ოპერის მომღერლების "ხუთშაბათობა" და მაგალითი თბილისის მოსახლეობას - გზაპრესი

ოპერის მომღერლების "ხუთშაბათობა" და მაგალითი თბილისის მოსახლეობას

11 აგვისტოს, საღამოს 20:00 საათი ჯერ არ იყო, როცა ყველანი დათქმულ ადგილას შეიკრიბნენ. ხელთათმანების მორგებამდე, მაისურები გადაიცვეს, წარწერით: "თბილისის ცენტრალური პარკი". რამდენიმე კვირაა, რაც თბილისის ოპერასა თუ სხვადასხვა ქვეყანაში მოღვაწე მომღერლები ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე იკრიბებიან და იქაურობას ასუფთავებენ.

მოსახლეობა ნაკლებად იჩენს ამ წამოწყებაში მონაწილეობის ინტერესს. აქციის მონაწილეთა რიცხვი ხან იკლებს, ხან - იმატებს. იმ დღეს, როცა მათ შევუერთდი, ბევრნი იყვნენ. ეს აქცია თბილისის გამწვანებასა და დასუფთავებას ისახავს მიზნად. ორგანიზატორებს სურთ, მოძრაობაში - "მწვანე საქართველო-ჯანმრთელი ცხოვრებისათვის" რაც შეიძლება მეტი თანამოქალაქე ჩააბან. არ ვიცი, რამდენად ხშირია ან არის თუ არა დღეს მსოფლიოში მსგავსი პრეცედენტი, მაგრამ ახალგაზრდა მუსიკოსების წამოწყება მისაბაძი რომ არის, ამაში ალბათ, არავინ შემედავება.

ოთარ ჯორჯიკია მეუღლესთან - მარიამ ნაჭყებიასა და პატარა ბარბარესთან ერთად იყო მოსული. სწორედ ოთარის იდეის გარშემო შეიკრიბა ეს გუნდი. მას პირველად ანიტა რაჭველიშვილი შეუერთდა. ვოკალისტები სოციალური ქსელის დახმარებით ცდილობენ, საზოგადოების დაინტერესება და ცნობიერების ამაღლება გამოიწვიონ.

მუსიკოსებმა ტერიტორიის დასუფთავება დაიწყეს. მათთან ერთად მე და ჩემი ფოტოგრაფი ყოფილ იპოდრომის ტერიტორიას წრეს ვარტყამთ და დროდადრო, შრომაში ჩართულ მომღერლებს ვესაუბრები.

ნიკოლოზ ლაგვილავა:

- იპოდრომის ადგილას პარკი უნდა გაშენდეს: შადრევნებით, მოსასვენებელი ადგილებით, სათამაშო მოედნებით, სარბენი ბილიკებითა და ა.შ. ეს შესანიშნავი ადგილი ხალხისთვის უნდა იყოს, სუფთა და გამწვანებული. ჩვენს ქვეყანაში მოქმედებს კანონი გარემოს დაბინძურების შესახებ, მაგრამ მას არავინ იცავს. ვფიქრობ, გაცილებით მკაცრად უნდა გააკონტროლონ ყველაფერი. ფეხით სიარული ძალიან მიყვარს და ყოველ ნაბიჯზე ანტისანიტარიას ვაწყდები. ბოდიში ამ სიტყვისთვის, მაგრამ ქალაქში ძალიან ცუდი სუნი დგას. ჩვენ ყველას შეგვიმჩნევია, რომ ქალაქს მტვრის ბუღი ადგას. ეს მტვერი და გამონაბოლქვია, ადამიანების ჯანმრთელობას საფრთხეში რომ აგდებს. ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, სადაც ბუნებრივად არ არის სიმწვანე, ხელოვნურად აშენებენ ბაღებს, სკვერებს და საოცრად უვლიან. გული მტკივა, რომ ჩვენთან მოუვლელია ბუნებრივი სიმწვანე, შესანიშნავი ბუნება და წყალი. სამწუხაროდ, თბილისში არც წყალი ისმება და ჰაერიც ძალიან დაბინძურებულია. ყოფილი იპოდრომის ტერიტორიის გარდა, საბურთალოზე რამდენიმე ადგილას ვიყავით, სადაც ასევე, რთული სიტუაცია დაგვხვდა. ქალაქი მისახედია, განსაკუთრებით კი ძველი თბილისის ქუჩები, რომელსაც რეაბილიტაცია არ შეხებია. კარგი იქნება, თუ ამგვარი მოძრაობა უფრო სერიოზულ სახეს მიიღებს. ჩვენც არ გავჩერდებით და პირადად მე, ძალიან ბედნიერი ვიქნები, თუ ამ წამოწყებას სხვა თეატრების მსახიობები და ჩვენი მეგობრები შემოუერთდებიან.

