"შავი წერტილები~ საქართველოს გზებზე და საგანგაშო სტატისტიკა - გზაპრესი

"შავი წერტილები~ საქართველოს გზებზე და საგანგაშო სტატისტიკა

ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკა საგანგაშოა. სამწუხაროდ, არაერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა გადაჭარბებულ სიჩქარეს, არასწორ მანევრირებას, საგზაო ნიშნების უგულებელყოფასა თუ სხვა სახის საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას.

რამდენიმე დღის წინ მომხდარი ავარიის მიზეზებს ძალოვანები იკვლევენ, მაგრამ ფაქტია, შედეგი უმძიმესია. ვერც ანანო ბუაძის გადარჩენა შეძლეს ექიმებმა, რამდენიმედღიანი ბრძოლის მიუხედავად, მერაბ კვირიკაშვილის მეუღლე საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამ ავარიამ მთელი საქართველო შეძრა. იმ საბედისწერო დღეს ერთმანეთის საპირისპიროდ მიმავალი ორი ავტომობილი ისე ძლიერად შეეჯახა ერთმანეთს, რომ "ნისან ტიდაში~ მყოფი სამი მგზავრი: 25 წლის ნუცა კალანდარია, მისი მეუღლე, 26 წლის გიორგი (სკირა) პაპასკირი და მათი უახლოესი მეგობარი, 25 წლის ანი ჩხაიძე ადგილზე დაიღუპნენ. "ბმვ-X5~ მარკის ავტომანქანაში მყოფი მგზავრები: რაგბის ეროვნული ნაკრების წევრი მერაბ კვირიკაშვილი და მისი მეუღლე, ანანო ბუაძე, გუნდ "ლელოს~ მოთამაშე გიორგი ლომინაძე და მისი ფეხმძიმე მეუღლე, ნუცა გუნცაძე უმძიმესი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. 26 წლის გიორგი ლომინაძეს სერიოზული დაზიანება აქვს. ექიმების თქმით, მდგომარეობა დასტაბილურდა და მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა ნუცა გუნცაძისთვის ნაყოფის შენარჩუნება, ის 16 კვირის ფეხმძიმე იყო, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კი საბედნიეროდ, გამოსწორდა. თუმცა, ცოლ-ქმარი ისევ რჩება საავადმყოფოში. კლინიკიდან უკვე გაწერეს მორაგბე მერაბ კვირიკაშვილი, რომელიც საშინლად განიცდის მომხდარ ტრაგედიას.

კიდევ ერთი ტრაგედია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურში მოხდა, ავტოსაგზაო შემთხვევას იქ 4 ადამიანი შეეწირა. ლუგელას ხეობაში მორებით დატვირთული ავტომანქანა "კამაზი~ ხეს შეეჯახა და ამოტრიალდა. მანქანაზე 12 ადამიანი იმყოფებოდა, დემურ ჯოლოგავა, გივი საჯაია, ლაშა კვარაცხელია და გელა ბარძიმაშვილი ადგილზე დაიღუპნენ. ხუთი მგზავრი, რომლებიც მანქანის ძარაზე იმყოფებოდნენ, დაშავდნენ, მათგან ორი მძიმე მდგომარეობაში ამ დრომდე საავადმყოფში რჩება. 3 მგზავრი კი არ დაშავებულა. ფაქტს სამართალდამცავები იკვლევენ.

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ასევე თბილისში. ვარდების მოედანზე ერთმანეთს სამარშრუტო ტაქსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ ყვითელი სამარშრუტო ტაქსი ამოყირავდა. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს სამარშრუტო ტაქსიში 4 ადამიანი იმყოფებოდა, 1 მძღოლი და 3 მგზავრი. დაშავებულები მანქანის ფანჯრებიდან მოქალაქეებმა გადმოიყვანეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მიზეზების დადგენას გამოძიება ცდილობს.

არც გასულ კვირას ჩაუვლია მსხვერპლის გარეშე. ჩქაროსნული გზის თერჯოლა-სიმონეთის მონაკვეთზე მომხდარი ავარიის შედეგადაც დაიღუპა ადამიანი, რამდენიმე მგზავრი კი დაშავდა.

