სიყ­ვა­რუ­ლი, რო­მელ­მაც სა­უ­კუ­ნე­ებს გა­უძ­ლო - სტუმ­რად ფე­რე­იდ­ნელ ქარ­თ­ვე­ლებ­თან - გზაპრესი

სიყ­ვა­რუ­ლი, რო­მელ­მაც სა­უ­კუ­ნე­ებს გა­უძ­ლო - სტუმ­რად ფე­რე­იდ­ნელ ქარ­თ­ვე­ლებ­თან

ფერეიდნელ ქართველებზე ბევრი რამ თქმულა, მაგრამ ამ საოცარ ხალხზე ლაპარაკი მაინც უსასრულოდ შეიძლება... ყველა, ვინც კი ერთხელ მაინც ჩასულა ფერეიდანში, გაოცებული რჩება, როგორ შეინარჩუნა 400 წლის წინ, უცხო ქვეყანაში ჩასახლებულმა ერთმა მუჭა ხალხმა მშობლიური ენა, ქართული სული და საქართველოს სიყვარული - ეს დღემდე ამოუხსნელ ამოცანად რჩება. პოეტი მიხეილ ღანიშაშვილი ახლახან იყო ფერეიდანში და იქაურ შთაბეჭდილებებზე დიდი გატაცებით ჰყვება.

უჟამო ჟამის მსხვერპლნი

- ყველამ ვიცით, რომ XVII საუკუნის დასაწყისში, შაჰ-აბას I-ის ლაშქრობების შედეგად, თითქმის ნახევარი კახეთი განადგურდა, მოსახლეობის ნაწილი შაჰმა ირანში გადაასახლა. ირანელებმა მაშინ 300 ათასი ქართველი წაიყვანეს ტყვედ როგორც აღმოსავლეთ, ასევე - სამხრეთ საქართველოდან. ქართველების გარდა, შაჰ-აბასმა ირანში სხვა ერებიც ჩაასახლა, მათ შორის: თურქები, ბახტიარები, სომხები და სხვები. ქართველები ფერეიდანში ჩაასახლეს - ეს არის ადგილი, რომელიც ირანის ცენტრში მდებარეობს - იქ, სადაც ადრე ირანის დედაქალაქი ისპაჰანი იყო. ფერეიდნელი ქართველები ჰყვებიან, რომ შაჰ-აბასი ტყვედ წაყვანილ ხალხს თავისი ქალაქების ირგვლივ ასახლებდა და ცოცხალ სასაზღვრო კედლებს ქმნიდა. სწორედ ასეთი, ორმაგი და სამმაგი ცოცხალი `გალავნები~ აქვს შემოვლებული ირანის სახელმწიფოს. შაჰი ერთგვარ ბუფერს ქმნიდა, რომლითაც თავის ხალხს სხვა ქვეყნების თავდასხმებისგან იცავდა, რადგან ძლევამოსილ ირანსაც ჰყავდა მოსისხლე მტრები. შაჰმა ყველაზე კარგად იცოდა ქართველი მებრძოლების ფასი. სწორედ ამ ბედუკუღმართობისა და უჟამო ჟამის დროს, 300 ათასი ქართველი ჩაასახლეს ფერეიდანში. ეს არის ხრიოკი, უდაბნო ადგილი. გული დაგეწვებათ, რომ წარმოიდგენთ, თავდაპირველად როგორ ადგილას მოუხდათ ქართველებს დასახლება. თუმცა, დღეს ფერეიდანი ასეთი აღარ არის. იქ მცენარეებიც ხარობს, სიმწვანეც გხვდებათ და ცხოვრებაც დუღს, რაც ქართველების დამსახურებაა.

