ახა­ლი გა­მო­გო­ნე­ბა - ბუ­ნებ­რი­ვი აირის გა­ჟონ­ვის­გან დამ­ცა­ვი სის­ტე­მა - გზაპრესი

ახა­ლი გა­მო­გო­ნე­ბა - ბუ­ნებ­რი­ვი აირის გა­ჟონ­ვის­გან დამ­ცა­ვი სის­ტე­მა

14 წლის ტყუპმა ძმამ, გიორგი და დემეტრე კაჭკაჭიშვილებმა ახლახან ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა საერთაშორისო ოლიმპიადაზე პირველი ადგილი დაიკავეს. ძმებმა ინჟინერ გურამ ჩაგანავას ხელმძღვანელობით, ჰაერის გამწმენდი სისტემა შექმნეს, რომელიც ჰაერში ბუნებრივი აირის, მტვრის, ორთქლისა და ტემპერატურის დონეს აფიქსირებს. თუ მათი შემცველობა ზღვარს სცდება, ავტომატურად ირთვება სიგნალიზაცია, შესაბამისი გამწოვი და გამწმენდი სისტემები, გადაიკეტება გაზის წყარო და ობიექტის მფლობელს ტელეფონზე შეტყობინება ეგზავნება. ინოვაციური სისტემა შესაძლებელია, გამოიყენო ნებისმიერი ტიპის შენობაში, სადაც ჰაერის კონტროლი მნიშვნელოვანია.

დემეტრე:

- სისტემის დანიშნულებაა, აღმოაჩინოს ბუნებრივი აირის გაჟონვა, ჩართოს ვენტილაცია, გაწმინდოს ჰაერი და პარალელურად, ამის შესახებ მოკლე ტექსტური შეტყობინება სახლის მფლობელს მობილურ ტელეფონზე გაუგზავნოს. ბუნებრივი აირის გარდა, ხელსაწყო ჰაერში მტვრის, ორთქლის, კვამლის არსებობაზეც რეაგირებს. თუ ჰაერში საშიში ნივთიერება არაა გაჟონილი და ის სიცოცხლისთვის სახიფათო არ არის, ამ შემთხვევაში სიგნალიზაცია არ ირთვება, მხოლოდ გამწოვი მოდის მოქმედებაში.

- რატომ გადაწყვიტეთ სწორედ ამ შინაარსის სისტემის შექმნა?

- ძალიან გვინდოდა მონაწილეობა გამომგონებლების ოლიმპიადაზე. რამდენიმე იდეა გვქონდა, რომელთა შორის საუკეთესო სწორედ გამწოვი სისტემის შექმნა აღმოჩნდა. დაწყებისას მხოლოდ სახაზავი, სქემის დაფა და ვენტილაცია გვქონდა, ორი სენსორით. ახლა უკვე მთელი მოწყობილობა გვაქვს და სისტემისთვის ფუნქციების გაზრდასაც ვაპირებთ. მაგალითად, ჰაერის წმენდის პარალელურად ვამატებთ გაზის წყაროს გადაკეტვის ფუნქციას. გარდა ამისა, სისტემის ბლოკთან დასაკავშირებლად ახლა თუ სადენებს ვიყენებთ, ვაპირებთ, უკაბელო გავხადოთ.

- ოლიმპიადა რა შედეგით დასრულდა?

- პირველი ოლიმპიადა ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი იყო, სადაც ფინალში, ათეულში მოვხვდით. ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა საერთაშორისო ოლიმპიადაზე ორი ტური იყო - რესპუბლიკური და საერთაშორისო. ორივე ეტაპზე პირველი ადგილი დავიკავეთ.

- რაიმე საქმიანი შემოთავაზება ხომ არ მიიღეთ?

- სისტემის დაპატენტების საქმეში დახმარება საქპატენტმა შემოგვთავაზა. გარდა ამისა, მიწვევა გვაქვს დუბაიში, სადაც სისტემის ბაზარზე გატანას დაგვპირდნენ.

- მისი დაახლოებითი საბაზრო ფასი რა იქნება?

- სავარაუდოდ, 100 ლარის ფარგლებში.

- რით განსხვავდება თქვენი გამოგონება დღემდე არსებული მსგავსი ტიპის სისტემებისგან?

გიორგი:

- არსებობს დაახლოებით იგივე სისტემა, რომელიც ბუნებრივი გაზის გაჟონვისას სიგნალიზაციას რთავს. ჩვენი ხელსაწყო კი მულტიფუნქციურია - არა მხოლოდ გაზის გაჟონვაზე რეაგირებს, ჰაერის გაწმენდა და წყაროს გადაკეტვაც შეუძლია.

- ამ სისტემის შექმნამდე სხვა გამოგონებაც გქონდათ?

დემეტრე:

- მასშტაბური არა. ვერთობოდით უბრალოდ. ბავშვობაში ძალიან გვიყვარდა სათამაშოების დაშლა და ჩვენი ინტერესის მიხედვით აწყობა. მეშვიდე კლასში "კომაროვის" სკოლაში დავდიოდით, სადაც შემოგვთავაზეს რობოტექნიკისა და ელექტრონიკის ლიცეუმში გვევლო. სწორედ იქ შევისწავლეთ ელექტროპროგრამირება და ყველაფერი, რაც ამ სისტემის შესაქმნელად იყო საჭირო.

- თქვენი ინტერესები ხშირად ემთხვევა ერთმანეთს?

- უფრო განსხვავებულები ვართ. სკოლის სხვადასხვა საგანი მოგვწონს, სხვადასხვაგვარად ვსწავლობთ.

- სამომავლოდ კიდევ გეგმავთ სხვა ოლიმპიადებზე მონაწილეობას?

- დიახ, ამ გამოგონებასაც გავიტანთ და გარდა ამისა, უკვე ნაფიქრი გვაქვს სხვა ინოვაციებზეც.

- რაიმე სხვა გატაცებაც ხომ არ გაქვთ?

- ბეისბოლს ვთამაშობთ.

შორენა ლაბაძე