რას მოუტანს საქართველოს მტკვარზე კიდევ ერთი ჰესის აგება? - გზაპრესი

რას მოუტანს საქართველოს მტკვარზე კიდევ ერთი ჰესის აგება?

საქართველოში ახალი ჰესების მშენებლობა უკვე აღარავის უკვირს. როგორც ჩანს, უკვე აშენებულ და მშენებარე ჰესებს კიდევ ერთი დაემატება, რომლის აგებასაც მტკვარზე გეგმავენ. ამის თაობაზე საზოგადოებას პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ამცნო: პრემიერ-მინისტრის თქმით, თურქეთსა და საქართველოს შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია და მტკვარზე ელექტროსადგურის მშენებლობის ადგილი მოლაპარაკებების შედეგად შეირჩევა. რაც მთავარია, ეს იქნება ადგილი, სადაც ელექტროსადგურის მშენებლობა გარემოს არ დააზიანებს. რას მოუტანს საქართველოს მტკვარზე კიდევ ერთი ჰესის აშენება? - ამ შეკითხვით ქართველ ენერგეტიკოსებს და გარემოს დამცველებს მივმართეთ. იმედი გვაქვს, რომ მათი შეფასებები მკითხველისთვისაც საინტერესო იქნება:

ანზორ ჭითანავა, საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი:

- ეს ძალიან საყურადღებო საკითხია, რომელიც დიდ სიფრთხილეს და სკრუპულოზურ შესწავლას მოითხოვს. სხვათა შორის, ენერგეტიკოსებმა ჯერ კიდევ 1980-იან წლებში შევისწავლეთ რამდენიმე მონაკვეთი მტკვარზე: კერძოდ, თბილისის, რუსთავის, მცხეთის და ახალციხის ფარგლებში. თბილისიდან აზერბაიჯანის საზღვრამდე რამდენიმესაფეხურიანი ელსადგურის აშენებაა შესაძლებელი, რუსთავიდან მცხეთამდეც რამდენიმე საფეხურის აშენება შეიძლება, მაგრამ ეს ჯერ მხოლოდ ჰიპოთეზის დონეზეა. რა თქმა უნდა, მტკვარი უნდა გამოვიყენოთ, ორთაჭალიდან დიღმამდე მისი გამოყენება სატრანსპორტო და სანაოსნო მიზნითაც შეიძლება და ეს არავითარ ტრაგიკულ შედეგებს არ გამოიწვევს, თუ ყველაფერი სწორად გაკეთდება. რაც შეეხება ბორჯომის მიმდებარე ტერიტორიას, პირადად მე, კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ, რომ ჭითახევიდან აგარამდე ჰესი აშენდეს, რადგან სწორედ ამ ტერიტორიაზეა ბორჯომის მიწისქვეშა და მინერალური წყლები. იქ წყალსაცავის მოწყობა და სერიოზული ჩარევა უარყოფითად იმოქმედებს ბორჯომის არეალში მინერალური წყლების მდგომარეობაზე. ჩვენთვის ამ მიწისქვეშა წყლების შენარჩუნება უფრო ძვირფასია, ვიდრე ჰესის აშენება. რაც შეეხება მონაკვეთს აგარიდან თურქეთის საზღვრამდე, ამ მონაკვეთზე ფარავანჰესი უკვე აშენებულია და მოქმედებს. ჩვენი დედამდინარე მტკვარი, ყოველთვის წარმოადგენდა ინტერესის ობიექტს, მაგრამ ეს ინტერესი ჩვენს სასიკეთოდ უნდა მივმართოთ. თუ იქ კიდევ ერთი ჰესის აშენების საკითხი გადაწყდება, ეჭვი არ მეპარება, რომ თურქები ამ საქმეში თავიანთ სპეციალისტებს ჩართავენ. სამწუხაროა, რომ საქართველოში ძალიან ცოტა გვყავს ხალხი, რომელიც ამ სფეროში კომპეტენტურია, ძველი თაობა წავიდა, შედარებით ახალგაზრდა სპეციალისტები, რომლებსაც ამ დარგში უნდა ემუშავათ, 25 წელია ქუჩაში არიან და რა თქმა უნდა, ის ცოდნა და გამოცდილება არა აქვთ, რაც უნდა ჰქონდეთ. მიუხედავად ამისა, ეს საკითხი სერიოზულად უნდა შევისწავლოთ. გარემოზე უარყოფითი ზეგავლენა კი, ყოველთვის იქნება, როდესაც რაღაც შენდება, მაგრამ ამ დაზიანებამ ათჯერ უფრო მეტი სიკეთე უნდა მოგვიტანოს. თუ არ გვექნება ელექტროენერგია, არ გვექნება ეკონომიკა, წარმოება და სოფლის მეურნეობა - შესაბამისად, ქვეყანა წინ ვერ წავა. მტკვარი 220 კილომეტრის მანძილზე მიედინება საქართველოს ტერიტორიაზე, ეს წყალუხვი მდინარეა და მისი შესაძლებლობები გააზრებულად, ფრთხილად და გონივრულად უნდა გამოვიყენოთ.

