"სამშობლო დარჩა ერთი, ეს სამშობლო საქართველოა"... - გზაპრესი

"სამშობლო დარჩა ერთი, ეს სამშობლო საქართველოა"...

ლევან ბარდანაშვილი იგივე ლევ ბარდანი ქართველი ებრაელია. დიდი ხნის წინ, მშობლებთან ერთად წავიდა საქართველოდან და ისრაელში ცხოვრობს. იგი ჩვენი ქვეყნის დიდი გულშემატკივარია, ხშირად ჩამოდის სამსახურებრივი მისიით. ცოტა ხნის წინ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შეხვდა და აქტუალურ თემებზეც ისაუბრეს. ბატონ ლევანს ტერორიზმის საკითხებზე მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. ამბობს, რომ ამ კუთხით ბევრი საინტერესო ინფორმაციის მიწოდება შეუძლია მსურველებისთვის. იქაც უსაფრთხოების საკითხებზე მუშაობს და მზად არის, თავისი გამოცდილება ქართველ სპეციალისტებს გაუზიაროს. ბატონი ლევანი ისრაელში უშიშროების საბჭოს წევრია და ქალაქ აშქელონში მუშაობს. როგორია სხვა ქვეყნიდან დანახული საქართველო, ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება.

- ბატონო ლევან, როგორია ისრაელიდან დანახული საქართველო?

- რამდენი წელია, საქართველო გარდამავალ პერიოდშია და ეს სამწუხაროდ, არ მთავრდება. ყველაზე მთავარია, უცხოეთში მცხოვრებლებს სწორი, ობიექტური ინფორმაცია მიაწოდო. მედია დიდ როლს თამაშობს ასეთ დროს. ძირითადად, "რუსთავი 2" აჩვენებს და სამწუხაროდ, იქიდან მხოლოდ ნეგატიურ ინფორმაციებს ვისმენთ. ვცდილობ, სხვადასხვა გზით უფრო მეტი ინფორმაცია მოვიპოვო, მაგრამ როცა ამდენ უარყოფით ამბავს ისმენ, ცუდად მოქმედებს ადამიანზე. ძალიან მინდა, ხალხისთვის იმუშაოს მთავრობამ, ხალხმა იგრძნოს, რომ ნამდვილად ეროვნული საქმე კეთდება ქვეყანაში. ნამდვილი მამულიშვილები უნდა იყვნენ თანამდებობებზე. ხომ ხედავთ, საქართველო პატარავდება, იკარგება ტერიტორიები. ამ ვითარებაში არ უნდა მოდუნდე, თუ მოადუნებ დიპლომატიურ ძალას, ეს ძალიან ცუდ შედეგს მოგცემს. ამ ტერიტორიებს დაბრუნება უნდა და ამისთვის უნდა იმუშაონ. უმუშევრობაა გამეფებული და ეს ძალიან საშიშია. სამწუხაროდ, ბევრმა ადამიანმა დატოვა ბოლო წლებში საქართველო. ვფიქრობ, აუცილებელია, ის შთამომავლობა, რომელიც წავიდა უცხო ქვეყანაში, არ დაიკარგოს. ებრაელთა ერს და სახელმწიფოს დიდი პლუსი აქვს, რომ იქ მცხოვრები ებრაელების 80% არა მარტო საკუთარ თავზე, არამედ ისრაელზე ფიქრობს. ეს არის ჩვენი ეროვნული სიძლიერე. ჩვენ მიწის ფასი ვიცით, ამიტომ გადავიტანეთ ამდენი რამ, ამიტომ გადარჩა ებრაელი ერი. ებრაელმა სადაც უნდა იცხოვროს, მისთვის ყოველთვის მთავარი ხერხემალი მაინც ისრაელია. შეუძლია იცხოვროს ნებისმიერ ქვეყანაში, მაგრამ მან იცის, რომ აქვს ეროვნული სახელმწიფო. თუ დასჭირდა, მის სადარაჯოზე აუცილებლად დადგება. ისრაელიც თავის დიასპორას არაფერს აკლებს.

- რამდენი წელია, ისრაელში ცხოვრობთ?

