უნიკალური ადგილები საქართველოში - გზაპრესი

უნიკალური ადგილები საქართველოში

ჩვენი ქვეყანა მდიდარია უნიკალური ადგილებით, სადაც თითქოს ჰაერიც კი განსხვავებულია, იქ ჩასული დამსვენებელი კი, საოცარ შვებას გრძნობს. სპეციალისტების აზრით, საქართველოში სამედიცინო ტურიზმს უდიდესი პოტენციალი აქვს. ეს მიმართულება მთელ მსოფლიოში სულ უფრო პოპულარული ხდება, რადგან სამკურნალო კურორტზე ჩასული ტურისტი დასვენებასა და მკურნალობას ერთმანეთს უთავსებს. მსოფლიოში პირველ ადგილზე ამ მხრივ ტაილანდია, თუმცა ტურიზმის ეს სახეობა საკმაოდ განვითარებულია ჩვენს მეზობელ თურქეთში, ლიტვაში, ისრაელში, უნგრეთში და სხვა ქვეყნებში, სადაც ყოველწლიურად ათასობით ადამიანი მიემგზავრება.

ნატა კვაჭანტირაძე, საქართველოს ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელი საქართველოს აუთვისებელ პოტენციალზე გვესაუბრება:

საირმე

ეს არის უმშვენიერესი კურორტი, რომელიც ზღვის დონიდან 950 მეტრზე მდებარეობს. ცნობილია, რომ სიტყვა "საირმე" "ირმის ადგილს" ნიშნავს. ლეგენდის თანახმად, ზამთარში ტყეებიდან ირმები გამოდიოდნენ და მინერალური წყლების წყაროებთან გროვდებოდნენ. ამის გამო მონადირეებმა ამ ადგილს "საირმე" დაარქვეს. კურორტი ცნობილია თერმული წყლებით, რომელიც უნიკალური თვისებებით გამოირჩევა. საირმე განსაკუთრებით უხდება კუჭ-ნაწლავის დაავადებებს, რადგან იქაურ წყალს არაჩვეულებრივი სამკურნალო თვისებები აქვს. ამასთან ერთად, იმ ადგილზე არის თერმული აბაზანა, რომელიც ნერვული სისტემის და ნაღველკენჭოვან დაავადებებსაც შველის. საირმეში დასვენება და მკურნალობა ძალიან უხდება კანის დაავადებებს, განსაკურთრებით _ ფსორიაზს, ალერგიას, შაქრიან დიაბეტს. იქ არის რამდენიმე რეზერვუარი, სადაც ხალხი არა მარტო დასასვენელად, არამედ სამკურნალოდაც ჩადის. სამკურნალოდ ამ წყლის გამოყენება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით შეიძლება.

წყალტუბო

საქართველოს ტერიტორიაზე 2000-ზე მეტი სამკურნალო წყალია აღმოჩენილი, რომლებსაც ადგილობრივი მოსახლეობა საუკუნეების განმავლობაში იყენებდა. სამკურნალო მინერალური წყლები სხვადასხვა დაავადებებს ყველაზე ძლიერ ქიმიურ წამალზე უკეთ კურნავს, თანაც მათი ზემოქმედება რამდენჯერმე იზრდება, თუკი თან ახლავს მთის სუფთა ჰაერი და სიმწვანე. სწორედ ასეთი შეხამება გვხვდება წყალტუბოში. კურორტი წყალტუბო დასავლეთ საქართველოში მდებარეობს, მდინარე წყალტუბოს ხეობაში, ის ქუთაისიდან 7 კმ-ით არის დაშორებული. წყალტუბოში დედამიწის გულიდან ამოდის წყალი, რომელიც რევმატიული დაავადებებით შეპყრობილ ადამიანებს კურნავს. ადამიანის ორგანიზმზე კურორტის წყლების ნაყოფიერი ზემოქმედება უხსოვარი დროიდან არის ცნობილი. სამკურნალო კურსი აქ 25-30 აბაზანისგან შედგება და ძალიან კარგი ეფექტი აქვს. სწორედ ამიტომ, საბჭოთა პერიოდში წყალტუბოში ხალხი თითქმის ყველა რესპუბლიკიდან ჩამოდიოდა. წყალტუბოს სამკურნალო წყალს "უკვდავების წყაროსაც" უწოდებდნენ. დღეს უკვე თანამედროვე სამკურნალო-სარეაბილიტაციო დანადგარები აძლიერებს მკურნალობის ეფექტს. უნიკალური სამკურნალო მინერალური წყლების გამო კურორტმა შორს გაითქვა სახელი. კურორტ წყალტუბოში მკურნალობამ არაერთ ადამიანს დაუბრუნა ჯანმრთელობა.

