რა საშიშროების წინაშეა თბილისის მოსახლეობა - გზაპრესი

რა საშიშროების წინაშეა თბილისის მოსახლეობა

ამ ათიოდე დღის წინ თბილისში მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი დმანისში მდებარეობდა. მიუხედავად იმისა, რომ ის დიდი სიმძლავრისა არ იყო, მოსახლეობა საკმაოდ შეშინდა, ძალიან ბევრი ადამიანი ქუჩაში იყო გამოსული და განმეორების შიშით სახლში აღარ შედიოდა. ამ მოვლენამ კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ "ბუნება მბრძანებელია" და მის კანონებს ვერავინ შეცვლის. რამდენად რეალურია ძლიერი მიწისძვრის ალბათობა საქართველოში და თბილისში, რომელიც სეისმურად აქტიურ ზონად არის მიჩნეული? - ამ თემაზე თსუ-ის გეოფიზიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, სეისმური საშიშროებისა და კატასტროფების რისკის სექტორის ხელმძღვანელი - ნინო წერეთელი გვესაუბრება:

- დღეს მსოფლიო დაბალი, საშუალო და მაღალი სეისმოაქტიურობის ზონებად არის დაყოფილი. საქართველო სეისმურად აქტიური ზონაა, მაგრამ ეს არის საშუალო ზონა. ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია მეგამიწისძვრების შესახებ. ძლიერი მიწისძვრების განმეორების პერიოდი კი, ჩვენთან საშუალოდ 1000 წელია, ეს მაშინ, როდესაც თურქეთში, ირანში ან იაპონიაში ასეთი მიწისძვრები რამდენიმე ათეულ წელიწადში ერთხელ ხდება. თბილისი 8-ბალიან ზონას მიეკუთვნება. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ არის ალბათობა, თბილისში 8-ბალიანი მიწისძვრა მოხდეს, რომელიც ზოგიერთ ადგილას 9 ბალის სიმძლავრისა იქნება. რა თქმა უნდა, მიწისძვრის ზუსტ დროს ვერავინ იტყვის.

- რის საფუძველზე მიიღეს მეცნიერებმა ასეთი დასკვნა?

- თუნდაც ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით: საერთოდ, ძველ მიწისძვრებზე ინფორმაცია მწირია, მაგრამ მემატიანეები საკმაოდ კარგად აღწერენ იმ მიწისძვრებს, რომელიც დასახლებულ პუნქტებს დიდ ზიანს აყენებდა. გეოფიზიკის ინსტიტუტში ისტორიულ მიწისძვრებზე ძალიან კარგი კვლევა გვაქვს ჩატარებული, სულ 44 მიწისძვრა შევისწავლეთ, რომელიც 1900 წლამდე მოხდა. ძალიან საინტერესოა მცხეთის მიწისძვრა, რომელიც "დიდოსტატის მარჯვენაშია" აღწერილი. რამდენიმე თარიღი არსებობს და ერთ-ერთი თარიღია 1275 წელი. ჩვენ გვქონდა ისტორიული და არქეოლოგიური წყაროები, აღწერილობა, თუ როგორ დაინგრა მაშინდელი მცხეთა, როგორ დაზიანდა სვეტიცხოველი - ამ ყველაფერზე დაყრდნობით განისაზღვრა მიწისძვრის მაგნიტუდა, ბალიანობა და მისი კერა. თანამედროვე მეთოდებით შევისწავლეთ ეს მონაცემები და მივედით იმ დასკვნამდე, რომ ეს მიწისძვრა თბილისს 8-ბალიან ზონაში აქცევს. მიწისძვრის სიმძლავრე ეპიცენტრში ანუ მცხეთაში 8,5 ბალი იყო. დადგენილია, რომ იქ, სადაც მიწისძვრა ერთხელ მაინც მომხდარა, აუცილებლად განმეორდება.

- ეს მეცნიერებმა ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით დაასკვნეს?

