პა­ტა­რა გა­მომ­გო­ნებ­ლე­ბი - "ქარ­თ­ვე­ლებ­მა ყვე­ლა­ზე მე­ტი ოქ­როს მე­და­ლი მო­ი­პო­ვეს" - გზაპრესი

პა­ტა­რა გა­მომ­გო­ნებ­ლე­ბი - "ქარ­თ­ვე­ლებ­მა ყვე­ლა­ზე მე­ტი ოქ­როს მე­და­ლი მო­ი­პო­ვეს"

ახლახან თბილისში ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა მეათე საერთაშორისო ოლიმპიადა გაიმართა, სადაც ქართველებმა ყველაზე მეტი ოქროს მედალი მოიპოვეს. ოლიმპიადაში 400-ზე მეტი სკოლის მოსწავლე მონაწილეობდა. გარდა ქართველებისა, მოზარდები თბილისს ევროპიდან, აზიიდან, ამერიკიდან და აფრიკიდან ესტუმრნენ. მათ საკუთარი ინოვაციური ნამუშევრები შემდეგ დისციპლინებში წარადგინეს: ქიმია, ბიოლოგია, ინჟინერია, ფიზიკა, ინფორმატიკა და მათემატიკა. ოლიმპიადის შესახებ პროექტ IYIPO-ს პიარკონსულტანტსა და ორგანიზატორს, მაიკო ჩიტაშვილს ვესაუბრეთ.

- საერთო ჯამში, დედაქალაქს 30 ქვეყნის დელეგატი ეწვია. მონაწილეებმა სამი დღის მანძილზე, გამოფენაზე 150 სხვადასხვა პროექტი წარადგინეს. პროფესორ-მეცნიერებისგან დაკომპლექტებული ჟიურის გარდა, დამთვალიერებელსაც ჰქონდა საშუალება თითოეული ქვეყნის კუთხეს, მათ კულტურასა და თავად გამოგონებებს გასცნობოდა. წელს სხვადასხვა ნომინაციაში ექვსმა ქართულმა პროექტმა გაიმარჯვა და თითოეულზე 2 მონაწილე მუშაობდა. 300 მონაწილიდან ექვსი ოქროს მედალი ხვდა წილად სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელს. პროექტების ავტორებიდან, ჟიურიმ გამარჯვებული სამეული გამოავლინა, რომლებსაც ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები და სერტიფიკატები გადაეცათ. გუნდები დააჯილდოვა პროექტის მხარდამჭერმაც - თბილისის მერიამ. რჩეულ ქართულ გუნდებს ოქროს მედლებთან ერთად, კომპიუტერებიც გადაეცათ. ფასიანი პრიზებით დაჯილდოვდნენ სხვადასხვა კომპანიის ფავორიტი მონაწილეები.

- წელს ოლიმპიადაზე რაიმე განსაკუთრებული თემები ხომ არ გამოიკვეთა?

- ყოველი წელი თავისებურად გამორჩეულია. ამჯერად, მოზარდებს განსაკუთრებით საინტერესო ნაშრომები და კვლევები ჰქონდათ ბიოლოგიის მიმართულებით. შესამჩნევი იყო ინტერესი ეკოლოგიის მიმართ, როგორც ქართველ, ისე უცხოელ ბავშვებში. თვალში საცემი იყო რეგიონში მცხოვრები მოსწავლეების აქტიურობა. სამცხელი ახალგაზრდები წელსაც და შარშანაც ოქროს მედლის მფლობელები გახდნენ - ეს მნიშვნელოვანი მოტივაციაა რეგიონის მოსწავლეებისთვის. გარკვეული ტიპის წამახალისებელი ფულადი პრემია გვაქვს რეგიონიდან ჩამოსული მოსწავლეების პედაგოგებისთვისაც. რეგიონებიდან ოლიმპიადაზე ჩამოსულ ბავშვებს ვუფარავთ ტრანსპორტირებისა და დაბინავების ხარჯებს. რაც შეეხება საერთაშორისო მასშტაბებს, 45-მა ქვეყანამ გამოხატა ინტერესი ოლიმპიადაზე საკუთარი წარმომადგენელი ჰყოლოდა. დასანანია, რომ სავიზო რეჟიმის გამო, ყველამ ვერ შეძლო საქართველოში ჩამოსვლა.

- გამარჯვებულებმა რა სახის გამოგონებები შექმნეს?

