სხვა სამყარო საქართველოში - "საუკუნეების წინ, თუშეთის პატარა სოფელში ქალი იყო თემიდის სასწორის მპყრობელი!" - გზაპრესი

სხვა სამყარო საქართველოში - "საუკუნეების წინ, თუშეთის პატარა სოფელში ქალი იყო თემიდის სასწორის მპყრობელი!"

თუშეთი - ეს არის საშიში სილამაზე და სასიამოვნო მოულოდნელობა. ალაზნის ველიდან ჯერ აღმა მიუყვები აბანოს უღელტეხილამდე, მერე თავდაღმართია, შემდეგ ჭალას მიუყვები და ბოლოს ისევ აღმართია ომალომდე. ომალო ყველაზე დიდი "მეგაპოლისია" თუშეთში. ამბობენ, რომ ზამთრობით ამ მხარეში ორმოციოდე ადამიანი რჩება, მაგრამ ადგილობრივები ამაზე არ გეთანხმებიან: გაცილებით ცოტა რჩებაო...

ოთხკაციანმა ჯგუფმა, გამოცდილი მძღოლისა და სანდო ავტომობილის იმედით, შენაქოს გვერდი ავუარეთ და დიკლოს ცენტრში გადმოვბარგდით. ცალ მხარეს მოშიშვლებული ველია, საპირისპირო მხარეს - ფიჭვნარი. სახლების უმეტესობა ან ჩაქცეულა, ან სახურავგათანამედროვებულს დაუკარგავს თუშური არქიტექტურის ხიბლი. ადგილ-ადგილ ახალი სტილის სახლიც ჩაუდგამთ. მესაქონლეობის მიუხედავად, აქ არ დგას ნაკელის სუნი. რადგან პირუტყვს სოფლად ხეტიალის საშუალება არ აქვს, პატრონები მოშორებით გარეკავენ ხოლმე. დაღესტნის საზღვრის სიახლოვეს ცხვრის ფარა დააბოტებს, რომელსაც ბრიყვული შესახედაობის ვეება ნაგაზები თვალს არ აცილებენ. გადაწყდა: დიკლოში ვრჩებით პირველ ღამეს. დრო თავზე საყრელადაა და დავდივარ ნასოფლარში, რომელსაც ზაფხულობით აცოცხლებენ ბარიდან ამოსული თუშები და ტურისტები.

ერთ სახლს, პატრონის ხელს დანატრებულს, აივნიდან ვზვერავ. ულამაზესი ჩუქურთმებით ბოლოვდება ფიჭვის სვეტები, ფანჯრები დარაბებითაა დაგმანული. დარაბის ფიცრებზე ოდესღაც ხასხასა ფერის ყვავილებიც მიუხატავთ, ახლა კი გაბაცებული ხატებაღა დარჩენილა მათგან. ერთგან სარკმელი შეტეხილია. ოთახიდან სიბნელე ციკლოპის თვალივით იყურება. ფოტოაპარატის ობიექტივი გადავყავი სიბნელეში და მონიტორზე იწერება: "ძალიან ბნელია ობიექტი". ინტერესი მიცხოველდება და ტექნიკის სპეცრეჟიმით ვაშუქებ სიბნელეს. კერაზე ნახშირს ხსოვნის ფერფლივით აყრია ნაცარი. კარადაში შელაგებული ფერადი ჭინჭილები მტვრისფერია. აკვანზე შემორჩენილა მხოლოდ ფერადი მინის მძივი და ღინჭილა...

ახლა კიბეს ვაკვირდები - თურქ-სელჩუკივით მოიწევს საფეხურებზე ჭინჭარი; ნაბოსტნარს მაღალი ანწლნარი ფარავს, წითელთავა (და არა წითელგულა!) პატარა ჩიტები შეხიზვნიან სახურავს და გასაოცრად მაღალი ხმით "აცხადებენ", რომ აქაურობა მათია. საღამოვდება და თითქოს, სარკმელში იდუმალება მიიპარება, რათა ცარიელ აკვანში ჩაწვეს და გამოითენოს.

სახლებთან ზოგან გაცამტვერებული საცეცხლურია, ზოგან - სახელდახელოდ შეკეთებული. საცეცხლური დაახლოებით იგივეა აქ, რაც გურიაში ქუხნა-სახლი. ალაგ-ალაგ ფურნეც დავინახე, გამომჭვარტლული გულ-მუცლითა და ობობის ქსელით გადახლართული. ოდესღაც მასში აცხობდნენ და წვავდნენ, ახლა კი ვიღას ახსოვს ძველებური ფურნე...

