ეკოტურიზმი - საქართველოს უნიკალური პერსპექტივა - გზაპრესი

ეკოტურიზმი - საქართველოს უნიკალური პერსპექტივა

საქართველო ტურისტული თვალსაზრისით ძალზე საინტერესო ქვეყანაა: ამას მთისა და ზღვის სიახლოვე, ლამაზი ბუნება და უძველესი ისტორიული ადგილები განაპირობებს. როგორც ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, აღნიშნული პერსპექტივა ჩვენი ქვეყნისთვის ჯერ კიდევ შეუფასებელი და გამოუყენებელია.

ტურიზმის ეს სახეობა ძალზე პოპულარულია განვითარებულ ქვეყნებში, რადგან ის ბუნების ხელშეუხებელ ადგილებში დასვენებას გულისხმობს. ბოლო წლებში ეკოტურიზმის მიმართ ინტერესი ძალიან გაიზარდა - ადამიანებს გაუჩნდათ სურვილი, გაერიდონ სტრესულ ვითარებას, დაძაბული ცხოვრების რიტმს და განიტვირთონ. ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელი ნატა კვაჭანტირაძეც მიიჩნევს, რომ ჩვენს ქვეყანას ამ მხრივ დიდი პოტენციალი აქვს:

- ეკოტურიზმი ის მიმართულებაა, რომელიც დიდი მასშტაბით არის წარმოდგენილი მსოფლიო ტურიზმის სფეროში. საქართველო ამ მხრივ დიდი შესაძლებლობით გამოირჩევა, რის გამოც ამ მიმართულებას მხარს უჭერენ სამთავრობო სტრუქტურებიც და კერძო სექტორიც. ჩვენ გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა, განვავითაროთ ეკოტურიზმი არა მხოლოდ დაცულ ტერიტორიებზე, არამედ მათ მიმდებარე ადგილებსა და ჩვენს სოფლებშიც. ძალიან კარგ შედეგს მოგვცემს, თუ ეკოტურიზმს შევუთავსებთ კულტურულ, საქმიან, სათავგადასავლო ტურიზმს და სხვა სახეობებს.

- ტურიზმის ეს მიმართულება რომელ ქვეყნებშია ყველაზე მეტად განვითარებული?

- ეკოტურიზმი საკმაოდ ფართო ცნებაა და მოიცავს როგორც ბუნებასთან ურთიერთობას, ასევე ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მოგზაურობას, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების მიღებას და ა.შ. სოფელთან შეხება, ბუნებაში ყოფნა - ეს ეკოტურიზმის მნიშვნელოვანი კომპონენტებია. ტურიზმის ეს მიმართულება თითქმის ყველა ევროპულ ქვეყანაშია განვითარებული და პოპულარულია. ეს მათი სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანი გახლავთ.

- ეკოტურიზმის მოყვარულები ალბათ ნაკლებ ყურადღებას აქცევენ მდიდრულ სასტუმროში დაბინავებასა და განსაკუთრებულ კომფორტს...

- ვერ დაგეთანხმებით, რადგან ტურისტი არის დაბალბიუჯეტიანი და მაღალბიუჯეტიანი, რომელსაც სურს, სტუმრად ყოფნისას, ყველაფერთან ერთად, კომფორტიც დახვდეს. თანაც, შესაძლოა, ტურისტი ჩვენთან ხუროთმოძღვრების ნიმუშების სანახავად იყოს ჩამოსული, მაგრამ რეგიონებში გადაადგილება უწევდეს, ამიტომ, მას ძალაუნებურად უწევს შეხება ეკოტურიზმთან. როდესაც ადამიანი საქართველოში ჩამოდის, მას აუცილებლად უხდება შეხება ღვინოსა და ღვინის ტურიზმთან. ასე რომ, ეს მიმართულებები ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული.

- საქართველოს რომელი მხარეებია ამ მხრივ ყველაზე პერსპექტიული?