- დიახ, გეოფიზიკის ინსტიტუტში ეს საკითხი საფუძვლიანად შევისწავლეთ. ამის დასტურად კიდევ ერთ მაგალითს მოგიყვანთ: ჩვენი წელთაღრიცხვით 85 წელს მოხდა ბებნისის მიწისძვრა, რომლის კერაც ძალიან ახლოს იყო გორთან. ამ დასკვნამდე ცნობილი მეცნიერი, იულონ გაგოშიძე მივიდა. ჩვენ მისი მონაცემები შევკრიბეთ და დავადგინეთ, რომ ეს კერა ახლოს არის 1920 წელს გორში მომხდარი მიწისძვრის ეპიცენტრთან. მეცნიერები სწორედ ამგვარ მონაცემებზე დაყრდნობით ასკვნიან, რომ იქ, სადაც ერთხელ უკვე მოხდა მიწისძვრა, მეორედაც განმეორდება. როგორც უკვე გითხარით, მიწისძვრის განმეორების სიხშირე საშუალოდ 1000 წელია, თუმცა ამ შეფასებას ცდომილებებიც ახლავს. ცდომილება შეიძლება იყოს 300 წელიწადი, რაც იმას ნიშნავს, რომ მცხეთაში ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს ძლიერი მიწისძვრა, რომელიც ძალზე საშიში იქნება როგორც მცხეთის, ასევე თბილისისთვის, რაც პირველ ყოვლისა, მშენებლებმა უნდა გაითვალისწინონ.

- ჩვენი სახლები თუ არის მზად ძლიერი მიწისძვრისთვის?

- ჩვენი სახლები და კორპუსები აბსოლუტურად არ არის მზად იმ გამოწვევისთვის, რომლის წინაშეც საქართველო და კერძოდ, თბილისი დგას. საქმე ის არის, რომ 1992 წლამდე სეისმური საშიშროება 7 ბალზე იყო გათვლილი და მთელი თბილისი არასწორად არის ნაშენები. წესით, აქ ყველა შენობა 8-ბალიან მიწისძვრაზე უნდა იყოს გათვლილი. ასევე არასწორად არის გათვლილი ახალი პარამეტრიც - ნიადაგის გადაადგილების პიკური აჩქარება, რომელიც ძალიან საყურადღებოა, რადგან შენობის დაპროექტება დღეს მსოფლიოში ამ პარამეტრის მიხედვით ხდება. ჩვენთან მშენებლობები არასწორი პარამეტრების მიხედვით მიმდინარეობს. გეოფიზიკის ინსტიტუტი ამის შესახებ უკვე რამდენიმე წელია აფრთხილებს შესაბამის უწყებებს, მაგრამ დღემდე არაფერი შეცვლილა. თუნდაც იგივე ნენსკრაჰესი - ისიც არასწორად გათვლილი პიკურ აჩქარების მიხედვით არის დაპროექტებული, ჩვენ ამის შესახებაც ვაცნობეთ გარემოს დაცვის სამინისტროს, მაგრამ პასუხი ჯერ კიდევ არ მიგვიღია. არ ვიცით, თავს არიდებენ და მშენებლობის გაძვირება არ სურთ, თუ საშიშროებას ბოლომდე ვერ აცნობიერებენ. ახლახან, 12 ივლისს რომ მოხდა, ეს იყო მიწისძვრა, რომლის მაგნიტუდა მხოლოდ 4,8 გახლდათ, ასეთი მიწისძვრები იქ, სადაც სწორად ნაშენები კორპუსებია, არც კი იგრძნობა. ჩვენ უნდა ვიცოდეთ ერთი რამ: მიწისძვრა არ არის რაღაც ზებუნებრივი, არაჩვეულებრივი მოვლენა, ის დედამიწას ახასიათებს, ყოველთვის ხდებოდა და მომავალშიც მოხდება, უბრალოდ მას საიმედოდ ნაშენები ქალაქებითა და დაბებით უნდა შეხვდე. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ დასავლეთ საქართველო, განსაკუთრებით კი აჭარა, სეისმურად ნაკლებად აქტიური რეგიონია, მაგრამ ჰესები, რომლებიც იქ აშენდა, ასევე არასწორი პარამეტრების მიხედვით არის აგებული, რაც შესაძლოა საშიშროების წყაროდ იქცეს.