მოშორებით ყმაწვილი თოხს იქნევს და ყელამდე აწვდილ ბალახებს ძირკვავს. მას სპორტული კეპი ახურავს. დამინახა თუ არა, საქმეს შეეშვა და მომესალმა. ოციოდე წლისაა ჯამარ ვარდიძე. თოხს გვერდით დებს და ორ წუთში ვიცი მისი ამბავი. განათლებით მზარეულია, მუშაობდა კიდეც ომალოში სასტუმროს მზარეულად, ახლა კი წინაპრებისეული სახლი უნდა გამოსტაცოს დროის უნდობლობას. ორი და ჰყავს: ერთი თბილისში სწავლობს, მეორე - გერმანიაში. მშობლები საბერძნეთში არიან და აბა, სხვა ვინ მიხედავს აქაურობას?! მშობლები ფულს მომაშველებენ, მე ხელს გავატოკებ და აქაურობას მოვაწყობ, მერე სტუმრების მიღებაც შემეძლებაო. ჯამარი წელს შულტად აურჩევიათ: ვისაც თუშეთზე ცოტა ინფორმაცია მაინც აქვს, იცის შულტების ვალდებულებები. "პარკეტის თუში" ყოფილხარ, - გავეხუმრე მოსაუბრეს. არა, დედით და მამით თუში ვარ, - ოდნავი წყენა ისმის ახალგაზრდის ხმაში. ვუხსნი, ამით ის ვთქვი, რომ სეზონურად ამოდის დიკლოში. უფილტრო სიგარეტს უკიდებს და იღიმის. ვთხოვე, ქუდი მოეხადა, რომ ფოტოები გადამეღო მისთვის. დამყაბულდა. მერე შინ მიმიწვია... მართალია, ყმაწვილი თუში მოკრძალებულია, მაგრამ მთის ხალხისთვის დამახასიათებელი მიზანსწრაფულობა თვალებში ელექტრონივით უნთია და არც ვეჭვობ, რომ გასაკეთებელს გააკეთებს. ისე არ წახვიდეთ, დიკლოს ციხე რომ არ ნახოთო, - მირჩია. ორი თანამგზავრი ამედევნა და დაღესტნის საზღვარს მივადექით. ციხის კოშკის სიპებს საუკუნო კავშირი დარღვევია. ფიჭვები, როგორც ანცი ბიჭები, ისე დგანან ნიადაგმწირ ქვიანებში. გასული წლის გირჩები ფარავს მიწას, თავდაღმა დაშვებული ნაკადულები ხმას უწყობენ მეცხვარის ნაგაზების ხმებს. ორი მესაზღვრე სწრაფად გვიახლოვდება, რაციით ვიღაცას ეხმიანებიან: "ჩვენები არიან". ჩვენი სახელ-გვარი და პირადი ნომერი უკარნახეს "იქ" და მერე ერთად, პირიქითა ალაზნის ხეობას ვუცქერით. ალაზნის გადაღმა ლეკების ნასოფლარებია. ნასოფლარზეც ცხვრები დაკუნკულებენ და გულსაკლავი უკაცრიელობა იქაც ბატონობს!

დროზე უნდა მივბრუნდეთ უკან. ერთი სახლი ჩვენს განკარგულებაშია. სახლის წინ გირჩებითა და ფიჭვის გამხმარი წკირებით ცეცხლს ვანთებთ, მერე ვუმატებთ დიდრონ კუნძებსაც და ცეცხლის ალი ებრძვის მთის ღამის წყვდიადს. სამი ადამიანის ლანდი გვიახლოვდება. ხანდაზმული დედაკაცი ჩემს თანმხლებ ქალს გამოარჩევს და თავისთან მიიწვევს, - უფრო კარგად მოისვენებ ჩემთანო. თანმხლებმა იუარა. "ნუ ხარ, ქალო, კერპ!" - ეუბნება დედაკაცი, მაგრამ მიწვევაზე ისევ უარი მიიღო. მიმპატიჟებელს მოზრდილი ნესვი შევაჩეჩე. თუშის ქალი უარზეა, მაგრამ ბარელებს გულს არ გვწყვეტს და სახლისკენ მიაჩანჩალებს ნაჩუქარ ხილს. მამაკაცები აივანზე ვიძინებთ და ხარბად ვისუნთქავთ წიწვის სუნით შეზავებულ ჰაერს. მეგობარი ქალი კარავში გვიანობამდე კითხულობდა დოსტოევსკის რომელიღაც ნაწარმოებს...GzaPress