ფაქტების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. სპეციალისტები აცხადებენ, რომ მდგომარეობა ამ კუთხით საგანგაშოა. მთელი საქართველოს მასშტაბით არსებობს პრობლემური მონაკვეთები, სადაც ყველაზე ხშირია ავტოსაგზაო შემთხვევა. ამ მხრივ პირველ ადგილზეა თბილისი-სენაკი-ლესელიძის მაგისტრალი, სადაც გასულ წელს 100-ზე მეტი ადამიანია დაღუპული. ანალოგიური სიტუაციაა თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის მაგისტრალსა და სენაკი-ფოთი-სარფის მაგისტრალზე. სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის მიმართულებითაც არის პრობლემური მონაკვეთი და იქაც ხშირია ავარიები. 2010-2015 წლის მონაცემებით, ყველაზე ხშირად ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილები ეჯახებიან. მეორე ადგილს იკავებს ქვეითად მოსიარულეებზე შეჯახება, ხოლო მესამე ადგილზეა ველოსიპედისტებზე შეჯახება. საავტომობილო გზების ფედერაციის პრეზიდენტი, შალვა ოგბაიძე აცხადებს, რომ პრობლემურ ადგილებს შესწავლა სჭირდება და ხარვეზები უნდა აღმოიფხვრას. მისი თქმით, ძალიან საშიშია ის ადგილი, სადაც გასულ კვირას 4 ადამიანი დაიღუპა.

- თბილისი-სენაკის ის მონაკვეთი, სადაც ავარია მოხდა, ძალზე საშიშია. კონკრეტულად ეს ადგილი წარმოადგენს მომეტებული რისკის ადგილს. ამ ადგილზე სრულდება ცალმხრივი მოძრაობა და ძალიან მოკლე მონაკვეთში, ისე რომ ავტომობილი ვერ ასწრებს სისწრაფის "დაგდებას~, დიდი სისწრაფით მოძრავი ავტომობილები ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდებიან. ეს წარმოადგენს საშიშ კონფლიქტურ წერტილს და საჭიროებს სწრაფ ჩარევას, წინააღმდეგ შემთხვევაში იმ ადგილზე ავარიების რაოდენობის ზრდა გარდაუვალია. კიდევ ერთხელ განვმარტავ საგზაო დეპარტამენტის საყურადღებოდ, რომელმაც ჩათვალა, რომ გზას ხარვეზი ვუპოვე: მე ვამბობ, არასწორი მოძრაობის ორგანიზაციის გამო და არა - გზის ხარისხის გამო, ეს უბანი არის რისკის შემცველი და საშიში. სახაზო მონიშვნის გარდა, მძღოლს არაფერი ატყობინებს იმ საშიშროების შესახებ, რასაც შემხვედრ ზოლზე მოხვედრის რისკი ჰქვია...

ოგბაიძის ამ მოსაზრებას არ ეთანხმებიან საავტომობილო გზების დეპარტამენტში და აცხადებენ, რომ გზის ამ მონაკვეთზე საჭირო ყველა ნორმა დაცულია: "აქ ჩვენ გვაქვს სიჩქარის შეზღუდვა დაწესებული. 90 კმ-სთ მაქსიმალური სიჩქარე. დამონტაჟებულია ავტოსაგზაო ნიშნები, შეზღუდვები. ნუ ვეძებთ რაიმე დამატებით მიზეზს, იმაზე გავამახვილოთ ყურადღება, რომ წესებს ვარღვევთ... გზის ზოლიანობას განსაზღვრავს მხოლოდ ამ გზებზე მოძრაობის ინტენსივობა. როცა დადგა საერთაშორისო დონორების მიერ ამ გზის დაფინანსების საკითხი, გადაწყვიტეს, რომ ეს გზა იქნება ორზოლიანი, რადგან მანდ იყოფა მოძრაობა და ნაწილი ქუთაისზე გადადის, ნაწილი ტრანზიტული მოძრაობაა. დღეს თუ დააკვირდებით, ეს გზა არ არის გადატვირთული, თავისუფლად შეუძლია გაატაროს ის ავტოტრანსპორტი, რომელიც მასზე მოძრაობს~.

