პიქ­ტოგ­რა­მე­ბის კვალ­დაკ­ვალ - გზაპრესი

პიქ­ტოგ­რა­მე­ბის კვალ­დაკ­ვალ

რამდენი წელიწადია, ხევსურეთის ნახვას ვოცნებობ, მაგრამ მის გარდა, ლამის მთელი საქართველო შემოვიარე (ცხადია, ვაჭარბებ!). ზაფხული იწურებოდა და მეც იმედი გადამეწურა - ხევსურეთი კვლავ მომავალი ზაფხულისთვის გადავდე, მაგრამ სწორედ მაშინ გამიღიმა ბედმა. ჩვენი ტაო-კლარჯეთისა და თურქეთის მოგზაურობების სულისჩამდგმელის, ჩვენგან გენერალ-სიმუსად წოდებული თამთა ჭანტურიას მოწადინებით ხევსურეთის ტურიც დაიგეგმა და შანსს ვერაფრით გავუშვებდი ხელიდან. მხოლოდ ტურს ვერ ვუწოდებ ამ მოგზაურობას - ეს ზემოგზაურობა იყო, შინაარსითა და მიზნით, უკანა ფშავისა და ხევსურეთის ზღაპრული სილამაზით, შესანიშნავი თანამგზავრებით! ამჯერად გაცილებით მეტნი ვიყავით - სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის "სამი დელიკა ხალხი", ჩვენთან ერთად იყვნენ უკვე საქართველოში მცხოვრები ფერეიდნელი ქართველი ლექსო და საქართველოზე შეყვარებული ფრანგი ბიჭი - გრეგუა. სამოგზაუროდ მხოლოდ ორი დღე გვქონდა. ორ დღეში, ცხადია, ყველაფრის ნახვა-დათვალიერებას ვერ მოვასწრებდით, მაგრამ რაც ვნახეთ - გასაოცარი იყო. ჯგუფის მთავარი მეგზური - მართლაც უნივერსალური ადამიანი, ხელოვანი და მეცნიერი, ფოლკლორისტი და დიდებული მთხრობელი, ხევსური გიორგი გიგაური ჩვენს "დელიკაში" გვყავდა და რაღა გვიჭირდა - გვიყვებოდა და გვიყვებოდა ამბებს.

წერილი პირველი

სოფელ ლიქოკთან გავიარეთ. გიორგიმ, - აქ ლიქოკელები და სისაურები ცხოვრობენო, - გვითხრა და მინანზეც გვიამბო:

- მინანი ქალი იყო, წმინდა ნინოს არქეტიპი - უძველეს დროში მან დააარსა ჯვრისმსახურება, კარატისა და გუდანის ჯვრები. იქვეა მისი საფლავი. რომ გარდაცვლილა, მიცვალებულის საფლავამდე მისატანად რამდენიმე ხარ-კამეჩი ჩაუბამთ, მაგრამ მაინც ვერ უყვეს ძვრა. ამიტომ იქვე, სალოცავში დამარხეს. წარმოგიდგენიათ? კოპალას უძლიერეს კარატის სალოცავში ქალია დამარხული... - მერე განაგრძო: ეკლესიაში როცა გინდა, მაშინ შეხვალ, მაგრამ ხევსურეთსა და ფშავში, იცი, როგორ არის? დღეობაში რომ მიხვიდე, საგანგებოდ უნდა მოემზადო: სანათლავი დაკლა, იმარხულო, განიწმინდო. კაცებს თავისი თავდაჭერა უნდა ჰქონდეთ. მერე, გზაზე სამი სანთელი უნდა დაანთო, სამი ქადა დადო და ხახმატის სალოცავს უნდა შესთხოვო, გზის ანგელოზს. მერე მიდიხარ, სალოცავი უნდა ახსენო, მისი ხსენებით ღმერთს ახსენებ, მერიგე ღმერთს და ა.შ. მთელი რიგი წესებია.

- "სამი" ქრისტიანულიდანაა შესული თუ - პირიქით?

