"ოქ­როს მატ­ჩი" ანუ სი­ო­მას "სო­ლო კონ­ცერ­ტი" - გზაპრესი

"ოქ­როს მატ­ჩი" ანუ სი­ო­მას "სო­ლო კონ­ცერ­ტი"

მეც და გულშემატკივრებმაც ამ ერთი თვის განმავლობაში ბევრი ლამაზი მატჩი ვიხილეთ. თუმცა, სიმართლე გითხრათ, დაუკმაყოფილებლობის გრძნობა მაინც დამრჩა. კონტინენტის ამ ჩემპიონატში ლამის ნახევარი ევროპა მონაწილეობდა და მათ შორის სამწუხაროდ კვლავ არ იყვნენ ქართველი ფეხბურთელები. ალბათ კიდევ ბევრი წყალი ჩაივლის, ვიდრე ისლანდიელებივით გაიხარებენ ჩვენი ქომაგები. სხვათა შორის, ევროპის პირველი ჩემპიონატის ფინალიც, ახლანდელის მსგავსად, 10 ივლისს, პარიზში გაიმართა. საბჭოთა ნაკრებმა, რომლის შემადგენლობაშიც მიხეილ მესხი, სლავა მეტრეველი და გივი ჩოხელი თამაშობდნენ, 2:1 დაამარცხა იუგოსლავიის გუნდი და "ევროპის თასის" პირველი მფლობელი გახდა. იმ ორი გოლიდან ერთი სლავა მეტრეველმა გაიტანა, მეორე კი - მიხეილ მესხის ჩაწოდებით ვიქტორ პონედელნიკმა. ოღონდ, ყველაფერი ეს შორეულ, 1960 წელს იყო, ახლა კი...

ამიტომაც "ბებერი კონტინენტის" წლევანდელ ჩემპიონატზე საუბარს აქ მოვრჩები და სასიამოვნოდ მოსაგონარ ვეტერან ფეხბურთელთან, ვლადიმერ ბარქაიასთან ინტერვიუს შემოგთავაზებთ. მით უმეტეს, რომ ამ დღეებში იგი მერვე ათეულ წელს მიუკაკუნებს და გასახსენებელიც საკმარისზე მეტი აქვს.

- ბატონო ვლადიმერ, ასაკი ერთობ სოლიდური გაქვთ. როგორ გრძნობთ თავს, ჯანმრთელობას ხომ არ უჩივით?

- ჯანმრთელობის მხრივ ახლა არაფერი მიჭირს. რამდენიმე თვის წინ გერმანიაში ვიყავი, მუხლის ოპერაცია გავიკეთე. ბერლინში ჩემი ქალიშვილი ცხოვრობს, თამრიკო, ოჯახთან ერთად.Mმისი ქალიშვილის, დიანასაგან კი უკვე დიდი ბაბუა ვარ. ბიჭი ჰყავს. დღე-დღეზე მეორეს ელოდება, ექიმების ვარაუდით, გოგო უნდა იყოს. ეს ძალიან დიდი ბედნიერებაა. კიდევ მყავს შვილები, ია და სოსო. ერთი შვილიშვილი ჩემთან ერთად ცხოვრობს თბილისში. მეუღლე, თინათინი კი ჩემსავით ცოტა შემომიბერდა, მაგრამ რაც მთავარია, ყველანი კარგად ვართ. ერთი ეგაა, მატერიალურად ისე ვართ, როგორც ყველა პატიოსანი კაცი.

- 80 წელს მიტანებული ადამიანისათვის ეს ასაკი სოლიდურია თუ საკმარისი არ არის?

- აბა, საკმარისი როგორ შეიძლება იყოს? მე მგონი, ახლა იწყება ცხოვრება. იცით, როგორ არის? თავი ისევ პატარა ბიჭი მგონია. ვერ ვგრძნობ ჩემს ასაკს, არც ვუყურებ. სხვათა შორის, არც ტელევიზორს ვუყურებ. იმ დღეს მე და ჩემი მეუღლე ტელევიზიით ქართულ სიმღერებს ვუსმენდით. "გაფრინდი შავო მერცხალო" იმღერეს, ცრემლი მომადგა თვალზე. მომენატრა ჩვენი სიმღერები, ნაღდი, ქართული, ჩვენი დროის. ახლა მე მგონი, ახალგაზრდებმა არც იციან სიტყვა "სამშობლო", ჩემი თაობის "დინამოელებისთვის" კი ფეხბურთი მარტო ბურთი და მოედანი არ იყო. ჩვენი გამარჯვება, ქართველი კაცის გამარჯვებას ნიშნავდა.