- 1972 წელს, 21 წლის წავედი ისრაელში. მაშინ ისრაელელებისთვის ყველაზე წმინდა დღეს, ქიფურის ომი დაიწყო. ამ დღეს ებრაელები მონანიების დღეს ეძახიან, ყველა ლოცულობს, ყველაფერი გაჩერებულია, თვითმფრინავებიც კი არ დაფრინავენ. დიდი საფრთხე ემუქრებოდა ისრაელს, წმინდა იომ-ქიფურს 365 მადლი აქვს. ყველა ლოცულობს და მარხულობს. ვხედავდი, ომის დაწყებისთანავე როგორ ჩამოდიოდნენ სხვადასხვა ქვეყანაში წასული ებრაელები. ახალგაზრდები ისე მიდიოდნენ ომში, რომ ოჯახის წევრებსაც კი არ ნახულობდნენ. ბევრი დაიღუპა იქ. ასეთი ერთსულოვნება ჩემთვის, ახალი ჩასულისთვის, მოულოდნელობა იყო. მაშინ მივხვდი, ჩემთვისაც რას ნიშნავს ეს სახელმწიფო. A

- იქ ნათესავები გყავდათ?

- გვყავდა ნათესავები, მაგრამ ზოგიერთის მისამართიც კი არ ვიცოდით. სწავლის გაგრძელება მინდოდა იერუსალიმში, ერთ-ერთ განყოფილებაში გავესაუბრე ქალბატონს. როცა მან ჩემი სახელი და გვარი გაიგო, ბაბუის სახელი მკითხა. ვუთხარი, ბინოს შვილიშვილი ვარ-მეთქი. ქალმა წამოიკივლა - ეს ქალბატონი ჩემი ბიცოლა აღმოჩნდა. ასე, შემთხვევით, ვიპოვე ისინი. ბიცოლამ თავის სახლში მიმიყვანა, ჩემი ბიძაშვილი გამაცნო, პოლიციის პოლკოვნიკი. ბრაზილიაშიც ცხოვრობენ დღეს ჩვენი ნათესავები და მათ გვარიც კი არ შეუცვლიათ. მაშინ შევიტყვე, რომ ჩემი ერთი ბიძაშვილი ომში დაიღუპა, ის გმირია. მებრძოლი და შეუდრეკელი ბიჭი იყო და თურმე სულ ამბობდა, მე ვარ გურჯისტანიო. ჩონგურზე თურმე "ცანგალა და გოგონას" მღეროდა. პატარა ფანდური და ფილთაქვა სახლში თვალსაჩინო ადგილას აქვთ.

- არ გაგიჭირდათ იქ ცხოვრების აწყობა?

