სად მუშაობდა იოსებ ჯუღაშვილი, სანამ სტალინი გახდებოდა - გზაპრესი

სად მუშაობდა იოსებ ჯუღაშვილი, სანამ სტალინი გახდებოდა

მუზეუმი განთავსებულია უნიკალურ, ობსერვატორიული ტიპის შენობაში, რომელიც დღეს საკმაოდ დაზიანებულია და ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის დროებითი თავშესაფრის ადგილია. ნაგებობის საინტერესო არქიტექტურისა და ისტორიის შესახებ ინსტიტუტის თანამშრომელი, ქალბატონი დალი აბუთიძე გვესაუბრება.

- XIX საუკუნის დასაწყისში რუსეთის საიმპერატორო აკადემიამ მონიშნა ადგილები, სადაც მეტეოროლოგიური სადგურები უნდა დაარსებულიყო. მათ შორის საქართველოც აღმოჩნდა. კერძოდ - თბილისი. აკადემიის წევრმა, მეტეოროლოგმა და ასტრონომმა ადოლფ კუპფერმა საქართველოში რუსეთის მეფისნაცვლის წინაშე საკითხი დააყენა - თბილისში მეტეოროლოგიური სამუშაოების საწარმოებლად ობსერვატორია აშენდებოდა და ხელმძღვანელი მისი ყოფილი მოსწავლე ანდრია შესტაკოვი იქნებოდა, რომელიც იმჟამად თბილისის გიმნაზიის უფროსი მასწავლებელი იყო. ასეც მოხდა. შესტაკოვი ნიკოლოზ ბარათაშვილს ასწავლიდა. როგორც ცნობილია, ერთი პერიოდი ბარათაშვილი და ლევან მელიქიშვილი (თანაკლასელები), სწორედ შესტაკოვის მეშვეობით, მეტეოდაკვირვებებში იყვნენ ჩართულნი. ეს შენობა 1862 წელს აშენდა. მანამდე, 1837 წელს, თბილისში პირველი ობსერვატორია ქალაქის განაპირას, სოლოლაკის მთის ძირში აიგო. ამისთვის მეფისნაცვალმა 12 000 რუბლი გამოყო. აქ მომუშავე ადამიანები ობსერვატორიაში ცხოვრობდნენ. ამ პრინციპმა არ გაამართლა. ობსერვატორიამ დიდხანს ვერ იმუშავა. ახალი შენობა ობსერვატორიისთვის 1844 წელს მამადავითის მთის ძირში ააშენეს. ის გიმნაზიასთანაც ახლოს იყო. როცა შესტაკოვი პეტერბურგში მივლინებით გაემგზავრა, მოვალეობის შესრულება უფროს მასწავლებელ ანდრეი ფილადელფინს დაევალა. იგი ცნობილია იმით, რომ დაგვიტოვა ორი არაჩვეულებრივი ნაშრომი იმ პერიოდის თბილისის კლიმატის შესახებ. თბილისმა განაშენიანება დაიწყო, რის გამოც მაგნიტური დაკვირვებები ვეღარ ტარდებოდა და დაიწყეს ობსერვატორიისთვის ახალი ადგილის ძებნა. 1847 წელს თბილისში გერმანელი ასტროფიზიკოსი, არნოლდ მორიცი გამოგზავნეს. იგი ჯერ დამკვირვებლად მუშაობდა, რამდენიმე წლის შემდეგ კი დირექტორად დანიშნეს. უფრო სწორად - "სტატსკი სავეტნიკი" ერქვა, დირექტორის ცნება გვიან შემოიღეს. მას უკავშირდება ახტალის სამკურნალო თვისებების გამოკვლევა და ასევე, აფთიაქარ ვიტესთან ერთად კავკასიური ნავთობისაგან პარაფინის მასალის დამზადება. მეცნიერმა თბილისში მესამე მაგნიტურ-მეტეოროლოგიური ობსერვატორია ავლაბრის ტერიტორიაზე ააშენა. გავიდა დრო, მეცნიერება თანდათან განვითარდა და მორიცმა ევროპული ტიპის ობსერვატორიაზე ფიქრი დაიწყო. მან შეარჩია დღევანდელი აღმაშენებლისა და თამარ მეფის გამზირის კუთხე, რომელიც მაშინ თითქმის დაუსახლებელი ტერიტორია იყო და გერმანელი კოლონისტები ამ ადგილებს ნელ-ნელა ითვისებდნენ. მორიცის მონდომებით, 1862 წელს, ობსერვატორიის მშენებლობა დასრულდა და პირველ მაისს პირველი მონაცემები ჩაინიშნეს.

