წარუმატებელი და უსარგებლო ხელისუფლების "აქილევსის ქუსლი" - გზაპრესი

წარუმატებელი და უსარგებლო ხელისუფლების "აქილევსის ქუსლი"

1990-იანი წლებიდან მოყოლებული, მხოლოდ ეს ორი სიტყვა გვესმის: მითვისება და გაფლანგვა. დაწყებული საბჭოთა ანაბრებით, დამთავრებული - სააკაშვილის ხელისუფლების უთავბოლო ხარჯებით. მიუხედავად ამისა, ჩვენი საზოგადოება მაინც აღშფოთდა, როცა მთავრობის მიერ ბანკეტებზე დახარჯული ათასების შესახებ შეიტყო. გარდა ამისა, ,,ინფორმაციის განვითარების თავისუფლების ინსტიტუტმა" (IDFI) გვამცნო, რომ 2013 წელს 14 სამინისტროს თანამდებობის პირებზე პრემიისა და სახელფასო დანამატის სახით 8 მილიონ ლარზე მეტი გაიცა. მსგავსი ინფორმაციების გავრცელების შემდეგ, საქართველოში კიდევ ერთხელ გაიხსენეს ინგლისის დედოფალი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს ღუმელსაც არ ანთებდა, რომ თავისი ხალხისაგან განსხვავებულად არ ეცხოვრა და იოსებ სტალინიც კი, რომელსაც თურმე ერთი კიტელი ეცვა წლების განმავლობაში...

ასეა თუ ისე, საბიუჯეტო სახსრების უყაირათოდ და უპრაგონოდ ხარჯვის ამბავი ჩვენს ქვეყანაში არახალია, ძველია. ჩვენც სწორედ ამ პრობლემის შესახებ ვთხოვეთ კომენტარი ეკონომიკის ექსპერტ ლევან კალანდაძეს:

GzaPress- დავიწყებ იმით, რომ ბიუჯეტი ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტია. შესაბამისად, ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ იხარჯება საბიუჯეტო სახსრები. პრაქტიკულად, ბიუჯეტზეა დამოკიდებული, რამდენად დაცული და სტაბილური იქნება ამა თუ იმ ქვეყნის ცხოვრება. ბიუჯეტი ერთგვარი სარკეა, ხერხემალი ქვეყნის ეკონომიკისა. აქედან გამომდინარე, ჩვენი საზოგადოების ინტერესი ბიუჯეტისადმი სავსებით ბუნებრივია და ჩვენი ტკივილია, რომ საქართველოში საბიუჯეტო პროცესები სრულყოფილად არ ხორციელდება. 2013 წლის განმავლობაში სერიოზული შეცდომები იქნა დაშვებული არა მარტო ბიუჯეტის დაგეგმვის, არამედ მისი შესრულების თვალსაზრისითაც. ამიტომაც მივიღეთ ნეგატიური შედეგები. კერძოდ: ლარის დევალვაცია, გარღვეული ბიუჯეტი, ინფლაციური პროცესის გაღრმავება და ა.შ. ჩვენ ვაფრთხილებდით ხელისუფლებას, რომ ბიუჯეტი ზედმეტად ოპტიმისტურად არ დაეგეგმა და რომ ის რაციონალურ გათვლებსა და კონკრეტულ გამოწვევებზე უნდა ყოფილიყო მორგებული. სამწუხაროა, რომ 2014 წლის ბიუჯეტის შედგენისას მთავრობამ პრაქტიკულად არ გაითვალისწინა ის გამოწვევები და რისკები, რაც 2013 წლის გამოცდილებიდან გამომდინარე, სამაგალითო უნდა გამხდარიყო.

- როგორ მოხდა, რომ ასეთ პრობლემურ ბიუჯეტში აღმოჩნდა მილიონობით ლარი პრემიებზე გასაცემად?

