"თავზე ჩამომხობილი მზე" და სანახაობა, რომელიც სუნთქვას შეგიკრავს - გზაპრესი

"თავზე ჩამომხობილი მზე" და სანახაობა, რომელიც სუნთქვას შეგიკრავს

სვანეთმა უჩვეულოდ იცის შეყვარება. ერთხელ თუ მაინც დაადგი ფეხი იქ, მერე სულ მიგიწევს გული ენგურის ან ცხენისწყლის სათავეებისკენ. თოვლისა და მყინვარების ნაჟურები ხეობებში თავს იყრიან და გულმოსულ მდინარეებად იქცევიან.

ხაიშთან ჭუბრულას ენგური ყლაპავს. ოდნავ კი უძალიანდება მორძისფრო ჭუბრულა, მაგრამ მერე თავისი თეთრი კალმახებიანად შავდება. ხაიშელებს ენგურზე მოქანავე ხიდი გაუკეთებიათ და მასზე ისე დადიან, როგორც მუშაითები - თოკზე. ამ ხიდის იქით მიწის ნაკვეთებია, სადაც ყველანაირი ბაღჩეულ-ბოსტნეულის მოყვანაა შესაძლებელი, რაც კი დასავლეთ საქართველოში შეიძლება მოიწიოს გლეხმა. სწორედ მიწასთან მოჭიდილე სვანმა იცის, რომ ხაიშის მიწა არ უნდა დაიტბოროს, რადგან ელექტრონის მიღება სხვანაირადაც შეიძლება - სვანეთის წყალქვეშ მოქცევის გარეშეც! ამაზე ოდესმე ცალკე დავწერ, ახლა კი ენგურის სათავეებისკენ დავიძრათ.

როცა ბარიდან სვანეთის მაღალი ზონისკენ მიდიოდნენ მგზავრები, შესასვენებლად ლახამულას ირჩევდნენ. ამ სოფლიდან იწყება კოშკებიანი სვანეთი. ჭკადუების სოფელში ერთ საათს თუ მაინც დაჰყოფთ, ეს დრო საკმარისია იმის გასაგებად, რომ უკვე სხვა განზომილებაში გიწევს ყოფნა. მართალია, სოფელში ბარიდან მოყვანილი რძლებიც ჰყავთ, მაგრამ მათაც დასტყობიათ სვანეთის გავლენა: ბარელებზე უფრო ომახიანად საუბრობენ და მთის გემრიელი სამზარეულოს საიდუმლოებებიც აუთვისებიათ. აქაც, ისევე, როგორც მთელ საქართველოში, გულიანად გიწილადებენ სიყვარულსა და პატივისცემას. თუმცა, ნამდვილი სვანეთის ნახვა მაინც იქ სჯობს, სადაც ენგური იღებს სათავეს.

ლახამულადან მე და ჩემს თანამგზავრებს ლალი მასწავლებელი მოგვყვება მესტიამდე. მოკრძალებული ქალბატონი დინჯად გვპასუხობს ყველა შეკითხვაზე. მესტიის შუაგულში ავტომობილს გვაჩერებინებს და წუთში გამოაქვს საიდანღაც მზის დისკოსხელა კუბდარები. ვხვდებით, ეს ჩვენი ფეშქაშია და ვიწურებით მხრებში, მაგრამ უარის თქმა უფრო უხერხულია...

