"გლობალური ვითარება საქართველოსთვის მეტად სახიფათოა" - გზაპრესი

"გლობალური ვითარება საქართველოსთვის მეტად სახიფათოა"

ნიცაში მომხდარ ტერაქტს სამ ქვეყანაში განხორციელებული სამხედრო ამბოხი მოჰყვა... საფრანგეთის ტერაქტის შემდეგ, მსოფლიოს ყურადღება, 17 ივლისს საღამოს თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობამ მიიპყრო, რომელმაც რადიკალურად შეცვალა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს არსებული პოლიტიკური რეალობა...

თურქეთის მოვლენებიდან მეორე დღესვე, ერევანში პოლიციის შენობას თავს დაესხნენ ამბოხებულები და ადგილობრივი ოპოზიციონერის, ჟირაირ სეფილიანის გათავისუფლება და სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარგსიანის გადადგომა მოითხოვეს. მოლაპარაკებები კვლავაც უშედეგოდ გრძელდება... სომხეთის შემდეგ, არეულობის მცდელობა კიდევ ერთ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში მოხდა, - ალმა-ათაში პოლიციის შენობაზე თავდასხმას ორი ადამიანი ემსხვერპლა.

როგორ აისახება მსოფლიოში განვითარებული მოვლენები საქართველოზე და რა ძვრებს გამოიწვევს საგარეო პოლიტიკაში, ეს ის საკითხებია, რომლის გარშემო სპეციალისტები რამდენიმე დღეა მსჯელობენ.

ექსპერტთა ერთი ნაწილი, ამერიკასა და თურქეთს შორის ვითარების ესკალაციის შემთხვევაში, თურქეთის ნატოდან გარიცხვისა და ევროკავშირთან სიტუაციის გართულების ალბათობასაც არ გამორიცხავს... ექსპერტი პოლიტკურ საკითხებში გია ხუხაშვილი, თურქეთში გადატრიალების ჩახშობის შემდეგ, რეჯებ ტაიპ ერდოღანის მხრიდან რეგიონში სხვაგვარი პოლიტიკური კონფიგურაციის ჩამოყალიბებას ვარაუდობს.

გია ხუხაშვილი:

- მასშტაბებს განვასხვავდები და ამ ქვეყნებს ერთ სივრცეში არ დავაყენებდი - დავიწყოთ ყაზახეთითა და სომხეთით, - ამ ქვეყნებში მიმდინარე პროცესებს მე მაინც მაღალ ტემპერატურას ვუკავშირებ, რადგან ლოკალური ხასიათისაა და გლობალური პოლიტიკის ელემენტად არ მიმაჩნია, საფრანგეთისა და თურქეთისგან განსხვავებით. რაც შეეხება ნიცას, გარდა იმისა, რომ ძალიან დიდი ტრაგედიაა, მნიშვნელოვანია იმით, რომ მანამდე მომხდარი ტერაქტებისგან განსხვავებულია, - თუ აქამდე ტერაქტი ბომბებთან და იარაღთან ასოცირდებოდა, რისი კონტროლიც თეორიულად მაინც შესაძლებელია სპეცსამსახურების მიერ, ნიცაში მომხდარი ტერაქტის ფორმა ტერორიზმისგან დაუცველობის განცდას იწვევს, რადგან ასე ნებისმიერი ადამიანი შეიძლება შევარდეს ხალხში მანქანით და ამის კონტროლი შეუძლებელია... სავარაუდოდ, ევროსკეპტიციზმი, განსაკუთრებით "ბრექსიტის" ფონზე კიდევ უფრო გაძლიერდება. რადიკალურად განწყობილი ულტრამემარჯვენეები და ულტრამემარცხენეები უფრო გააქტიურდებიან და ევროპულ პოლიტიკაში მათი გავლენა გაძლიერდება, რაც საქართველოს კარგს არაფერს უქადის.

- ერდოღანის გარემოცვა ირიბად საუბრობს შეიარაღებულ ამბოხში ამერიკის როლზე.

- დიახ, უკვე საუბრობენ, რომ მოვლენები ამერიკის მიერ იყო ორგანიზებული. თუ ეს პროცესი თურქეთს რაღაც ტიპის თანამშრომლობისკენ უბიძგებს, ეს საქართველოსთვის საკმაოდ სახიფათო იქნება, რადგან თურქეთი იძულებული გახდება, დასავლეთს თანდათან დაშორდეს. რბილად რომ ვთქვათ, რუსეთსა და თურქეთს ძალზე მნიშვნელოვანი ინტერესები აქვთ საქართველოში. დეტალების განხილვას არ დავიწყებ, მაგრამ თუ ისინი რაიმე საკითხზე შეთანხმდებიან, თუნდაც შავი ზღვის უსაფრთხოების ფორმირებაზე, რაზეც ამ ბოლო დროს დასავლეთში დაიწყო საუბარი, ჩვენ ძალიან გონივრული, დაბალანსებული და უკიდურესად ფრთხილი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს. იმის გათვალისწინებით, რომ სახმელეთო საზღვარი ევროკავშირთან არა გვაქვს და კომუნიკაციის ერთადერთი საშუალება თურქეთია, მისი შეცვლილი პოლიტიკური ვექტორი (თუკი ასე მოხდა) ცუდად აისახება საქართველოზე, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური კუთხით... კიდევ ერთი: აქ მიმდინარე პროცესების კვალდაკვალ, სრულიად მოსალოდნელია, ამ ტალღამ თურქეთში კონსოლიდირებული ისლამისტური მოძრაობა გააძლიეროს. მოკლედ რომ ვთქვათ, მთელ ამ პროცესებში, ჩვენი ნაციონალური ინტერესებისთვის სახარბიელოს ვერაფერს ვხედავ. მეტიც, გლობალური ვითარება საქართველოსთვის მეტად სახიფათოა.

ლალი პაპასკირი