- ბუნებრივია, პრემიების თემა, რომელმაც ძალიან დიდი მითქმა-მოთქმა და აჟიოტაჟი გამოიწვია, ერთ-ერთი ყველაზე სენსიტიური და რთულია. პირდაპირ რომ ვთქვათ - ეს ჩვენი ხელისუფლების აქილევსის ქუსლია. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პირველი, რაც ჩვენმა მთავრობამ გააკეთა, ეს იყო ათეულ ათასი ლარის ღირებულების ავტომობილების შეძენა, თითქოს სხვა, უფრო მნიშვნელოვანი პრობლემა ამ ქვეყანაში არ ყოფილა. რატომღაც, ასეთი ტრადიცია ჩამოყალიბდა, რომ საქართველოში ყველა ხელისუფლება სოციალური პრობლემების მოგვარებაზეა გადასული, ოღონდ მოსახლეობის კი არა, საკუთარი სოციალური პრობლემებისა. ხელისუფლებაში ყოფნა ჩვენში ყოველგვარი მატერიალური სიკეთის მიღებასთან არის გაიგივებული. ყოველ შემთხვევაში, საზოგადოებას ასეთი განცდა ეუფლება. მით უმეტეს, ამას ემატება გაუთავებელი ბანკეტები, რისთვისაც ასევე ათეულათასობით ლარი იხარჯება. ბუნებრივია, საზოგადოებაში ჩნდება კითხვა ამ ძვირად ღირებული ბანკეტების მიზანშეწონილობის შესახებ, რასაც ემატება პრემირების სისტემა, რაშიც ერთგვარი ხრიკი და ეშმაკობაა ჩადებული.

- რა ხრიკი, ბატონო ლევან?

- ახლავე აგიხსნით: ხელისუფლება შეგვპირდა, რომ პრემირების სისტემა აღარ უნდა ყოფილიყო და ამის საფუძველზე დაიწყო სახელფასო განაკვეთების მნიშვნელოვანი ზრდა. მაგალითად, ჩვენი მინისტრების ხელფასი დღეს 6 ათას ლარს აჭარბებს, მათ მოადგილეებსაც ხელფასი მნიშვნელოვნად გაუზარდეს, მაგრამ გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ეს პირობა ყველას დაავიწყდა და ხელისუფლებამ ისევ დაიწყო პრემიების გაცემა. თანაც, ამ პრემიების რაოდენობა კოლოსალურ მასშტაბებს აღწევს და სახელმწიფო მოხელეები ბიუჯეტის ხარჯზე უკვე ათეულობით ათას ლარს იღებენ. ბუნებრივია, ეს იმის ბრალიცაა, რომ პრემიებისა და ანაზღაურების სისტემა არ არის მოწესრიგებული, არ არის ჩამოყალიბებული ის კრიტერიუმები, რომელზე დაყრდნობითაც სხვა ქვეყნებში, მაგალითად, დასავლეთში იყენებენ პრემირების სისტემას. საერთოდ, პრემია არის წახალისებისა და ჯილდოს საგანი. დაუშვებელია, სახელმწიფო მოხელეებმა ყოველთვიურად მიიღონ პრემია, რომელიც ხელფასზე ორჯერ და სამჯერ მეტია.

- ბევრი ფიქრობს, რომ პრემია - ეს კომუნისტური გადმონაშთია.