"თეთნულდზე მზის ამოსვლა ყველაზე დიდი სანახაობაა", - მქონდა მოსმენილი ერთი ადამიანისგან და თანამგზავრებსაც თეთნულდის აისის ნახვა ავუკვიატე. ლალი მასწავლებელმა, გზა არ აგებნეთო და, თავისი ძმის მანქანით, აუბნეველ მანძილამდე მიგვაცილა. უზარმაზარი სამუშაოები ჩაუტარებიათ თეთნულდის მისადგომებთან. მძიმე ტექნიკა, ლითონის კონსტრუქციები, თავპირისმტვრევით წამოსული ნაკადული, დეკიანი, თოვლის ბუმბერაზი გუნჯლები უცნაურ ანსამბლს ქმნიდა მოღამებულში. გაიშვიათებული ჰაერის გამო ვბარბაცებდით, მაგრამ კარვის აწყობა მაინც საჩქაროა: აქ ბუნებას არ უყვარს ხუმრობა. ღამით ყინავს და თუ დროზე არ შეეხიზნე სითბოს, მერე ვერ გიშველის ხეტიალის სიყვარული. თეთნულდამდე კილომეტრზე მეტი აღმართია, ამიტომ დილის ხუთზე მაინც უნდა გავეშუროთ, რომ რთულ გზასა და უჟანგბადობას გავუძლოთ. სიცივის და მოსალოდნელი სანახაობის გამო აფორიაქებულები, დათქმულზე ადრე წამოვდექით. ვეება ლოდები გზას აფერხებს, მაგრამ ზღაპრული აისის ნახვის პერსპექტივა მაღლა-მაღლა გვექაჩება... მზის სხივები ჯერ თეთნულდის სატრფოს - ორწვერა უშბას ხვდება. ჩაშაქრებული უშბა ჩოხიან სასიძოს ემსგავსება, თეთნულდი კი ისევ პატარძლის ძილშია... უცებ, გარშემო გამუქდა ჰაერი და ულამაზესად, გახეთქილი ბროწეულივით ამოგორდა მზე მთის უკანა მხრიდან. თეთნულდის ლანდი მულხურას ხეობისკენ ჯერ წაგრძელდა, მერე კი ნელ-ნელა დაიწყო დამოკლება... მოულოდნელმა შთაბეჭდილებამ ხმა დაგვიკარგა. სამი ათას მეტრზე მეტი სიმაღლიდან ვუყურებდით ფეხქვეშ მოქცეულ სამყაროს. ძირს, სილურჯეში გარდამავალი სიმწვანე, კოშკები, მდინარის ხეობები და გზატკეცილი ფეხქვეშ გათელილი, მონური ფსიქოლოგიით შემოგვცქეროდა. აქვე, სამეულმა დასკვნა გამოვიტანეთ: "ნეტავ მას, ვისაც თეთნულდური აისის ნახვის სიამოვნება წინ აქვს!" თეთნულდის მისადგომები სევდანარევი სიხარულით დავტოვეთ.

უღვირის უღელტეხილიდან უგზოობა იწყება. გრუნტი დახრამულია, ზოგან ლოდები კუზებივით ამოზნექილა და მაღალი გამავლობის მანქანაც ფრთხილად უნდა ატარო, რომ მიაღწიო ადგილთა შორის ულამაზეს უშგულს. მზისგან დაღვენთილი ორი უცხოელი საერთაშორისო ჟესტით - აწეული ცერით ითხოვს დამგზავრებას. ქართული სოლიდარული ბუნება გვავიწყებს ტვირთით გზის გართულებას და ლიონელი ცოლ-ქმარი ტვირთის ნაწილს საბარგულში ტენის, ნაწილს - მუხლებზე ილაგებს. დამტვრეული ინგლისურ-გერმანულ-ფრანგულით კომუნიკაცია მოხერხდა, მერე სიყვარულის კოშკის მოსაკრებელიც ჩვენ გადავუხადეთ და მივიწვიეთ ლოდზე წამოსკუპებულ ოთხსართულიან ნაგებობაში. პირველი სამი სართული არ გასჭირვებიათ, მეოთხეზე იუარეს: ამდენიც არ შეგვიძლიაო და ხორხოცით დაბლა წავიდნენ. კალას გვერდი ავუარეთ. "დევის ნაშენთან" შევისვენეთ - აქ ყველაზე ვიწრო კალაპოტში მოდის ენგური და თანამგზავრები, რადგან სვანეთში პირველად იყვნენ, კარგა ხანს შევაყოვნე. უკვე ფრანგებმა მოახერხეს ჩვენი გაოცება: რაღაც პაკეტი გამოაძვრეს ზურგჩანთიდან და ხრამუნით ჩაღეჭეს მოყავისფრო სასუსნავი. არც გაუვლიათ გონებაში, რომ ყასიდად მივეწვიეთ. ევროპელების ცხოვრების წესიდან გამომდინარე, ეს უჩვეულო არ არის, მაგრამ ამის მერე იმან უფრო გამაკვირვა, რომ უშგულის ცენტრში ჩამობრძანებულებმა მკითხეს, როდის გავბრუნდებოდით უკან?.. პასუხით უკმაყოფილოები დარჩნენ, რადგან "თაიმში" ვერ გაუმართლათ! დიდებული რამეა ეს ავტოსტოპით სიარული!

