სად - ატამი და სად - პოლიტიკა? - გზაპრესი

სად - ატამი და სად - პოლიტიკა?

კახეთში "ატმის რთველი" დაიწყო - ასე ეძახიან გლეხები ატმის კრეფას, რომელიც მათი შემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროა. წელს ატმის ძალიან კარგი მოსავალი მოვიდა, თუმცა სეტყვამ დიდი ნაწილი დააზიანა. ამის გამო მოსახლეობას უხარისხო ატამი შერჩა ხელთ. ფერმერები ჩივიან, რომ დასეტყვილი ატამი ძალიან იაფია, ზოგი ამას მთავრობას აბრალებს, ზოგი - ბიზნესმენებს, ზოგიც - სეტყვის საწინააღმდეგო სისტემას, რომელმაც სათანადოდ ვერ იმუშავა. პოლიტიკური ძალები კი ცდილობენ, ფერმერების უკმაყოფილება სათავისოდ გამოიყენონ...

გია ნინიძე, ფერმერი, გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხის მკვიდრი:

- სადაც არ დაისეტყვა, კარგი მოსავალია, ხოლო სადაც დაისეტყვა, ისეთი ცუდი ხარისხის ატამი მოვიდა, რომ გაყიდვა გვიჭირს. სამაგიეროდ, კარგი ხარისხის ატმის ჩაბარება არ ჭირს. მე ერთ ჰექტარზე მქონდა ატამი გაშენებული და დამესეტყვა, უხარისხო იყო და როგორ გამეყიდა? ამიტომ ვერ ამოვიღე ის თანხა, რაც მის მოვლაში დამეხარჯა. ცუდია, სეტყვის საწინააღმდეგო აპარატმა რომ ვერ იმუშავა - ეს ძალიან დიდი წინდაუხედაობა და დანაშაული იყო, მაგრამ რა გაეწყობა? არ მომწონს, წვიმა რომ მოდის და ამასაც მთავრობას აბრალებენ, მაგრამ ატამი ხომ მალფუჭებადი პროდუქტია, ამიტომ მთავრობამ ხელი უნდა შეგვიწყოს, დროულად რომ ჩავაბაროთ. ბევრი ჩივის, ატამს 25 თეთრადაც ვერ ვყიდითო, მაგრამ კარგი ატამი უფრო ძვირადაც იყიდება. ბირჟაზე თუ დაჯექი და იწუწუნე - ჩემი მოსავალი 25 თეთრადაც არ იყიდებაო, ეს ვერაფერში დაგეხმარება. მეც უკმაყოფილო ვარ ჩემი მოსავლით და იმ ფასით, როგორითაც გავყიდე, მაგრამ სიმართლე ასეთია: უნდათ ხარისხიანი, კარგი ატამი, რომელიც სტანდარტებს აკმაყოფილებს. ზოგიერთები იმასაც ცდილობენ, გლეხების უკმაყოფილება პოლიტიკას დაუკავშირონ, მაგრამ სად - ატამი და სად - პოლიტიკა, ხალხო? ჩვენ სულაც არ გვინდა, ასე მოხდეს.

გურამი, ფერმერი:

- ყველაფერი გულახდილად უნდა ვთქვა, ამიტომ არ მსურს, ვინაობა გაგიმხილოთ. პრესასა და ტელევიზიასთან ერთი თხოვნა გვაქვს: ხომ შეიძლება, სოფლის მეურნეობას უფრო მეტი დრო დაუთმოთ? დამწყებ ფერმერებს აუხსნათ, როგორ უნდა მოუარონ მოსავალს, როგორ შეწამლონ ან როგორ დაიცვან თავი მავნებლებისგან. ხომ შეიძლება, გამოვიდნენ სპეციალისტები და ამ თემაზე ილაპარაკონ და არა იმაზე, "ივენთზე" ვის რა ფერის კაბა ეცვა ან ვის რამდენი შეყვარებული ჰყავდა? ათასი ახალი პრეპარატი შემოდის, გვინდა ვიცოდეთ, როდის და როგორ გამოვიყენოთ, უკეთესი მოსავალი რომ მივიღოთ. ახლა რაც შეეხება ატმის მოსავალს - ერთი წელი თავს გვამადლიდნენ - სეტყვის საწინააღმდეგო აპარატი დაგიდგით კახელებსო. მოვიდა სეტყვა და აპარატმა არ გაისროლა - ეს ვის დავაბრალოთ? რაღაც შეცდომა მოხდაო, ეს შეცდომა კი არა, დანაშაული იყო. თუ სეტყვისგან ვერ დაგვიცავს, სეტყვის საწინააღმდეგო აპარატი რა ჯანდაბად და დოზანად გვინდა, ერთი ეს მითხარით! მოსავალი დაისეტყვა და ხელში დაბალი ხარისხის ატამი შეგვრჩა, ახლა ეს ატამი სადღა წავიღოთ?! ქვეყანაში საკონსერვო საწარმოები რომ იყოს, არც დაბალი ხარისხის ატმით ვიზარალებდით, ახლა კი, მთელი შრომა წყალში ჩაგვეყარა. გვიკიჟინებენ - მოსავალი დააზღვიეთო, მე მაგალითად, დაზღვეული მქონდა და აღარასოდეს დავაზღვევ: ყურძენი მქონდა დაზღვეული 15 ათას ლარში, რომელიც სეტყვამ დამიზიანა. სეტყვიდან ერთი თვის შემდეგ მოვიდნენ ზარალის შესაფასებლად, ამ ერთ თვეში ვენახს ვუმკურნალე, მოვუარე, გავალამაზე, ისე, რომ დასეტყვილი თუ იყო, აღარც ეტყობოდა. აიღეს და ზარალი 10%-ად შეაფასეს. ყველას 10 პროცენტს უწერენ - იმას, ვისაც ნახევარი მოსავალი დაუზიანდა და იმასაც, ვისაც მეათედი... ეტყობა, ეს 10% ხელს აძლევთ, რადგან სადაზღვევო თანხას ამცირებენ. 15 ათას ლარად დაზღვეულ ვენახში სულ ცოტა 1.500 ლარი ხომ უნდა ამეღო? ამის ნაცვლად 600 ლარი მომცეს და მითხრეს: ყურძნის ფასი შემცირდა და საბაზრო ფასის მიხედვით გიანგარიშეთო. პროტესტი გამოვთქვი და - ჩვენ ასე ვანგარიშობთო... უცოდინარი და გაუნათლებელი არც მე ვარ, ესე იგი, ანგარიში არ მცოდნია? წელს უკვე აღარ დავაზღვიე და არც მომავალში დავაზღვევ. სხვათა შორის, მსგავსი ფაქტების გამო დაზღვევაზე ბევრმა აიცრუა გული.

