პირადი დაცვა - პრობლემა თუ კომფორტი? - გზაპრესი

პირადი დაცვა - პრობლემა თუ კომფორტი?

ქვეყნის პირველი პირების დაცვა არა მარტო მათი უსაფრთხოების, არამედ ქვეყნის უსაფრთხოების უმთავრესი წინა პირობაა. რამდენად გამართულია ჩვენთან დაცვის სამსახური და შეესაბამება თუ არა მსოფლიო სტანდარტებს, ამ თემაზე კომენტარი სპეცსამსახურების საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლის საქართველოს ცენტრის ხელმძღვანელს, ბესიკ ალადაშვილს ვთხოვეთ:

- სახელმწიფო დაცვის სამსახური ერთ-ერთი ყველაზე გასაიდუმლოებული სტრუქტურაა როგორც ჩვენთან, ისე საზღვარგარეთ, თუმცა, გარკვეული ინფორმაცია ბუნებრივია, მაინც არსებობს. ჩვენი დაცვის სპეციალური სამსახური წინა პრეზიდენტის დროსაც და ახლაც უფრო პოლიტიზებულია, ვიდრე - პროფესიული. ამ სამსახურიდან (ისევე როგორც სხვა სპეცსამსახურებში) სააკაშვილის დროიდან მოყოლებული, პროფესიონალები გაყარეს და პიროვნული ნიშნით აიყვანეს ახალი კადრები. ამიტომ საკადრო პრობლემა დგას. რაც შეეხება ტექნიკურ აღჭურვილობას, ამ სფეროში ჩვენები არ ჩამოუვარდებიან მსოფლიოს არც ერთ ქვეყანას, რადგან მათი ბიუჯეტი საკმაოდ დიდია.

- რამდენად თანაბარი ძალისაა პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის პირადი დაცვა?

- დღეს საქართველოში ორი უმაღლესი ფიგურაა: პრეზიდენტი და პრემიერი. მათი დაცვა ბუნებრივია, ერთნაირი არაა. პრეზიდენტის უფლებები და მისი პოლიტიკური წონა საკმაოდ შესუსტებულია, ამიტომაც მისი დაცვა გამომდინარეობს მისი რეალური ფუნქციებიდან.

- რამდენიმე წლის წინ ვრცელდებოდა მითები შევარდნაძის პირად დაცვაზე. რამდენად ადეკვატური იყო ეს ხმები?

GzaPress- შევარდნაძეს მოუწყვეს ორი ტერაქტი (სხვა საქმეა, ეს იყო თუ არა მართლაც ტერაქტი). დაცვის სამსახურის მოვალეობაში ისიც შედის, რომ გასავლელი გზა შეამოწმოს და აღკვეთოს მოსალოდნელი საფრთხე; თუ ტერაქტი მოხდა, ეს უკვე დაცვის სამსახურის მინუსია. შევარდნაძის მეორე ტერაქტის დროს გარდაიცვალა დაცვის ორი წევრი. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ეს ბიჭები არ იყვნენ ცუდად მომზადებულები. შევარდნაძის დაცვის სიძლიერეზე იმ დროს მითები მართლაც დადიოდა. კლინტონის პრეზიდენტობის პერიოდში ამერიკელებმა ჩვენი დაცვის სპეცსამსახურებისთვის მოამზადეს კადრები, აღჭურვეს შესაბამისი ტექნიკით, გვეხმარებოდნენ მატერიალურადაც, რადგან მაშინ მწირი ბიუჯეტი გვქონდა და ამის საშუალება არ იყო. ამან შეუწყო ხელი ამ მითის შექმნას, თორემ ეს იყო ჩვეულებრივი დაცვის სამსახური და არაფერი - განსაკუთრებული.

- რა პრინციპით ხდება პირად დაცვაში პიროვნების აყვანა?

- ადამიანის პირადი დაცვა, როგორც წესი, ოჯახის მცველის ფუნქციასაც ასრულებს, ამიტომ ის უფრო მეტია, ვიდრე - დაცვა. წლების მანძილზე ის ხდება ოჯახის წევრი, ფაქტობრივად, ყველაფერი იცის. ეს ფაქტორი არის როგორც დადებითი, ისე - უარყოფითი. დადებითი იმიტომ, რომ ამა თუ იმ ინფორმაციის ცოდნა დაცვის წევრს უადვილებს საკუთარი საქმიანობის სწორად წარმართვას, მაგრამ უარყოფითია, თუ მოხდა მისი გადაბირება ან მოსყიდვა (გავიხსენოთ ბიძინა ივანიშვილის დაცვის წვერის, ბესო სურმავას გადაბირება). ამ დროს ის უკვე საფრთხის შემცველი ხდება. ამიტომ დაცვის წევრის შერჩევა ხდება პირადი ერთგულებით, რადგან ამ დროს დიდია ნდობის ფაქტორი. როდესაც ესა თუ ის თანამდებობის პირი იცვლება, როგორც წესი, ხდება დაცვის წევრების შეცვლა. მაგალითად, სააკაშვილს ჰყავდა დაცვის სამსახურის ორი უფროსი, ხოლო როდესაც ქვეყნის პირველი პირი გახდა ღარიბაშვილი, მან ამ თანამდებობაზე თავისი შერჩეული კადრები დანიშნა. საუკუნეებია, ეს პრაქტიკა არსებობს და მეფეებიც კი ასე იქცეოდნენ.

