იმერული ესკიზები - რაში იყენებდნენ ძველად საფლავზე შეგროვებულ "ვენოკის" ლენტებს - გზაპრესი

იმერული ესკიზები - რაში იყენებდნენ ძველად საფლავზე შეგროვებულ "ვენოკის" ლენტებს

იმერეთს ყველაზე კარგად, დავით კლდიაშვილი და ნანა მჭედლიძე აღწერდნენ. მათ ნაწარმოებებში შესაძლოა, ვინმემ დაცინვა დაინახოს, მაგრამ ორივეს მხოლოდ სიყვარული ჰქონდა იმერლებისა და იმერეთის. "იმერული ესკიზები" თუ ვინმეს ერთხელ მაინც უნახავს, აუცილებლად დაამახსოვრდება მიცვალებულის დატირებისა და "აღდგომის" მომენტი. ამ წერილშიც დაკრძალვის ცერემონიებზე გვექნება საუბარი, რომელშიც კომიკური ელემენტებიც გამოჩნდება და ტრაგიკულიც.

ჯერ ისევ დაწყებითი კლასების მოსწავლე ვიყავი, როცა მშობლებმა ხარაგაულის "პუტიოვკა" გამომიწერეს, - ბებიას ხმას მაინც გასცემ და თან, დაისვენებო. ჩემდა იღბლად, იქ ჩასვლისას მშრალი ამინდები დაიჭირა. დილა-საღამოს პირღია წითელ ძროხას, საკმაოდ ადამიანური სახელი - გოგონა რომ ერქვა, ბებიასთან ერთად, ბიჭიკოს აკაციების "გვერდოში" ვაძოვებდით, შუადღეზე დავარწყულებდით და თავზე საყრელ დროს წიგნების კითხვაში ვატარებდი. ბებიაჩემის მცირე ბიბლიოთეკა ჩემს მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებდა. ერთხელაც, უზარმაზარი კაკლის ქვეშ, ჭილობზე მწიფე ლეღვივით დავეტყეპე და ხელში ვერა ჩაპლინას "ჩემი ოჯახი და ცხოველები" ავიღე. ჭრიჭინები, რომლებსაც ადგილობრივები რატომღაც, ნემსიყლაპიებს ეძახიან, გულისწამღებად ჭრიჭინებდნენ და მყუდროებას არღვევდნენ. მალე მათ ხმას ისე შევეჩვიე, რომ ვეღარც ვგრძნობდი. უცებ, სრულიად მოწმენდილ ცაზე მეხის გრგვინვა გაისმა და გაოცებულმა ცას დავუწყე ცქერა, მაგრამ საავდრო არაფერი ჩანდა. პატარა, სულამომხდარი მდინარის გაღმა, სოფლის მასშტაბით ფრიად სახელოვანი კაცი გარდაცვლილა და მის პატივსაცემად "დუხავოი ორკესტრი" პირველ აკორდებს ამოწმებდა თურმე. გაოცებულს ბებიამ ამიხსნა, რომ ხარაგაულში სასულე ორკესტრი აუცილებელია მაშინ, თუ კარგი მოზარე არ ჰყავდა მიცვალებულს. დაკრძალვის დღეს კი, სუფრას ძირითადად, კაცები ემსახურებოდნენ, ხოლო სტუმრებისგან "გაჩანაგებული" მაგიდები ხარაგაულიდან ამოყვანილ რუს "უბორშიცებს" უნდა გაესუფთავებინათ, ჭურჭელი დაერეცხათ და სუფრები ქლორიან მდუღარე წყალში გამოეხარშათ. მერე ამ "უბორშიცებს" აღერღეტებული და ღვინონასვამი კაცები თავს აბეზრებდნენ, იყო ტკვარცალი და გნიასი! ვიღას ახსოვდა თურმე მიცვალებული! მთელი კვირა ისმოდა მდინარის გაღმიდან სასულე ორკესტრის ხმა, რომელსაც დროდადრო, უზარმაზარი ქვაბის სახურავების მსგავსი ლითონის ფირფიტების "შემოლაწუნება" ჟღერადობას მატებდა. მიდიოდნენ ჩამწკრივებული კაცები ხვნეშით, კოსტიუმებსა და შავ ფეხსაცმელებში გამოწყობილები, ქალებს რუხი ან შავი კაბები ეცვათ, თავზე ქოლგები წამოეფარებინათ და გზაში არკვევდნენ, ვინ უნდა შესულიყო პირველ მოტირლად. პარალელურად, ათას ამბავს აცნობდნენ ერთმანეთს: ვის ჰყვარობდა მზია, ვის მოჰპარა შეშა ვახტანგიამ და წელს თხილის მოსავალი ჯობდა თუ კაკლის. ამ ყველაფერს ჩემ თვალწინ, კინოკადრებივით უწევდა ჩავლა, რადგან ჩვენი ეზო შარაგზის პირზე იყო...