- პირველ რიგში, ეს არის საქართველოს დაცული ტერიტორიები, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ეკოტურიზმის განვითარებისთვის. ასეთი ტერიტორიები თითქმის ყველა რეგიონშია. სწორედ ამიტომ, ჩვენ გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა იმისა, რომ ეკოტურიზმი განვავითაროთ. საქართველოს ყველა კუთხე გამორჩეულია თავისი ლანდშაფტითა თუ კლიმატური პირობებით. იმერეთში გვაქვს სათაფლია და პრომეთეს მღვიმე, აჭარა ზღვასთან ასოცირდება, მაგრამ აქ არის მტირალას და კინტრიშის დაცული ტერიტორიები, გურიაში - ბახმარო, რომელიც უნიკალური სამკურნალო ადგილია. განუმეორებელია ჩვენი ფშავ-ხევსურეთი, თუშეთი, კახეთი, სადაც ლაგოდეხის ნაკრძალი და ვაშლოვნის დაცული ტერიტორია გვაქვს. სამცხე-ჯავახეთი არა მარტო ვარძიითაა მნიშვნელოვანი, არამედ იქ არის მიმობნეული ისეთი უნიკალური ძეგლები, რომლებიც ჯერჯერობით ნაკლებადაა ცნობილი. უნიკალური ადგილებია სვანეთში, სამეგრელოში, რაჭასა და სამცხე-ჯავახეთში. ჩვენი ქვეყნის ყველა კუთხეში არსებობს იმის საშუალება, რომ მოგზაური ადგილობრივი ბუნების სილამაზითა და უნიკალური გარემოთი დატკბეს.

- რა უშლის ხელს ტურიზმის ამ მიმართულების განვითარებას?

- აუცილებელია მომსახურების დონის ამაღლება და ამ ადგილების უფრო მეტად გაპიარება. სწორედ ამ გზით უნდა მოვიზიდოთ მომხმარებელი. სხვათა შორის, ბოლო წლებში ადგილობრივი მოსახლეობა ძალზე გააქტიურდა. ჩვენში ამის ტრადიცია ადრე არ იყო, მაგრამ დღეს უამრავი საოჯახო სასტუმრო იხსნება, აქტიურობს კერძო სექტორი, რაც ხელს უწყობს უფრო მეტი უცხოელი სტუმრის მოზიდვას. ამის საუკეთესო მაგალითია თუნდაც თუშეთი, სადაც ყველა კოშკი და თითქმის ყველა სახლი საოჯახო ტიპის სასტუმროდაა გადაქცეული. სტუმრებს ადგილზევე სთავაზობენ ეკოპროდუქტს და ტრადიციულ კერძებს, რაც მათზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს იმ უნიკალურ გარემოსთან ერთად, რომლითაც თუშეთი გამოირჩევა. იგივე ითქმის სვანეთზე, კახეთზე, სადაც საოჯახო ტიპის სასტუმროები ჩამოსულებს საკმაოდ დაბალ ფასად სთავაზობენ დასვენებას. ბოლო ხანებში ასეთი სასტუმროები სამცხე-ჯავახეთშიც მომრავლდა.

- ესე იგი, ეკოტურიზმი ჩვენთვის შემოსავლის თვალსაზრისითაც მომგებიანია?

- დიახ, ეკოტურიზმზე უცხოეთში სახელმწიფოს შემოსავლის დიდი წილი მოდის, რადგან ტურიზმის ამ მიმართულების მიმდევართა რიცხვი დღითი დღე იზრდება. თუ ამ მიმართულებას უფრო მეტ ყურადღებას მივაქცევთ, ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობის შემოსავალიც უფრო მეტად გაიზრდება. კულტურული, სათავგადასავლო, ღვინის ტურიზმი, სამედიცინო ტურიზმი - ის მიმართულებებია, რომლის განვითარებაც, ეკოტურიზმთან ერთად, ამ სფეროში სერიოზულ წინსვლას გამოიწვევს. მით უმეტეს, რომ სტუმრებს ადგილობრივი ნაწარმით უნდა გავუმასპინძლდეთ. ამგვარად, ეკოტურიზმის განვითარებასთან ერთად, თავისთავად გაიზრდება მოთხოვნა ადგილობრივ პროდუქციაზე და ფერმერებსაც უფრო მეტი დაინტერესება ექნებათ.

P.s. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, 2016 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში სტუმრად მყოფი საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობამ 4 მლნ 879 ათას 31 შეადგინა. ეს რიცხვი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 8.6%-ით მეტია. რაც შეეხება მიმდინარე წლის სექტემბერს, საქართველოს 631 ათას 302 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 11%-ით მეტია. ტურიზმის ეკონომიკური მაჩვენებლები კი ასეთია: შემოსავლებმა საერთაშორისო ტურიზმიდან 2016 წლის ორი კვარტალის ჯამური მონაცემებით, 867,9 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს 13.2%-ით აღემატება. სპეციალისტებით თქმით, ძნელია აქედან გამოვყოთ, რა თანხა შემოვიდა ჩვენს ქვეყანაში ეკოტურიზმის წყალობით, მაგრამ ამ მიმართულების წილი ყოველ წელიწადს იზრდება და სოლიდურია.

ხათუნა ჩიგოგიძე