ბარ­სე­ლო­ნის ოლიმ­პი­ა­დის ტრი­უმ­ფა­ტო­რე­ბი - გზაპრესი

ბარ­სე­ლო­ნის ოლიმ­პი­ა­დის ტრი­უმ­ფა­ტო­რე­ბი

5 აგვისტოს რიოს მთავარ ოლიმპიურ არენაზე, განახლებულ "მარაკანას" სტადიონზე საზეიმოდ გაიხსნება XXXI-ე თამაშები, რომლის ცერემონიაშიც დამოუკიდებელი საქართველო, თავისი არსებობის ისტორიაში, ყველაზე მრავალრიცხოვანი დელეგაციით - 39 ათლეტით მონაწილეობს. მომდევნო დღეს კი სტარტს აიღებს განვლილი ოთხწლეულის ყველაზე მნიშვნელოვანი შეჯიბრება. სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე ოლიმპიური თამაშები პირველად ჩატარდება. მიუხედავად იმისა, რომ რიო-დე-ჟანეირომ რამდენჯერმე გამოთქვა თამაშების მასპინძლობის სურვილი, მხოლოდ მეხუთე ცდით მოიპოვა ოლიმპიური დედაქალაქის სტატუსი. ბრაზილიურ არენებზე 200-ზე მეტი ქვეყნის სპორტსმენი მედლების 300-მდე კომპლექტს გაითამაშებს. იმედია, ჩვენი ათლეტები რამდენიმე მათგანს, მათ შორის - ოქროსას, საქართველოშიც ჩამოიტანენ.

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი ოლიმპიური ოქრო 1992 წლის ბარსელონის თამაშებზე, ძიუდოისტმა დავით ხახალეიშვილმა მოიპოვა. მართალია, მაშინ ყოფილი საბჭოთა კავშირის მოკავშირე რესპუბლიკები და მათ შორის საქართველოც, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) გაერთიანებული გუნდის სახელით ასპარეზობდა, მაგრამ პირველად სწორედ დავით ხახალეიშვილის გამარჯვების აღსანიშნავად აღიმართა ჩვენი შინდისფერი დროშა და აჟღერდა საქართველოს ჰიმნი. თანაც დათომ ფინალში იმდენად ლამაზი გამარჯვება იზეიმა, რომ წლების შემდეგაც მისი ეფექტური გდება, დაუვიწყარი რჩება.

ხახალეიშვილის სპორტული კარიერა ადრეულ ასაკში, ქუთაისში დაიწყო და თავიდანვე საოცრად წარმატებული გამოდგა. პატარა ბიჭი მაღალ მწვერვალებსა და ოლიმპიურ ჩემპიონობაზე არც ფიქრობდა, უფრო წონის დაგდება უნდოდა, მაგრამ სულ რამდენიმე თვეში ქალაქის პირველობაზე მესამე ადგილი დაიკავა. მოგვიანებით თანატოლთა შორის რესპუბლიკის პირველობაც მოიგო, ცოტა ხანში კი საკავშირო ტურნირებშიც ყველა მეტოქე დაამარცხა. გამოცდილი მწვრთნელის, ომარ მერაბიშვილის ხელმძღვანელობით, ხახალეიშვილი ასფურცელასავით იზრდებოდა, როგორც ფიზიკურად, ასევე ოსტატობით. 16 წლისამ 188 სმ-დე აიყარა ტანი და 107კგ-ს იწონიდა. სწორედ იმ პერიოდში თბილისის სპორტის სასახლეში, ანზორ კიკნაძის სახელობის პრიზზე, მოსწავლეთა საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა და როგორც ხვდებით, ის პრიზიც ჩვენმა გოლიათმა დაისაკუთრა. დათოსთვის კიდევ უფრო წარმატებული გამოდგა 1988 წელი - სხვადასხვა რანგის ცხრა შეჯიბრებაში იმარჯვა, ორში კი ვერცხლის მედალს დაეუფლა. ცხადი იყო, რომ ამ რანგის ფალავანს უყურადღებოდ არავინ დატოვებდა და 18 წლის ჭაბუკი საბჭოთა კავშირის ძირითად ნაკრებში მიიწვიეს. მომდევნო წელს ხახალეიშვილმა პირველად იჭიდავა დიდების საკავშირო ჩემპიონატზე და ყველაზე პრესტიჟულ, აბსოლუტურ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალიც მოიპოვა. ფინალში ომარ მერაბიშვილის კიდევ ერთ შეგირდთან, გამოცდილ ავთანდილ გუბელაძესთან წააგო. დამარცხდა მძიმეწონოსანთა ტურნირშიც, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონ, გრიგორი ვერიჩევთან, თუმცა უფრო მსაჯების წყალობით.