ბახმარო

საქართველოს უნიკალურ კურორტებს შორის ერთ-ერთი გამორჩეულია ბახმარო. ყველაზე მაღალი დასახლებული პუნქტი იქ ზღვის დონიდან 2050 მეტრზეა, ამიტომ ეს მთელი ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დასახლებული პუნქტია. ბახმარო კურორტად 1923 წელს გამოცხადდა. ზამთარში თოვლის საფარი 5-7 მეტრს აღწევს. ხალხური გადმოცემის მიხედვით, იქ სპეციალურად უშვებდნენ ჭლექით დაავადებულ ადამიანებს, რომლებიც უკან განკურნებულნი ბრუნდებოდნენ. ამბობენ, რომ ბახმაროში 20-21 დღით დასვენება სისხლის შემადგენლობასაც კი ცვლის. ფაქტია, რომ ეს ადგილი მართლაც გამოირჩევა უნიკალური სამკურნალო თვისებებით. აქ მთის მშრალ ჰაერს ზღვის ნოტიო ჰავა ერთვის და საოცარი ნაზავი იქმნება. კლიმატური პირობების გამო ბახმაროში ძალიან კარგად გრძნობენ თავს სისხლნაკლებობით, ასთმით, ასევე ფილტვებისა და სასუნთქი გზების დაავადებების მქონე ადამიანები. მათთვის განსაკუთრებით სასიკეთო და ეფექტიანია ბახმაროში დასვენება. იქაური ჰავა ხელს უწყობს იმუნიტეტის გაძლიერებას, როგორც მოზარდებში, ასევე ზრდასრულებშიც. ბახმარო უნიკალურია ტყის საფარით: იქაურ ნაძვნარს აქვს მტვერი, რომელიც მთლიანად წმენდს და ასუფთავებს სასუნთქ გზებს. იქვე, ახლოს არის კურორტი ნაბეღლავი, სადაც ცნობილი მინერალური სამკურნალო წყალი "ნაბეღლავი" ჩამოედინება. 19 აგვისტოს, ფერისცვალების დღესასწაულზე ბახმაროში ტარდება ტრადიციული დღესასწაული, რომლის აუცილებელი ატრიბუტი დოღია. დამსვენებლები კურორტზე აგვისტოს ბოლომდე რჩებიან. ვინც ბახმაროში ერთხელ მაინც ყოფილა, მის საოცარ სილამაზეს ვერასოდეს დაივიწყებს.

ლებარდე

ლებარდე სამეგრელოში, მარტვილის მუნიციპალიეტში, ზღვის დონიდან 1 600 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. ეს მშვენიერი კურორტი სუფთა ჰაერითა და სასარგებლო მინერალური წყლით არის გამორჩეული. ამ ადგილის სამკურნალო თვისებები მსოფლიოს ნებისმიერ ცნობილ კურორტს შეშურდებოდა. ეს არის ზონა, რომელიც უებარია სასუნთქი გზების დაავადებებისა და საჭმლის მომნელებელი ორგანოებისათვის. ლებარდეში უნიკალური კლიმატია. აქ მიწის ზედაპირზე ამოდის რამდენიმე წყარო, რომლებიც ისევე, როგორც მრავალი სხვა მინერალური წყალი, მწყემსებს აღმოუჩინიათ XX ს-ის 40-იან წლებში. სანამ ჩამოიტანენ, წყალი იჟანგება, იმდენად მდიდარია ის რკინითა და მიკროელემენტებით.

აბასთუმანი

აბასთუმანი განუმეორებელია სასუნთქი გზების დაავადებებისთვის, ცნობილია, რომ აქ ოდითგნავე მკურნალობდნენ ჭლექით დაავადებულ ადამიანებს. კურორტი წიწვოვანი ტყით დაფარული მესხეთის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს. მისი კლიმატი უებარი საშუალებაა ფილტვების დაავადებათა პროფილაქტიკისთვის. განსაკუთრებით სასარგებლოა გაზაფხულის სეზონი, როდესაც ფიჭვი დამტვერვას იწყებს. კურორტის ძირითადი სამკურნალო ფაქტორის _ კლიმატის გარდა, აბასთუმანი განთქმულია ჰიპერთერმული, მინერალიზებული წყაროებით. მინერალური წყლები არაერთი დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება. ახლანდელი კურორტის ადგილას ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე არსებობდა მჭიდროდ დასახლებული ქალაქი, რომელიც ძველთაგანვე ყოფილა განთქმული სამკურნალო წყლებით. დღევანდელი სახელწოდება კი, სავარაუდოდ, ადგილობრივი თავადების აბაზასძეების გვარს უკავშირდება.

შოვი

რაჭაში არის რამდენიმე ბუნებრივი სამკრნალო წყალი, რომელიც მიწის ზედაპირზე ამოედინება. ამ მხრივ განსაკუთრებულია კურორტი შოვი. შოვის უნიკალურობას მისი კლიმატი და ჰავა განაპირობებს. ცნობილია, რომ აქ არსებული წიწვოვანი ტყის საფარი სასუნთქი გზების ქრონიკულ დაავადებებს კურნავს. კურორტ შოვის მშენებლობა 1923 წელს დაიწყო, ოთხი წლის შემდეგ შოვი პირველ დამსვენებლებსაც გაუმასპინძლდა. რამდენიმე წელიწადში შოვი უკვე სარგებლობდა დიდი პოპულარობით, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც აქ 16 სახეობის მინერალური წყალი აღმოაჩინეს. შოვი ზღვის დონიდან 1650 მეტრზე მდებარეობს და ამიტომ ალპურ კურორტებს მიეკუთვნება. ჩრდილოეთიდან მას კავკასიონის მაღალი მწვერვალები ესაზღვრება, ეს ყველაფერი შოვს განუმეორებელ ხიბლს და სილამაზეს ანიჭებს.

P.s. საქართველოს ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ "ჩვენს სამშობლოში სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვანი კუროტებია, რომლებიც შედარებით უკეთ არის ათვისებული. მათ შორის უნდა დასახელდეს ბორჯომი და ბაკურიანი. რაც შეეხება შავი ზღვის სანაპიროს, იქაური ზღვის წყალი დიდი რაოდენობით იოდს შეიცავს და ვისაც ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები აქვს, ექიმები მათ სწორედ შავ ზღვაზე დასვენებას ურჩევენ. შავი ზრვის სანაპიროზე გამორჩეული ადგილია ურეკი, სადაც სპეციალურად ჩადის ხალხი, ვისაც სახსრების პრობლემები აქვს. ურეკის ქვიშა მათთვის საუკეთესო წამალია".

ხათუნა ჩიგოგიძე