- ამერიკულ ფილმებში გვინახავს, რომ დაცვის წევრი არცთუ ისე იშვიათად საკუთარი შეხედულებისამებრ იქცევა და დასაცავ ობიექტსაც აიძულებს მორჩილებას. რამდენად აქვთ მათ ეს უფლება?

- დიახ, დაცვის სამსახურის წევრებზე უამრავი ფილმია გადაღებული და ჩვენ გვაქვს ნანახი, როდესაც ამერიკის პრეზიდენტსაც კი, დაცვა აიძულებს, მისი შეხედულებისამებრ მოიქცეს. არსებობს კანონი, საიდუმლო ინსტრუქციები, რომლის მიხედვითაც უნდა იმოქმედოს დაცვის წევრმა და ამ დროს პრეზიდენტი და ნებისმიერი სხვა პირი ვალდებულია, დაცვას დაემორჩილოს, რადგან ეს მისი უსაფრთხოებისთვის კეთდება. თანაც გაითვალისწინეთ, რომ პრეზიდენტი მარტო საკუთარ თავს არ წარმოადგენს, ის სახელმწიფოს პირველი პირია. დაცვის წევრებს ძალიან დიდ პრობლემებს უქმნიდა და ყველაზე რთული დასაცავი (საბჭოთა კავშირის პირველი პირებიდან) ყოფილა მიხეილ გორბაჩოვი, იმპულსური ხასიათიდან გამომდინარე. სხვათა შორის, ძალიან რთული დასაცავი იყო მიხეილ სააკაშვილიც, მისი ექსცენტრიკული ხასიათიდან გამომდინარე. მას სადაც მოუნდებოდა, იქ შედიოდა, უეცარ გადაწყვეტილებებს იღებდა და ეს დაცვას ძალიან ურთულებდა დაკისრებული ამოცანის შესრულებას.

რამდენიმე მაგალითს მოგიყვანთ, როცა პირადმა დაცვამ ობიექტის ცხოვრებაში ძალზე დიდი როლი ითამაშა.

GzaPressთეატრ Ford-ში ცნობილმა მსახიობმა და სამხრეთელთა მხარდამჭერმა, ჯონ უილკეს ბუთმა სასიკვდილოდ დაჭრა მეუღლესთან ერთად თეატრში მყოფი პრეზიდენტი, აბრაამ ლინკოლნი. დამნაშავეს და მკვლელობის სხვა თანამონაწილეებს განზრახული ჰქონდათ მისი მოტაცება 20 მარტს, თუმცა, პრეზიდენტის გეგმები შეიცვალა და აღარ მივიდა იქ, სადაც მკვლელი 6 მეგობართან ერთად ელოდებოდა. 2 კვირის შემდეგ რიჩმონდი გაერთიანებულ ძალებს ჩაუვარდათ ხელში. ბუთმა ახალი გეგმა დასახა. მან გაიგო, რომ 14 აპრილს ლინკოლნი ლაურა კინის დადგმას - "ჩვენი ამერიკელი ბიძაშვილი" დაესწრებოდა ვაშინგტონის ფორდის თეატრში და განზრახვა სისრულეში მოიყვანა. როგორც ისტორიკოსები წერენ, პრეზიდენტის დაცვა იმ დროისთვის უმაღლეს დონეზე ხდებოდა, მაგრამ პრეზიდენტის დაცვა მაინც ჩავარდა.

ინაუგურაციიდან 2 თვეში, პრეზიდენტ რეიგანზე თავდასხმა მოხდა. სასტუმრო "ვაშინგტონიდან" გამოსვლის დროს, მას ჯონ ჰიკლიმ ესროლა. პრეზიდენტი მძიმედ დაიჭრა. ტყვია მარცხენა ფილტვში, გულთან ძალიან ახლოს გაჩერდა. პრეზიდენტის დაცვა მალევე მოეგო გონს, თავდამსხმელი გაანეიტრალა და მას განმეორებით სროლის საშუალება არ მისცა. მოულოდნელი თავდასხმისაგან არავინაა დაზღვეული, მაგრამ დაცვამ სწრაფი რეაგირება უნდა მოახდინოს, როგორც ეს ამ შემთხვევის დროს მოხდა, რამაც გადაარჩინა დაჭრილი პრეზიდენტი. საავადმყოფოში მიყვანილმა, ქირურგებს ხუმრობით უთხრა - იმედია, ყველანი რესპუბლიკელები ხართო. თავდამსხმელი დღესაც ფსიქიატრიულ საავადმყოფოშია. მისი თქმით, ის პრეზიდენტს თავს იმიტომ დაესხა, რომ მსახიობ ჯოდი ფოსტერზე შთაბეჭდილების მოხდენა სურდა.