ჩაჟაში სავსე იყო ავტომობილებით. ლამარიას აღმართზე ყველაზე გამოცდილ მძღოლებსაც კი წვალებით აჰყავდათ მანქანები. ჩვენ უკვე გველოდა მასპინძელი - მამუკა ნიჟარაძე, რომელიც ერთ-ერთი თანამგზავრის თანაკურსელი გახლავთ. აშკარა იყო, რომ მასპინძელი ღელავდა. ტექნიკური უნივერსიტეტის 21 წლის სტუდენტმა "ბარიდან ამოსულები" მოკრძალებით, ოჯახში მიგვიწვია. საქართველოში ბევრს გაუგია უშგულელი არაორდინარული მოაზროვნის, ხის კვეთის ოსტატისა და მხატვრის - ფრიდონ ნიჟარაძის შესახებ. მამუკა მისი ძმისწულია. ორსართულიანი სახლის ეზოში ორი სკა ფუტკარი, "მერსედესის" სამარკონიშნიანი "ტაჩკა", ავტომობილი და ბომბორა ძაღლი დაგვხვდა. მასპინძლები გამოგვეგებნენ. თემრაზი შესანიშნავი, შუა ხნის ვაჟკაცია. მან ჯერ დიასახლისი გაგვაცნო და მერე, მაწონში მოზელილი ხაჭაპურების გამოცხობამდე, ამ მთისა და იმ ბარისა ვისაუბრეთ. უგზოობა, დენის ხარვეზით მოწოდება და ათასი პრობლემა დაიჩივლა მასპინძელმა. უკეთესია ახლა ცხოვრება, ვიდრე - ადრე, ღმერთმა აღარ მოაბრუნოს ძველი, მაგრამ უშგულს მეტი ყურადღება სჭირდებაო...

თამარის კოშკები მინდა გაჩვენოთო, - თქვა მამუკამ. ნოყიერი სადილით გამხნევებულები ავუყევით კოშკებისკენ არყიანს. მანამდე უშგულის მუზეუმთან, რომელიც IX საუკუნეში აგებულ კომბინირებულ კოშკშია (ეს კოშკი ერთდროულად, თავდაცვითსა და საცხოვრებელ ნაგებობას წარმოადგენდა და მკვლევარი ჩართოლანის ვერსიით, ყველაზე ძველი უნდა იყოს) შეხიზნული, დავიწუწუნეთ ამ დაწესებულების მუდმივ დაკეტილობასა და პირუტყვის ზღვა ნაკელზე, თუმცა რამდენად მისწვდება კულტურის სამინისტროს ჩემი ხმა, არ ვიცი (სადაა საქართველოში ასეთი რამის მოსაგვარებლად თანხა, 29 მილიონი სხვა რამეს უნდა მოხმარდეს...).

