ბელ­გი­ურ შო­კო­ლად­ზე უფ­რო გემ­რი­ე­ლი - სა­ქარ­თ­ვე­ლოს "ა­რა­ლე­გა­ლუ­რი ელ­ჩი" - გზაპრესი

ბელ­გი­ურ შო­კო­ლად­ზე უფ­რო გემ­რი­ე­ლი - სა­ქარ­თ­ვე­ლოს "ა­რა­ლე­გა­ლუ­რი ელ­ჩი"

XX საუკუნის 90-იან წლებში ბევრმა ქართველმა სამშობლო დატოვა. ანა ბალამწარაშვილი ერთ-ერთი ემიგრანტია, რომელსაც არასდროს ავიწყდება, ვისი "გორისაა". ქალბატონი ანა პროფესიით პედაგოგია. დიდი შრომისმოყვარეობის ხარჯზე, უცხოეთში წარმატებული გახდა. თუმცა, ერთი რამ აქვს სადარდელი: არ უნდა, რომ სამშობლოში დაბრუნების დრო გამოეპაროს.

ანას ბელგიაში პედაგოგიური განათლება ბევრად არ გამოადგებოდა, ამიტომ სამართალმცოდნისა და ნიდერლანდური ენის სპეციალისტის ხარისხები ბელგიურ უნივერსიტეტებში სწავლით დაიმსახურა. უდავოა, რომ ევროპაში აფასებენ გონიერ ადამიანს. ანას მიენიჭა ნაფიცი თარჯიმნის სტატუსი და სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა, მათ შორის, სამეფო პროკურატურაში, სასამართლოში, გენერალურ კომისარიატში.

ქალის მთავარი მისია, როგორი წარმატებულიც უნდა იყოს საზოგადოებრივ ასპარეზზე, მაინც მეუღლეობა და დედობაა. მეუღლესთან, მერაბ მანდარიასთან ერთად, ანამ სამი შვილი გაზარდა. ვაჟიშვილი - ზურაბი ბიზნესმენია. ის კვირაში ერთ დღეს - ოთხშაბათს საქართველოს დღედ აცხადებს და ევროპელებს სამშობლოს აცნობს. ელენე სტუდენტია და აქტიურად მისდევს სპორტს (18 წლამდე ასაკის გოგონათა კალათბურთის საქართველოს ნაკრების წევრია), ხოლო ნატალი მომავალი რეჟისორი გახლავთ.

"სამშობლო" ანასთვის ლიტონი სიტყვა არასდროს ყოფილა. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს საქართველოში იმყოფებოდა და შეესწრო გორზე დატეხილი ომის ქარცეცხლს (ანას გვარი წარმოშობით გორის სოფელ აძვიდანაა). ომის დასრულებისთანავე, ბელგიელი სამეგობროს დახმარებით, ჰუმანიტარული ტვირთი შეაგროვა და საკუთარი ხელით დაარიგა აძვსა და მეჯვრისხევში. იმედს არ კარგავს, რომ ოდესმე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგება და ბელგიურ შოკოლადზე უფრო ტკბილ სამშობლოში სრული ჰარმონია დაისადგურებს.

იმის ჩამოთვლა, თუ რას აკეთებს ანა სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და მოხუცებისათვის, შორს წაგვიყვანს. ალბათ, ისიც საგულისხმოა, რომ ჩვენი წერილის გმირს ჯიუტად სჯერა: საქართველოშიც დადგება ის დრო, როცა მოხუცები და ბავშვები ისე იცხოვრებენ, როგორც ცხოვრობენ ბელგიაში.