- იცით, რა მაინტერესებს? თქვენ, სიომა ბარქაიამ, თქვენი ცხოვრების მანძილზე რისი გაკეთება მოასწარით და რისი - ვერა? რომელი ოცნება აისრულეთ და რომელი - ვერა?

- ვერ ავისრულე ჩემი გაგრა, ჩემი სოხუმი. დავკარგეთ. დავკარგე ჩემი სახლი, ჩემი საფლავები, ჩემი სამშობლო და ალბათ ვერც მოვესწრები მათ დაბრუნებას. პოლიტიკისაგან ყოველთვის შორს ვიყავი, ამიტომ ვიტყვი, არავის აინტერესებს ჩვენი აფხაზეთი, არც ერთ მთავრობას. არავის ეწყინოს, სამწუხაროდ, ასეა. როგორღაც ვეტერანი ფეხბურთელები სოჭში შევიკრიბეთ, ქართველები, აფხაზები, რუსებიც იყვნენ, თითქოს ისევ ძველი მეგობრები ვიყავით, მაგრამ ეს უკვე ის ბიჭები არ იყვნენ. მე გაგრაში დავიბადე, აფხაზეთის ნაკრებში ვთამაშობდი. ბავშვობისა და ახალგაზრდობის მეგობრები იქ მყავდა. ჩემი ოჯახი ცხოვრობდა იქ, მერე კი ჩემს სახლში აფხაზი, გვარად სილაგაძე ჩასახლდა. როგორ მოგწონთ, სილაგაძე და აფხაზი?

- რამდენადაც ვიცი, მეტსახელი, სიომა სწორედ გაგრაში შეგარქვეს.

- მართალია, ჩემი ცხვირის თავისებური კონფიგურაციის გამო მეზობლის ბიჭმა, ვოვა ლებედევმა შემარქვა და დღემდე შემომრჩა. თუმცა, პირადად მე, მეორე, წმინდა საფეხბურთო მეტსახელი, სტალიჩნი უფრო მომწონს. საქმე ის არის, რომ მოსკოვში, საბჭოთა კავშირის დედაქალაქში, ხშირად გამქონდა გოლები. მოსკოვის "სპარტაკს", მაგალითად, 7 ბურთი გავუტანე, ერთხელ კი "ჰეთ თრიკიც" შევასრულე. 1959 წლის საკავშირო ჩემპიონატში მასპინძლები 2:0 გვიგებდნენ. პირველი გოლი რომ გაგვიტანეს, გულშემატკივრებმა საჰაერო ბუშტები ააფრინეს. მეორე გოლის შემდეგ ერთხმად - "სპარტაკ! სპარტაკ!" სკანდირება დაიწყეს. მალე ჩემი ჩაწოდებით თენგიზ მელაშვილმა ერთი ბურთი გაქვითა, მაგრამ მათ მესამედაც აიღეს ჩვენი კარი. აი, ამის შემდეგ კი ჩემი "სოლო კონცერტი" დაიწყო. ზედიზედ სამი გოლი გავიტანე და მატჩიც 5:4 მოვიგეთ. იმავე სეზონში, მოსკოვშივე ადგილობრივი დინამოელებიც დავამარცხეთ. მანამდე მთელი 17 წელი არ მოგვეგო იმათ მოედანზე. ამ მატჩშიც ორივე ბურთი მე შევაგდე. სწორედ ამის შემდეგ შემარქვეს. თუმცა, სიმართლე გითხრათ, მე "ლუჟნიკების" სტადიონზე, ცსკა-ს კარში გატანილი გოლი უფრო დამამახსოვრდა. დაახლოებით 30-35 მეტრიდან, პირდაპირ "ცხრიანში" შევაგდე ბურთი. იმ წელს, სეზონის დასაწყისში სტადიონის დირექციამ სპეციალური პრიზი დააწესა ყველაზე ლამაზი გოლისათვის. წესით, ჩემთვის უნდა მოეცათ, მაგრამ სეზონი რომ დამთავრდა, ის პრიზი არავის გადასცეს.

- თბილისის "დინამოში" ვინ მიგიწვიათ?