სამწუხარო რეალობა კი სახეზეა, ყოველწლიურად საქართველოში ავტოავარიის შედეგად ასობით ადამიანი იღუპება და უამრავი ადამიანია დაშავებული. შალვა ოგბაიძის თქმით, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროს აქვს თავისი შეფასების პარამეტრი, რომელიც იზომება წინა წლებში მომხდარი ავარიების მატება-კლებით. სამწუხაროდ, 2015 წელს, წინა წელთან შედარებით, 25%-ით მეტი ადამიანი დაიღუპა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე დევს საგანგაშო სტატისტიკა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოში სულ 6 432 ავტოსატრანსპორტო შემთხვევა აღირიცხა, 602 ადამიანი გარდაიცვალა და 9 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო სხვადასხვა სახის დაზიანება. მხოლოდ თბილისში, 2015 წელს 2995 საგზაო სატრანსპორტო შემთხვევაა რეგისტრირებული.

დავით მესხიშვილიც ყურადღებას ამახვილებს საგანგაშო სტატისტიკაზე და ხელისუფლებას ზომების მიღებას სთხოვს:

- ძალზე საგანგაშო სტატისტიკაა, 600-ზე მეტი გარდაცვლილი და 10 000-ზე მეტი დაშავებულია ერთ წელიწადში, რაც ევროპის მასშტაბით ყველაზე უარესი შედეგია. პირველ ადგილზე ვართ გარდაცვლილების რაოდენობით. საქართველოში ტრანსპორტის სექტორი მიმაგრებულია სხვადასხვა სამინისტროზე და ერთმანეთში არ აქვთ კოორდინაცია. საქართველში არ არსებობს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სამსახური, რომელიც მოძრაობის უსაფრთხოებაზე იმუშავებს. საპატრულო პოლიცია ფაქტობრივად მომხდარ დარღვევებზე რეაგირებს. ვთქვათ, ვიღაცამ სიჩქარეს გადააჭარბა ან მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რეაგირება ხდება მერე, რაც შედეგიანი არ არის. ქვეყანაში უნდა არსებობდეს მონიტორინგის სამსახური, რომელიც იმუშავებდა პრევენციაზე. არსებობს ისეთი ადგილები, სადაც 100 ავტოსაგზაო შემთხვევაც კი მომხდარა. როგორც წესი, ყველა შემთხვევაში მძღოლს ადანაშაულებენ. ჩვენ ვამბობთ, როდესაც კონკრეტულ ადგილებზე ხდება ამდენი ავტოსაგზაო შემთხვევა, ეს ნიშნავს, რომ ის ადგილი არის "შავი წერტილი~, რომელიც ექსპერტთა ჯგუფმა უნდა შეისწავლოს. იგივე საგზაო უსაფრთხოების სამსახურმა უნდა დაადგინოს, ხომ არ არის იქ რაიმე რისკის შემცველი? უნდა შემოწმდეს, არის თუ არა გზის საფარი წესრიგში ან არის თუ არა სწორად დახაზული. იქნებ სხვა ფაქტორია ისეთი, რომელიც ქმნის რაიმე დაბრკოლებას. უნდა დადგინდეს, რა ფაქტორმა განაპირობა ავარია, მათი შესწავლა აუცილებელია. დღეისათვის მსგავსი სამსახური არ არსებობს და არც ღონისძიებები ტარდება. არადა, ამ კონკრეტულ პრობლემურ მონაკვეთებზე ამდენი საგზაო შემთხვევის შედეგად იღუპებიან. სამწუხაროდ, მიზეზი შეუსწავლელია. ორი წელია, საგზაო უსაფრთხოების სტრატეგია შემოდებულია თაროზე, რომელსაც ნაწილობრივ ვეთანხმები და ნაწილობრივ - არა. ამ პროგრამის კამპანია დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ, გადის კლიპები სლოგანით, - "შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის~, ეს კანონპროექტი შეტანილია პარლამენტში, მაგრამ მის განსახილველად იქ არავის ცხელა. ჯერ არდამტკიცებული კანონპროექტის რეკლამირებას ახდენს სამინისტრო. პროგრამა არ არის მიღებული და წარმოიდგინეთ, გადის ამ პროგრამის კლიპები. პირდაპირ გვითხრეს, ახლა არჩევნებია და ამისთვის არავის სცხელაო. ასეთი დამოკიდებულების გამო, საბოლოოდ, მძიმე შედეგი გვაქვს.