- რატომ მოჰყვა ძალიან დიდი მსხვერპლი სპიტაკის მიწისძვრას?

- სხვათა შორის, კავკასიაში ყველაზე დიდი მიწისძვრა რაჭის მიწისძვრა იყო, რომელიც 1991 წელს მოხდა, უბრალოდ, გაგვიმართლა, რომ მისი ეპიცენტრი მჭიდროდ დასახლებულ ადგილას არ ყოფილა. მიუხედავად ამისა, მსხვერპლი მაინც იყო. რაც შეეხება სპიტაკის მიწისძვრას, რომელიც 1988 წელს მოხდა, მისი მაგნიტუდა იყო 6,9 ეს მაშინ, როდესაც რაჭის მიწისძვრის მაგნიტუდა 7 იყო. სპიტაკში მსხვერპლი გაცილებით დიდი იყო, რაც არასწორად ნაშენებ საცხოვრებელ სახლებს უნდა დავაბრალოთ. ამან გამოიწვია დიდი ნგრევა და მსხვერპლი. ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ საბჭოთა კავშირში სეისმური საშიშროების განზრახ შემცირება ხდებოდა: მაგალითად, სპიტაკში 10-ბალიანი მიწისძვრა დაფიქსირდა, მაგრამ იქ მშენებლობა 7 ბალზე იყო გათვლილი.

- ქალბატონო ნინო, რატომ ხდებოდა ეს?

- იმიტომ, რომ ბალიანობის აწევა მშენებლობის გაძვირებას იწვევს. მაშინდელი გათვლებით ბალიანობის ერთი ერთეულით გაზრდა მშენებლობის 2-3-ჯერ გაძვირებას იწვევდა და სახელმწიფოს მშენებლობა ძვირი უჯდებოდა. ამიტომ მოსკოვი მაღალ სეისმურობას არ ამტკიცებდა და ყოველთვის ცდილობდა ბალიანობის ჩამოფასებას. სპიტაკის მიწისძვრამ 25 ათასამდე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ეს თავისი შედეგებით ერთ-ერთი ყველაზე კატასტროფული მიწისძვრა იყო. რა თქმა უნდა, ვერ შეედრებოდა 1960 წლის ჩილეს მიწისძვრას, რომლის მაგნიტუდა 9,5 იყო, ვერც 1964 წელს მომხდარ ალასკას მიწისძვრას, რომლის მაგნიტუდა 9,2 იყო - ჩილესა და ალასკაში მსხვერპლიც გაცილებით დიდი იყო, რადგან ორივე ადგილას მეგამიწისძვრა მოხდა. ზუსტად ასრულდა ერთი ძალიან კარგი გამოთქმა: "მიწისძვრა არ კლავს, კლავს შენობები!"

- 2002 წელს თბილისში მომხდარ მიწისძვრაზე რას გვეტყოდით?

- 2002 წლის თბილისის მიწისძვრის სიმძლავრე 4,5 მაგნიტუდა იყო. სულ 6 ადამიანი დაიღუპა, ეკონომიკური ზარალიც ძალიან დიდი იყო. ეს მიწისძვრა თბილისს საერთოდ არ უნდა ეგრძნო, საცხოვრებელი ბინები ნორმალურად რომ იყოს ნაშენები.

- თუ არსებობს ერთგვარი "ოქროს წესი" - როგორ უნდა მოვიქცეთ მიწისძვრის დროს?

- არის ასეთი გამოთქმა: თუ მოასწარი და გაიაზრე, რომ მიწისძვრაა, ეს ნიშნავს, რომ გადარჩი, რადგან ყველაფერი წამებში ხდება. ეს წესები თითქმის ყველამ ვიცით: არ უნდა დადგეთ კიბესთან, რისკის უბნებთან, თუ ახლოს ძლიერი მაგიდა გეგულებათ, მის ქვეშ უნდა შეიმალოთ, რადგან რაიმეს ჩამოვარდნის შემთხვევაში, უფრო დაცული იქნებით. ასევე კარგია კარის ზღურბლთან დადგომა, მაგრამ ვიმეორებ: ამ ყველაფრის წამებში მოსაზრება ძალიან რთულია.

ხათუნა ჩიგოგიძე