თუ სადმე შეიძლება ადამიანს აღმოხდეს გაოცებისაგან ხმა, ეს თამარის კოშკების მისადგომებთან მოხდება. ხელის აწვდენაზე ცაა, აქვეა შხარაც და მესტია-ლენტეხისკენ მიმავალი გზებიც! თავცეცხლები და მჟაუნები ყვაოდა ფეხმიუკარებელ მდელოზე; ჟოლოებს და მოცვებს ნაყოფი გამოენასკვათ. არყის თეთრი ქერქი ახალმოსულ თოვლზე უფრო თეთრი იყო. მამუკა ხშირად გვაკვირდებოდა სახეზე, რათა დაუკითხავად ამოეცნო, რა გვჭირდებოდა. უხაროდა მასპინძელს ჩვენი აღტაცება და სიხარული. სიფრიფანა, მაღალი ბიჭი წინ მიგვიძღოდა, არტისტულად დახვეწილი თითებით მჟაუნას კანს აცლიდა და გვაწოდებდა. თურმე, ყოველდღიურად სამი საათი თიბავს მამუკა ფერდობებზე ბალახს, არდადეგებზე უნდა მოასწროს ეს საქმე. მერე ახალ წელსაც, დიდთოვლობის გამო, ვერ ბრუნდება შინ, არადა, უშგული ზამთარშიც ძალიან ლამაზი და მოსანატრებელია...

ვახშმობისას ეზოში ოთხი ნორვეგიელი შემოვიდა. ორ მათგანს თავზე ისეთი ყვითელი ქოჩორი ჰქონდა, გეგონებოდა, მზე ჩამოიმხესო. მასპინძელმა წითელი ღვინო შესთავაზა, გემრიელ ვახშამთან ერთად. თავიდან ევროპულად მოწრუპეს. "ზეა გუთ", - თქვა ერთმა გერმანულად (იფიქრა, რომ აქ გერმანულს ვერავინ გაიგებდა) და მერე, ყველაზე კარგ მომლხენ ქართველ "ღვინოზავრს" შეშურდებოდა მათ მიერ ჩანთქმული ალკოჰოლის ოდენობა. მაყალზე შემწვარ ხბოს ხორცის მწვადს სულგუნის მწვადი მოჰყვა, მერე ამბების გაცვლა-გამოცვლა...

მეც თავი მოვიწონე და წინა წელს რომ გავათავისუფლებინე ლამარიას ეზოში "დაპატიმრებული" ბელი შესაბამის უწყებას, ეს მოვუთხრე შინაურსა თუ გარეულს. - თუ ასეა, ეგებ, ის ეკლესიის კუთვნილი გადარეული ძაღლიც მოაცილებინო აქაურობას, ცხვარი და ხალხი რომ დაგლიჯაო, - მითხრა ჩემთვის უცხო ადამიანმა, რომელიც გვიან შევნიშნე მსმენელთა შორის...

დილით ცხენების ხვიხვინი ისმის ეზოსთან. მამუკასკბილა ირაკლი ნიჟარაძე მასპინძელს ეხმარება ცხენების შეკაზმვაში. 35 წელია, მხედრობა აღარ მიცდია და ყველაზე დინჯი შემირჩიეს. მუსტანგად წოდებული რაში გრძნობს ჩემს გამოუცდელობას და კუს ნაბიჯით მიღოღავს შხარის ძირისკენ, მერე - უკვე გათამამებულსა და უნაგირზე მორგებულს სწრაფად მიმაქანებს ენგურის სათავისკენ. ირაკლის "ვასკა" ჩემს ბედაურს გვერდიდან არ შორდება. თურმე, ესენი "მუხბეები" არიან და მუდამ ერთად გახლავან, საქმესა თუ ძოვისას!