- გიორგი და კოსტა ბუთბაიებმა ღვინის პორტატული ექსპრეს-ანალიზატორი ანუ ელექტრონული სომელიე შექმნეს. ჰაერის გამწმენდ სისტემაზე იმუშავეს გიორგი და დემეტრე კაჭკაჭიშვილებმა. ვახიდ სულეიმანოვმა და იუსუფ ნასიბოვმა სმენადაქვეითებულთათვის "ჭკვიანი სახლი" წარმოადგინეს. ბესიკ შარაშიძემ და ცოტნე შოთაძემ - უსინათლოების ჯოხი. მარია ერაძემ და გიორგი ფხაკაძემ იმუშავეს ნაშრომზე, სახელწოდებით - "ზოგიერთი მარცვლოვანი და პარკოსანი კულტურების აღმონაცენებისგან მაღალი ბიოლოგიური ღირებულების ახალი დიეტური საკვები დანამატის შემუშავება იმუნოდეფიციტით გამოწვეული დაავადებების პროფილაქტიკისთვის". ინსულინის შემცვლელი პრეპარატის მოქმედების მექანიზმის ჰიპოთეზა (მეორე ტიპის დიაბეტისას) წარმოადგინეს ედგარ ბრუტიანმა და მარიამ რატიანმა. ანა და კარლო ხუციშვილებმა მრავალფუნქციური ხელსაწყო შექმნეს, გიორგი ჯაიანმა და თემურ წულუკიძემ კი - კვლევა სახელწოდებით "უძველესი ელექტრობატარეა".

- ქართველი მოზარდების გამოგონებები უცხოელების ინოვაციური ნამუშევრებისგან თუ გამოირჩეოდა?

- საერთოდ, თითოეული ნამუშევარი გარკვეულწილად ასახავდა იმ ქვეყნის პრობლემას თუ აქტუალურ თემას, საიდანაც მოზარდები არიან. არ მინდა, სუბიექტურად ჟღერდეს, მაგრამ ქართველი მოსწავლეების გამოგონებები მართლაც, გამორჩეული იყო. დიდი ყურადღება ეთმობოდა შშმ პირებისთვის პირობების გაუმჯობესებას, ეკოლოგიასა და მედიცინას.

- მონაწილეებმა ალბათ, მათთვის საინტერესო შეთავაზებებიც მიიღეს...

- ბევრმა მათგანმა მიიპყრო სხვადასხვა სექტორის ყურადღება. რუსთაველი მონაწილეები ინოვაციების კონკურსზე რუმინეთში გაემგზავრნენ. რამდენიმე პროექტის დაფინანსების სურვილი გამოთქვა ბიზნესსექტორმა. ეს ოლიმპიადა ასპარეზია დიდი მეცნიერებისკენ. ეს გახლავთ სივრცე, სადაც გაზაფხულის სამ დღეს თავს იყრის მსოფლიოს 300-400 პატარა "აინშტაინი". ბევრი მათგანი უკვე დიდი მეცნიერია. საკუთარი გამოგონებით გამარჯვებულებს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში უწევთ მოგზაურობა.

- რა კონკრეტული მნიშვნელობა აქვს ოლიმპიადის არსებობას სფეროს განვითარებისთვის?

- ოლიმპიადა 10 წლის წინ შეიქმნა. მისი მიზანი მოსწავლეებში მეცნიერებისა და განათლებისადმი სწრაფვა, სამეცნიერო განათლების გაღრმავება, სასწავლო პროგრამებისა და საგანმანათლებლო ტენდენციების შეჯერებაა. ღონისძიება, ერთი მხრივ, ახალგაზრდებში სამეცნიერო უნარების განვითარებას, მეორე მხრივ კი, ინოვაციაზე დამყარებული ბიზნესიდეების განვითარებასა და ახალგაზარდებს შორის კულტურული კავშირის გაღრმავებას უწყობს ხელს.

- როგორი შთაბეჭდილებით დატოვეს ქალაქი უცხოელებმა?

- 300 უცხოელი მონაწილე განსაკუთრებული ემოციებითა და შთაბეჭდილებებით დაბრუნდა საკუთარ ქვეყანაში. მათ საშუალება ჰქონდათ გასცნობოდნენ ქართულ კულტურას, დასწრებოდნენ ფოლკლორულ კონცერტს, მოენახულებინათ თბილისისა და მცხეთის ღირსშესანიშნავი ადგილები. ბევრი მათგანი ქართულ ოჯახებში დაბინავდა - ამით კი კიდევ უფრო უკეთ გაიცნეს ქართული კულტურა და ყოფა.

შორენა ლაბაძე