დავით ხახალეიშვილი:

- მაშინ მსაჯებმა მართლაც ძალიან დამჩაგრეს, ტიტულოვან მეტოქეს მოაგებინეს. ის შეხვედრა ფრედ დასრულდა და "ჰანტეით" ვერიჩევს მისცეს გამარჯვება. ძალიან მეწყინა, ვინერვიულე. მახსოვს, დარბაზში თვალცრემლიანი ვიჯექი, ვერიჩევი მოვიდა ჩემთან და მითხრა, - ნუ ნერვიულობ, დათო. დღეს ჩემმა სახელმა გაიმარჯვა, სინამდვილეში კი შენ მოიგეო. ეს მისგან კაცური საქციელი იყო, წაგების აღიარება დიდი ვაჟკაცობაა. რაღა თქმა უნდა, შეხვედრას საკავშირო ნაკრების ხელმძღვანელებიც უყურებდნენ და როგორც ჩანს, რეალურად შეაფასეს ის შეხვედრა და ნაკრებშიც მიმიწვიეს.

დავით ხახალეიშვილი ქუთაისში, ქართულად რომ ვთქვათ, ოჯახში გაზრდილი კაცია. ვერიჩევის ის ჟესტი სამუდამოდ დაიმახსოვრა და როდესაც წლების შემდეგ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატზე თავის კერპს, ასევე ქუთაისელ აკაკი კიბორძალიძეს მოუგო, თანაგუნდელებს უთხრა, - მე არ მომიგია, აკაკიმ ორთაბრძოლა თავად დამითმოო. დათოს ბუნება იქიდანაც ჩანს, რომ მან თავის ქუთაისს, მამასა და მწვრთნელს არ უღალატა. ჯერ კიდევ ჭაბუკობაში შეატყვეს, დიდი სპორტსმენი დადგებოდა; თბილისში გადმოსვლას, საუკეთესო საყოფაცხოვრებო პირობებს, მეტად პრესტიჟულ, იურიდიულ ფაკულტეტზე მოწყობასა და ხეირიან სტიპენდიას სთავაზობდნენ. არ დათანხმდა, ბოლომდე მშობლიური ქალაქის, ოჯახის ერთგული დარჩა.

დავით ხახალეიშვილი:

- ქართველი ძიუდოისტები ფეოდოსიაში ვიყავით შეკრებაზე. თბილისიდან დაგვირეკეს, ამიერიდან ჩვენმა ათლეტებმა დამოუკიდებლად უნდა იასპარეზოთ და საბჭოური შეკრება მიატოვეთო. მახსოვს, სამი ტაქსი დავიქირავეთ და მეორე დღესვე ჩამოვედით, მაგრამ გავწბილდით. აქ ძიუდოსა და სპორტისთვის არავის ეცალა. აღარც შეკრებები, აღარც ტურნირები და აღარც ჩემპიონატები. ქვეყანაში სხვა მოვლენები მიმდინარეობდა. ვეღარც ინდივიდუალურად ვვარჯიშობდით, ყველაფრის ხალისი დაგვეკარგა. 20 წლისაც არ ვიყავი და პრაქტიკულად კარიერა უნდა დამესრულებინა. რამდენიმე თვის შემდეგ საბჭოთა ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, ვლადიმირ კაპლინი დაგვიკავშირდა, ქართველ ძიუდოისტებს ევროპის ჩემპიონატზე დსთ-ის გუნდში ჭიდაობა შემოგვთავაზა, ოღონდ საქართველოს დროშით გამოხვალთო. ვიჭიდავეთ და ამირან ტოტიკაშვილმა, კობა კურტანიძემ და მე ბრინჯაოს მედლები მოვიპოვეთ. თუმცა, საქართველოში რომ ჩამოვედით, ლამის ერის მოღალატეებად გამოგვაცხადეს.