- ენა კარგად ვისწავლე, სამხედრო ვალდებულება მოვიხადე და ნელ-ნელა ცხოვრება ავაწყვე. მერე იქ დავოჯახდი საქართველოდან წასულ ქართველ ებრაელზე, მაყვალა მირელაშვილზე და მყავს ქალ-ვაჟი... ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში სულ ჩართული ვიყავი. 1990 წელს, ისრაელის წარმომადგენლად ჩავედი ბაქოში, საკონსულოში ვიმუშავე 1997 წლამდე. პირველ პრეზიდენტთან, ალიევების ოჯახთან ძალიან ახლო ურთიერთობა მქონდა. ბაქოში მყოფი ებრაელებისთვის გზა უნდა მიმეცა, მესწავლებინა, როგორ შეეძლოთ ისრაელში დაბრუნება. ამდენწლიანმა გაწყვეტილმა კავშირმა დაგვანახვა, რომ ებრაელთა დიასპორას ძალიან დიდი სამუშაო ჰქონდა, დიდი შრომა გავწიეთ. როგორც კი დრო ჩამივარდებოდა, მაშინვე მოვრბოდი თბილისში, ჩემს მეგობრებთან და მათ მონატრებას ვივსებდი. აქ ბევრი საამაყო მეგობარი მყავს, შაბათ-კვირას მათთან ვატარებდი. ასე შევინარჩუნე ჩემი მეგობრების წრეც. ამ წლებმა დამარწმუნა, რომ ქართველ ებრაელს მარტო ქართველი თუ გაუგებს. მარტო ქართველი მეგობრები მყავს. იცოდეთ, სამშობლო ადამიანისთვის ერთია! არ შეიძლება, ორი სამშობლო ჰქონდეს ადამიანს. სამშობლოა ის ადგილი, სადაც დავიბადე, ჩემი აკვანი სადაც დაირწა. ჩემთვის ჩემი სამშობლო ჩემი სოფელი ბანძაა, სადაც გავიზარდე და ჩამოყალიბდა ჩემი აზროვნება. ჩემი დიდი სამშობლოა ჩემი საქართველო და ამას ვამბობ ყველგან. უბრალოდ, მე შევუერთდი ისრაელში ჩემს ეროვნულ ოჯახს, იქ ვცხოვრობ, ვსაქმიანობ, მაგრამ სამშობლო დარჩა ერთი, ეს სამშობლო საქართველოა. დროს თავისი მიაქვს, ნელ-ნელა იკარგება ყველაფერი, მაგრამ ჩემმა შვილებმა ბევრი რამე იციან საქართველოზე. ჩემმა ქალიშვილმა, ლიკამ ქართული ძალიან კარგად იცის. წლების მანძილზე მუშაობდა საელჩოში და საქართველოს სიყვარული უფრო გაუმძაფრდა. აქედან წასულ თითქმის ყველა ებრაელს უყვარს საქართველო. მახსოვს, 1987 წელს პირველად ჩამოვიდა ისრაელში ანსამბლი "ორერა". საოცარი დღე იყო და მსგავსი ემოცია ალბათ არავის ახსოვს. ანსამბლს აეროპორტში 20 ათასი კაცი დახვდა, მაშინ მათ რამდენიმე კონცერტი ჩაატარეს, ისეთი ოვაციებითა და ემოციით ხვდებოდა ხალხი, ისინი წყვეტდნენ სიმღერას და ტიროდნენ. სასტუმროსთან 24 საათი დაცვა იდგა, იმდენი ხალხი იკრიბებოდა, ეს იყო დიდი პატივისცემის გამოხატვა ქართველი ერის მიმართ. ქართველი ებრაელია თუ არა, ამას არა აქვს მნიშვნელობა, სადაც უნდა იცხოვროს ქართველმა, მას საქართველოს სიყვარული ყოველთვის გაჰყვება. რაც ვაჟკაცობა ჩამიდენია, ეს ყველაფერი ამ მიწის მადლია, მე ხომ აქ დავვაჟკაცდი.

- საქართველოში ხშირად ჩამოდიხართ?

- ხშირად ჩამოვდივარ, მაგრამ იქიდანაც ამ ქვეყნის დიდი გულშემატკივარი ვარ. ძალიან საინტერესო რეგიონია.

- თქვენს შვილებს ასწავლეთ ქართული, ბევრმა ქართველმა ებრაელმა იცის დღეს ქართული, ამას როგორ ახერხებთ?

- იქ ბევრი ლაპარაკობს ქართულად. ადრე სამხრეთში ქართულ ენას ოფიციალურად ასწავლიდნენ. უნივერსიტეტშიც კი იყო ფაკულტეტი. მახსოვს, წლების წინ ბრიუსელში ქართული მაღაზია რომ ვნახე, რა ემოცია მქონდა. ქართული პროდუქცია იყიდებოდა, იქიდან მამაჩემს შავი ღვინო ჩამოვუტანე და ძალიან გაუხარდა. სამი ბოთლი ვარციხე ჰქონდა თურმე საქართველოდან წაღებული, ამ ბოთლებს ეფერებოდა, წლები ინახავდა და ჩემი შვილი რომ დაიბადა, მაშინ გახსნა ის ღვინო. ასე უყვარდათ მათ საქართველო. ქართველ ებრაელს ისეთი სითბო დაჰყვება აკვნიდან, ამას ვერასოდეს დაივიწყებს. ხანდახან ჩემს შვილიშვილს რომ ვაძინებ, "იავნანას" ვუმღერი, მაქვს დისკი და ამ სიმღერით ვაძინებ. ბავშვი ბაბუას მეძახის და ეს ძალიან მიხარია. ჯერ პატარაა, მაგრამ მინდა, ქართული ვასწავლო. ჩამოვიყვანო საქართველოში და ვაჩვენო ეს დალოცვილი ქვეყანა.