- არა, ჯვრისმსახურება ძველია. დამბადებელი ღმერთის რწმენაა ჩვენთან, საქართველოში შემონახული. მონოთეისტური რწმენა გვქონდა, ვიდრე მზისა და მთვარის თაყვანისცემა შემოვიდოდა და ბოლოს სპარსელები გაცსა და გაის მოგვახვევდნენ თავს. მე პიქტოგრამებს ანუ პიქტოგრაფიულ ხაზოვან ნიშნებს სწორედ ამ რწმენას ვუკავშირებ. სხვათა შორის, გრაკლიანის წარწერების რამდენიმე ნიშანი ამ პიქტოგრამების მსგავსია - ჯვარია ორი წერტილით. ეს ძალიან საინტერესოა. ზუსტად ვერ გეტყვი, რას ნიშნავს. წმინდანის ნიშანი უნდა იყოს. თუ მარცხნივაა - ქალურია, თუ მარჯვნივ - მამაკაცური. ჩვენ ვნახავთ ხევსურეთში ასეთ ნიშნებს. იქ ქვებზე რაებია გამოსახული, გაოცდები კაცი...GzaPress

გიორგი იმდენ საინტერესოს გვიამბობდა დევებზე, ღვთისშვილებზე, გვარებზე, ტრადიციებზე, რომ ყველაფერს ვერ მოგიყვებით. საუბარში ჩვენი "დელიკელები": ლექსო, ქეთი სოხაძე, ლაშა გაბელია, ძველი სიმუსები მზევინარ მჟავანაძე და თამუნა ბარბლიშვილი, ხანდახან კი ჩვენი შესანიშნავი მძღოლი - რობიც ერთვებოდა და მეტისმეტად შინაარსიანად და ხალისიანად ვმგზავრობდით. ხევსურული და თუშური კოშკები ვახსენეთ და გიორგიმაც ინფორმაცია შემოგვაგება: კოშკის აგება ბარაქის, ნაყოფიერების, ხვავისა და წარმატების სიმბოლო იყო, ის განა მარტო საფორტიფიკაციო (თავდაცვით) ნაგებობას წარმოადგენდა! "ცოცხალი კოშკის" გაკეთება დღემდე იციან თუშეთში, "ქორბეღელას" ეძახიან. მის გასაკეთებლად ხუთი კაცი მხარი-მხარს გადახვეული დგება წრედ და მათ მხრებზე შეადგება სხვა ხუთი. ასე, წაღმა ტრიალით ააქვთ ქორბეღელა საჯარედან (თავმოყრის ადგილიდან) ჯვრისკარამდე (ხატამდე). აქაც სამჯერ შემოტრიალდებიან და ქორბეღელას დაშლიან. "ქორბეღელა" წარმოადგენს ასტრალური მნათობი-ღვთაების მაგიურ რიტუალს. პურობის შემდეგ იმართება გასართობი ხასიათის რიტუალური თამაშობები. გავრცელებულია "ჩათარაობა" - ქალებისა და მამაკაცების ურთიერთშებრძოლების, ტყვედ აყვანისა და გამოსყიდვის ცერემონია. "ჩათარაობა" ეძღვნება მამრულ-მდედრული კოსმოსური საწყისების აქტივაციას და სამყაროს შექმნის მაგიურ რიტუალს წარმოადგენს. "ქორბეღელას" ქართლში "ზემყრელო" ერქვა. კოშკის გადახურვა საფეხუროვანია და მისი ფორმაც სალოცავებიდან მოდის. ხალხური წარმოდგენით, არსებობს ცხრა ცა. ყველა ცას თავისი სახელი აქვს და მეცხრე ცას ეწოდება "ბროლის ცა". ბროლის ცაში ღმერთი სუფევს. ამიტომაცაა ზემოთ თავზე ბროლის ქვებს აწყობენ სიმბოლურადო.

უკანა ფშავის ცენტრი - შუაფხოც გავიარეთ და თუკი რამ ლექსი ამოგვიტივტივდა გონებაში, ლამის ერთდროულად ვამბობდით. მე, რასაკვირველია, ანა კალანდაძე და მისი "ლურჯთვალა" გამახსენდა. ჩემი ვთქვი და თქვენც გეტყვით განწყობისთვის: "ვაჟაო, დილის მზის სხივო,/ ხან მთებზე ნისლთა დინებავ,/ შუაფხოდან რომ მიდიხარ,/ გული რად გაგეტირება?/ შენ თუ არ იცი მიზეზი,/ აბა, ვის ეცოდინება?/ გადმოდი, გადმოაშუქე/ ლურჯ თხილიანას კალთები./ რა დაშავდება? არც რაი:/ გნახავ და... გამეხარდები!"GzaPress