- "დინამოში" 1956 წელს ჩავირიცხე. პირველ სეზონში ათი მატჩი ვითამაშე და ერთი გოლი გავიტანე. 1959 წელს კი გუნდში ანდრო ჟორდანია დანიშნეს უფროს მწვრთნელად. ის ძალიან ნიჭიერი სელექციონერი იყო. კოჭებში ატყობდა ბიჭებს, ვისგან დადგებოდა კარგი ფეხბურთელი. ჩემი თამაში მას გაგრაში ჰქონდა ნანახი. სწორედ მისი დაჟინებული მოთხოვნით გადმომიყვანეს თბილისში. ჩემ გარდა მან კიდევ არაერთი ნიჭიერი ფეხბურთელი მიიწვია "დინამოში", გიორგი სიჭინავა, გურამ პეტრიაშვილი, გივი ჩოხელი, მურთაზ ხურცილავა... ხურცილავას ფეხბურთელობას არავინ იფიქრებდა, ბატონმა ანდრომ კი აიყვანა და მსოფლიო კლასის ფეხბურთელიც დადგა.

- თბილისის "დინამოს" ფეხბურთელებთან რომ დიდი მეგობრობა გაკავშირებდათ, გასაგებია, მაგრამ სხვა კლუბის მოთამაშეებთან თუ მეგობრობდით?

- ბევრთან, საკმაოდ ბევრთან. ვალენტინ ივანოვი, ვალერი ვორონინი, ნიკოლაი მანოშინი, მაგრამ გამორჩეულად ახლოს ლეგენდარულ მეკარესთან, ლევ იაშინთან ვიყავი. თუმცა, ერთხელ ისიც მაგრად გავამწარე, მოსკოვში გოლი შევუგდე. იმხანად ის მოსკოვის საქალაქო საბჭოს დეპუტატი იყო. მოვუტრიალდი და მივაძახე - Âûíèìàé äåïóòàò! იაშინი გაშვებულ ბურთზე უფრო მეტად ჩემმა სიტყვებმა გაამწარა. საფეხბურთო კარიერა რომ გავასრულე, ერთი პერიოდი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ვხელმძღვანელობდი. იაშინის დაბადების დღე ახლოვდებოდა. ცოტა ფული შევუგროვე, გაგრაში დავურეკე მეგობარს, გურამ გაბისკირიას, სამი ყუთი ღვინო, "ლიხნი" გამოვაგზავნინე. მოსკოვში იაშინს წავუღე. სახლში რომ შევედით, ის და მისი ყოფილი დუბლიორი მეკარე, ვლადიმირ ბელიაევი ისხდნენ კონიაკის პატარა ბოთლით. ძალიან გაუხარდა ჩემი დანახვა, მერე კი რომ გაიგო, ეს 60 ბოთლი ღვინო სპეციალურად მისთვის ჩავიტანე, ლამის ჭკუიდან გადავიდა კაცი. ხელმოკლედ ცხოვრობდა, ხეირიანი ავეჯიც არ ჰქონდა სახლში. ამოვიღე ის შეგროვებული ფული და მივეცი. იტირა. - მე მხოლოდ იაპონელებმა მაჩუქეს ავტომობილი, მაგრამ ჩემთვის პატარაა და ვერ ვჯდები, ქალიშვილს უნდა ვაჩუქოო, - მითხრა.

- ბატონო სიომა, თქვენი ცხოვრების მანძილზე ბევრი ქართველი ფეხბურთელის თამაში გინახავთ და ეგებ საუკეთესო 11 ფეხბურთელი დამისახელოთ.

- შეუძლებელია, იმდენი დიდებული ოსტატი გვყავდა, ყველა ვერ მოხვდება ამ შემადგენლობაში. ამიტომ ვერ გეტყვით. ერთი კი შემიძლია ვთქვა, რომ მიშა მესხი, სლავა მეტრეველი და თავდასხმის ცენტრში ბორის პაიჭაძე, ეს სამეული ნებისმიერ გუნდში ითამაშებდა. რაც შეეხება დამოუკიდებელი საქართველოს ფეხბურთელებს, შოთა არველაძე სამჯერ დაასახელეს საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად, ბორის პაიჭაძე კი საქართველოს მეოცე საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელადაა აღიარებული. დასკვნა თავად გამოიტანეთ.