ამასობაში, გიორგი ონიანს წამოვეწიე. კოლეგების წამოწყებაში ისიც თავიდანვე ჩაერთო. "ინტერვიუ ნაგავზე?" - სევდანარევი ღიმილით მეკითხება და მეც ვპასუხობ: "ჰო, ასე გამოდის".

- არაერთ ქვეყანაში გიწევთ მოგზაურობა. ყველაზე თვალში საცემად დაბინძურებული რომელი გეჩვენათ?

გიორგი ონიანი:

- სიბინძურეს თითქმის ყველა ქვეყანაში ნახავ. ვერავინ იტყვის, რომ სადღაც იდეალური სისუფთავეა. გერმანიაში ვცხოვრობ. იქ ნაგავს თუ წააწყდები, მას ისევ უცხოელები ყრიან და არა ადგილობრივები. ბევრი უცებ ადაპტირდება და ისევე ცხოვრობენ, როგორც გერმანელები, მაგრამ ბევრი ისე იქცევა, როგორც თავის ქვეყანაში ყოფნისას. გერმანელი არ ვარ, მაგრამ ასეთი ადამიანები მეც ნერვებს მიშლიან. მომწონს გერმანული პუნქტუალურობა, ცხოვრების წესი, მოწესრიგებული ხასიათი, ნაგვის სეპარაცია. მაგალითად, მწვანე ბოთლს ვერ ჩააგდებ ყვითელის ურნაში. ფერსაც კი დიდი მნიშვნელობა აქვს და არა მარტო იმას, თუ რომელი ურნა რა ნარჩენებისთვისაა განკუთვნილი.

- მგონი, რამდენიმე ქვეყანაა ასეთი, სადაც ნარჩენების დახარისხება ხდება და ისინი სპეციალურ ურნებში თავსდება. როგორ გგონიათ, მსგავსი რამ საქართველოში იმოქმედებს?

- რა ვიცი, რა გითხრათ. კვირაში ერთხელ ვასუფთავებთ ამ ტერიტორიას და თავად ხედავთ, ნაგავი ისევ ყრია. ჩვენი თაობა ნაკლებად იქცევა ასე, მაგრამ ფაქტია, ვიღაც მაინც ყრის. ეს საქციელი სირცხვილად უნდა ითვლებოდეს, ნაგვის დამყრელი უნდა გააბანძო, დააჯარიმო. კარგი იქნება, თუ კანონი ნაგვის დაყრისა და დაჯარიმების თაობაზე, მარტო ფურცელზე არ დარჩება. ახლახან ურეკში ვიყავი და სანაპიროზე, ჩემს შორიახლოს, მესამე დღეს ყველა ერიდებოდა პირსახოცის გაშლას. ნაგავს რომ ყრიან, ზოგმა იცის ხოლმე მიმართვა: "დაგივარდათ", "დაგრჩათ", მე ამგვარ საქციელზე ყველას სვანური პირდაპირობით მივანიშნებდი. ბევრს ეს არ სიამოვნებდა, მაგრამ შემდგომ დღეებში ვხედავდი, რომ ნაგავს სანაპიროზე კი არ ტოვებდნენ, არამედ თან მიჰქონდათ ან ურნებში ყრიდნენ. თუმცა, ერთეულები იქცევიან ასე. გამოსავალი მხოლოდ ისაა, რომ მშობლებმა უნდა ასწავლონ შვილებს. მცირე ასაკიდან ჯერ ოჯახში და შემდეგ სკოლაში უნდა ხდებოდეს ამ თემებზე საუბარი. ბავშვი რომ დაინახავს მამა ნაგავს აივნიდან ყრის, რა თქმა უნდა, ისიც ასე მოიქცევა. ამიტომ, თავად უნდა ვიყოთ სამაგალითო ჩვენი ოჯახისა და შვილებისათვის. ვფიქრობ, სიტუაციის გამოსწორებას დრო სჭირდება და კანონიც მეტი სიმკაცრით უნდა ამოქმედდეს. ერთხელ, გერმანიაში ბიო ნაგვისთვის განკუთვნილ ურნაში ნარჩენების ჩაყრისას, ცელოფანის პარკი ჩამყვა და ამის გამო გაფრთხილება მივიღე.