- სოფელ ბანძაში სახლ-კარი გაქვთ?

- ბანძაში არაფერი გვაქვს. ყველაფერი დავტოვეთ და ისე წავედით, რომ სახლ-კარიც ვერ გავყიდეთ. იქ რომ ჩავდივარ, ძალიან ბედნიერი ვარ. ჩემი წინაპრების საფლავები მაქვს ბანძაში, სალოცავი გვაქვს და ეს მიხარია. ახლა ვფიქრობ საქართველოში სახლის ყიდვას.

- აქედან წასულებს ხშირად აეროპორტიდან აბრუნებენ ყოველგვარი განმარტებების გარეშე, ამაზე რას იტყვით?

- ეს ვინც მიდის, იმის დანაშაულია. რომ მიდიხარ, ყველა საბუთი ისე უნდა გქონდეს წესრიგში, რომ კითხვები არ დარჩეთ საზღვარზე. თუ ვიღაცასთან მიდიხარ, მაშინ უნდა გქონდეს კონკრეტული ადამიანის მისამართი. თუ ტურისტულად, მაშინ სასტუმროს მისამართი. უნდობლობის ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა, რომ ბევრმა აქედან წასულმა სავიზო რეჟიმი დაარღვია და იქ არალეგალად ცხოვრობს. მერწმუნეთ, თუ წესრიგში გაქვს საბუთები, არ არის პრობლემა.

- როგორც ვიცი, თქვენი შვილი ომში დაიჭრა, როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა?

- ბადრი იბრძოდა და დაიჭრა. იქ მცხოვრები ყველა ადამიანი ვალდებულია იბრძოლოს თავისი მიწის დასაცავად. ძალიან მძიმე იყო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ამ მამაცობისთვის მან მიიღო ორდენი. ახლა სწავლობს ფილოსოფია-დიპლომატიას და საარსებო თანხას აძლევს სახელმწიფო. თვეში 2.700 დოლარს უხდიან. მანქანაც აჩუქეს, რადგან ინვალიდია. ბადრიმ ომში 14 ჯარისკაცი იხსნა სიკვდილისგან, თვითონ ბოლოს გამოვიდა და აფეთქდა "ჯიპი". მან დაკარგა სმენა, ფეხიც დაკარგა. სპორტსმენი ბიჭი იყო. ახლა თვითონ ეხმარება დაჭრილებს. მიხარია, რომ ნელ- ნელა უბრუნდება ცხოვრების რეჟიმს. ეს არ იყო იოლი, მაგრამ ხდება, რას ვიზამთ. ეს მივიღეთ როგორც განსაცდელი. ჩემი ქალიშვილი, ლიკაც, მებრძოლი იყო. იქ ყველა ქალი მიდის ჯარში. ახლა ამერიკულ კომპანიაში მუშაობს. 38 წლის არის და საკმაოდ წარმატებულია. ჰყავს პატარა. ძალიან უყვართ ჩემს შვილებს საქართველო. აქედან ხშირად მირეკავენ მეგობრები, ახლა ერთად ვქეიფობთო, რომ მეტყვიან, მაშინ ვნატრობ, ნეტავ იქ დამსვა-მეთქი. როცა ძალიან მომენატრება აქაურობა, ჩამოვდივარ.

- აქ ბევრი ებრაელია დარჩენილი?

- ჯერ ისევ ცხოვრობენ საქართველოში ებრაელები. მათ წავუკითხე ლექცია და გავაცანი, რა კანონებია იქ, რა უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ მოხვდნენ ისრაელში. ანალოგიური შინაარსის ლექციებს ჩავატარებ ბაქოში, მერე წავალ უკრაინაში. ებრაელთა თითქმის 60% ისრაელის ფარგლებს გარეთ ცხოვრობს. მთელმა მოსახლეობამ შეიძლება მიაღწიოს მაქსიმუმ 14 მილიონს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პრობლემა შეექმნა ერის გამრავლებას. ყველაფერს აკეთებს სახელმწიფო, რომ სამშობლოში დააბრუნოს ებრაელები.