პატარა საქართველოს შვილები

- ქართველებმა ფერეიდანში პატარა საქართველო შექმნეს: ქალაქებს, სოფლებს, მთებსა თუ მდინარეებს, სადაც ცხოვრობენ - ყველაფერს ქართული სახელი დაარქვეს. მარტყოფი, ჩუღურეთი, ვაშლოვანი, შუამთა, ციხემთა - ეს მათი საცხოვრებელი ადგილებია. `ჩონ პატარა საქართველოჩი ვცხოვრობთ~, - ამბობენ ისინი. სხვათა შორის, მათი მეტყველება ძალიან მოგაგონებთ აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის მკვიდრთა, განსაკუთრებით კი, მოხევეების მეტყველებას. ისეთი ქართულით გელაპარაკებიან, გაოცდები. შეიძლება ითქვას, რომ მათი სასაუბრო ენა ძველი ქართულია. ეს არის `ქართლის ცხოვრებისა~ და ქართული აგიოგრაფიის გმირთა მეტყველება. უნდა ვაღიარო, რომ ფერეიდნელები, ჩვენთან შედარებით, ორჯერ უკეთესი ქართველები არიან, ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით. რომ დაგვინახავდნენ, 20-25 წლის ბიჭები მოდიოდნენ, გვეხვეოდნენ, ცრემლს ღვრიდნენ და გვეკითხებოდნენ, - ჩვენი სამშობლო როგორ არისო? ერთი ქართველი ბიჭი მოვიდა, ცრემლებს ვერ მალავდა და მთელი სხეულით კანკალებდა. ქართულად მშვენივრად დამელაპარაკა და რომ ვკითხე, - საიდან იცი ასეთი ქართული-მეთქი? მიპასუხა: ინტერნეტით ვსწავლობ. ჩემმა ცოლმა და ბავშვებმაც იციან ქართული, ისინიც ინტერნეტით სწავლობენო. ფერეიდნელები რეალურად იცავენ თავიანთ ქართველობას უმკაცრეს გარემოში, რომელიც წინა საუკუნეებში კიდევ უფრო მკაცრი იყო. სწორედ ასე შეძლეს, რომ შორეულ ქვეყანაში საკუთარი ენაც შეენარჩუნებინათ და ტრადიციებიც. მართალია, რწმენა ვერ შეინარჩუნეს, ქართული ეკლესია-მონასტრები იქ არ არის, მაგრამ მოწიწება მამაპაპური რწმენის მიმართ მაინც იგრძნობა: სოფელ ახჩაში ერთი ადგილი გვიჩვენეს, სადაც ადრე ეკლესია ყოფილა, ახლა კი, ქვების გროვა დაგვხვდა. გვითხრეს, - ეკლესია დაინგრა, მაგრამ ეს ქვა თავის ოჯახში არავინ წაიღოო. ეს მაშინ, როცა ქვა ირანში საკმაოდ ძვირი ღირს და ძალიან ძნელი საშოვნელია. ვისაც სახლის აშენება უნდა, ქვაში დიდი ფული უნდა გადაიხადოს, მაგრამ ეკლესიის ქვები ხელუხლებლად დატოვეს.