ადრიან დილაზე მჭახე ხმამ დაგვაფხიზლა. თუში კაცი ურჩ ძროხებს უწყრება და ისე წველის. ყოველი გამოწველილი ბოჩოლა მორიგეობით ტოვებს ბინას და ნამიან ფერდობებს მადიანი ძოვით მიუყვება. საპირისპირო მხრიდან ნაცნობმა თუშის ქალმა მორიგეობით ამოატარა დიდრონი ვედროები. მოგვესალმა და ამჯერად, ყველა მიგვიწვია თავისთან, ყავაზე. სამნი გავყევით. ბეგქონდარას ჩაის დაგალევინებთ კიდევო, - შემოგვთავაზა. საცეცხლური სიპებისგან ახლახან აუგიათ მაშო ბებოს ვაჟებს. მაგიდაზე მორიგეობით ჩნდება ფინჯნები, საშაქარე, კანფეტიანი ვაზა, გირჩის მურაბით სავსე ქილა, ყაღი (ცხვრის ხორცის ლორი). 80 წლის ყოფილა მაშო, მაგრამ ექვსი ძროხა მისი მოსაწველია, ოთხი მშრალი (არამეწველი) პირუტყვიც მისი საპატრონოა. ულამაზესი კილოთი გვიყვება თითქმის სამოცი წლის წინანდელ ამბავს, როცა გომეწრიდან დიკლოში გამოთხოვილა. სეტყვასავით წამოსულ შეკითხვებს ღიმილით პასუხობს და იხსენებს იმ დროს, როცა ლეკები გადმოდიოდნენ ომალოში და ეზიდებოდნენ სანოვაგეს. ერთხელ, 80 ვირით მოვიდნენ და აქაურობა სულ დაჭლინკესო... ლეკების ნაწილი ბაცაცობდა, ზამთრობით უპატრონო სახლებს ძარცვავდა და არა მარტო ჩვენებისას, თავად ლეკებისასაც არ ზოგავდნენ თურმე... ახლა ის ბაცაცებიც აღარსად ჩანან.

მაშო ბებოს ორი სახლი აქვს დიკლოში. ამბობს, - ვაჟები და შთამომავლობა ყოჩაღობენ. მეუღლე რომ დამეღუპა, მის მერეც არ დამიყრია ფარ-ხმალი და ვშრომობო. სოფელში მისნაირი მოვლილი ბოსტანი არც ვის აქვს: მწკრივშია ნიორი, ჭარხალი, კომბოსტო, კარტოფილი. მოღუნულტარიანი თოხიც იქვეა. ალბათ, ძროხებს რომ მოუვლის და ყველს ამოიყვანს, მერე კარტოფილს მიწას შემოაყრის; არ სცალია საწუწუნოდ და ავადმყოფობისთვის. ამდენი ხნის ვარ და წამალი არც გამისინჯავს, არც ექიმი ვიციო. უსაზღვროდ ლურჯი თვალები თუშეთის ცის ნაგლეჯებივით ბდღვრიალებს მოხუცის სახეზე. ხაჭოც გაუხმია - დაგვიჭრა და გაგვასინჯა. გირჩის მურაბაც თავად მოუხარშავს, ყაღიც თავად გამოუყვანია. ჩემ გარდა ვერავინ ბედავს ცხვრის ხორცის გასინჯვას, რომელიც მზეზე გაუხმია მასპინძელს... ჭრელაჭრულა წინდები გრძელ თოკზე გაუფენია მაშოს და საქმის მცოდნის თვალით შევაფასე ნაშრომი, ოღონდ - გული დამწყდა, რადგან მატყლის ძაფით არ იყო ნაქსოვი... ადრე მატყლს ბუნებრივი საღებავებით ვაფერადებდით, თექასაც ვთელავდი და ახლა ნაკლებად აინტერესებთ ეს მყიდველებსო. წვრილმანებამდე ვეკითხები ქსოვის ტექნოლოგიას და უკვირს მოხუცს, ვაჟმა საიდან უნდა იცოდეს ამდენიო?.. ვეუბნები: რომ მატყლის დამუშავება ტრადიციული მეთოდით, თავიდან ბოლომდე ვიცი. აგერ, ჩვენი პრეზიდენტიც ქსოვს და მე რა ღმერთი გამიწყრება, თუ დამჭირდა, მაშო ბებო?!.

