რამ გამოიწვია თხილის მოსავლის განადგურება? - გზაპრესი

რამ გამოიწვია თხილის მოსავლის განადგურება?

ერთი თხილის გული ცხრა ძმამ გაიყოო - უთქვამთ ჩვენს წინაპრებს... როგორც ქართველი ფერმერები ამბობენ, წელს ჩვენებური თხილი გასაყოფად კი არა, გასაყიდადაც არ გამოდგება: დაავადებებმა თხილის მოსავალი იმდენად დააზიანა, რომ მისი ხარისხიც დაეცა და ფასიც. ეს ძალზე სამწუხარო ფაქტია, რადგან თხილი ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი პერსპექტიული საექსპორტო პროდუქტია. საქართველო კარგა ხანია შედის თხილის ექსპორტიორი ქვეყნების პირველ ხუთეულში და ევროკავშირის ბაზარზე თხილის ერთ-ერთ მსხვილ მიმწოდებლად ითვლება. ყველაზე წარმატებული ამ მხრივ 2011 წელი იყო, როცა საქართველომ ევროკავშირში თხილის გულის ექსპორტიორ ქვეყნებს შორის მეორე ადგილი დაიკავა. მაღალი ფასის გამო, ბოლო წლებში თხილი ბევრმა გლეხმა მოაშენა და ეს მცენარე ათასობით ოჯახისთვის შემოსავლის მნიშვნელოვანი წყარო გახდა. წელს კი, თხილის მოსავალი სანახევროდ განადგურდა და ეს ოჯახები განახევრებული მოსავლის იმედად დარჩნენ. რა უნდა გაკეთდეს, რომ მომავალში მსგავსი რამ აღარ განმეორდეს? - ამ საკითხის გასარკვევად ფერმერებს და სპეციალისტებს ვესაუბრეთ:

დემურ ფიფია, ზუგდიდის რაიონის მკვიდრი, ფერმერი:

- ყველაზე რთული მდგომარეობა ამ მხრივ სამეგრელოშია: წელს თხილის მოსავალმა იმედი ძალიან გაგვიცრუა - თხილს გული აქვს დაზიანებული, შესაბამისად, მისი ხარისხიც დაბალია და ფასიც: შედარებით ნაკლები ხარისხის თხილი 1,5 ლარი ღირს, კარგი ხარისხისა კი - 5 ლარი, ეს მაშინ, როცა წინა წლებში 1 კგ თხილი 12 ლარად იყიდებოდა. უპატრონობამ და უამინდობამ გააფუჭა წლევანდელი მოსავალი. რაც დროს გადის, მდგომარეობა უარესდება. თხილზე საუბრისას ერთი კითხვა ჩნდება: თუ შარშან და შარშანწინ კარგი თხილი 12 ლარი ღირდა, ახლა 5 ლარი რატომ ღირს? მოსახლეობა ეჭვობს, რომ ამ ბიზნესის წარმომადგენლები გლეხების ხარჯზე ფულს აკეთებენ, ჩვენ კი, ხელცარიელნი ვრჩებით. ალბათ, თხილის ნაკვეთები რომ შეგვეწამლა, უკეთეს მოსავალს მივიღებდით, მაგრამ ჩვენი გლეხების უმრავლესობას ამის საშუალება არა აქვს.

ალექსანდრე მოწერელია, თხილის გადამმუშავებელთა და ექსპორტიორთა გამგეობის თავმჯდომარე:

- წელს დასავლეთ საქართველოში თხილის ხარისხი ძალიან დაბალია, ამიტომ მისი რეალიზაცია ჭირს და ფასიც ხარისხის შესაბამისია: თურქული თხილი მსოფლიო ბაზარზე 10 დოლარი ღირს, ხოლო ქართული - 8,20-8,40, მაგრამ ეს თხილის გულის ფასია და არა იმ თხილისა, რომელსაც ფერმერები თავდაპირველად აბარებენ. ქართული თხილის გული ხშირად გამოფიტული და დაზიანებულია, ამის გამო ჭირს მისი რეალიზაცია და თურქულ თხილთან შედარებით ფასიც ნაკლები აქვს. წლევანდელი სიტუაციით კმაყოფილი პრაქტიკულად არავინაა: არც გლეხი და არც თხილის მწარმოებელი. ახლავე აგიხსნით რატომ: ამ უხარისხო თხილს არავინ შეიძენს, ამიტომ, მწარმოებლებს ჯერ მისი გადარჩევა და დაქუცმაცება უწევთ, რაც მათთვის დამატებითი ხარჯია. როდესაც თხილის ფასზეა ლაპარაკი, ძალიან ხშირად არასწორი ინტერპრეტაცია ხდება: ამბობენ, 1 კგ თხილი 5 ლარი გახდაო, მაგრამ ეს ინფორმაცია ზუსტი არ არის: კარგი თხილი ხუთი ლარიც ღირს და ექვსიც, ხოლო კახეთში, სადაც წელს უკეთესი მოსავალი მოვიდა - 7 ლარიც. მარტივი ჭეშმარიტებაა, რომ ფასი ხარისხის მიხედვით ყალიბდება: ამიტომ, არის 1-ლარიანი თხილიც, 5-ლარიანიც და თქვენ წარმოიდგინეთ, 8-ლარიანიც, რომლის ხარისხიც ძალიან მაღალია. გასულ წლებში თხილის ფასი მაღალი სხვადასხვა მიზეზის გამო იყო: მაგალითად, შარშანწინ თურქეთში მოსავალი არ იყო და თხილის ფასმა ჩვენთან ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, თუმცა კიდევ ვიმეორებ, რომ ხარისხიანი თხილი ახლაც ძვირია. დამპალ და გამოფიტულ თხილს 10 ლარად ვინ იყიდის?! - როგორიცაა თხილის ხარისხი, იმის შესაბამისია ფასიც.