მარტყოფი - ფერეიდნის გული

- ფერეიდნის ცენტრია მარტყოფი, რომელსაც სპარსულად ფერეიდან-შაჰრი ჰქვია. ეს იქ ყველაზე დიდი ქალაქია, სადაც 15 ათასამდე ოჯახი ცხოვრობს. მარტყოფი სუფთა, მოვლილი და კოპწია ქალაქია. ამ ქალაქშიც და ირანშიც ძალიან ბევრი წარმატებული ქართველი ცხოვრობს. ისინი მოღვაწეობენ: ხელოვნებაში, კულტურაში, ბიზნესში, პოლიტიკაში. ყველაზე მეტი ქართველი მარტყოფშია. იქ ყველაზე კარგად არის შენახული ქართული ენა. ქუჩაში რომ მიდიხარ, მოსახლეობის 90 პროცენტი ქართულად ლაპარაკობს. ფერეიდნელები ბანიან სახლებში ცხოვრობენ - დაახლოებით ისეთში, როგორიც მესხეთ-ჯავახეთშია. თუმცა, ახლა იქ ორსართულიანი ვილები და კოტეჯებიც ხშირად გვხვდება. ფერეიდნელი ქართველებიდან ბევრი ცხოვრობს შეძლებულად, მაგრამ არის ნაწილი, რომელიც შედარებით ღარიბია. ქართული გენეტიკა იქ ძალიან კარგად არის შენახული. ზოგიერთ ფერეიდნელს რომ შეხედავთ, შეიძლება გეგონოთ, რომ ნამდვილი კახელი კაცი გიყურებს. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ხანებში შერეული ქორწინებები მომრავლდა, ფერეიდნელები მაინც ცდილობენ, ცოლად ქართველი მოიყვანონ. საქართველოშიც ბევრი ფერეიდნელი ჩამოდის. ჩვენ რომ ირანელებს ვეძახით, ხშირად იქაური ქართველებია არიან და ძალიან სწყინთ, როდესაც სპარსელებს ვეძახით. ჩვენთვის აუცილებელია საქართველოში ჩამოსვლა, რომ სამშობლოსთან კავშირი არ გავწყვიტოთ და ქართული ენა ვისწავლოთო, - ამბობენ ისინი.

ფერეიდნელი ქალები GzaPress

- ფერეიდანში ქორწილიც ისეთი იციან, როგორიც ჩვენთან - საზეიმოდ მორთული ნეფე-პატარძლით, მეჯვარეებით. ჩვენზე კარგად აქვთ შემონახული ბევრი ტრადიცია: უფროსის მიმართ პატივისცემა, დედმათილ-მამამთილისა და მეუღლის მიმართ მოკრძალება იქ განსაკუთრებით იგრძნობა, რადგან ქართულ ტრადიციებს იქაური, აღმოსავლური წესებიც ერთვის. როგორც ჩანს, დღევანდელი ირანის სახელმწიფო ლოიალურად არის განწყობილი ქართული ენის მიმართ. ეს იქიდანაც ჩანს, რომ როდესაც მარტყოფის ქუჩებში მიდიხართ, შეგხვდებათ მაღაზიები, კაფეები, სავაჭრო ობიექტები ქართული და სპარსული წარწერებით. ზოგჯერ თქვენს ყურადღებას მხოლოდ ქართული წარწერა მიიპყრობს. მანქანებსაც, თითქმის ყველას ქართული წარწერა აქვს. თუმცა, ირანი მაინც უნიტარული სახელმწიფოა და ქართველებიც ემორჩილებიან იმ კანონებს, რომლითაც დღეს ეს ქვეყანა ცხოვრობს. ირანში ახლაც შეხვდებით ზნეობის დაცვის პოლიციას. სპეციალური დანაყოფები დადიან სკვერებში, ბაღებში და აკვირდებიან ხალხს - როგორ აცვიათ, რას ამბობენ. ადამიანი, რომელიც უწესოდ იქცევა, შესაბამის სასჯელს იმსახურებს. ირანელი ქალი ქუჩაში ხიჯაბის გარეშე ვერ გავა. თავსაბურავი ფერეიდნელ ქალებსაც ახურავთ, მაგრამ შარვლებსაც იცვამენ და ისე იმოსებიან, როგორც თანამედროვე ქალები. უბრალოდ, გარედან ხიჯაბი აქვთ შემოხვეული. ფერეიდნელი ქალები მანქანებსაც მართავენ და სამსახურშიც დადიან. პედაგოგებიც არიან, ექიმებიც. შეიძლება, ბევრი ფიქრობს, რომ თანამედროვე გაგებით, ირანში ქალთა უფლებები ირღვევა, მაგრამ ამას იქაური ქალები ვერ გრძნობენ - ჩემი დაკვირვებით, ასეა. ამ წესებს საზოგადოება ქმნის და ისინი შეჩვეული არიან ამას. თუ უფლებების დარღვევად მივიჩნევთ, რომ ირანში ქალმა ჩადრი უნდა ატაროს, მაშინ მართლა ირღვევა ქალთა უფლებები, მაგრამ თუ ვიფიქრებთ, რომ იქ ყველას ასე აცვია და მათ მოსწონთ კიდეც ეს, მაშინ ასე არ არის. ყოველ შემთხვევაში, ოჯახში, სადაც მე ვიყავი, არანაირი დისკრიმინაცია ქალის მიმართ არ დამინახავს. არც სხვა ადგილებში, სადაც შეხვედრები გვქონდა: ბარებში, რესტორნებში, კაფეებში.