პიქტოგრამების კვალდაკვალ არაგვის ფშავის კიდევ ბევრი სოფელი გავიარეთ ან ჩავუარეთ და საბოლოოდ წოწკოლაურების სოფელ მუქოს მივადექით. გიორგი იქაური მასპინძლის ძებნაში დავკარგეთ, ამასობაში კი მასპინძელი თავად გამოჩნდა: ასე ბევრი სტუმარი აქ არ მინახავს. აბა, საიდან ბრძანდებით, ვინ ხართო? - გამოგვკითხა შალვა წითელაურმა, წოწკოლაურების სიძემ. მარტივად ავუხსენით: გიორგის მოვყევით, ნაირ-ნაირი ხალხი ვართ-თქო. ჩაგვეძია: რით დაგეხმაროთო? - გიორგიმ იცის და ის გეტყვით, რომ მოვა-თქო. ბოლოს გიორგიც დაგვიბრუნდა და ყველანი "ხევისბერის სახლისკენ" წავედით. დღეს ეს სახლ-კარი მიმდებარე ტერიტორიით იმ ხევისბრის შთამომავალს, აკადემიკოს დავით წოწკოლაურს ეკუთვნის. ბატონი შალვა გვიამბობდა, მახსოვს, გიორგი პირველად რომ ამოვიდა აქ, მკითხა, ასეთი და ასეთი რამ ხომ არ შეგინიშნავთო? ანუ პიქტოგრამებს გულისხმობდა, თურმე, მე კი მისი მნიშვნელობა არ ვიცოდი, მაგრამ შენობისკენ მივაბრუნე და ვკითხე, ამას ხომ არ გულისხმობთ-მეთქი? რომ დაინახა, გაგიჟდა სიხარულითო.

სახლის შიგნით მსგავსი ვერაფერი უპოვიათ, მაგრამ სახლის გარე კედელზე ნანახმა უცნაურმა გამოსახულებებმა კი ძალიან გაგვაოცა. გიორგი გვიხსნიდა:

- ეს, იცი, როგორ არის? ქართლის ცხოვრებაში რომ წერია: "არა უწიგნონი იყვნენ ქართველნი უწინარესთა ჟამთაცა შინა. ვიდრე ფარნავაზამდე სწერდნენ იგინი უხუცესთა წერილითა. ესე იგი, ქურუმთა მათ, რომელთაცა უხუცესთა და ხევის-ბერთა უხმობენ..." აი, ეს არის ძველისძველი, ხევისბერების დამწერლობა.

თამთა ხევისბერებით დაინტერესდა, დღეს თუ არიანო?

შალვამ აუხსნა: როგორ არ არიან. ყველა თემს თავისი ხატ-სალოცავი და თავისი ხევისბერი ჰყავდა და ჰყავს. ახლახან ჩვენც ვიყავით კოტიის წმინდა გიორგის სალოცავში. ეგ ყველაზე მაღლა მდებარე სალოცავიაო.

მე ივრის ფშავის ლაშარობა გამახსენდა და სალოცავში ძღვენით ასულ ხალხთან ხევისბრის საუბარი, რაც მკითხაობას უფრო მაგონებდა. ბატონმა შალვამ განმიმარტა: მე მაგას მკითხაობას ვერ დავარქმევდი, წინასწარმეტყველებას - კი. ჩემს ბავშვობაში ხევისბერი იყო ხიბლაშვილი მიხეილი, ჰოდა, ბავშვი ან ვიღაც თუ გახდებოდა ავად, ან ოჯახი შეატყობდა, რომ მისი საქმე კარგად ვერ მიდიოდა, ამ კაცს აკითხავდნენ. ის, თითქოს წინასწარ სიზმარში ენახოსო, ყველაფერს ეუბნებოდა, წინასწარმეტყველური ნიჭი ჰქონდა. თურმე, ბავშვობაში მეც გავმხდარვარ ცუდად (მათურაში ვარ დაბადებული და 6 წლისა ვიყავი, აქეთ რომ წამოვედით) და ბებიაჩემი წასულა მასთან, ჩვენგან ცოტათი ზევით ცხოვრობდა. ბებია გვიყვებოდა, რომ მივედი, შესვლისთანავე მითხრა, ჩემო დაო, ნუ გეშინია, ის ბავშვი იმიტომ არის ცუდად, რომ ამა და ამ ადგილას სანთელი უნდა დაანთოთ და ქადა გაჭრათო. მალე მართლაც გამოვკეთდი. ერთსაც გეტყვით: ცაბაურთა არის სოფელი, თავისი სალოცავი აქვს, მთავარანგელოზის და მანდ იყო ხევისბრად პატარაშვილი ღვთისო, ორი წელიწადია, რაც გარდაიცვალა. აქაურები მაგ კაცს ხევისბრად ნაკლებად აღიქვამდნენ, რადგან უფრო ეკლესიური იყო. ალბათ ბიბლიაც ზეპირად იცოდა და საეკლესიო ტერმინოლოგიით ელაპარაკებოდა მლოცველებსაც, შემომწირველებსაც და ყველას. ამ კაცმა ბანკში ანგარიში გახსნა და ეკლესიის ასაშენებლად ფონდი დააარსა. მსგავსი მანამდე არავის გაუკეთებია. იმ შეგროვებული თანხით ისეთი ეკლესია ააშენა მთაზე, რომ... ცემენტი არ გამოუყენებია, კირით ააშენა. ასე რომ, ხევისბერებშიც იყო და დღესაც არის განსხვავება.GzaPress