როგორც გითხარით, უცხოეთში გაუტეხავი თხილი არ იგზავნება, იქ მიდის უკვე გადამუშავებული თხილის გული. ამიტომ, მთელი პასუხისმგებლობა და ტვირთი თხილის მწარმოებლებზე გადადის: ჩვენ ვდგავართ წინა ხაზზე, რადგან ჩვენ გვიწევს უცხოელ მყიდველებთან ურთიერთობა. ხარისხთან დაკავშირებული ყველა პრეტენზია პირველ რიგში ჩვენამდე მოდის და არა ფერმერამდე. ამიტომ, წელს ძალიან რთულ მდგომარეობაში ვართ: თხილის გადამუშავებისთვის საჭირო დანახარჯები შარშანდელთან შედარებით 2-3-ჯერ მეტია. ადრე საწარმო ერთ დღეში რომ აწარმოებდა, ახლა იმ რაოდენობის პროდუქციის მესამედსაც ვერ ვუშვებთ, იმდენად ძნელია უხარისხო თხილის გადარჩევა. ამიტომ, სანამ ვინმე გვისაყვედურებს, ჩვენი მდგომარეობა უნდა გაითვალისწინოს. არის შემთხვევები, როცა ხარისხიან და უხარისხო თხილს ერთმანეთში ურევენ და ასე ყიდიან. რა თქმა უნდა, ასეთი თხილის გადამუშავება ყველაზე მეტად გვიჭირს.

გლეხებს თავიანთი ნაკვეთებისთვის უკეთესად რომ მოევლოთ, ახლა ასეთ დღეში არ ვიქნებოდით. შეიძლება ვიღაცას არა აქვს საშუალება, რომ პლანტაცია შეწამლოს, მაგრამ უმრავლესობას ამის ფული ნამდვილად აქვს. მოსახლეობის უმრავლესობას იმ რაოდენობის თხილი მოჰყავს, რომ არა მგონია, ამ მოსავლის დაკარგვა უღირდეს. წლევანდელმა მდგომარეობამ კარგად დაანახვა ჩვენს ფერმერებს, რა კატასტროფულ მდგომარეობამდე შეიძლება მიგვიყვანოს აგროწესების დარღვევამ. პირველ რიგში თვითონ იზარალეს, ამიტომ ალბათ ბევრი გააანალიზებს ყველაფერს და მომავალ წელს უფრო მომზადებული შეხვდება. ბევრს ჰგონია, რომ თხილს დარგავს და მერე მას მოვლა აღარ უნდა - ეს არასწორი შეხედულება მოსახლეობაში ვერა და ვერ აღმოიფხვრა. ყველა მცენარეს უნდა მოვლა, მათ შორის თხილსაც. თუ არ მოვუვლით და აგროწესებს არ დავიცავთ, ვერც მოსავალს მივიღებთ. ვინც სათანადოდ მოუარა, წელსაც მშვენიერი თხილი აქვს და კარგი ფასიც აიღო. ელემენტარული რამ იყო საჭირო: თხილის ნაკვეთების შეწამვლა და დამუშავება. გლეხებს ეს ღონისძიებები რომ გაეტარებინათ, ნაცარი და სოკოვანი დაავადება ვეღარ დააზიანებდა მცენარეს, ან დააზიანებდა, მაგრამ ასეთ სავალალო შედეგებს არ მივიღებდით.

