პიქ­ტოგ­რა­მე­ბის კვალ­დაკ­ვალ ( წე­რი­ლი მე­სა­მე) - გზაპრესი

პიქ­ტოგ­რა­მე­ბის კვალ­დაკ­ვალ ( წე­რი­ლი მე­სა­მე)

ულამაზესი აღმოჩნდა არღუნის ხეობა: მიუხედავად დანგრეული გზისა და, შესაბამისად, მანქანის სავარძლებზე ხტუნვა-ხტუნვისა, თვალს ვერ ვწყვეტდით აქეთ-იქით შეფენილ წიწვნარსა თუ ფოთლოვან ტყეებს, ტოტებშუა გამომძვრალ მზის სხივებსა თუ კლდიდან წამოსულ "წვიმას". მახსოვს, თუშეთის გზაზე ასეთ წვიმას "შევეფარეთ" და იქაური "ნათლობაც" მივიღეთ, ამჯერად კი, რაკი გვიღამდებოდა, რიტუალი უკანა გზისთვის გადავდეთ - ეს ალბათ ხევსურეთთან "დასამშვიდობებელი განბანვა" იქნებოდა...

და აი, შატილიც - ძველიც და ახალიც! ჯერ ახალს მივაშურეთ - სასტუმროს, სადაც გველოდნენ და დაგვაბინავეს, მერე კი, დაბინდებამდე - ძველ, კლდეზე შეფენილ, უკვე აღდგენილ სოფელს, ქართული სამშენებლო ხელოვნების შესანიშნავ, ფაქტობრივად, უნიკალურ ძეგლს. ოდესღაც ხევსურეთის ეს სოფელი საცხოვრებელიც იყო და ციხესიმაგრეც, რომელიც საუკუნეების განმავლობაში საქართველოს ჩრდილოეთ გადმოსასვლელებს დარაჯობდა. ძველ შატილში ბრტყელსახურავიანი სახლები და კოშკები ტერასებადაა შეფენილი, ერთმანეთთან მიჯრითაა მიწყობილი და ერთიან, მიუვალ კედელს ქმნის, რაც ერთ დროს სოფელს მტრის შემოსევებისგან იცავდა. სოფელს შენობებს შორის სიმაღლეზე ამავალი ვიწრო, ქვისკიბიანი ქუჩით ავუყევით. ამ შუა ქუჩას, თურმე, ენგური, იგივე ინგური ჰქვია. გიორგი გიგაური გვიამბობდა: ასევე ჰქვია ხევსურეთის სხვა სოფლების შუა ქუჩებსაც, უფრო აღმოსავლეთიდან დასავლეთით რაც არის. შუა ქუჩა "საღვარე" (სანიაღვრე) ქუჩაა. აქ მხოლოდ ქალები დადიოდნენ. მასზე ხუცესებსა და ხევისბრებს გადასვლა არ შეეძლოთ, არ იყო მიღებული. ზემოდან უნდა მოევლოთ და სხვა გზით გადასულიყვნენო.GzaPress

შატილში ძვლებისაგან შეკრული ფიცარნაგებით - გადასასვლელებით მოსახლეობას მტრის შემოსევისას ქუჩაში გამოუსვლელად შეეძლო, თურმე, სოფლის შემორბენა. მივადექით ხევისბერების სახლს, სადაც რამდენიმე პიქტოგრამაც ვნახეთ - უძველესი, ხევისბერების დამწერლობის ნიმუში...

ის ღამე შატილის თანამედროვე ტიპის სასტუმროში გავათიეთ, ასეთი რამდენიმეა სოფელში. ერთი კოშკიცაა სასტუმროდ გაკეთებული. იქაურობა თუ კეთილმოეწყობა, უპირველესად კი, ხევსურეთის გზა გაკეთდება, ალბათ სტუმრების მიღებას ვერ აუვა ეს ხევსურული სამოთხე. მერედა, როგორ წაადგება იმ მხარეს, მოსახლეობას, კანტიკუნტად რომ შემორჩენილა პირიქითაში, და ქვეყანასაც. ჩვენი ჯგუფის მეორე ნაწილმა კარავში ღამისთევა ამჯობინა, ნაწილი კი - არღუნის პირას მოკალათდა, თუმცა, სინამდვილეში, ყველანი თითქმის ჩახუტებულები ვიყავით არღუნთან... და კოღოებთანაც. უმალ დათვსა და მგელთან შეხვედრას მოველოდი, ვიდრე კოღოსთან - არაფრით მეგონა, ასეთ სიმაღლეზეც თუ მომაგნებდა...