- ამდენი ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარეა?

- მიზეზი უამრავია. არის მძღოლების კონკრეტული ჯგუფი, რომლებმაც იციან საგზაო წესები, მაგრამ განზრახ მიდიან დარღვევაზე, რაც სავალალო შედეგს იწვევს. არსებობენ ისეთებიც, რომლებმაც უბრალოდ არ იციან მანევრირება. სიკვდილიანობის მიზეზი ძირითადად სიჩქარის გადაჭარბებაა. კანონის დარღვევა არ უნდა იწვევდეს სიკვდილს. ჩვენთან დარღვევას სიკვდილი მოსდევს, რადგან ძირითადად, ყველა ძალიან მაღალი სიჩქარით მოძრაობს. რამდენი ხანია, ვითხოვთ, დამატებით დამონტაჟდეს ვიდეოკამერები. სულ 80 რადარი და კამერა არის საჭირო, საქართველოს მასშტაბით უკეთესად რომ გაკონტროლდეს გზები. უნდა იცოდეს მძღოლმა, რომ ყველგან ვიდეოკამერაა და პასუხი მოეთხოვება. 600 გარდაცვლილიდან 200 ქვეითად მოსიარულეა. განსაკუთრებით რეგიონებშია პრობლემა, მოუწესრიგებელია ქვეითთა გადასასვლელები. ცენტრალურ რაიონებზე მაქვს საუბარი, სადაც მაგისტრალია. "სიკვდილის მანქანას~ ვეძახი საქალაქთაშორისო მიკროავტობუსებს. კუსტარულად გადაკეთებულია "მარშრუტკები~ და ეს საშიშია. ზოგი გაზზეა გადაყვანილი. არსებობს კატეგორია ე.წ. ხიშნიკი მძღოლების, რომლებსაც მგზავრები გადაჰყავთ, მართვის მოწმობები კი არა აქვთ. აქამდე არასოდეს ჩატარებულა მძღოლებთან კვლევა. ახლახან ჩატარდა და საგანგაშოა შედეგი. ამ შედეგებს მალე გამოვაქვეყნებთ. ხშირად, გზის მონაკვეთს ხსნიან ისე, რომ სამუშაოები დაუმთავრებელია ან განათების დამონტაჟება აკლია, ან დახაზვა, ან სხვა რამე... შინაგან საქმეთა სამინისტროს დიდი შეცდომა იყო ჯარიმების განახევრება.

- ამან გაათამამა მძღოლები?

- სამინისტროს ვაფრთხილებდი, რომ არ გაენახევრებინა ჯარიმები, ეს წაახალისებს მძღოლს. რა მესიჯია ჯარიმების განახევრება? ეს ხომ არ არის კომუნალური გადასახადი. თუ არღვევ, გადაიხდე კიდეც. ეს არის დანაშაულებრივი გადაწყვეტილება. მიხვდნენ ეტყობა ამას და შს სამინისტრომ ისევ შეიტანა ჯარიმების მომატებაზე მოთხოვნა და ალბათ, ცვლილებები ამოქმედდება არჩევნების შემდეგ. პრემიერს მოვუწოდებ, ტრანსპორტის სექტორს მიაქციოს ყურადღება. კიდევ რამდენი კაცი უნდა მოკვდეს, რომ ამ საკითხის მოგვარებაზე დაფიქრდნენ?

თეა ხურცილავა