აი, აქვე სახლია. სარდაფი დიდი ტომრებითაა სავსე, ტომრებში კი მატყლია და ხელს გააყოლე, ეგებ და კი გამოიყენოო. მეცინება, ახლა ჩემი საქმეების პატრონს სად მცალია თითისტარ-საჩეჩელისათვის? ფოტოაპარატს ვიმარჯვებ და მაშოც "უიმეს" გაიძახის ყოველ დაწკაპებაზე, რა გადასაღები მე ვარო. არადა, 60 წლის ადამიანს შეშურდება მისი მიხრა-მოხრა, კანის ფერი, სიტყვა-პასუხი... შრომა კი არა, უფრო უსაქმობა კლავს ადამიანს და უშნო კვდებაო, - გვიმხელს ჯანმრთელობის საიდუმლოს მოხუცი თუშის ქალი. დაძინებამდე რძეს ვსვამ, საჭმელს ვიმზადებ, ერთჯერად პაკეტებში გამოკრულ საკვებს ახლოს არ ვიკარებ და ამიტომ გეჩვენებით ასაკთან შედარებით, უფრო ახალგაზრდაო...GzaPress

გვიყვება: გუდაში ყველს ახლა ცოტაღა ინახავს და ცელოფანებში ვახვევთო... აივნის ღიობზე ხაჭოს კოკრებს აშრობს. 2-3 ლარი ღირს ერთი ცალი და რაც უნდა დიდი მჭამელი იყოს კაცი, ნახევარსაც ვერ აითვისებს. განსაკუთრებით, ლუდზე დასაყოლებლად არის კარგი... ადრე აქ ზამთარში ბევრი ხალხი იყო, მერე ცხრა კვამლი (კომლს ასე ეძახის მაშო), ბოლოს ორი კვამლიღა რჩებოდა, ახლა კი დაზამთრებამდე ყველა ბარისკენ მიდის: ზოგი მანქანით, ზოგი - ვერტმფრენითო. ტურისტებს ვერტმფრენით სარგებლობას არ ურჩევს ჩვენი მასპინძელი, - აბა, ამ სილამაზეებს როგორ დაინახავ ზემოდან? სჯობს, მანქანით იაროთო...

დიკლოს მერე დართლოში გადავდივართ. ომალოს ციხის ნახვის შემდეგ გგონია, რომ ამ მხარეში უკეთესს ვერაფერს იხილავ, მაგრამ დართლო სხვა განზომილების არქიტექტურაა! მზვარეებში ნასახლარები ისევ ჩანს. იქაც ცხვრების ფარებია და თავპირისმტვრევით ჩამოჩქაფუნებული ნაკადულები. დართლოს პირვანდელი სახით უპირებენ აღდგენას და კიდევ უფრო მახარებს ის, რომ იქ დასაქმებული ყმაწვილები ტრადიციული წესით უბრუნებენ სიცოცხლეს მიწასთან გასწორებულ თუშურ საცხოვრისებს: მზეზე გაშავებული ახალგაზრდებიდან ზოგი ჩამოქცეულ მიწას ეზიდება, ზოგი - სიპებს აქუჩებს, ზოგიც - ყორეს აგებს. დართლოს საფიხვნოზე ქვასკამები წრიულად ისევ ისე აწყვია, როგორც საუკუნეების წინ. აქ ხეობის სამართალი ზეიმობდა ადრე. მეღიმება, როცა ვიგებ, რომ დედაკაციც ყოფილა საფიხვნოს "თავი". მეღიმება მხოლოდ იმიტომ, რომ ქართველებს ახლა "გვასწავლიან", ქალი საზოგადოების სრულუფლებიანი წევრიაო... არადა, ჩვენში დედოფალს მეფეს ეძახდნენ და საუკუნეების წინ, თუშეთის პატარა სოფელში ქალი იყო თემიდის სასწორის მპყრობელი!

როლანდ ხოჯანაშვილი