გვემუქრება თუ არა ტერორისტთა იერიში? - გზაპრესი

გვემუქრება თუ არა ტერორისტთა იერიში?

რეგიონში მიმდინარე დაძაბული მოვლენების ფონზე, ხომ არ ემუქრება საქართველოს მსგავსი პრობლემა და რა უნდა გააკეთოს ჩვენმა ხელისუფლებამ, რომ რაიმე სახის საომარ მოქმედებებში არ მოუწიოს ჩაბმამ? გვემუქრება თუ არა ტერაქტების საფრთხე? უნდა ჩაიკეტოს თუ არა საზღვრები პრობლემების თავიდან ასაცილებლად? უსაფრთხოების რა ზომებს უნდა მივმართოთ? - ამ შეკითხვებით საზოგადოების რამდენიმე წარმომადგენელს მივმართე:

თემურ ბროლაძე, იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი:

- ჩემი აზრით, საჭიროა საზღვრის დაცვის დეპარტამენტის გაძლიერება, უნდა დაემატოს ახალი ბლოკ-პოსტები, ასევე უნდა გაძლიერდეს და განხორციელდეს აეროპორტებისა და საზღვაო პორტების მკაცრი კონტროლი, მეტი ყურადღება მიექცეს შემოსულ ტურისტებს, ჩაიწეროს ყველა მათგანის მომავალი ადგილსამყოფელი - სასტუმროსი თუ მასპინძლის... რაც შეეხება ტერორისტულ დაჯგუფებებს, მოგეხსენებათ, ეს ძალიან დიდი ბიზნესია, სადაც ახალი შეიარაღება გამოიცდება და სადაც კარგად გაწვრთნილი სპეცსამსახურის თანამშრომლები არიან. ისიც მსმენია, რომ მათ ისევ და ისევ წამყვანი სახელმწიფოები აფინანსებენ. ამიტომ, საქართველო მათი მსხვერპლი რომ არ გახდეს, შიდა დაცვის უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მისაღები, საჭიროა სახმელეთო და საჰაერო საზღვრების გაძლიერება და მკაცრი კონტროლი, უმაღლესი ტექნიკური აღჭურვილობით უზრუნველყოფა. უნდა გამოცხადდეს, რომ საქართველო ნეიტრალური კურსის მატარებელი ქვეყანაა. ჩემი აზრით, სასურველია, რომ სიტუაციის ჩაწყნარებამდე საზღვრები ჩაიკეტოს და ყველა ქვეყანასთან სტრატეგიული პარტნიორობის გრძელვადიანი ხელშეკრულება დაიდოს, რომელი ქვეყანაც იმ პირობებს დაეთანხმება, მასთან საზღვარი გაიხსნას და უვიზო მიმოსვლა განხორციელდეს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ის ქვეყანა ეკონომიკურად და პოლიტიკურად სტრატეგიული პარტნიორია. საქართველო უნდა გახდეს მხოლოდ და მხოლოდ აგრარული და ტურისტული ქვეყანა.

ლევან ლომსიანიძე, ექიმი:

- ვფიქრობ, ამ სიტუაციაში საზღვრების ჩაკეტვა გამოსავალი ნამდვილად არ არის. პირიქით, ეს ჩვენს ეკონომიკას ძლიერ დარტყმას მიაყენებს. ჩემი აზრით, ხელისუფლებამ ზომიერი პოლიტიკა უნდა აწარმოოს, პროვოკაციებს არავითარ შემთხვევაში არ აჰყვეს და ცივილიზებული სამყაროსკენ აღებული კურსი გააგრძელოს; კრიტიკული სიტუაციის სამართავად, გააძლიეროს და მუდმივ მზადყოფნაში ჰყავდეს უშიშროება და სხვა ძალოვანი სტრუქტურები, რადგან დაზღვეულები არაფრისგან ვართ. მაქსიმალურად უნდა ჰყავდეს ინფორმირებული და მომზადებული მოსახლეობა, მსგავსი კრიტიკული სიტუაციის შემთხვევაში პანიკის თავიდან ასაცილებლად.

როდამ მახარაძე, სამართალმცოდნე:

- დავიწყებ იქიდან, რომ ჩემი აზრით, საქართველო არ არის ტერორისტებისათვის მიმზიდველი პლატფორმა. მსოფლიო ლიდერებისათვის ჩვენ პოლიტიკურად საინტერესო სცენა ვართ იმ თეორემით, რომ `საჭირო უნდა იყო~. მხოლოდ ამით ვაინტერესებთ! ჩემი აზრით, საქართველომ საზღვრები უნდა ჩაკეტოს და ნეიტრალური კურსის მატარებელ ქვეყნად გამოცხადდეს. თუ ეს არ შეგვიძლია, მაშინ საზღვრებს არ ვკეტავთ და მივყვებით დინებას, რაც, საბოლოოდ, ისევ უმისამართოდ ამოგვაყოფინებს თავს სადღაც, როგორც რამდენიმე საუკუნის წინ ამოვყავით თავი რუსეთის კალთის ქვეშ! რაც შეეხება ტერორიზმს, ეს ხელოვნური ცნებაა და ეს არ არის ხალხისმიერი ამბოხება! ამბოხებულები იმარჯვებენ ან მათ იჭერენ. ტერორისტები ყოველთვის `იმარჯვებენ~, რადგან ერთი უდანაშაულო ადამიანის სიკვდილიც კი მათთვის გამარჯვებაა. მე მაინც მგონია და იმედს ვიტოვებ, რომ საქართველოს ტერორისტული აქტები არ ემუქრება!

თამთა დადეშელი