- რითი იყო შენობა უნიკალური?

GzaPress- ნაგებობას ცენტრში მბრუნავი კოშკი ჰქონდა. თურმე მორიცი არავის ანდობდა იქ ასვლას და დაკვირვებას ყოველთვის თავად აწარმოებდა. შენობის ასაგებად მორიცმა გერმანელი ინჟინერი, ფერდინანდ ლემკული მოიწვია. როცა მშენებლობა დამთავრდა, მან ერთ-ერთ ჟურნალში შენობის დაგეგმარების დაწვრილებითი სქემები და სტატია გამოაქვეყნა. სხვათა შორის, მაშინ სხვა დამხმარე შენობებიც აიგო. ობსერვატორიას ულამაზესი და შესანიშნავად მოვლილი ბაღი ამშვენებდა. ამბობენ, საკმარისი იყო, მორიცს ქაღალდის ერთი ნაკუწიც კი შეემჩნია, რომ მაშინვე შენობიდან გამოვიდოდა და აიღებდაო. 1924 წლიდან ობსერვატორიას თბილისის გეოფიზიკური ობსერვატორია დაერქვა.

- იმდროინდელი ნივთებიდან რა არის შემორჩენილი?

- ბაროგრაფი, ჩარხი, XIII-XIX საუკუნეების სინოპტიკური რუკები, იოჰან მილბერგის შრომები, ჰიდრომეტეოროლოგიური სადამკვირვებლო ხელსაწყოები, მეტეოროლოგიურ და მაგნიტურ კვლევებზე ნაშრომები, მხატვრული ლიტერატურა სხვადასხვა ენებზე - მაგალითად, პოლონელი დირექტორი, მაგნიტოლოგი შტეფან გლაზეკი 1917 წლის რევოლუციამ შეაშინა და გაიქცა, ამიტომ პირადი წიგნები ვერ წაიღო. შემონახულია უამრავი დაკვირვების მასალა და ცხრილი. როგორც წესი, ობსერვატორია ყოველი წლის ბოლოს ანგარიშს პეტერბურგში გზავნიდა. ყველაფერი დალაგებულია წლების მიხედვით. არის წიგნები თანამშრომელთა გვარებითა და ხელფასის მითითებით და სხვა.

- აქ მომუშავე უამრავი ადამიანიდან ბევრმა თავისი კვალი დატოვა.