გიორგი მოსიაშვილი, თელავის მკვიდრი, არასამთავრობო ორგანიზაცია "მოქალაქე ევროპული განვითარებისთვის" ხელმძღვანელი:

- ბოლო წლებში ატმის ფასი ყოველთვის განსხვავებული იყო, მაგრამ წელს უკეთესობა იგრძნობა, ვიდრე გასულ წლებში. 8 ივლისის მონაცემებით, უკვე 2 200 ათას ტონამდე ატამია გატანილი. პირველი ხარისხის, კარგი ატამი 70-80 თეთრი ღირს, მე არ ვამბობ, რომ ეს საუკეთესო ფასია, მაგრამ სავსებით მისაღებია. პოლიტიკური ორგანიზაციები სპეკულირებენ, რომ ატამი 10-15 თეთრი ღირს, მაგრამ აქ ლაპარაკია დაბალი ხარისხის პროდუქციაზე, რომელიც დაზიანებულია. კახეთში არის მსხვილი სამაცივრე მეურნეობა და ჩამბარებელი პუნქტები, სადაც 24 საათის განმავლობაში იღებენ პროდუქციას. მე მესმის გლეხისა, მაგრამ სახელმწიფომ რაც შეეძლო, ყველაფერი გააკეთა. რაც მთავარია, რუსეთის ბაზარი გაიხსნა, ჩვენი ძირითადი მომხმარებელი რუსეთის ფედერაციაა. ამ ქვეყნის შემდეგ მოდის ყაზახეთი, უკრაინა და აზერბაიჯანი. ყველა ამ ქვეყანაში ინფლაციის მაღალი დონეა და ეს განაპირობებს ფასწარმოქმნას. მეზობელ ქვეყნებში არსებულ სიტუაციას კი ჩვენ ვერ დავარეგულირებთ. ჩემი დაკვირვებით, ამ აჟიოტაჟს ოპოზიციური პარტიები ქმნიან. მაგალითად, ამ დღეებში კახეთში ჩამოვიდა ჩვენი მხარის ყოფილი გუბერნატორი, გიორგი ღვინიაშვილი და ხალხს შეხვდა. ამ შეხვედრას გურჯაანში მეც შევესწარი. ის თავის პარტიულ მუშაკებთან - ქალბატონებთან ერთად მოვიდა და ამ ქალბატონებმა კამერების წინ დაიწყეს ლაპარაკი, თუ რა ცუდი ფასი აქვს წელს ატამს. როგორც ჩანს, დაავიწყდათ - ახლა რომ 20-25 თეთრი ღირს, 2011 წელს იმავე ხარისხის პროდუქცია 6-7 თეთრი ღირდა. მე არც საჯარო სამსახური მაქვს და არც რომელიმე პარტიის მხარდამჭერი ვარ, მაგრამ როგორც ამ კუთხის შვილი, ვამბობ იმას, რაც ვნახე: პროდუქციას იბარებენ 24-საათიან რეჟიმში, ღამის პირველ საათზეც შეგიძლიათ მიხვიდეთ და მოსავალი ჩააბაროთ.