ნიკო რომ მოკვდა, მისმა ოჯახმა დიდი ამბით დაიტირა "უდროოდ გარდაცვლილი", 90 წელს ბევრად გადაცილებული მოხუცი. "დიდებული კაცი იყო, დიდებული, - მოთქვამდა ელიშა: - ეგ რომ თავზე სწორ ბოთლს (სწორი ბოთლი თურმე, ზუსტ ლიტრიან ბოთლს ერქვა, რომელშიც ადრე მინერალურ წყალს აფასოებდნენ) დაიდგამდა და სკამზე იცეკვებდა, მის ნახვას არაფერი სჯობდა".

სამეზობლოს გარდა, ნიკოს სიძეებისა და რძლების სანათესავოც დასტიროდა; ყასიდად თუ გულით, ეს რა მოსატანია, როცა რკინიგზის სადგურიდან ცხრაკილომეტრიან აღმართს ბაწარივით ამოუყვებოდნენ და მერე ისევ იმავე დღეს, იმავე გზას ოფლის წურვით ჩაუყვებოდნენ. გასვენების წინა "მთელ დღეს" (იმერეთში სამშაბათი, ხუთშაბათი და შაბათ-კვირაა "მთელი"), ყველაზე მეტი ადამიანი მიდის პანაშვიდზე. ნიკოს შთამომავლობაც ამ დროს ტაქტიკურად იქცეოდა: ყოველ ნაკადს ერთი ჭირისუფალი შეეგებებოდა ტირილით: "ნიკოოო, შენ ასე არ გიყვარდააა, ადექი, კაცო, სტუმრები მოვიდნენ, ქოცო (პატარა ჭური) მოხადე, ქათამი დაკალი და პატივი ეციიი!" ნიკო არც ქოცოს მოხდას აპირებდა, არც საქათმეს მიადგებოდა ყვინჩილის გამოსაყვანად. ალოობის დრო იყო და მიცვალებულის სახლის ახლოს, ოლიფანტე ყანას ხნავდა. წესით, როცა უბანში მიცვალებულია, მაშინ "მიწაზე მუშაობა არ ვარგა", მაგრამ ამის კომუნისტ თავმჯდომარეს არ სჯეროდა და მაინც ჰქონდა განკარგულება გაცემული ყანების ხვნაზე.

შორიდან მოსულ დამწუხრებულ ნათესაობას, თავკაცი აქცევდა ყურადღებას: ორი ჭიქა დალიეთ, ცხონებულის სულის მოსახსენებლად და ლუკმა გაღეჭეთო. ქუხნა-სახლში, სადაც თაგვი კუდს ძლივს მოიქნევდა, ორი ახალგაზრდა ქალი "ხარჯს" (მეზობლებისგან მიტანილ სადილს) მაგიდაზე აწყობდა და მოსულებს სთავაზობდნენ ლობიოს, ყველს, შეცივებულ მჭადებსა და მწნილს. ყოველი ნაკადის დაპურებისას, ნიკოს შვილიშვილი - ფირუზა გადაადგებოდა ყანის თავს და, "ფატუა ბაბუაააა, ბაბუაა", - გასძახებდა ოლიფანტეს. ოლიფანტემ იცოდა, რომ ხარებისთვის "ნეიშო" უნდა ეთქვა და მოსულებისთვის სუფრაზე ღვინო შეეთავაზებინა, ეთამადა. ხუთი ნაკადი რომ გაისტუმრა და მოსაღამოებულზე ფირუზამ კიდევ გადასძახა ოლიფანტეს, გამწარებულმა გუთნისდედამ პირაქეთ ამოჰყვირა, - გინდათ, ბაბუათქვენს მიმაწიოთ, ხო? რომელი აღმაშენებელი ეგ იყო, რო ვეღარ მოამთავრეს ეს პანაშვიდი? ადგეს და თავად დალიოს ახლა ღვინო, თუ კაიაო, - და ხარებს გაბრაზებულმა გადაჰკრა თხილის წკეპლა...

იმერეთში, რა გინდ უხეირო გარდაიცვალოს, სუფრას ისეთ თამადას მიუჩენენ, სიტყვებისთვის ჯიბეში რომ არ უწევს ხელის ჩაყოფა. მისი სადღეგრძელოების მერე ქირქილებენ სუფრის წევრები: ამფერი სიტყვები საბრალოს სიცოცხლეში რომ მოესმინა, რა მოკლავდა შავ ვარსკვლავზე გაჩენილსო. ერთხელაც ისეთი ქალის "ორმოცი" იყო, ხუთი გვარის შვილი რომ ჰყავდა და ციხეც ჰქონდა "მოხეხილი", კაცისკვლის ბრალდებით. მრავალგვაროვან შთამომავლობას მრავალფეროვანი სუფრა ჰქონდა გაშლილი. ახალი შემოსული იყო "ბანანის კულტურა" და კარლოს გვერდით მჯდომმა ზაურამ იკითხა: "დედასა, ეს არის ისი, რო აქებენ, მაიმუნების საჭმელს?!" მერე ჯიბიდან კარგად ალესილი ჯაყვა დააძრო და ძეხვისებურად დაჭრა თეფშზე გაუტყავებელ-გაუქერქავი ხილი... კარლომ ერთს ხელი დაავლო, პირში ჩაიტენა და ხილის გული გარეთ გადმოუვარდა. ქერქი ქათქათა კბილებით (ხუმრობდა ხოლმე, კბილები იმიტომ მაქვს თეთრი, ტყემალს ვჭამ ხშირად - ეს შაბიამანს აცილებს ტანსაცმელს და კბილს გააკრიალებს, აბა, რა იქნებაო?!) დაღეჭა, ძლივს გადაყლაპა და ჩაიბურტყუნა: ქართველებს რავა ყველაფერი იმპორტული მოსწონთ, რა საჭმელია ახლა ესო?!