როგორი იყო ანას ცხოვრება ემიგრაციამდე? - თავად ლაღად ჰყვება ყველაზე ლამაზ და სევდიან სკოლამდელ ასაკზე: "ჩემი ცხოვრება დაბადების დღიდან უცნაურად დაიწყო. ბიჭს ელოდნენ, მაგრამ გოგონა დაიბადა. "ოქროსქოჩრიანი ბიჭის" მომლოდინე მშობლები იმ დროს ისევ სწავლობდნენ. დედა სტუდენტი იყო, მამა სწავლის პარალელურად, მუშაობდა. ჩემი გაზრდა ბებიამ (დედის მხრიდან), პაპამ, დეიდამ და ბიძამ იტვირთეს. ამბობენ, კარგი ბავშვი იყავიო. გავიზარდე ბოლნისის რაიონში. ყველაფერს პირველს იქ ვეზიარე, მათ შორის - პირველ ჭიქა მაჭარსაც. ბებია დედაც იყო ჩემთვის. მკაცრი და უზომოდ მოსიყვარულე პაპა მიხეილი მაღალი, მხარბეჭიანი, დიდი ლამაზი ხელებით, სამამულო ომის ვეტერანი და უამრავი ჯილდოს მფლობელი, გეოლოგი გახლდათ. პირველად მან მაჩვენა კაზრეთის ოქროს საბადოები. მაშინ ის ბრჭყვიალა ქვები მანათობელი ვარსკვლავები მეგონა იმ ზღაპრიდან, ძილის წინ ბებია რომ მიყვებოდა... იმ დროს დეიდა გასათხოვარი იყო, ბიძა - უცოლო და მე - მათი "გასართობი" ქერა, კულულებიანი გოგონა, რომელიც დღესაც იმ შეგრძნებებითა და მოგონებებით ცხოვრობს. როცა სკოლის ასაკის გავხდი, თბილისში გადავბარგდი. სახლში დამხვდა გაბუშტული, ლამაზი თოჯინა დიდი შავი თვალებით, კუნაპეტივით კულულებიანი თმით. აღმოჩნდა, რომ ეს თოჯინა ჩემი და იყო. შემდეგ უკვე დედამ ორი ერთნაირი, მჩხავანა ბავშვიც მოიყვანა: ტყუპი ძმა. ერთხელაც, მომინდა უფროსი დის როლი მომერგო და ორივე ერთად ავიყვანე ხელში. ამომიტრიალდნენ და "დამიცვივდნენ". სასწრაფოდ "ავკრიფე". მერე ეს ტირილისგან გადაბჟირებული არსებები დავაწვინე საწოლზე და კივილით გავიქეცი დედასთან: მგონი, შიათ-მეთქი. დედა ყველაფერს მიხვდა და დამტუქსა. მეწყინა! სხვათა შორის, ასე მტუქსავს დედა დღემდე... ისე, თბილისში ორი დამცველი რაიონიდანვე გამომყვა: დეიდა და ბიძა ჩემთან ერთად წამოვიდნენ თბილისში. აბა, ჩემს თავს ჩემსავე მშობლებს როგორ "ანდობდნენ" ასე ადვილად?!."

სკოლის ასაკს რომ მიაღწია, კულულებიანი გოგონა კიკინებიან ანად გადაიქცა, რომელსაც თმაზე დიდი ბაფთები ეკეთა.

"პირველ კლასში დამსვეს ერთ ძალზე მსუქან, მაგრამ საყვარლად მომზირალ წითელლოყება ბიჭის გვერდით, რომელიც დღემდე ჩემი საუკეთესო მეგობარია. სწავლის დაწყებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ჩემმა საყვარელმა პირველმა მასწავლებელმა, იზოლდა მიქელაძემ გამოაცხადა, რომ მე მნიშნავდა კლასის ორგანიზატორად...

როცა მესამე კლასში ვიყავი, მივადექი სამასწავლებლოს, იქ რას ვხედავ, ხელჩართული ბრძოლაა ორ სიმპათიურ ყმაწვილს შორის; ორივე ჩემი კლასელია, ორივე ქერაა და ცისფერთვალება! მასწავლებლის შეკითხვაზე, თუ რა აჩხუბებდათ? - ხმაშეწყობილად გასცეს პასუხი: ორივეს ანა გვიყვარს და არ ვიცით, ვის აარჩევსო!

პირველად როდის გაწითლდიო? - რომ მკითხონ, ამ ამბავს გავიხსენებ..."

