ვინ სტუმრობს საპატრიარქოს ბიბლიოთეკას? - გზაპრესი

ვინ სტუმრობს საპატრიარქოს ბიბლიოთეკას?

საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის ბიბლიოთეკას "წიგნის სავანე" პატრიარქმა უწოდა. დღეს ფონდი ყველა თემატიკის, 22 ენაზე გამოცემულ, 90 000-მდე წიგნს მოიცავს. ბიბლიოთეკას ახალი წიგნების შესაძენად მცირე სახსრები აქვს, ამიტომ ფონდი ძირითადად უწმინდესისადმი საჩუქრად მირთმეული წიგნებით ივსება. საერთოდ, მან არსებობა სწორედ მას მერე დაიწყო, რაც პატრიარქმა პირადი ბიბლიოთეკა შესწირა. აქ ყველაფერი სპეციალურ კარადებშია განთავსებული. ისინი წიგნების დაცვას მტვრისგან და ნაწილობრივ - ხანძრისგან, მაქსიმალურად უზრუნველყოფენ. ტემპერატურაც იმ დონეზეა, რომ წიგნებს არ აზიანებს. აქვეა სარესტავრაციო განყოფილებაც. ბიბლიოთეკის დირექტორი, მონაზონი მართა ნაჭყებია ოქროს ფონდის წიგნებს გვაცნობს.

- ოქროს ფონდში გვაქვს ძველი პატრიარქების, ეფრემისა და კალისტრატეს წიგნები, მათი ხელმოწერებითა და ბეჭდებით. ერთ-ერთია წიგნი სახელწოდებით - "ბიოგრაფიული და სხვა წერილები ყოვლად სამღვდელო ალექსანდრეზე", პატრიარქ ეფრემის წარწერით თავფურცელზე - "ესე ყოვლად სამღვდელო ალექსანდრე ბრძანდებოდა ჩემი ნათესავი - ჩემი პაპის (მამაჩემის მამის) დის წული - ტირძნელი ზერეკლიანთ ქალიშვილისაგან, ე.ი. პაპიჩემის დედა და ალექსანდრეს დედა ალალი დები იყვნენ". ალექსანდრე ოქროპორიძის სურათის ქვეშ კი იისფერი მელნით მიუწერია: "სულმნათო, მადლი შენს გამჩენს". ჩემთვის მლოცველსა და ჩემს მომხსენებელს - ძირითადად, ასე მიმართავენ ილია II-ს წიგნის მჩუქებლები. ყველა მინაწერში დიდი სითბო და სიყვარულია გამოხატული. მამა გაბრიელის წარწერაა ჯვრისმსახურების რუსულენოვან წიგნზე, წმინდანად შერაცხული ბერი ალექსი შუშანიას ნაქონი ფსალმუნები რარიტეტია, რომელსაც 1908 წელს მან ლექსი მიაწერა. წარწერა გაცრეცილია, კარგად აღარ ჩანს. არის ვახტანგის დროინდელი ჟამნები, 1717 წელს გამოცემული მინიატურული ჟამნი. 1744 წლის იოანე დამასკელის გარდამოცემა, პეტერბურგში გამოცემული, რომლის რედაქტორი არქიეპისკოპოსი იოსებ სამებელი იყო და მისი ხელრთვაა. ძველი წიგნების გამოცემის წლებს რომ ვადგენდით, საჯარო ბიბლიოთეკის თანამშრომელი, ქალბატონი დალი მაჩაიძე მოვიწვიეთ. როცა აღმოვაჩინეთ 1711 წელს გამოცემული "ეკლესიის კურთხევა", მან ამ წიგნზე გვითხრა - მხოლოდ ინფორმაცია არსებობდა მისი გამოცემის შესახებ, მაგრამ წიგნი იყო თუ არა სადმე, არავინ იცოდაო. და აი, აქ მივაგენით, ბოლო თავი აკლია და დაზიანებულიცაა. დიდტანიანი წიგნები არის საეკლესიო მსახურებანი. ფონდშია კონდაკები, ძველი მინიატურული სახარებები, 1783 წლის ერთი ხელნაწერი. ისე, ხელნაწერები პატრიარქთან ინახება. ბიბლიის პირველ, 1743 წლის ბეჭდურ გამოცემას ბაქარის ბიბლიას ეძახიან. ის დაზიანებულია, ხის ყდა აქვს და ზედ ტყავია გადაკრული. ბაქარს 100 ცალი, პეტერბურგში გამოუცია. წიგნები საზღვარზე ეგზარხოსებმა არ გამოატანეს. მას კვლავ დაუბეჭდავს სახარება და საზღვარზე პრობლემების თავიდან ასაცილებლად, ასეთი რამ მოიფიქრა - სახარება ქართულ ენაზე იწყება და მერე სლავურზე გადადის, ერთმანეთს ასე გადააბა.

- ყველაზე ძველი წიგნი რომელია?

- 1559 წელს, ლათინურ ენაზე გამოცემული წიგნი, რომაელი იმპერატორების ცხოვრების შესახებ. მოცემულია იმპერატორის სურათი და მას მოჰყვება მისი ცხოვრების მოკლე აღწერა.

