასევე, მიუღებელია მისაღები გამოცდების ფორმატიც, რადგან აბიტურიენტის გონებრივ შესაძლებლობებზე, მის ცოდნასა და ზოგად განათლებაზე წარმოდგენას ვერ გვიქმნის. ესე, მოგეხსენებათ, ლიტერატურული ჟანრია და აბიტურიენტი ესეს არ უნდა წერდეს. სიტყვების ბრახაბრუხში მიღებული დადებითი შეფასება ბავშვსაც ატყუებს, სახელმწიფო კი თავს "იცუცურაკებს".

- ენის შესასწავლი ასპექტების თვალსაზრისით, ქართული ენის გრამატიკა საკმაოდ რთულია. როგორ ფიქრობთ, სასკოლო სახელმძღვანელოები სწორად არის შედგენილი? სწავლების პირველი და მეორე საფეხურის სახელმძღვანელოები ერთმანეთთან შესაბამისობაშია? ხომ ვერ დაასახელებდით ისეთ მაგალითებს, როცა მოსწავლისთვის ესა თუ ის გრამატიკული საკითხი გაუგებარია მხოლოდ იმიტომ, რომ საფუძველშივე არა აქვს საკმარისი ცოდნა მიღებული.

- რაც შეეხება პროგრამებსა და არსებულ სახელმძღვანელოებს, აქაც ძალიან ცუდად გვაქვს საქმე. მე ჩემს საგანზე ვიტყვი: ქართული ენა და ლიტერატურა ხომ ორი, ერთმანეთისგან განსხვავებული საგანია, ისევე, როგორც ალგებრა და გეომეტრია და მათი ერთად სწავლება აბსოლუტურად დაუშვებელია. თუ გვინდა, რომ ჩვენი ლამაზი, მდიდარი და მაღალგანვითარებული ენა არ დავკარგოთ, ქართული ენის გრამატიკა სკოლას ცალკე საგნად უნდა დაუბრუნდეს. საშინელია დაწყებითი კლასების წიგნები. მე არ ვიცი, რა დაუწუნეს გოგებაშვილის "დედაენას", მაგრამ, დალოცვილო, თუ კლასიკას იწუნებ, ახალი მასზე უკეთესი თუ არა, იმავე დონის ხომ უნდა შესთავაზო მოსწავლეს?! პროგრამაში შეტანილია ტექსტები, რომელთა მოყოლა არა მხოლოდ პატარა ბავშვს, არამედ დიდ ადამიანსაც გაუჭირდება. ზოგი ტექსტი ორჯერ, სხვადასხვა კლასში ისწავლება. რატომ? იმიტომ, რომ სახელმძღვანელოები სხვადასხვა ჯგუფის მიერაა შედგენილი და მათ ერთმანეთთან კავშირი არა აქვთ. სამი სხვადასხვა ავტორთა ჯგუფის მიერ შედგენილი სახელმძღვანელოებით ვმუშაობ: 1-6 კლასებში, 7-9-ში და 10-12-ში. ამ ავტორებიდან მხოლოდ ერთ-ერთ ჯგუფთან არ მაქვს პრეტენზია, რადგან პროფესიონალები არიან.

- სახელმძღვანელოების შეცვლის მოთხოვნით თუ მიგიმართავთ განათლების სამინისტროსთვის და რა პასუხი მიიღეთ მათგან?

- 2016-2017 სასწავლო წლისთვის პროგრამები და სახელმძღვანელოები უნდა შეცვლილიყო, მაგრამ განათლების სამინისტრომ ამ საქმეს თავი ვერ მოაბა და ყველაფერი ისევ ძველებურად დარჩა. რამდენიმე სიტყვით საკონტროლო წერებზეც მინდა ვისაუბრო. გასაგებია, რომ შემაჯამებელი წერა უნდა ჩატარდეს, მაგრამ რეკორდული რაოდენობის შემაჯამებლები იწერება. თანაც, რამდენიმე წელია, სავალდებულო გახდა, რომ მოსწავლეს გაცდენილი წერა აღადგენინო. ეს საკმაოდ რთული, შრომატევადი და სახლაფორთო საქმეა, რადგან თითო მასწავლებელი მინიმუმ ოთხ კლასს მაინც ასწავლის და თუ, ვთქვათ, თითო კლასიდან მინიმუმ ოთხმა მოსწავლემ მაინც გააცდინა, ჯამში 16 მოსწავლე გამოდის. მათ, ყველას უნდა შეურჩიო დრო, გაკვეთილების შემდეგ დატოვო და დააწერინო. ზოგი, მიუხედავად გაფრთხილებისა, მაინც არ რჩება, აღდგენის პროცესი იწელება და მასწავლებელი წვალობს. ჩემი აზრით, უკეთესი იქნებოდა, თუ კათედრები თავად დაადგენდნენ შემაჯამებელთა რაოდენობასა და აღდგენის წესს.

- ხშირად მსმენია პედაგოგებისგან, სემესტრის ბოლოს როგორ "დარბიან" კალკულატორებით, ნიშნების გამოსაყვანად.

- სემესტრების ბოლოს მასწავლებელი და განსაკუთრებით კლასის დამრიგებელი უსაშინლეს დღეშია - უნდა დაარიგო და ააგროვო წიგნები, თუ რომელიმე ბავშვმა სახელმძღვანელო აღარ ჩაგაბარა და გამოგრჩა, დანაკარგი შენ უნდა აანაზღაურო, წიგნები შეაფასო და სახელმძღვანელოების თაობაზე ანგარიშები დაწერო. ასევე იწერება: სემესტრული ანგარიში - რამდენი ათიანი დაწერე, რამდენი ცხრიანი და ასე შემდეგ; შემაჯამებელი წერების სტატისტიკური ანალიზი, ზოგადი ანალიზი, დაგეგმვა-ანალიზი და სხვა. უნდა შეაჯამო, შეკრიბო, გაყო, გაამრავლო, პროცენტები გამოიანგარიშო და სემესტრისა თუ წლის ბოლოს, ყველა მასწავლებელი ნანობს, რომ საბუღალტრო განათლება არ მიიღო, ანაზღაურება მაინც ექნებოდა შრომის შესაფერისი. ჩემი აზრით, ამ ყველაფერს გეგმავენ ადამიანები, რომელთაც შესაფერისი განათლება, გამოცდილება არ აქვთ და არ იციან სკოლის სპეციფიკა. ეს იმას ნიშნავს, რომ იმ საქმეს აკეთებენ, რომლისაც არაფერი გაეგებათ, არ არიან პროფესიონალები და არც სურვილი აქვთ, ამ საქმეში პროფესიონალები ჩართონ. დიდ ბოდიშს მოვუხდი იმას, ვისაც ეს სიტყვები ეწყინება, მაგრამ, ის, ვისაც სკოლის მუშაობის დღევანდელი სისტემა მოსწონს ან არაპროფესიონალია, ან სულელი, ან მლიქვნელი, ან მშიშარა.

ნათია გურგენიძე