ამბობენ, რომ სოციალიზმის დროს ყველაზე ტკბილი პერიოდი ბრეჟნევის მმართველობის დროს იყო (თუ არ ჩავთვლით ავღანეთში საბჭოური ჯარების შეყვანას). ჩემს მახსოვრობას შემორჩა სატელევიზიო გადაცემა, თუ როგორ ჩაუშვეს საფლავში ბრეჟნევის ცხედარი, ანა კი ამ ამბავს ასე იხსენებს:

"ბრეჟნევი გარდაიცვალა! - შემოვიდა ნუნუ მასწავლებელი კლასში და გვამცნო. აქვითინდა მთელი კლასი, რადგან ყველა ბავშვის "ოცნებები" ბიძია ლიონიას უკავშირდებოდა. მოგეხსენებათ, რას ნიშნავს ოცნების დამსხვრევა! ახლა რომ გვახსენდება ის დღე, გულიანად ვხარხარებთ მე და ნუნუ მასწავლებელი. გაფრინდა ბავშვობა, რომლის ჩასაკეტად გალია ვერ ვიშოვეთ..."

ცალკე თემაა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის წლები ანასთვის:

"1989 წელი, სუნთქვა და შეგრძნება იმისა, რომ თან დიდი ხარ და თან იბრძვი იდეისთვის, რომელსაც სამშობლოს თავისუფლება ჰქვია! ტანკები, სისხლი, მიცვალებულები, იმედგაცრუება, მაგრამ ბრძოლის ჟინი! 9 აპრილს მოვიწამლე და დედაც დავტანჯე, მაგრამ არ უკითხავს, რატომ ან როდის შეგიყვარდა ასე სამშობლოო?! მითხრა: 18 წლის ხარ, ახლა უფრო მეტი მოგეთხოვება, შენი და-ძმები შენგან იღებენ მაგალითსო და ა.შ. მინდოდა თუ არა, უნდა გავზრდილიყავი და უმაღლესში ჩაბარების ციებ-ცხელება გადამეტანა. სტუდენტი გავხდი, მაგრამ მოვინდომე უფრო მეტი - მე ხომ ბავშვობიდან ორგანიზატორი ვიყავი! გამოვაცხადე, "საღამოს" ფაკულტეტზე უნდა ვისწავლო, თან ვიმუშავებ, ჩემი ფული მინდა მქონდეს-მეთქი".

ანა არ მალავს, რომ სიყვარულში გაუმართლა და სანიმუშო ოჯახი შექმნა. როცა ემიგრაციის დაუნდობელი ქარი გულს მოუნდომებს გაცივებას, ამ დროს ანას მეუღლის იმედი აქვს. ცოლ-ქმარი გაექცა ომს, უდენობას, უიმედობას, სიბნელეს და მზისქვეშეთში ადგილის დასამკვიდრებლად ბევრი ძალა დახარჯა:

"ძნელია, იპოვო შენი თავი უცხო ქვეყანაში. როცა მეკითხებიან: "რომელი ქვეყნის მოქალაქე ხარ?" ყველასთვის გასაგონად ვამბობ: Gეორგი! მე თავი ამოვყავი დალაგებულ, დავარცხნილ, აშენებულ ქვეყანაში და ვფიქრობდი, დროში დავიკარგე-მეთქი. აქ დავიმორცხვე, განა იმიტომ, რომ იმ ქვეყნის შვილი ვიყავი, ვისაც არ მისცეს საშუალება, როცა უნდოდა ეტირა და როცა უნდოდა - ეცინა! იმიტომ დავიმორცხვე, რომ არ იცოდნენ ჩემი ლამაზი, დატანჯული ქვეყნის შესახებ. გადავწყვიტე, რადაც უნდა დამჯდომოდა, გამეცნო მათთვის საქართველო!"

ანამ მოახერხა და მიზანს მიაღწია! ახლა ბელგიელები ამაყობენ ანას ოჯახთან ახლობლობით. მას უკვე აქვს "ბელგიაში საქართველოს არალეგალური ელჩის" სტატუსი და სადარდელი ეგებ "აქეთ" გვქონდეს, თუ ანას სამშობლოში დაბრუნების დრო გამოეპარა...

როლანდ ხოჯანაშვილი