- თბილისის "დინამოში" ათი წლის განმავლობაში 230-მდე მატჩი ჩაატარეთ და 70-მდე გოლიც გაიტანეთ. თქვენი დროის ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური თავდამსხმელი იყავით, მაგრამ საბჭოთა ნაკრების მწვრთნელები დიდად მაინც არ გწყალობდნენ.

- ნაკრებში 1965 წელს მიმიწვიეს, დანიის ნაკრებთან, ინგლისის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი მატჩის წინ. ძალიან ძლიერი გუნდი გვყავდა, არც მე მითამაშია ცუდად, ორი ბურთი შევაგდე. თითო - სლავამ და მიშამ გაიტანეს და 6:0 მოვიგეთ. ერთი კვირის მერე კი მოსკოვში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონები, ბრაზილიელები ჩამოვიდნენ. პელე, გარინჩა ფლავიო, ჯალმა სანტოსი, ჟერსონი... ამხანაგური მატჩი ვითამაშეთ. გასახდელში უფროსმა მწვრთნელმა ყველა გაგვაოცა თავისი მითითებებით: - მატჩი არ უნდა მოვიგოთ, თორემ მომავალ წელს, ინგლისში მსოფლიოს ჩემპიონატის მოგებას მოგვთხოვს ქვეყნის ხელმძღვანელობაო. სიმართლე გითხრათ, თამაშის წინ ვფიქრობდი, რომ მეტოქეები არც ისე ძლიერები იყვნენ, როგორც ამბობდნენ, ამიტომ არც ვნერვიულობდი, მაგრამ დაიწყო თამაში და ახლა უკვე ბრაზილიელებმა გაგვაოცეს. ამ ვირტუოზებს პრაქტიკულად ყველაფერი გამოსდიოდათ. პელეს მეურვეობა გიორგი სიჭინავას ჰქონდა დავალებული, მაგრამ პელეს ვინ გააჩერებდა? ორი გოლი თავად გაგვიტანა, ერთიც მისი ფილიგრანული გადაცემით ფლავიომ შეაგდო. 3:0 მოგვიგეს. თამაშის შემდეგ მოროზოვი გვსაყვედურობდა: - პელე როგორ ვერ დაიჭირეთო? სიჭინავამ უპასუხა: - მე ვიცი მაგას ვინ დაიჭერდა, ლავრენტი ბერიაო.

იმ მატჩის დავიწყება შეუძლებელია. წარმოიდგინეთ, საბჭოთა ნაკრების 11 ფეხბურთელიდან, ხუთი ქართველი ვთამაშობდით. მართალია წავაგეთ, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ ჩემს მეგობრებთან ერთად მსოფლიოს ორგზის ჩემპიონების წინააღმდეგ ვითამაშე.

- იმ მატჩის დამთავრების შემდეგ ქართველმა ფეხბურთელებმა: მესხმა, მეტრეველმა, სიჭინავამ და კავაზაშვილმა სამახსოვრო ფოტო გადაიღეს პელესთან ერთად. თქვენ მათ შორის არა ხართ, რატომ?

- რამდენიმე დღეში საკავშირო ჩემპიონატის საპასუხისმგებლო მატჩი გვქონდა და მწვრთნელს თამაშის დამთავრებამდე რამდენიმე წუთით ადრე შეცვლა ვთხოვე. ასე რომ, თამაშის დასრულების მერე მოედანზე უკვე აღარ ვიყავი და ფოტოც ვერ გადავიღე.

- ამ მატჩის შემდეგ მოროზოვს ნაკრებში უკვე აღარ მიუწვევიხართ, თუმცა ორ შეხვედრაში ორი გოლი ცუდი შედეგი სულაც არ არის.

- მოროზოვს ფეხბურთის თავისებური ხედვა ჰქონდა. აღარ დამიძახა გუნდში. იმ დროისათვის უკვე მუხლი მაწუხებდა, კარიერის დასრულებაზე დავიწყე ფიქრი. უკვე ისე ვეღარ ვთამაშობდი და წამოვედი, ვიდრე ტრიბუნები დამისტვენდნენ. გულშემატკივრების რეაქციას მეც და სხვებიც მტკივნეულად განვიცდიდით. ყოფილა შემთხვევები, წაგებული მატჩის შემდეგ დაუკრავთ ჩვენთვის ტაში და - პირიქითაც. მახსოვს, ერთხელ ძნელი მატჩი მოვიგეთ თბილისში, მაგრამ გივი ჩოხელს არ გამოუვიდა თამაში. შეხვედრის დამთავრების შემდეგ მთხოვა გივიმ - მამაჩემი შენი მანქანით წაიყვანე სახლშიო. გზაში ბატონი დიმიტრი, ეს დინჯი კახელი კაცი მეუბნება, - ბიჭო, სიომა, ჩემს შვილს უთხარი, ფეხბურთს თავი დაანებოსო. გამიკვირდა, - რატომ-მეთქი? - ჩემი ცოლი ერთი გამხდარი ქალია და ლამის მთელმა სტადიონმა გადაუარა გინებით, არ მინდა, თავი დაანებოსო.