აკაკი ღლონტი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მთავარი სპეციალისტი სოფლის მეურნეობის საკითხებში:

- გურიაში წელს სამეგრელოსთან შედარებით უკეთესი მოსავალი მოვიდა, მაგრამ წვიმამ და ჭარბტენიანობამ თხილის ხარისხი ჩვენთანაც ძალიან გააფუჭა. ამიტომ არის ფასი წინა წლებთან შედარებით დაბალი - გურიაში კარგი თხილი 5 ლარი ღირს, ხოლო ჩვეულებრივი, საშუალო ხარისხის - 3 ლარი. სამწუხაროდ, სამეგრელოში თხილი უფრო მეტად დაზიანდა, რადგან იქ დაბლობი ადგილებია, ქარიც საკმარისი არ იყო, რომ პლანტაციები გაეშრო და უხარისხო მოსავალი მოვიდა. წლევანდელი მოსავლის დაზიანების მთავარი მიზეზი ის არის, რომ გლეხებმა თავიანთ მოსავალს სათანადოდ არ მოუარეს და თხილის პლანტაციები არ შეწამლეს. ერთხელ და ორჯერ შეწამვლა არ შველის, მცენარეს კომპლექსური მოვლა სჭირდება - გაზაფხულიდან დაწყებული, მოსავლის აღებამდე. ვინც ამ წესებს ასრულებდა, იმას ნორმალური მოსავალი აქვს. თხილს ათასგვარი დაავადება უჩნდება, ამას ემატება მავნებლები და მწერები, რომლებიც ნაყოფის გულს აზიანებენ, ამიტომ მას ადამიანის დახმარება აუცილებლად სჭირდება.

ხშირად მეკითხებიან, რატომ ივარგა თხილის მოსავალმა კახეთშიო - კახეთში მშრალი კლიმატია. გურიაში კი, წელს ყოველი მეორე დღე წვიმიანი იყო და მცენარეებს სოკო გაუჩნდა. როდესაც ხშირად წვიმს და მცენარის ფოთოლი ვერ შრება, სოკოს განვითარებისთვის არაჩვეულებრივი პირობები იქმნება. ნაწვიმარზე ჩვეულებრივი სოკო რომ მრავლდება, ზუსტად ისე მრავლდებიან წვიმიან ამინდში მავნებელი სოკოები. ბუნებრივი პირობები მავნებლებისთვის ხელშემწყობი იყო, ხოლო წამლობა - ნაკლები. არადა, ამ პრობლემის მოგვარება სულ ადვილად შეიძლებოდა: არსებობს ძალიან კარგი საშუალება, რომელსაც კოლოიდური გოგირდი ჰქვია. ის ყველა მცენარეს უხდება, მათ შორის, ვაზსაც, თანაც, ერთ ჰექტარზე მხოლოდ 8 კილოგრამია საჭირო. ფერმერმა სამჯერ რომ შეწამლოს, თავიდან აიცილებს ნაცარსაც, სოკოსაც და სხვა დაავადებებსაც, რომელიც თხილის გულს აზიანებს და ანადგურებს. როცა 2-3 ტონა მოსავალს ელოდები, რომლისგანაც შეიძლება 8-10 ათასი ლარი მიიღო, ნაკვეთის მოსავლელად 500-600 ლარი ხომ უნდა დახარჯო? თხილის წამლობა, გასხვლა და მორწყვა აუცილებელია, თანაც, ის ნეიტრალურ ნიადაგზე უნდა დაირგოს და არა მჟავე ნიადაგზე, რომელიც სამეგრელოსა და გურიაში ძალზე ხშირად გვხვდება.

გლეხები ჩემთანაც ხშირად ამბობენ, საშუალება არ გვაქვსო, მაგრამ მე ვიცი ხალხი, რომელმაც შარშანდელი თხილის მოსავლით მანქანა შეიძინა და მომავალი წლის მოსავლისთვის მცირე თანხაც არ გადადო. თუ ფერმერს სურს, რომ თხილის პლანტაცია თავისი ოჯახის შემოსავლის წყაროდ აქციოს, მსგავსი დაუდევრობა დაუშვებელია. მოდი, სიმართლე ვთქვათ, როგორც ექიმები ეუბნებიან სიმართლეს პაციენტს, რომელსაც კიბო აღმოაჩნდა - მოსავალი გინდა? - მაშინ პლანტაციას კარგად უნდა მოუარო. დახმარება ხეიბარს და დავრდომილს სჭირდება, ჯანმრთელი, საღ-სალამათი ადამიანი სახელმწიფოს იმედზე არ უნდა იყოს. სახელმწიფო ერთხელ და ორჯერ დაეხმარება, მაგრამ ყველა ოჯახს ვერ ჩამოუვლის და ყველას ნაკვეთს ვერ შეწამლავს. ამის საშუალება ქართულ სახელმწიფოს არა აქვს. ამიტომ, გლეხმა მოსავლისგან მიღებული თანხა გონივრულად უნდა გადაანაწილოს. ბოლოს კი ვიტყოდი, რომ მოსავლის მოსაყვანად სპეციალისტის კონსულტაცია აუცილებელია. მეცნიერების და ფერმერების თანამშრომლობის გარეშე არაფერი გამოვა. თხილის, ისევე როგორც ნებისმიერი მცენარის მოსავლელად, სპეციალისტის კონსულტაცია აუცილებელია. თუ ამ ყველაფერს არ გავითვალისწინებთ, მომავალშიც იგივე განმეორდება, რაც წელს მოხდა.

ხათუნა ჩიგოგიძე