მეორე დღეს, დილაადრიან გავიღვიძეთ, დროულად რომ წავსულიყავით მუცოსკენ. ჩვენი ხევსური წინამძღოლი - გიორგი გიგაური გვაფრთხილებდა, პაპანაქება სიცხეში გაგიძნელდებათ ასვლაო. მაინც შევფერხდით, რადგან შატილის ხეირიანად გადაღება წინა საღამოს ვერ მოვასწარით. დღე მართლაც მცხუნვარე მზეს გვპირდებოდა, ასე რომ, თამთას ჯგუფისთვის ჩვეული გადარბენით გადავიღეთ შატილი და მუცოსკენ გავწიეთ. გზად წუთშესვენება მოვაწყვეთ - არღუნს იქით ულამაზეს ტყვიის შემცველ კლდოვან ფორმაციებს ფოტოსესიის გარეშე გვერდს ვერ ავუვლიდით; არღუნს აქეთ კი გადავაწყდი ჩემს ულამაზეს მთიელ მეგობრებს, ერუშეთის ზეგნიდან და თუშეთიდან გამოყოლილ დიდ სიყვარულს - მონარინჯისფრო-მოყვითალო ალპურ ყაყაჩოებს. შემდეგ კი ანატორსაც მივადექით, "მკვდართა ქალაქს" - აკლდამებს, რომლის ამბავიც ჟამიანობას უკავშირდება. სხვათა შორის, ანატორი, შატილთან ერთად, უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ცენტრი ყოფილა და საქართველოს ჩრდილოეთი საზღვრის კარს კეტავდა. GzaPress

აკლდამების დათვალიერება, მით უფრო - სნეულთა ძვლების, ვერაფერი სასიამოვნოა, მაგრამ რატომღაც მაინც ვერ უვლი გვერდს, თითქოს, იმ მწუხარების, ტკივილის თანაზიარი ხდები, შენს წინაპრებს რომ დასტყდომიათ თავს. ეს ძვლები ეპიდემიის შედეგია: დაახლოებით, XIV-XV საუკუნეებში სნეულები, სენი სხვებისთვის რომ არ გადაედოთ, თავისი ფეხით მოდიოდნენ აქ, წვებოდნენ და სიკვდილს ელოდებოდნენ. მართალია, სიუჟეტი განსხვავებულია, მაგრამ რატომღაც მაინც ის ფილმი გამახსენდა, იაპონური - "ლეგენდა ნარაიამაზე", ერთდროულად შემზარავიც და ადამიანურიც... გაგვაფრთხილეს, ანატორიდან კენჭის წამოღებაც არ გაბედოთ, ავს გადაეყრებითო. მახსოვს, ასე გაგვაფრთხილეს წაროშიც, წოვა თუშეთის "მკვდარ სოფელში", სადაც, ასევე, ჟამიანობის მსხვერპლი გამხდარა იქაური მოსახლეობა. იქვე გიორგიმ მუცოს აკლდამებზე გვიამბო: შვილს შეჰყრია სენი, ჯანმრთელ დედას აკვნით წაუყვანია და იქვე დარჩენილა. ასე, ერთგულად შეჰკვდომია საკუთარ პირმშოს. ესეც შემზარავია და... ადამიანურიც.

ანატორიდან არღუნის ხეობას ჩეჩნეთში გადაჰყავხარ. ადრე ალაქოს ხევზე, დაახლოებით, 14-15 კილომეტრში ყოფილა საზღვარი, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენივე დაუდევრობით, ქართული პოლიტიკის უნიათობით, რუსები საგრძნობლად მოგვიახლოვდნენ. ანატორიდან კარგად ჩანდა ბოლო პერიოდში რუსების მიერ გადმოწეული საზღვარი. მოკლედ, ერთ მხარეს ჩეჩნეთია და რუსეთის სახელმწიფო საზღვარი, მეორე მხარეს, ასევე საზღვრის გაყოლებაზე იწყება ხეობა, რომელსაც მიღმახევს ეძახიან. აქ არის სოფლები მუცო, ხონისწყალი, არდოტი, არჭილო, ანდაქი, ხახაბო. სოფლები, რომლებიც, სამწუხაროდ, თანდათან ნასოფლარებს ემსგავსება.