- არა, მე ვერ დაგეთანხმებით, რომ ეს კომუნისტური გადმონაშთია. პირიქით, ეს არის დასავლური, საკმაოდ წარმატებული პრაქტიკა. მოწინავე ეკონომიკის მქონე ქვეყნებში პრემია გაიცემა საიმისოდ, რომ ადამიანი ასრულებს ზეგანაკვეთურ სამუშაოს, ასრულებს განსაკუთრებულ დავალებებს და გამორჩეულ წარმატებებს აღწევს. სწორედ ასეთი მუშაკები იღებენ პრემიებს წახალისების, ან - ჯილდოს სახით. ჩვენთან კი, პრემირების სისტემას არც წახალისების სახე აქვს და არც - ჯილდოსი, ეს არის ყოველთვიური სახელფასო დანამატი, რომელსაც სახელმწიფო მოხელეს აძლევენ, მიუხედავად იმისა, კარგად იმუშავა მან, თუ - ცუდად. გამოდის, რომ რეალურად პრემია არის არა ჯილდო და წახალისება, არამედ - ხელფასის შემადგენელი ნაწილი. ის არ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად ეფექტიანი იყო ამა თუ იმ თანამშრომლის მუშაობა დროის ამა თუ იმ მონაკვეთში. ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც სახელფასო და საპრემიო სისტემა მოწესრიგებულია, ამ ყველაფერს კანონი განსაზღვრავს და აწესრიგებს. შესაბამისად, მათი გაცემა ერთი რომელიმე თანამდებობის პირის კეთილ ნებაზე არ არის დამოკიდებული, ეს საკითხი განსაზღვრულია კანონმდებლობით და რეგულირდება იმავე კანონმდებლობით. ეს სისტემა საქართველოშიც რომ არსებობდეს, მაშინ შევძლებდით ამხელა აჟიოტაჟი თავიდან აგვეცილებინა. საერთოდ, პრემიები და დანამატები უნდა გაიცემოდეს იმაზე, ვინც ამას იმსახურებს.

- ჩვენს კანონმდებლობაში როგორ არის ეს საკითხი დასმული?

- ჩვენს ახლანდელ კანონმდებლობაში წერია, რომ პრემიების გაცემა შეიძლება, მაგრამ კანონი არ განსაზღვრავს, რა შემთხვევაში, ვინ უნდა მიიღოს პრემია და რა რაოდენობით. შესაბამისად, ეს კაზუისტიკა, კანონში არსებული თეთრი ლაქა, ხელისუფლებაში მყოფ მაღალი თანამდებობის პირებს საშუალებას აძლევს, საკუთარი პოლიტიკური გუნდის წევრები წაახალისონ და მეორე მხრივ, სოციალური გარანტიები შეუქმნან ხელისუფლებასთან დაახლოებული პირებს და მათ ოჯახებს. ძალიან სამწუხაროა, რომ ტენდენცია, რომლის გამოც "ნაციონალურ" მთავრობას ასე მწვავედ აკრიტიკებდნენ, საქართველოში კვლავაც გაგრძელდა, მაგრამ როცა სისტემა არ განსაზღვრავს და არეგულირებს ასეთ საკითხებს, როდესაც თვით კანონი გაძლევს იმის საშუალებას, რომ მომხმარებლურად მოეპყრო ხალხის ფულს, ბუნებრივია, ცდუნება ძალიან დიდია. მე განსხავავებას ვერ ვხედავ ბიუჯეტის თანხების გაფლანგვასა და პრემიების უკონტროლოდ ჩამორიგებას შორის. გაფლანგვის შემთხვევაში ეს დასჯადი ქმედებაა, მაგრამ პრემიების შემთხვევაში არ არის, რადგან პრემიის გაცემას თავად კანონი ითვალისწინებს. ეს კი, მაღალი თანამდებობის პირებს აძლევს საშუალებას, თანხა ყოველგვარი სისტემურობის, წესისა და რიგის გარეშე დაარიგონ.

- ხშირად ამბობენ, რომ პენსიებს ვერ ზრდიან, რადგან ფულის დიდი რაოდენობის ერთბაშად გამოჩენა ქვეყანაში ინფლაციას გამოიწვევს. პრემიების გაცემა არ იწვევს ინფლაციას?