- ობსერვატორიაში ვაისების გვარის მთელი პლეადა მუშაობდა. მათ ხელსაწყოების გამოწერა და მოვლა ევალებოდათ. ჩარხი მათი შექმნილია. ზუსტ ხელსაწყოთა მექანიკოსი ქრისტიან ვაისი, ხოლო მექანიკოსები - არნოლდ და ბრუნო ვაისები, ძმები იყვნენ. ყველა აქ დარჩა საცხოვრებლად. ისინი მეორე მსოფლიო ომის დროს შუა აზიაში გადაასახლეს, მაგრამ მათი დაბრუნების შესახებ საკითხი თავად ნიკო მუსხელიშვილმა, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა აღძრა. ისინი ძალიან კარგი სპეციალისტები იყვნენ. დაბრუნდნენ და მუშაობა გააგრძელეს. ერთ-ერთი ვაისი 1969 წელს გარდაიცვალა. გლაზეკის დირექტორობის პერიოდში სეისმური დაკვირვებები დაიწყო (1898 წელი), რამაც სეისმოლოგიის განვითარებას ხელი შეუწყო. დიდი საქმე გააკეთა ესტონელმა ქიმიკოსმა, რუდოლფ ასაფრეიმ. იმ პერიოდში ობსერვატორიას ხელძღვანელი არ ჰყავდა, მან აიღო თავის თავზე პასუხისმგებლობა და მუშაობა არ შეჩერებულა. გუსტავ რადე ნახევარ წელზე ცოტა მეტხანს დირექტორის მოადგილე იყო, მაგრამ საქართველო ისე შეიყვარა, ანდერძად დატოვა, აქ დამასაფლავეთო. ის მხატვარი, ეთნოგრაფი, მკვლევარი, კავკასიის მუზეუმის დამაარსებელია. ხშირად ექსპედიციებში დადიოდა. აღსანიშნავია, რომ რადე საქართველოში ჩამოიყვანა და მეფისნაცვალთან რეკომენდაცია გაუწია ბარონ ალექსანდრე ნიკოლაიმ, რომელიც თბილისში კავკასიის გუბერნატორის არმიის შტაბის ხელმძღვანელად მუშაობდა და სოფიო ჭავჭავაძის მეუღლე იყო. გუსტავ რადე დაკრძალულია ლიკანში. 1899 წლის დეკემბერში სტალინმა დამკვირვებლად დაიწყო მუშაობა. რადგან იგი სიბეჯითით გამოირჩეოდა, მალე უფლება მისცეს, სხვათა ცხრილებიც გადაემოწმებინა. აი ცხრილი, რომელსაც ხელს სტალინი აწერს. ასე იქცეოდა ყველა დამკვირვებელი. ცხრილების უმეტესი ნაწილი გორის მუზეუმს გადავეცით. გვაქვს ჩანაწერი, სადაც ბიბლიოთეკის თანამშრომელი ქალი, გვარად მოშკინა იხსენებს, როგორ ციოდა დეკემბრის იმ დღეს, როცა სტალინი სამუშაოდ უნდა მიეღოთ. იგი იყო ძალიან გამხდარი, შავი ბლუზა ეცვა. ფანჯარასთან ახლოს, დაბალ სკამზე მორიდებულად იჯდა და შეკითხვებს პასუხობდაო. სტალინი დამკვირვებლებისთვის განკუთვნილ ფლიგელში მარტო ცხოვრობდა, მისი ხელფასი 20 მანეთი ყოფილა. მან ობსერვატორიაში ორი წელი იმუშავა.

- ქართველი მეცნიერებიდან ვინ მუშაობდა?

- ნიკო მუსხელიშვილი, ილია ვეკუა, ევგენი ხარაძე. პირველი ქართველი დირექტორი მეცნიერი ანდრია ბენაშვილი იყო. შემდეგ იყვნენ აკადემიკოსი ალექსანდრე დიდებულიძე, რაჟდენ ხუციშვილი (ლანა ღოღობერიძის დედის ძმა), მიხეილ ნოდია და ა.შ.

- ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის დაარსება ამ ობსერვატორიის ბაზაზე მოხდა?

GzaPress- დიახ, გეოფიზიკურ ობსერვატორიას 1947 წლიდან უკვე სამეცნიერო კვლევითი სტატუსი ჰქონდა. 50-იანი წლების დასაწყისში სამეცნიერო კვლევისთვის ინსტიტუტის შექმნის საკითხი დადგა. თხოვნა სტალინთან გადაიგზავნა. ეჭვიც არ გვეპარებოდა, რომ ყურადღებას მოგვაქცევდა და ეს საკითხი მის მეხსიერებაში ემოციას აღძრავდა. 1953 წლის 11 თებერვალს მან ხელი მოაწერა ბრძანებას ინსტიტუტის დაარსების შესახებ. მოგეხსენებათ, რომ სტალინი იმავე წლის 5 მარტს გარდაიცვალა. ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის პირველი დირექტორი ვასილ ლომინაძე გახლდათ.

- მუზეუმის სტატუსი როდის მიიღეთ?

- 1970 წლიდან, თუმცა ახლა ამ ფუნქციას ვეღარ ვასრულებთ.

- გერმანიის საელჩოდან არ ყოფილა დაინტერესება? იქნებ დააფინანსონ აღდგენა?

- სხვადასხვა წლებში რამდენიმე ელჩი მოვიდა. თითოეული მათგანი დიდი იმედით გვშორდებოდა, მაგრამ თავის მობმა ვერავინ შეძლო. სამწუხაროა, რომ შენობა ვერც აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციის პროექტში მოხვდა და ჯერჯერობით ასე ვართ.

ნანული ზოტიკიშვილი