რომის პაპზე, იოანე-პავლე მეორეზე თავდასხმა 1981 წლის 13 მაისს, დღის 5 საათზე, რომის წმინდა პეტრეს მოედანზე მოხდა. პაპი მოედანზე ავტომანქანით მიიყვანეს. იგი ხალხს მიუახლოვდა და პატარა გოგონა აიყვანა ხელში. გოგონა მშობლებს დაუბრუნა თუ არა, შეჯგუფებულ ხალხს შორის გამოჩნდა "ბრაუნინგის" ტიპის პისტოლეტით შეიარაღებული ხელი და გასროლის ხმაც გაისმა. პაპს ორი ტყვია მუცელში მოხვდა, დაუზიანდა მარცხენა ხელი და მარჯვენა ფეხი.

შემთხვევის ადგილას იმყოფებოდა პიტერ ჯენინგსი, ამერიკული ტელევიზია ABC-ს კორესპონდენტი. მომხდარი მან ასე აღწერა: "მოულოდნელად, ხალხის ჯგუფიდან სროლა გაისმა. თვითმხილველთა მონაყოლით, პაპი შოკირებული იყო - წამით ადგილზე გაშეშდა და შემდეგ მოცელილივით დაეცა, ავტომანქანის სავარძელზე". თავდამსხმელი თურქეთის მოქალაქე, მაშინ 23 წლის, მეჰმედ ალი აგჯა იყო. სროლა მას გაბედულმა მონაზონმა შეაწყვეტინა - მივარდა და ჩაებღაუჭა. აგჯამ გაქცევა ვერ შეძლო და მალევე დააკავეს.

GzaPress1998 წელს, საქართველოს ექსპრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეზე მეორე ტერაქტი განხორციელდა. ტერაქტის დროს პრეზიდენტის დაცვის წევრებსა და ტერორისტებს შორის შეტაკება მოხდა, ორი მათგანი (ერთი - პირადი დაცვიდან ანუ ე.წ. "ლიჩნიკი", მეორე - სპეცდანიშნულების რაზმიდან) ბრძოლისას სასიკვდილოდ დაიჭრა და დაიღუპა. შეიძლება ითქვა, რომ დაცვამ ძალიან დიდი როლი შეასრულა შევარდნაძის გადარჩენაში, მაგრამ მთლიანობაში, პრეზიდენტის უშიშროების სისტემამ "ვერ იმუშავა", ვინაიდან, ამ სისტემის არსი თავდასხმის მოგერიებაში კი არ მდგომარეობს, არამედ - თავიდან აცილებაში. რა თქმა უნდა, მას შემდეგ, რაც რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, კულიკოვმა ბაქოში ქარაგმულად უთხრა ქართველ კოლეგას, რომ შევარდნაძეზე თავდასხმა მზადდებოდა, არა მხოლოდ დაცვა უნდა გაძლიერებულიყო (ეს გაკეთდა), არამედ უნდა "გადაფარულიყო" ყველა წერტილი, საიდანაც შეიძლებოდა ტერაქტი განხორციელებულიყო (ყოველ შემთხვევაში, რეგულარული მოძრაობის მარშრუტებზე მაინც). მაგალითად, დღეს იმავე წერტილიდან ტერორისტები თავდასხმას ვეღარ შეძლებენ იმ უბრალო მიზეზით, რომ როგორც კი პრეზიდენტი რეზიდენციიდან კრწანისისაკენ მოძრაობას დააპირებს, ის ადგილი საგანგებოდ მოწმდება. საკმარისი იყო, 9 თებერვალს ეს გაეკეთებინათ და თავდასხმა ვეღარ განხორციელდებოდა, - კორტეჟი არ დაიძვრებოდა, ვინაიდან შესაბამის შეტყობინებას ვერ მიიღებდა ამ წერტილიდან.

1993 წლის ოქტომბრის დამლევს, პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია და მისი რამდენიმე მხარდამჭერი იძულებული გახდნენ, თავი სამეგრელოს მთიანი ნაწილისთვის შეეფარებინათ. 1993 წლის 31 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტი დაიღუპა წალენჯიხის რაიონის სოფელ ხიბულაში. 1994 წლის თებერვალში იგი გადაასვენეს გროზნოში. მისი დაღუპვის გარემოებები უცნობია. ბრიტანული პრესის ცნობით, ცხედარი იპოვეს ერთადერთი ტყვიის ჭრილობით თავში. არსებობს მისი სიკვდილის ახსნის რამდენიმე ვერსია, თუმცა, სიზუსტის დადგენა ვერ ხერხდება. პრეზიდენტის გარდაცვალებისას პირად დაცვას გვერდით ოთახში ეძინა. რთულია იმის თქმა, რომ თუ ისინი პრეზიდენთტან ერთად იქნებოდნენ, ამით რამე შეიცვლებოდა, მაგრამ ფაქტია, რომ მათი იქ ყოფნა ამ საქმეს მეტ სიცხადეს ნამდვილად შესძენდა.

ლადო გოგოლაძე