ისრაელში ეს საკითხი კარგად არის მოგვარებული. თუ იქ ჩადის ქართველი ებრაელი, 6-თვიან დახმარებას იღებს, თუ ჰყავს ორი შვილი, 14 ათას დოლარამდეა მისი დახმარება. იქ ასწავლიან ივრითს, თუ 6 თვის შემდეგ ვერ ნახე სამსახური, სახელმწიფო ისევ გაძლევს დახმარებას ყოველთვიურად. ასევე გეძლევა შეღავათები, შვილების სწავლაში. 3 წელი სახელმწიფოს ხარჯზე შეუძლია, ბავშვმა ისწავლოს. გაძლევს ყველანაირ გასაქანს, რომ დაბრუნდე და გქონდეს ნორმალური პირობები. ეს კეთდება იმისათვის, რომ თავისი შვილი თავის მიწაზე ჰყავდეს. ძალიან ძლიერია ეს სისტემა, ისრაელი ასე ცხოვრობს. ბოლო 2 წელია, ძალიან გააქტიურდა ებრაელთა ჩამოსვლა უკრაინიდან. ძალიან გააქტიურდნენ საფრანგეთიდანაც. რაც შეეხება საქართველოს, აქ ამჟამად დარჩენილია 4 500 ებრაელი. 1990 წლიდან მოყოლებული, ყოფილი საბჭოთა კავშირიდან ისრაელში 1 250 000 კაცი წავიდა და მათგან ისრაელი მხოლოდ 8 პროცენტმა მიატოვა, დანარჩენებმა მოიწყვეს პირობები. ისრაელი ძალიან ძლიერი სახელმწიფოა, 100 მილიარდამდე რეზერვი აქვს სახელმწიფოს. ერთ-ერთი ძლიერი ფაქტორი მსოფლიო ებრაელთა კონგრესის შექმნა იყო, ისინი აფინანსებდნენ ამ ხალხის დაბრუნებას ისრაელში.

- ჯვრის მონასტერში ხშირად მიდიხართ?

- საქართველოს დიდი წვლილი აქვს იერუსალიმის ისტორიულ ტაძრებზე. მაშინ ძლიერი იყო საქართველო და აშენდა ჯვრის მონასტერი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებულ ადგილას დგას. ძალიან მიყვარს იქაურობა და ხშირად დავდივარ ჯვრის მონასტერში და გოდების კედელთან. იქ სულ სხვა სულია. სხვანაირი ხდები ადამიანი. წინა მთავრობას ვუთხარი, წარჩინებული მოსწავლეები სხვადასხვა ქალაქიდან და სოფლიდან, დაახლოებით 500 ბავშვი ყოველ წელს წავიყვანოთ ისრაელში, დავასვენოთ, გავაცნოთ იქაური კულტურა, ვაჩვენოთ ძეგლები, მოვუყვეთ მათ შესახებ და ნახონ ბავშვებმა თავიანთი თვალით, რა გააკეთეს ქართველებმა იერუსალიმში-მეთქი. პროექტი მოიწონეს, მაგრამ არ განხორციელდა. მე მოვახერხებდი და ამ ბავშვებს ბანაკებში უფასოდ დავაბინავებდი. ასეთ რამეს ჩვენ იქ ხშირად ვაკეთებთ, ყოველთვის გაგვყავს ჩვენი ბავშვები პოლონეთში, რომ ნახონ, რა გენოციდი მოუწყვეს ებრაელ ხალხს. სპეციალურად შექმნილი ფონდი არსებობს ამისთვის და ისინი აფინანსებენ ბავშვების იქ წაყვანას. ყველაფრის გაკეთება შეიძლება, თუ არის ამის სურვილი.

მინდა, საქართველოში რაც შეიძლება ნაკლები პრობლემა იყოს და დაკარგული ულამაზესი ტერიტორიები დაიბრუნონ ქართველებმა.

თეა ხურცილავა