ნინო ჩხობაძე, "საქართველოს მწვანეთა მოძრაობის" ლიდერი:

- მტკვარზე ისედაც ხორციელდება ორი პროექტი - "მტკვარი -1" და "მტკვარი-2". ეს დიდი პროექტებია, რომლებიც შესწავლილია და მათი განხორციელება შეიძლება, თუ ყველაფერი სწორად გაკეთდება. თუ ლაპარაკია ძველ პროექტზე, რომელიც ვარძიასთან უნდა აშენებულიყო, ის ძალიან სარისკოა, რადგან ამის გამო შეიძლება დავკარგოთ ისეთი უნიკალური ძეგლი, როგორიც ვარძიაა. იმედია, რომ ასე არ მოხდება, რადგან ჯერ არ არის დადგენილი, სად უნდა აშენდეს ახალი ჰესი მტკვარზე. საერთოდ, "მწვანეთა მოძრაობა" ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა დიდი ჰესების აგებას, რადგან დიდი ჰესი ტენიანობის გაზრდას იწვევს, რაც დასავლეთ საქართველოში ისედაც პრობლემური საკითხია. შეიძლება ამან ადამიანების ცხოვრება დასახლებულ პუნქტებში გაუსაძლისი გახადოს, ამიტომ, ნიადაგი, კლიმატი, ტენიანობა - ყველაფერი შესასწავლია და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება გადაწყდეს, სად და როგორ უნდა აშენდეს კიდევ ერთი ჰესი. ვფიქრობ, რომ ყველაზე კარგი გზა ძველი, საშუალო სიმძლავრის ჰესების რეაბილიტაციაა, რომელიც საშუალებას მოგვცემს ახალი ტექნოლოგიის გამოყენებით უფრო მეტი ენერგია მივიღოთ. არსებობს მრავალი ტექნოლოგია, ენერგიის ალტერნატიული წყაროები, რომლითაც დიდი ჰესების ჩანაცვლება შეიძლება. დიდ ჰესებს არ მიესალმებიან არც ერთ მოწინავე ქვეყანაში, უფრო მეტიც, ამერიკასა და სხვა ქვეყნებში ძველ ჰესებს ანგრევენ და მდინარეებს საკუთარ კალაპოტებს უბრუნებენ, რადგან 21-ე საუკუნემ ამ დარგში სულ სხვა მიდგომები წარმოშვა. თუ მე-20 საუკუნეში წყალი აღდგენად რესურსად იყო მიჩნეული, 21-ე საუკუნეში ის უკვე არააღდგენადი რესურსია. რა თქმა უნდა, მცირე ჰესიც ზიანის მომტანია, როდესაც ის ძალიან პატარა ხეობაში შენდება, მაგრამ გიგანტური ჰესები გაცილებით სერიოზულ ზემოქმედებას ახდენს კლიმატის ცვლილებაზე.

რეზო არველაძე, საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტი:

- ამაში პრობლემას ვერ ვხედავ, მთავარია, სად აშენდება ახალი ჰესი მტკვარზე და რა სიმძლავრე ექნება მას. ამ თვალსაზრისით მტკვარი ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს შეისწავლეს. ენერგეტიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს ამ საკითხზე თემაც აქვს გაკეთებული. ქვიშხეთიდან აზერბაიჯანის საზღვრამდე მონიშნული გვაქვს ოცამდე ჰესი, რომელიც წყალსაცავიანი არ იქნებოდა, ჩამოდინებაზე იმუშავებდა და მათი გარემოზე ზემოქმედებაც მინიმალური იქნებოდა. ამავე დროს, მათ სერიოზული გამომუშავება ექნებოდა. ჩვენი გათვლებით, ეს არ იქნებოდა დიდი ჰესები და პროექტი ამ მხრივაც საინტერესო იყო. არ ვიცი, ახალი ჰესისთვის მტკვარზე რომელ ადგილს შეარჩევენ, მაგრამ თუ თურქეთის სიახლოვეს ელსადგურის აგებაზეა ლაპარაკი, ამას დიდი დაკვირვება სჭირდება: სერიოზული შესწავლა დასჭირდება ეკოლოგიას, ბუნებას და ყველაფერს მანამ, სანამ დაპროექტებას დაიწყებდნენ.