- ვინ მოგცათ შენიშვნა?

- როგორც აქ, ისევე იქ, ყველა კორპუსს თავისი ზედამხედველი და რაიონს თავისი "დეიდა ვასასი" ჰყავს. იმ ქალმა რომ დამინახა, მითხრა: ასე კიდევ თუ მოხდება, მთელი რაიონი დავჯარიმდებითო. რა თქმა უნდა, მას შემდეგ ასე აღარ მოვქცეულვარ.

"არდადეგებზე" სამშობლოში ჩამოსულმა გოჩა აბულაძემ ქუთაისში ჩასვლა და ოჯახის მონახულება უკვე მოასწრო. ახლა კოლეგებთან ერთად, დასუფთავების აქციაში მონაწილეობდა.

- ვწუხვარ, რომ როგორც ქართველს, ამ თემაზე მიხდება საუბარი. სამი წელია, გერმანიაში ვცხოვრობ. ვფიქრობ, უნდა მივბაძოთ გერმანელებს. ჩვენთვის ყოველთვის საამაყო იყო ჩვენი ბუნება და სიმწვანე, მაგრამ დღეს სავალალო სიტუაციაა. მიხარია, რომ ჩემი მეგობრების მიერ გამართულ აქციასა და დაგეგმილ კონცერტზე მონაწილეობის საშუალება მომეცა. თუ ჩვენ ახლა არ ვიმოქმედეთ, სავალალო შედეგამდე მივალთ.

- უცხოელ კოლეგას თუ Uუთქვამს ოდესმე თქვენთვის, რომ თავის ქვეყანაში, მსგავს აქციაში მოუხდა მონაწილეობა?

- ოთარ ჯორჯიკიამ მიამბო ჩვენს ჰოლანდიელ კოლეგაზე, რომელმაც კონსერვატორია თბილისში დაამთავრა და დღეს არაჩვეულებრივი ქართველი მეუღლე ჰყავს. თურმე, მის ბავშვობაში ავსტრიაში, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა ქვეყნად ითვლება, იმავე პრობლების გამო აქციები იმართებოდა. დღეს ამ ქვეყანაში საოცარი სისუფთავეა. ამით იმის თქმა მინდა, რომ მსგავსი პრობლემა ბევრგან იყო, მათაც გაიარეს ეს ეტაპი და დღეს ასეთმა ქვეყნებმა ჩვენ სტიმული უნდა მოგვცეს.

- დიდი რაოდენობით ბაღი და გამწვანებული სკვერი რომელ ქვეყანაში გინახავთ?

- ალბათ, ისევ და ისევ გერმანიაში. გაოცებული ვარ, ყველგან ტყეა, სარბენი და ველოსიპედის ბილიკები; ყველა ბინის ქვეშ საბავშვო მოედანია. პირადად მე, უცხო ქვეყანაში ეს მაძლებინებს - როცა თავისუფალი დრო მაქვს და მარტო ვარ, მივდივარ ტყეში და "ვიკარგები". ვმღერი, ფოტოებს ვიღებ.