ირაკლის ხალისიანი სახე აქვს, ეშმაკუნები უელავს თვალებში და გაუბედავად მეკითხება, რუსული თუ იციო? სოფლიდან მოშორებით უკრაინელებს ბანაკი აქვთ და იქ რუსული და არაყი ჭრის, თურმეო... ვხალისობ მის იუმორზე, ვათამამებ და ვუყვები ანეკდოტს: ჭიჭიკია ეუბნება ბიჭიკიას - რუსის ქალი როგორ "დავკერო", ღერი რუსული არ ვიციო. ჭიჭიკია არიგებს: მიდი და ნებისმიერს უთხარი, "დივუშკა, წიბე ჟარკა?!" მერე თავისთავად მოხერხდება საუბრის გაბმაო. იმეორებს ბიჭიკია: "დივუშკა, წიბე ჟარკა, წიბე ჟარკა" და როცა მივიდა პლაჟზე, ქალს ეუბნება: "დივუშკა, ტი ლეჟანკა?!" სლავი დედაკაცი გამოედევნება: "ია წიბე პაკაჟუ ლეჟანკუუუ!" ირაკლისთვის ეს დაახლოებით იგივეა, რაც ჩემთვის ჩინური. თუმცა, ვუთარგმნე და ისევ დაიძრნენ თვალებში ეშმაკუნები! უკრაინელების ბანაკში ქალზე მეტი, მამაკაცი იყო. ესენი ქმრებითა და ძმებით ჩამოსულან მგონი, - გული სწყდება ბიჭს...

ენგურის სათავე მდინარის შესაფერისია. მყინვარიდან გველეშაპივით ძვრება წყლის ნაკადი და ღრიალით ეხეთქება მორენულ ნაშალს. უჟანგბადობის გამო ვჩქარობ უკან დაბრუნებას, ფრიდონთან საუბარიც საინტერესოა! ნახატები დაგვათვალიერებინა, ბევრი რამ აგვიხსნა, უსაზღვროდ ბევრი რამ გაგვაგებინა, მაგრამ მას კიდევ უფრო მეტი აქვს სათქმელი! აი, თუნდაც უამრავი ფოტო სანახავად ღირს, რადგან მასზე უკვე სვანეთის ისტორიაა დატანილი!

მიხაროდა მასპინძლების უშუალობა, სვანური ენის პატივისცემა, მეზობლის ხუთი წლის მოსე, რომელიც ზღვისფერი თვალებით დაგვყურებდა ცხენზე ამხედრებული. პატარა სვანი უკვე ბილინგვურად საუბრობს, თან - დინჯად და გამორჩეული ტონალობით. ცხენი და სიმღერა მიყვარსო, - მითხრა. ცეროდენა ბიჭი ისე გრძნობდა თავს ცხენის უნაგირზე, თითქოს თივთიკის ბალიშზე დაესკუპებინოს ვინმეს.

წამოსვლის წინ "ჩემს ნიჟარაძეს" (ზაურ ნიჟარაძეს) ვეწვიე. ზაური იმ ივდითის ვაჟია, ვინც შხარაზე დაღუპული გურამ თიკანაძე გამორჩეულად დაიტირა. "ჩემს ნიჟარაძეებთან" საქართველოს პრეზიდენტებიც არიან ნამყოფი (უკანასკნელი ჯერ არ მისულა და ალბათ, ეგეც გამოიყენებს საპრეზიდენტო ვადას, რათა უშგულს მიაკითხოს) და ბევრი სახელოვანი საზოგადო მოღვაწეც. მასპინძელს აქ პატარა ეთნოგრაფიული მუზეუმი აქვს მოწყობილი: თხა-ჯიხვის ფიტულები, სვანური ქუდები და კიდევ ვინ იცის, რამდენი რამ...

დრო გადის, უშგული უნდა დავტოვოთ... მაგრამ ვიდრე აქედან წახვალ, უკვე გენატრება უშგულიც და უშგულელებიც: თემრაზი, ფრიდონი, მამუკა, ირაკლი, ზაური და მათი 270-მდე მეზობელი, რომლებიც არ იმეტებენ საქართველოს სიამაყეს, ევროპის ყველაზე მაღალ სოფელს გაუკაცრიელებისათვის!

როლანდ ხოჯანაშვილი