იგივე გამეორდა 1991 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგაც. ხახალეიშვილი ვერცხლის მედალს დაეუფლა, ვლადიმერ დგებუაძე კი ბრინჯაოსას. ეროვნული მოძრაობის ლიდერები ისევ უკმაყოფილონი იყვნენ, დსთ-ის გუნდის სახელით რატომ გამოხვედითო. მაგრამ ბარსელონის ოლიმპიადის წინ პოლიტიკური შეხედულებები შეიცვალა და ახლა უკვე ოლიმპიურ დელეგაციაში მოსახვედრად ბრძოლა და დსთ-ის ჩემპიონობის მოპოვება გახდა საჭირო. ხახალეიშვილმა და გიორგი ვაზაგაშვილმა მოიპოვეს ეს ტიტულები, მაგრამ გაირკვა, რომ ქართველებს ბარსელონაში მხოლოდ ერთი ძიუდოისტის წაყვანის უფლება ეძლეოდათ და ვის აირჩევდნენ, დათოს თუ გიორგის, ისევ არ იცოდნენ. საბოლოოდ გადაწყდა, დათო. თუმცა ნაკრების მწვრთნელმა, ვლადიმირ კაპლინმა გუნდში მსოფლიოს ჩემპიონი, სერგეი კოსოროტოვი დააყენა.

დავით ხახალეიშვილი:

- ასი პროცენტით დარწმუნებული ვიყავი, ოლიმპიადაზე ჩემს წაყვანაზე სიტყვასაც არავინ ჩამოაგდებდა. თამაშების დაწყებამდე ერთი თვეც არ იყო დარჩენილი, რესტორანში მეგობრების სუფრას ვთამადობდი, ომარ მერაბიშვილმა რომ მომაკითხა, - არიქა, ოლიმპიადაზე წასვლის შანსი გაგვიჩნდაო. არ დავიჯერე. მეორე დღეს თბილისში წამოვედით. ცოტა ვივარჯიშე, შემდეგ კი პოდოლსკში კოსოროტოვთან საკონტროლო შეხვედრა მომიწყვეს. მოვუგე, მაგრამ კაპლინი მაინც კოსოროტოვის მხარეს იყო.Aსაჭირო გახდა საქართველოსა და რუსეთის სპორტის მაღალჩინოსნების ბჭობა და მოლაპარაკებები, რომ ოლიმპიურ ტატამზე გამოსვლის უფლება მოეცათ. ჯანო ბაგრატიონმა ბოლომდე იბრძოლა ჩემთვის და როგორც იქნა, ოლიმპიურ დელეგაციაში ჩამრთეს.

ძიუდოისტთა ტურნირის პირველსავე დღეს, სტარტზე ხახალეიშვილმა "იპონზე" დასცა სენეგალელი დევიდ დიუფი. შემდეგ კიდევ სამი შეხვედრა მოიგო და ფინალში იაპონელთა კერპს, მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონს, ნაოიო ოგავას დაუპირისპირდა. იაპონელს აგერ უკვე ხუთი წელი იყო, ერთი შეხვედრაც კი არ წაუგია. ფინალამდე მან ყველას "იპონით" მოუგო. ყველაფერი იაპონელის სასარგებლოდაა, ფსიქოლოგიური უპირატესობაც.

დავით ხახალეიშვილი:

- ფინალამდე ორიოდე საათით ადრე გასახურებლად დარბაზში შევედი. ოგავაც იქვე იყო. წამით ჩვენი მზერა ერთმანეთს შეხვდა, თვალი ამარიდა. - ეშინია-მეთქი, გავიფიქრე. თუმცა, საიდან უნდა მცოდნოდა, ეშინოდა თუ არა, მაგრამ ჭიდაობა რომ დავიწყეთ, ვიგრძენი, ზედმეტად ფრთხილობდა. პირველივე წუთზე "იპონზე" დავაგდე, მაგრამ მსაჯებმა ეტყობა დაინდვეს და "ვაზარი" მომცეს. ცოტა ხანში ისევ "ვაზარი" და შევბოჭე. ყველაფერი წუთსა და ოთხ წამში დამთავრდა. ოგავა გაოგნებული იყო. მერე მითხრეს, თავად უთქვამს, - ერთ შეხვედრაში სამჯერ სუფთად წავაგეო.

ბარსელონის ოლიმპიურ თამაშებამდეც და მერეც, დავით ხახალეიშვილმა კიდევ არაერთი შეხვედრა თუ ტურნირი მოიგო, მაგრამ ის ფინალი და ოლიმპიური ოქრო, სამუდამოდ დარჩა მისი კარიერის უმაღლეს მიღწევად.

გოგი ფრანგიშვილი