- ბატონო რეზო, საზოგადოებაში დიდი ჰესების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება აშკარაა, როგორ შეაფასებდით ამ მიდგომას?

- აბა, რა გითხრათ? - ჩამრთველს თითს რომ მივაჭერთ და ნათურა აინთება, მერე წინ აღარ ვიხედებით, რომ ეკონომიკის განვითარებას ძალიან დიდი რაოდენობის ელექტროენერგია სჭირდება. თუ ჩვენი სურვილია, მოწინავე ევროპული ქვეყნების დონის ეკონომიკა გვქონდეს, ასეთ ეკონომიკას სულ ცოტა, 50 მილიარდი კვტ/სთ ელექტროენერგია დასჭირდება. საქართველო გამოიმუშავებს სულ 10 მილიარდს. თუ ყველაფერს მცირე ჰესებზე ავაწყობთ, მათი პოტენციალი სადღაც 5-7 მილიარდი კვტ/სთ-ია. ეს კი, საქართველოს არ ეყოფა. თუ ჰესებს არ ავაშენებთ, მაშინ ისევ ატომურ ელექტროსადგურებზე უნდა ვიფიქროთ, ან არის კიდევ არის ერთი გზა - იმპორტი, თუმცა ჩვენ არც ერთ ქვეყანასთან არ გვაქვს ისეთი კავშირები, რომ ელექტროენერგიის იმპორტზე ვიფიქროთ და ამ რაოდენობის ელექტროენერგია შევიძინოთ. ამიტომ, ჩვენი, საკუთარი პოტენციალი უნდა ავითვისოთ, ასევე უნდა ავითვისოთ არატრადიციული ენერგიის წყაროები, როგორიც არის მზისა და ქარის ენერგია. ყველაფერი უნდა გამოვიყენოთ, რომ ჩვენი ეკონომიკა განვითარდეს. ძალიან მინდა დაწეროთ ერთი რამ: ყველა დარგის სპეციალისტი ამ საკითხს თავისი გადმოსახედიდან აფასებს, ენერგეტიკოსები კი ყველაფერს ფართო გაგებით უდგებიან და ყოველმხრივ განიხილავენ: თუ პროექტი ზიანის მომტანია და ეკოლოგიურად მისაღები არ არის, ჩვენ არასოდეს ვამბობთ, უნდა ავაშენოთო. ხუდონჰესი, მაგალითად, ყველანაირად არის შესწავლილი, მისი გავლენა გარემოზე მინიმალურია, მაგრამ იქ სულ სხვა პრობლემა გვაქვს: სოფელ ხაიშიდან ასობით ოჯახს ემუქრება გადასახლება, მაგრამ როდესაც ეკონომიკა მოითხოვს, ასეთ მსხვერპლზე წასვლაც ღირს. ჩინეთში მაგალითად, 1 მილიონი ოჯახი გაასახლეს დატბორვის ზონიდან. ბუნებრივია, ჩინეთს ვერ შევედრებით, გადასახლებაც არავის სიამოვნებს, მაგრამ იქ რა პირობებიც აქვთ, მთავრობამ ხალხი იმაზე უკეთეს პირობებში უნდა დაასახლოს. ნებისმიერ შემთხვევაში, ყველაფერი ზედმიწევნით უნდა შევისწავლოთ, სასწორის ორ პინაზე დავდოთ და ავწონ-დავწონოთ, ამა თუ იმ პროექტისგან სარგებელი უფრო მეტი იქნება, თუ ზიანი. თუ ელექტროსადგურს გარემოზე ისეთი გავლენა ექნება, რომ სარგებელს გადაწონის, მაშინ მასზე უარი უნდა ვთქვათ. ეს ეხება მტკვარზე ჰესის აგებასაც.

ხათუნა ჩიგოგიძე