ანატორიდან მალევე წავედით მუცოსკენ. რომ მივუახლოვდით, პირველი თორღვას კოშკი "შემოგვეგება", ხევსურების საგუშაგო. ზოგადად, მუცო ძალიან მკაცრი, პირქუში და ძნელად მისასვლელი მეგონა. სინამდვილეში, ასეთიც ყოფილა, თურმე, ერთ დროს - აუღებელი ციხე, მტერს ფეხს რომ არ ადგმევინებდა მის კალთებზე, მაგრამ ჩვენ - სიყვარულით მისულები, მისიანები ხალისით მიგვიღო. ლამის ხტუნვა-ხტუნვით ავედით და ჩამოვედით. ასვლისას ეტყობა, მეტისმეტად გაბრწყინებული სახე მქონდა, თამთამ რომ შემომძახა: ბედნიერი ხარო? პასუხისას მხოლოდ "ძალიანს" არ დავკმაყოფილდი და აღტაცების გამოსახატავად ლამის გასაფრენად გავშალე ხელები...GzaPress

ტურისტებით გადაჭედილი იყო იქაურობა... არა მარტო უცხოელი, არამედ - ძალიან ბევრი ქართველი ტურისტი ვნახეთ, ახალგაზრდობა სჭარბობდა, რამაც განსაკუთრებით გაგვახარა. ჩვენდა გასაოცრად, რამდენიმე საკმაოდ ასაკოვანი ქალბატონიც დავინახეთ. ერთ-ერთი მათგანი, მთის ყვავილით - კლდის დუმით ხელში, ასვლისას შემოგვხვდა. მუცოთი აღფრთოვანებულმა, წამში გაგვიზიარა შთაბეჭდილებები და დაგვარიგა, აქედან ყვავილები წაიღეთ, ბედნიერებას მოგიტანთ ოჯახშიო.

ფოტოვიდეოგადაღებას გიორგი გიგაურის განმარტებები უძღოდა წინ. ვიკითხე და მიმდებარე ფერდობზე, შორიდან დამანახვა ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა შემოქმედის, თეონა ქუმსიაშვილის ხევსურული აკლდამა-საფლავი. მთის იმ ფერდობზე, დაბლაც და მაღლაც, ბევრი აკლდამა მოჩანდა, თუმცა თეონასი თითქოს გამოირჩეოდა სხვებისგან...

მუცო აშკარად ზემოთ გვექაჩებოდა. ციხის სარეკონსტრუქციოდ ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობდა. გრძელი საბაგირო გაეკეთებინათ და ასე ეზიდებოდნენ მაღლა დიდ მორებს. უცებ გიორგიმ ლექსი დაიწყო. ყური მოვკარი, ნასვამმა დავწერეო, თქვა. სასწრაფოდ ჩამწერი ჩავრთე: "...იყო წარსულის ლეწება ჟამთა/ და ჩაწითლება კლდეთა კორდებით,/ არ დაილევა ჯიში იმათა,/ ვისიც დედაი მღერდა გოდებით.../ თავდაუხრელთა მუცოს ციხეთა/ ფერი სდევს უცხო, შეუცნობელი, სასტიკი დროის კუშტი სახითა/ თავი აქვს მაღლა ცას მინდობილი".

მიხაროდა მუცოს გამოცოცხლება - კიდევ ბევრი გაოცდება და გაოგნდება მისი სიამაყითა თუ სილამაზით! მაღლა ასულები საფიხვნოს - ხევსურულ საკრებულოს მივადექით. უჰ, როგორ წამოიშალა: "...ალუდა ქეთელაური/ კაცია დავლათიანი,/ საფიხვნოს თავში დაჯდების,/ სიტყვა მაუდის გზიანი..."GzaPress

მოპირდაპირედ ციხე იდგა. ისიც, თურმე, თორღვას სახელს ატარებდა. ზემოდან ლამის ჭიაყელასავით მოჩანდა ისედაც ვიწრო არღუნი, ოღონდ მორბენალი ჭიაყელასავით, რადგან ძალიან სწრაფი მდინარეა. თანაც ისეთი "გაბრაზება" სცოდნია, თან მიაქროლებს, რასაც წამოედება, ამ მდინარემ დაახრჩო უამრავი ქალი და ბავშვიო.