სიყვარული, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო

- ფერეიდნელების შემოსავლის წყარო სოფლის მეურნეობაა. მართალია, იქაური მიწები სილიანია, მაგრამ ჩემდა გასაოცრად, ვნახე, რომ ეს ხალხი ყველანაირ მიწას ამუშავებს. უდაბნოს ქვა და ნაცარიც რომ იყოს, ამუშავებენ და მაინც კარგი მოსავალი მოჰყავთ. მიწა ძალიან უყვართ, უვლიან და უფრთხილდებიან. ხორბალი, ქერი, სიმინდი, ხილი, ყურძენი - ყველაფერი მოჰყავთ და ამას სარწყავი სისტემების დახმარებით ახერხებენ. თინიკაშვილები, სეფიაშვილები, ასპანიძეები, თინიკაძეები, გუგუნიშვილები, გვარამაძეები - ამ ადამიანებს სპარსული გვარებიც აქვთ, მაგრამ ყველამ იცის, რა გვარი იყო მისი წინაპარი. ჩემი მასპინძელი გახლდათ შაჰრამ ონიკაძე. მან თავისი ბაღების დასათვალიერებლად წაგვიყვანა, რომელიც სახლიდან შორს აქვს. ძალიან ბევრი ნუშისა და კაკლის ნერგი ჰქონდა ჩაყრილი, რომელიც სარწყავი სისტემის წყალობით, ფერეიდანში შესანიშნავად ხარობს. ფერეიდნელი ქართველები უაღრესად მშრომელი ხალხია. იქ შრომის გარეშე თავს ვერ გაიტან. ბუნება ძალზე მკაცრია, ხოლო კლიმატური პირობები - აუტანელი.

ქალაქ მარტოფში არის უცხო ენათა შემსწავლელი ინსტიტუტი, სადაც ქართული ენის შემსწავლელი სკოლა ფუნქციონირებს. იქ ყველა თაობისა და ასაკის ადამიანს შეხვდებით - ბავშვებსაც და მოხუცებსაც კი... ირანში ხომ ყველა ეროვნული უმცირესობა სპარსულ ენაზე იღებს განათლებას, მაგრამ მშობლიური ენის სწავლას არავის უშლიან. ჩვენ იქ სპეციალური ტურის ფარგლებში ვიყავით: შევაგროვეთ და წავიღეთ წიგნები, `დედა ენა~ და სხვა ქართული სახელმძღვანელოები, რომლებიც იქაურ ქართველებს ძალიან უყვართ და სჭირდებათ. მადლობელი ვარ იმ ადამიანებისა, ვინც ეს ტური დაგეგმა და ფერეიდანში მეც მიმიწვია: ესენი არიან ეთო ბეგლარაშვილი და ლექსო ქურდოვანიძე - ისიც ფერეიდნელი ქართველია. ტურის შემადგენლობაში იყვნენ მწერლები, ჟურნალისტები, მომღერლები და ფერეიდნელთა პრობლემებით დაინტერესებული ხელოვანები. ჩვენი თანამემამულეები დიდი სიყვარულით შეგვხვდნენ და საუკეთესო მასპინძლობა გაგვიწიეს.

ხათუნა ჩიგოგიძე