აქციამდე რამდენიმე დღით ადრე, მიშა ქირიამ სოციალურ ქსელში, თავის გვერდზე დაწერა: "ჩვენ ყოველთვის ისეთი მთავრობა გვეყოლება, როგორსაც ვიმსახურებთ! ჩვენ ვაღმერთებთ პიროვნებებს, მერე ყველანი ერთად, მივდევთ მათ და ვადანაშაულებთ ჩვენს უბედურებაში... იმის მაგივრად, რომ შევქმნათ ძლიერი ინსტიტუტები, ვწეროთ მნიშვნელოვანი კანონები, ველოდებით მესიას! მთავრობ(ებ)ის ბრალია ნაგავს გარეთ რომ ყრი? რიგს არ იცავ? სხვისი პირადი ცხოვრების გარჩევით ხარ დაკავებული? საქართველო მხოლოდ სადღეგრძელოს თქმისას რომ გახსენდება და ნასუფრალს იქვე, ბუნებაში ტოვებ? რა თქმა უნდა, არა! ეს მხოლოდ შენი ბრალია! გავუფრთხილდეთ გარემოს, მივეჩვიოთ წესრიგს და ყველაფერი კარგად იქნება".

ტერიტორიის დასუფთავების საწყის ეტაპზე, მიშამ ნარჩენებით სავსე ცელოფანის პარკი იპოვა. პირველივე ნაბიჯზე "დაწინაურებულ" მიშას მხარში ამოვუდექი.

- ლონდონია ის ქალაქი, სადაც პარკებისა და სკვერების რაოდენობა ყველაზე მეტია. იქ არაჩვეულებრივი სისუფთავეა. ევროპის მასშტაბით და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში, სადაც კი ვყოფილვარ, ყველაზე დაბინძურებული საქართველო მგონია. სხვა ვერავინ გვიშველის, თუ თავად არ მოვინდომეთ, რომ ჩვენი ქალაქი სუფთა იყოს. მაგალითს მოვიყვან: ზუგდიდელი ვარ და ჩემს გარემოცვაში, ძალიან ხშირად, გამხმარ ფოთლებს წვავენ. გარდა იმისა, რომ საშინელი სუნი აქვს, წვის პროცესში ფოთლები ისეთ მომწამვლელ ნივთიერებს გამოყოფს, რომელიც თურმე, შეიძლება კიბოს გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყოს. ამაზე ჯარიმა 200 ლარია, მაგრამ არა მგონია, დღემდე ვინმე დაეჯარიმებინოთ. ის კანონი, რომელიც ახლახან ვიხილეთ, რეალურად, 2015 წლიდანაა ძალაში, მაგრამ შედეგი არ მოჰყოლია. საქართველოში იციან ხოლმე თქმა, კაცს ხომ არ ჩავუშვებო? ჩემი აზრით, ეს ჩაშვება არ არის. ეს ისევ და ისევ ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გაფრთხილებაა. სად არ ვყოფილვარ და იმდენი დაავადება, რაც საქართველოშია, არსად გამიგონია. მომატებულია ონკოლოგიურ დაავადებათა რიცხვი. ექიმი მეგობარი მყავს, თბილისში მუშაობს და ამას წინათ მომწერა, ერთ დღეში ონკოლოგიურად დაავადებული 62 პაციენტი მივიღეო. თან, დაავადებები გაახალგაზრდავდა და ამ ყველაფრის მიზეზი ისევ ჩვენ ვართ. ზუსტი სტატისტიკა არ ვიცი, მაგრამ მომატებულია ჩიყვით დაავადებულთა რაოდენობაც. გაიხედე ირგვლივ, რა ხდება. შემცირებულია ხეების რაოდენობა და როგორც ვიცი, ეს ადგილიც გაყიდულია. ამ ყველაფერზე გული ძალიან მწყდება.

ბარბარე ჯორჯიკია დედას გვერდიდან არ შორდებოდა. ისიც მონაწილეობდა აქციაში, რომელიც მისი თანატოლებისა და ზოგადად, მომავალი თაობის ჯანსაღ გარემოში აღზრდაზეა ორიენტირებული.