ვახტანგ ბეჟიტაშვილი, ექსპორტიორი:

- ჩვენს ფირმას პროდუქცია რუსეთსა და ყაზახეთში გააქვს. იქ ხარისხიან ქართულ პროდუქციაზე დიდი მოთხოვნაა. მართალია, დევდარაკი ჩამოიშალა, მაგრამ მაინც მოვახერხეთ და აზერბაიჯანიდან, ალტერნატიული გზებით გავიტანეთ დაახლოებით ათასი ტონა ატამი. დღესდღეობით ხარისხიან პროდუქციაზე მოთხოვნა ყველგანაა. უბრალოდ, კარგი იქნებოდა, გადამმუშავებელი და საკონსერვო საწარმოები მომრავლდეს, რადგან დასეტყვილი და დაბალი ხარისხის ხილი სწორედ გადამმუშავებელი მრეწველობისთვისაა განკუთვნილი. თუ სწორ მიმართულებას ავირჩევთ, შევძლებთ, რომ ეს პრობლემები მოვუხსნათ გლეხებს. მართალია, ისინი ატმის ფასს უჩივიან, მაგრამ ეს სწორედ დაბალი ხარისხის პროდუქციას შეეხება, მაღალი ხარისხის ატამში საკმაოდ კარგ ფასს ვიხდით. დღეისათვის ვაშლატამა 60 თეთრი ღირს, ხოლო ატამი - 80 თეთრიდან 1 ლარამდე მერყეობს. ეს არის საბითუმო ფასი, რომლითაც გლეხები ატამს გვაბარებენ. რა თქმა უნდა, ქართველ ექსპორტიორებს იმედი გვაქვს, რომ პროდუქციას ევროპაშიც გავიტანთ, მაგრამ ერთადერთი ბარიერი, რომელიც გვეღობება, არის ხარისხი და მაღალი სტანდარტები. ჩვენ გვჭირდება მაღალი ხარისხის პროდუქცია და შესაბამისი სამაცივრე სისტემები. რაც შეიძლება მეტი მაცივარი უნდა გაიხსნას, რადგან ჭარბი მოსავლის დროს გლეხი თავის პროდუქციას ძალიან იაფად ყიდის, მიზეზი ის არის, რომ პროდუქციის შენახვა არ შეუძლია. დღესდღეობით ქართული ატმის ფასი რუსეთში დაახლოებით 1 დოლარია. ალბათ მოვა დრო, როცა სხვა ქვეყნებშიც იმდენი ქართული ხილი გაიყიდება, რამდენიც რუსეთში. ევროპას სხვა სტანდარტები აქვს, იქ პროდუქცია მაღალ ფასში იყიდება, მაგრამ ძალიან მაღალ სტანდარტებს ითხოვენ. ამჟამად ქართული ხილი ევროპულ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს, თანაც, რუსეთი უფრო ახლოსაა და იქ გატანა უფრო ადვილია. საკანონმდებლო ბაზა უკვე შექმნილია, მაგრამ ამ ეტაპზე ევროპულ ბაზართან ურთიერთობა ნამდვილად გაგვიჭირდება, რუსეთში ევროპული სტანდარტები ნამდვილად არ არის.

ნინო ზამბახიძე, ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელი:

- ჩემი აზრით, ფერმერმა თვითონ უნდა დაიცვას თავი ყოველგვარი რისკებისგან. ხომ არ შეიძლება ყველაფერი დაფინანსებული და სუბსიდირებული იყოს? რატომ უნდა გადაუხადოს მთავრობამ გლეხს ატმის გამო, რა დააშავა მარცვლეულმა, ზეთისხილმა, ან ნუშმა? კომუნიზმში ხომ ვერ გადავალთ და სახელმწიფო ყველას ვერ დაიცავს, ამიტომ ყველა უნდა მივეჩვიოთ ჩვენი პროდუქციის დაზღვევას, მით უმეტეს, რომ სახელმწიფო 80-90%-იან შეღავათს გვთავაზობს. მართალია, დაზღვევაში პრობლემები არსებობს, კომპანიები ზარალს სათანადოდ არ ანაზღაურებენ, ზოგჯერ დაგვიანებით მიდიან, ზოგჯერ ფერმერის ბრალიცაა, რომ იმწამსვე არ აცნობებს სადაზღვევო კომპანიას, მაგრამ სადაზღვევო კომპანიებიც კერძო სექტორია, სახელმწიფო მათ კომპეტენციაში ვერ ჩაერევა. სახელმწიფომ ინფრასტრუქტურა უნდა მოაწესრიგოს, სტრატეგიულ საკითხებს მიხედოს, ფერმერები კი თავიანთ ბიზნესს თვითონ უნდა მართავდნენ. ამიტომ, კოოპერატივები უნდა შექმნან და ერთობლივი ძალით ააგონ მცირე საწარმოები. ჩემი აზრით, ეს ძალიან კარგი გამოსავალია: კოოპერატივს თუ ექნება მცირე საწარმო, სადაც წვენები, ჩირი და სხვა სახის პროდუქცია დამზადდება, ფერმერები დაბალი ხარისხის ხილითაც არ იზარალებენ და თავიანთ ნაშრომს ტყუილად არ გადაყრიან.

ხათუნა ჩიგოგიძე