ეს ამბავი კი ქუთაისელი ხანდაზმული ქალბატონის მონათხრობია, რომლის ოჯახიც ქალაქის სასაფლაოს ახლოს ცხოვრობდა:

"პროცესია რომ ჩამოივლიდა, წითელდროშიანი კაცი მოუძღვებოდა ხოლმე (სულ ერთი და იგივე, დაბალი კაცი, სახელი აღარ მახსოვს), მერე მოჰქონდათ მიცვალებულის გადიდებული სურათი და უშველებელი "ვენოკები", წარწერიანი ლენტებით. მერე მოაბიჯებდა სასულე ორკესტრი და უკან მოჰყვებოდნენ ჭირისუფლები. უბნის ბავშვები შორიახლოს ჩასაფრებული ვიყავით. როგორც კი უკანასკნელი ჭირისუფალი დატოვებდა სასაფლაოს, მაშინვე ვეცემოდით საფლავის მიწაყრილზე დახვავებულ გვირგვინებს და გაიმართებოდა ერთი ზედახორა ზედ შებმული ატლასისა თუ აბრეშუმის ლენტების ხელში ჩასაგდებად. ჩვენ ვაგროვებდით, მერე უფროსები გამოხარშავდნენ ხოლმე, გააუთოებდნენ, ქსოვილებს ერთმანეთზე მიაკერებდნენ და საბნის შალითებს ("ჩიხოლებს") გამოიყვანდნენ. მაშინ დიდი გაჭირვება იყო, ლოგინის თეთრეული იოლად როდი იშოვებოდა. ჰოდა, ჩვენი "მონაპოვრით" ოჯახის მარაგი დროდადრო შეივსებოდა ხოლმე. მახსოვს, გამოხარშვის მიუხედავად, შალითას შერჩენილი რომ ჰქონდა ცალკეული ასოები, სიტყვები და ფრაზებიც კი. ვთქვათ, ასეთი: "დავსტირით ძვირფას ელპიტეს. დამწუხრებული ოჯახი". გვეხურა ეს შალითები და ვკითხულობდით ამ წარწერებს, გართობის ერთგვარი სახეც კი იყო ეს ჩვენთვის. კიდევ ის მახსოვს, დიდი სარეცხი ქვაბი რომ გვქონდა, რომელშიც დედა "ვენოკების" ლენტებს ხარშავდა. სხვა ოჯახებშიც იყო ასეთი ქვაბები.

ქრისტიანულ სასაფლაოზე ხომ ასე ხდებოდა, ახლა მეორე მხარეს, მეზობლად, ებრაელთა სასაფლაოზე უნდა გენახათ სეირი. ებრაელებს ერთი უცნაური წესი ჰქონდათ: სასაფლაოდან რომ გამოვიდოდნენ, ხელს დაიბანდნენ ხოლმე და საგანგებოდ ამ მომენტისათვის ნაყიდი, ლამაზი და უშველებელი, გატკიცინებული ცხვირსახოცებით შეიმშრალებდნენ, მერე კი მათ ძირს დაყრიდნენ. როგორც კი ბოლო ებრაელი ჭიშკრიდან გავიდოდა, ვიხუვლებდით ბავშვები და შევესეოდით ცხვირსახოცების გროვას, ერთმანეთს ვგლეჯდით ხელიდან.

50-იანი წლების დამდეგი იყო მაშინ..."

მიცვალებულის ადგომაც ახსოვთ ჩემს სოფელში. ჭიათურის მორგიდან ურმით მოსვენებულ კოლია გვალიას მშობლიურ ჰაერზე, უბნის შესასვლელში წამოუხედავს. "მკვდრეთით მის აღდგომას" გამყოლები დაუფეთებია, ცალკე - ურემში შებმული ხარები დაუფრთხია გამცილებელთა თავზარდამცემ ყვირილს. ფაქტი კი ის არის, რომ კოლიას ამის მერე კოლექტივშიც უმუშავია და სახლის გადაღმით ხელისგულისოდენა ვენახშიც ბევრჯერ გადაუბრუნებია ბელტები.

როლანდ ხოჯანაშვილი