მარიამ ნაჭყებია:

- ჩემს მეუღლეს დიდი ხნის წინ ჰქონდა სურვილი, რომ ეს მოძრაობა დაგვეწყო და მცირე ხნის წინ, პირველი ნაბიჯებიც გადავდგით ამ მიმართულებით. ჩვენი ოჯახის წამოწყებას მეგობრები შემოუერთდნენ. მიხარია, რომ ყოველ მორიგ შეხვედრაზე სულ უფრო მეტნი ვგროვდებით. მართალია, სოციალურ ქსელში უფრო დიდი აქტივობა შეიმჩნევა, მაგრამ ვისურვებდი, ის ადამიანები ფიზიკურადაც ჩვენ გვერდით იყვნენ. თითოეული მოქალაქის მხარში დგომა გვჭირდება, სხვაგვარად საქმე არ გამოვა. ძალიან გვინდა, ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე ცენტრალ-პარკი გაკეთდეს, რომ ქალაქს ფილტვები შეუნარჩუნდეს. ამდენი მშენებლობისა და მანქანის გამონაბოლქვის ბუღში ცხოვრება შეუძლებელია. გვინდა, მომავალი თაობა ჯანმრთელ გარემოში გაიზარდოს და ამისათვის სახლიდან გამოსვლა არ უნდა დავიზაროთ.

დაახლოებით ერთი საათის შემდეგ, "შემოვლა" დასრულდა. ოთარ ჯორჯიკია გახარებული იყო, რადგან ამ ჯერზე ტერიტორიაზე იმდენი ნაგავი არ დახვდათ, რამდენიც წინა მისვლაზე და ნაგვის მანქანის საბარგულის მხოლოდ მეოთხედი გაივსო. უკვე ბნელოდა, როცა ვიღაცამ ბუჩქიდან ნახევრად შეფუთული, ძველი ღუმელი გამოათრია და გაკვირვებულმა შესძახა: "ფეჩი! ამას აქ რა უნდა?!"

ოთარ ჯორჯიკია:

- სამწუხაროდ, ნაგავი მხოლოდ ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე არ გვხვდება. სოფელში რომ მივდივარ, საბადურის ტყე უნდა გავიარო. ეს შესანიშნავი გარემო საოცრად დაბინძურებულია. ერთხელ დაასუფთავეს და ახლა მაინც, სამარცხვინო მდგომარეობაა. ზოგი პირდაპირ მანქანიდან ისვრის ბოთლებს თუ სხვა ნარჩენებს.

- სექტემბრიდან თუ განახლდება თქვენი აქტივობა?

- სექტემბრიდან ბევრი ჩვენგანი სხვადასხვა ქვეყანაში მიემგზავრება, სადაც გარკვეული პერიოდი მუშაობა გვიწევს ხოლმე და სამწუხაროდ, შორიდან მოგვიწევს თვალის დევნება იმ ყველაფერზე, რაც აქ მოხდება. თუმცა, უკვე დავთქვით, რომ ყოველ ხუთშაბათს ამ ადგილას ადამიანები უნდა შეიკრიბონ. ამ ყველაფერს რეგულარული სახე უნდა მიეცეს და აქტივობაში მოსახლეობაც უნდა ჩაერთოს.

P.შ. 14 აგვისტოს, თბილისის მერიის მხარდაჭერით, ალექსანდრეს ბაღში მსოფლიოში აღიარებულმა ქართველმა სოლისტებმა აქციის, "მწვანე საქართველო - ჯანმრთელი მომავალი" ფარგლებში კონცერტი გამართეს. ლეგენდარული კომპოზიტორების ოპერებიდან ცნობილ დუეტებსა და არიებს ასრულებდნენ: ანიტა რაჭველიშვილი (მეცო-სოპრანო), ოთარ ჯორჯიკია (ტენორი), მარიამ როინიშვილი (სოპრანო), მარიამ ნაჭყებია (სოპრანო), ნატალია ქუთათელაძე (მეცო-სოპრანო), მიხეილ ქირია (ბარიტონი), გიორგი ონიანი (ტენორი), ნიკოლოზ ლაგვილავა (ბარიტონი), სულხან ჯაიანი (ბანი), გოჩა აბულაძე (ბარიტონი). ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრს ნიკოლოზ რაჭველი და რეზო ჯავახიშვილი დირიჟორობდნენ. იმედია, ქართველი მუსიკოსების წამოწყება უკვალოდ არ ჩაივლის და თითოეული ჩვენგანი მიხვდება, რომ ჩვენი სახლი, ჩვენი ბინის კარს მიღმა არ მთავრდება.

ანა კალანდაძე