- ჩვენმა "დინამომ" კლუბის არსებობის ისტორიაში საბჭოთა კავშირის ჩემპიონატების ოქროს მედლების მოპოვება სულ ორჯერ შეძლო. პირველად ჩემპიონის ტიტულს 1964 წელს, თქვენი თაობა დაეუფლა. თუმცა ზოგი იმასაც ამბობს, მაშინ საბჭოეთის მთავარი "ბოსი" ნიკიტა ხრუშჩოვი მოხსნეს და "დინამოც" იმიტომ გახდა ჩემპიონიო.

- ხრუშჩოვი მართლა ცოტა ხნით ადრე გაათავისუფლეს პოსტიდან, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, ჩვენ მთელი ჩემპიონატის მანძილზე ერთთავად სულ ლიდერებში ვიყავით. ფეხბურთის საკავშირო ფედერაციაც გვარიანად გვებრძოდა. ბოლო ტურის მატჩი თბილისში, კიშინიოვის "მოლდოვა" გვქონდა. მათ უკვე აღარაფერი არ შველოდათ, რომც მოეგოთ ჩვენთვის, უმაღლესი ლიგიდან მაინც ვარდებოდნენ. თავი გაიგიჟეს, ბოლომდე გვებრძოდნენ. თამაში უკვე მთავრდებოდა, გამარჯვების გოლის გატანა რომ შევძელი და 1:0 ძლივს მოვიგეთ. შეხვედრის მერე ვკითხეთ მიზეზი. აღმოჩნდა, რომ მოსკოვში, საკავშირო ფედერაციაში შეჰპირებიან, "დინამოს" თუ ერთ ქულას მაინც დააკარგვინებთ, უმაღლეს ლიგაში დაგტოვებთ, სპორტის ოსტატების წოდებას მოგანიჭებთ და საზღვარგარეთ ტურნეშიც გაგიშვებთო. ჩვენ რომ ფრედ გვეთამაშა, მოსკოვის "ტორპედო" ხდებოდა ჩემპიონი, მაგრამ მოვიგეთ და ტორპედოელებთან ერთად, ქულათა თანაბარი რაოდენობა მოვაგროვეთ. დებულების თანახმად, პირველად საბჭოთა ფეხბურთის ისტორიაში, დაინიშნა დამატებით, "ოქროს მატჩი". რაღა თქმა უნდა, მოედანი ნეიტრალური უნდა ყოფილიყო, მოსკოვმა კი ლენინგრადი შემოგვთავაზა. საქართველოს სპორტკომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი სიხარულიძემ სამაგიეროდ ქუთაისი შესთავაზა, - ნოემბერში აქ უკეთესი ამინდებიაო. საბოლოოდ, ტაშკენტი შეარჩიეს.

თავიდან უზბეკი გულშემატკივრები "ტორპედოელებს" ქომაგობდნენ, მაგრამ ილია დათუნაშვილმა პირდაპირ კუთხურიდან რომ ჩაახვია ბურთი ედუარდ შაპოვალენკოს კარში, დამატებით დროში კი 2:1 დავწინაურდით კიდეც, ტრიბუნები უკვე ჩვენ გვიჭერდნენ მხარს. გახსოვთ ალბათ, საბოლოოდ 4:1 გავიმარჯვეთ და პირველად გავხდით საბჭოთა კავშირის ჩემპიონები. მანამდე ჩემპიონები მხოლოდ მოსკოვის გუნდები ხდებოდნენ, მხოლოდ ერთხელ მისცეს კიევის "დინამოს" ტიტულის მოპოვების უფლება. ეს დაუწერელი კანონი იყო. ამიტომაც არის ის ჩვენი გამარჯვება ასეთი მნიშვნელოვანი.

გოგი ფრანგიშვილი