- ძველი ქართული წიგნი ბევრია?

- ქართული წიგნები ერთ კარადაშია თავმოყრილი, დაახლოებით 1000-მდე იქნება.

- თქვენ ყოველდღე ამ წიგნების გარემოცვაში ხართ, როგორი დამოკიდებულება გაქვთ უძველესი წიგნების მიმართ?

- როცა მათ ვეხები, რაღაცნაირი მოკრძალება მიჩნდება. ვგრძნობ, ჩვენს წინაპარს ეს წიგნები როგორ უყვარდა. ქართველ ბერებს წიგნები ათონის მთიდან და საიდან არ ჩამოჰქონდათ, მათ რუდუნებით ექცეოდნენ. ერთმა ფაქტმა გამაოცა: გაგიკვირდებათ, ამ საეკლესიო წიგნებიდან ზოგს რა წარწერა აქვს. ფაქტობრივად, წყევლაა - წმინდა ნინომ ან წმინდა გიორგიმ შერისხოს და წყეულიმც იყოს, თუ ეს წიგნი ვინმემ ეკლესიიდან გაიტანოს. მაშინ წიგნების დეფიციტი იყო და მოპარვის სურვილი რომ არ გასჩენოდათ და შეშინებოდათ, ეტყობა ამას იმიტომ აწერდნენ.

- თქვენ შესახებ მითხარით და პატრიარქთან პირველი შეხვედრა გაიხსენეთ.

- სპეციალობით ფილოლოგი ვარ. ჩემამდე საპატრიარქოს ბიბლიოთეკას იღუმენი დედა ნინო გრიგოლაძე ხელმძღვანელობდა. მერე ბიბლიოთეკა საპატრიარქოს ტელევიზიის შენობაში გადმოვიდა და უწმინდესმა ჩათვალა, რომ დედა ნინოს საპატრიარქოს მონასტრიდან სიარული გაუჭირდებოდა, ამიტომ შემცვლელად ფილოლოგს ეძებდა. ჩვენი შეხვედრისას, მისი პირველი შეკითხვა იყო: - წიგნები გიყვარს? - მიყვარს-მეთქი. პატრიარქმა თითი დამიქნია, - იცოდე, წიგნები არ დამიკარგოო (იღიმის). ილია II ადრე ხშირად გვესტუმრებოდა ხოლმე, ახლა ვეღარ ახერხებს.

- კაფეც გაქვთ, რა საღამოებს ატარებთ ხოლმე?

- პატრიარქმა გვაკურთხა, რომ ლიტერატურული საღამოები მოგვეწყო. პოეტებთან და მწერლებთან უამრავი შეხვედრა გვქონდა. ერთი თვის წინ, პროფესორ-ისტორიკოს იური სიხარულიძეს 90 წლის საიუბილეო საღამო გადავუხადეთ.

- მკითხველების დაინტერესებაზე რა შეგიძლიათ თქვათ? ვინმე გამორჩეულიც გყავთ?

- როგორც ყველა ბიბლიოთეკაში, აქაც მკითხველთა რაოდენობა მცირეა, ძირითადად სემინარია-აკადემიის სტუდენტები დადიან. მაგრამ ერთი, თითქმის ყოველდღე მოდის. სემინარიის მეოთხე კურსის სტუდენტი ალექსი მესტუმრიშვილი, ძალიან კარგი ახალგაზრდაა. სემინარია-აკადემიის სტუდენტებს დროს არ ვუზღუდავთ. ასეთი წარწერაც გვაქვს, სადაც მითითებულია, რომ მათთვის 24 საათია დათმობილი. ყოფილა შემთხვევა, ღამე გაუთევიათ. ჩვენი წიგნებით სორბონის უნივერსიტეტის მაგისტრანტი, ნანა გაგუა სარგებლობს. ასევე, ხშირი სტუმრები არიან აკაკი ასათიანი დ მისი მეუღლე. ერთი ამერიკელი ბიჭი სწავლობდა და აქ მოდიოდა ხოლმე. ის ჯერ გაქრისტიანდა, მერე კი მეუფე ესაიასთან მორჩილად აკურთხეს. ის ახლა მორჩილი თეოფანეა.

- საზღვარგარეთის არქივებში თუ მოგიძებნიათ საეკლესიო წიგნი?

- ახლახან, კიევიდან კალისტრატე ცინცაძის საკურსო ნამუშევრის სრული ციფრული ასლი სოხუმის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა მანანა გელენავამ ჩამოიტანა. ვიცოდით, რომ ის კიევში ინახებოდა. ვის არ ვთხოვეთ მოძებნა, მაგრამ დღემდე ვერავინ მოახერხა. ქალბატონმა მანანამ ხელნაწერთა ინსტიტუტში მიაგნო და დიდი ხვეწნა-მუდარის შემდეგ, ასლის მხოლოდ მესამედს აძლევდნენ, სრულად მოგვაწოდა. დიდი მადლობა მას ამ მნიშვნელოვანი შენაძენისთვის.

ნანული ზოტიკიშვილი