GzaPress- სხვათა შორის, მე არ ვიზიარებ იმ აზრს, რომ პრემიების დარიგება ან პენსიების გაზრდა გამოიწვევს ინფლაციას. ინფლაციას იწვევს არასწორი ეკონომიკური პოლიტიკა. უმჯობესია, ხელისუფლებამ იზრუნოს რეალური ეკონომიკური პრობლემების მოგვარებაზე, რომლებიც მართლა იწვევს ინფლაციას: მაგალითად, არასწორი საბიუჯეტო მენეჯმენტი და არასწორი ხარჯვითი პოლიტიკა. არა მგონია, პენსიების გაზრდას მოჰყვეს ინფლაცია. ეს თითიდან გამოწოვილი არგუმენტია. ქვეყანაში რომ არსებობდეს პოლიტიკური ნება და მზაობა, ჩვენი საბიუჯეტო რესურსი ამის საშუალებას ნამდვილად იძლევა: შეიძლება პენსია გავზარდოთ დაახლოებით 200-220 ლარამდე და ოდნავ მაინც მივუახლოვოთ რეალურ საარსებო მინიმუმს. ამასთან, არსებობს იმის შესაძლებლობაც, რომ საშემოსავლო გადასახადი შევამციროთ - ბიუჯეტი ამის საშუალებას გვაძლევს. უბრალოდ, არ არსებობს პოლიტიკური ნება და ხელისუფლება ორიენტირებულია იმაზე, რომ თავისი მხარდამჭერების კეთილგანწყობა მოიპოვოს და უზრუნველი, სტაბილური ცხოვრება მოიწყოს.

- საინტერესოა, რა მოხდებოდა, მსგავსი რამ ჩვენს მეზობელ ქვეყნებში ან ევროპაში რომ მომხდარიყო?

- სომხეთსა და აზერბაიჯანში, ისევე როგორც რუსეთში, აბსოლუტურად განსხვავებული სიტუაციაა. იქ სულ სხვა პრობლემები დგას ხელისუფლების წინაშე, რადგან მთავრობა საკუთარ კეთილდღეობას სულ სხვა გზებითა და მეთოდებით უზრუნველყოფს. რა მოხდება ევროპაში საბიუჯეტო თანხის არაეფექტიანი გამოყენებისას? - ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში ეს იქნებოდა ადგილობრივი აუდიტის სამსახურის ან კონტროლის პალატის სერიოზული მოკვლევისა და საზოგადოებრივი განსჯის საგანი. ხოლო იმ ჩინოვნიკების საკითხი, რომლებიც უყაირათოდ ხარჯავენ საბიუჯეტო სახსრებს, ძალიან მკაცრად დაისმებოდა. საქართველოში კი, საუბედუროდ, თვითონ კანონი უწყობს ხელს საბიუჯეტო სახსრების უყაირათოდ ხარჯვის შესაძლებლობას.

- თუმცა, ბატონო ლევან, თანამდებობის პირთა ხელფასები დასავლეთის ქვეყნებში ძალიან მაღალია...

- ევროპის ქვეყნების სახელმწიფო მოხელეების შემოსავალს ჩვენსას ვერ შევადარებთ იმიტომ, რომ იქ ბიუჯეტი იძლევა საშუალებას, რომ ჩინოვნიკს მაღალი ხელფასი ჰქონდეს. ჩვენ კი ვერ ვისწავლეთ ვხარჯოთ იმდენი, რამდენის საშუალებაც გვაქვს. თუ საქართველო მოძლიერდება და წინ წაიწევს, მაშინ შეიძლება ვიფიქროთ სახელმწიფო მოხელეებისათვის ხელფასების გაზრდაზე, მაგრამ როცა ბიუჯეტში დეფიციტი გაქვს, წინა წლის ბიუჯეტში 700 მილიონამდე გარღვევა გქონდა, როდესაც სრულფასოვნად ვერ ახერხებ ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებას, ჯანდაცვის ბიუჯეტში თანხა არ გყოფნის და უცხოურ სესხებზე ხარ დამოკიდებული, ამ დროს მილიონობით ლარის პრემიის გამოწერა მორალთან მწყრალად ყოფნას ნიშნავს. თუ საკუთარ მოსახლეობას მინიმალური შემოსავლით ვერ უზრუნველყოფ და შენ ამხელა პრემიებს იწერ, ეს მიუღებელი საქციელია! მითხარით, რით დაგვამახსოვრა ამ ხელისუფლებამ თავი? - ჯიპებით, რესტორნებში ქეიფითა და მაღალი პრემიებით. აქედან გამომდინარე, მე ვერ ვიტყვი, რომ მათი საქმიანობა ამ დრომდე წარმატებული და სარგებლის მომტანი იყო.

ხათუნა ჩიგოგიძე