მუცო-არდოტის გზაზე ძალიან ლამაზ, ბუნებრივად მოხატულ დიდ ქვასთან გავჩერდით. ეს სწორედ ის ქვა ყოფილა, კონსტანტინე გამსახურდიამ რომ აღწერა "დიდოსტატის მარჯვენაში". ამავე გზაზე ჩვენმა მესაზღვრეებმა გაგვაჩერეს, მაგრამ შეიტყვეს თუ არა, ხევსურ მეციხოვნე ნიკო ზვიადაურთან ანუ პოეტ მურღვა არდოტელთან მივდიოდით, უმალ გაგვატარეს. ეს კაცი - მესაზღვრე, მასწავლებელი, ისტორიკოსი და პოეტი არდოტის ერთადერთი მოსახლეა. ის და მისი მეუღლე მარინა დაიაური მართლაც ამაგრებდნენ სოფელს, ძალიან უნდოდათ მუდმივად იქ ეცხოვრათ, მაგრამ... ვიდრე შვილები პატარები იყვნენ, თავად ნიკო ზვიადაური ასწავლიდა მათ სასკოლო საგნებს, მაგრამ რომ წამოიზარდნენ, იძულებული გახდა, განათლების მისაღებად მეუღლესთან ერთად ბარში გამოეშვა. არადა, სახელმწიფოს ელემენტარული პირობები რომ შეექმნა, არც მისი ოჯახი მიატოვებდა იქაურობას. სამწუხაროდ, არდოტში ასულებს ბატონი ნიკო შინ არ დაგვხვდა, იქაურობა კი დავათვალიერეთ: XIX საუკუნის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ნანგრევები, ზვიადაურების კოშკი, ღვთისმშობლის ჯვარი და, რა თქმა უნდა, პიქტოგრამები. საითაც გავიხედეთ, თვალწარმტაცი პეიზაჟი იშლებოდა - ათასფერი მთები, მდინარე ანდაქის ხეობა და დაკლაკნილი გზები. არდოტის გადასახედიდან, ქვემოთ დავინახეთ, რომ სამანქანო გზა წყდებოდა. ნიკო ზვიადაურის კარ-მიდამოდან ჩამოვუყევით და არდოტის სასაფლაოსთან შევჩერდით. გიორგიმ ზვიად ზვიადაურის საფლავთან მიგვიყვანა. სწორედ იმ ზვიადაურის, ქისტებმა რომ დაიჭირეს, აგინეს, წამებით კლავდნენ და მაინც ვერ გატეხეს. აქ მოუყოლიათ ვაჟა-ფშაველასთვისაც ამ ვაჟკაცი ხევსურის ამბავი და ამის შემდეგ დაიწერა ვაჟას "სტუმარ-მასპინძელი", რომლის მთავარი გმირის პროტოტიპი სწორედ ზვიად ზვიადაური ყოფილა. GzaPress

დავემშვიდობეთ არდოტს, ჩამოვუყევით ანდაქს - თითქოს პაწაწინა, მაგრამ უსწრაფეს მდინარეს, შევუერთდით კვლავ არღუნის ხეობას, გაუმაძღრად ვაყოლებდით თვალს ყველაფერს, უკვე ნანახსა და მშობლიურს, ბოლოს საზეიმოდ - "სამი დელიკა ხალხის" საერთო ფოტოთი დავემშვიდობეთ შატილსაც, "გაგას წყაროსთან" ანუ კლდის წვიმაშიც გავილუმპეთ და სიმღერ-სიმღერით გამოვუყევით შინისაკენ. თბილისში ჩამოსულები გიორგი გიგაურმა შეგვაქო: რამდენი იარეთ! ყოჩაღ ყველას! ადრე ვისაც გავყოლილვარ, სულ ვეხვეწები, იქ წამომყევით, აქ წამომყევით-მეთქი და სიარული ეზარებათ. თქვენ მართლა პატრიოტები ხართ! მადლობა, რომ ასე გაინტერესებთ. სხვა დროს უფრო საინტერესო დღეობაზე რიტუალებსაც დაგასწრებთ და მაგარ კადრებსაც გადაიღებთო.

ირმა ხარშილაძე