მუქო პატარა სოფელი ჩანდა. გვითხრეს, მხოლოდ 7 მოსახლე ვართ დარჩენილი. ძირითადად, მესაქონლეობასა და მეფუტკრეობას მივდევთ და ასე ვცხოვრობთო. გზად ქვევრის ფორმის ლუდის სახარში ქვაბი დავინახეთ და სასწრაფოდ ფოტოები გადავუღეთ. ბატონმა შალვამ იქვე, შორიახლოს მდგარი დედაღვთისმშობლის სახელობის ეკლესიისკენ წაგვიყვანა. ეკლესიის გვერდით ტყე დავინახეთ, ე. წ. ხატის ტყე ყოფილა. ასეთი ტყეები მრავლადაა საქართველოს მთიანეთში. მოსახლეობას იმ ტყით სარგებლობა არ შეუძლია. პატარა ხმელი ჯოხის გამოტანა და სახლში წამოღებაც კი იკრძალება. შესაბამისად, ასეთ ტყეებში არც ნადირობა შეიძლება, არც საქონლის შეშვება. ზოგიერთ ასეთ ტყეში ქალიც კი ვერ შევა. თუმცა ისეთი დაცარიელებულია დღეს მთის სოფლები, რომ ტყეში შესვლა კი არა, ქალსაც და კაცსაც სანთლით უნდა ეძებდე. ეკლესია XIX საუკუნის აღმოჩნდა. შიგნით ძველი სასანთლე, ემბაზი და ღვთისმშობლის ხატი დაგვხვდა. ადრე ოქროსყდიანი წიგნიც ბევრი ყოფილა აქ, მღვდლის ანაფორებით სავსე კიდობნები და სხვა ნივთებიც, მაგრამ ვიღაცებს ნელ-ნელა გაუზიდავთ. - სამწუხაროდ, ბოლშევიკ კომუნისტების პერიოდი იყო და წოწკოლაურებმა ვერ მისდიეს მძარცველებს. დღემდე ეძებენ იმ ნივთებს, მაგრამ ამაოდ. ეკლესიაც ნელ-ნელა დაზიანდა და დაინგრაო, - გვითხრა ბატონმა შალვამ. ეკლესია მოგვიანებით ერთ თანამდებობის პირს - გივი ღობიანურს აღუდგენია. ძველი კედლების კვალი ახლაც შემორჩენილია, დანარჩენი შეულესავთ, ხალხსაც შეუწირავს რაღაცები და დროთა განმავლობაში ალბათ კიდევ შეივსება. - ერთ კედელზე გველის სილუეტივით იყო გამოსახული დაკლაკნილი რაღაც, მსგავსი რამ აფთიაქებზეც გვხვდება ხოლმე. საერთოდ, წოწკოლაურებს მუცელგველიანებსაც უწოდებდნენ. არ ვიცი, რატომ. შეიძლება რომელიმემ გველი თუ ჭამაო, - გვიამბობდა შალვა წითელაური. ქეთიმ ვერსია გამოთქვა, გველის შხამზე წამლებს ხომ ამზადებენ და შეიძლება ამ გვარის ხალხი წამლებსაც ამზადებდა ოდესღაც. ამიტომ გამოსახეს გველიო... ასე იყო თუ ისე, იქაურობა ძალიან საინტერესოდ ჩანდა და ძალიან ლამაზიც იყო, მაგრამ შატილისკენ მივიჩქაროდით. GzaPressმასპინძლებს მალე გამოვემშვიდობეთ და გეზი უკვე ხევსურეთისკენ ავიღეთ. წინ გრძელი და ლამაზი გზა გვედო - ულამაზეს და უცნაურად მრავალფეროვან მთებში მოქცეული. მართალია, ერთ გზას უნდა გავყოლოდით, მაგრამ მაინც "სამი დელიკის ხალხმა" ფშავ-ხევსურეთის გასაყართან - დათვისჯვრის უღელტეხილის ყველაზე მაღალ წერტილში დავთქვით შეხვედრა...

გაგრძელება "გზის" მე-40 ნომერში

ირმა ხარშილაძე