რა­ტომ გაძ­ვირ­და შა­ქა­რი და სხვა იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბი? - გზაპრესი

რა­ტომ გაძ­ვირ­და შა­ქა­რი და სხვა იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბი?

იყო დრო, როცა ის ფუფუნების საგნად გახლდათ მიჩნეული და საკმაოდ ძვირიც ღირდა, მაგრამ ეს ყველაფერი წარსულში დარჩა. თუმცა, უნდა ვთქვათ, რომ ბოლო დღეებში შაქარმა "თავი დაიფასა" და მაღაზიებში მისმა ფასმა საგრძნობლად მოიმატა: თუ ადრე 1 კილოგრამ დაფასოებულ შაქარს 1,80-1,90 ლარად შეიძენდით, ამ დღეებში თბილისის ზოგიერთ სუპერმარკეტში მისი ფასი 2,40-2,50 ლარი გახდა. ასაწონი შაქრის ფასმაც მოიმატა და ნაცვლად 2 ლარისა, 1 კილოგრამი შაქარი 2.30 ლარი ღირს. შაქრის ფასი იზრდება მსოფლიო ბაზარზეც: ოქტომბრის დასაწყისში მსოფლიო ბაზარზე შაქარი თითქმის 7 პროცენტით გაძვირდა. იმპორტიორები, დისტრიბუტორები და ეკონომიკის ექსპერტები შაქრისა და საერთოდ, იმპორტირებული პროდუქციის გაძვირებას სხვადასხვა ფაქტორით ხსნიან:

გიორგი ნაფეტვარიძე, სადისტრიბუციო კომპანია "კრისტალი-8"-ს ხელმძღვანელი:

- ამ გაძვირების მთავარი მიზეზი შაქრის ცუდი მოსავალია: მოგეხსენებათ, ბრაზილია შაქრის ძირითადი მწარმოებელია, წელს იქ ძალიან ცუდი მოსავალი აქვთ და ამის გამო, შაქარი ყველგან გაძვირდა. საქართველოში ამას დაემატა დოლარის გაძვირებაც. არა მხოლოდ შაქარი, იმპორტირებული საქონელი გაძვირდა და თუ ასე გაგრძელდება, გაძვირებას მომავალშიც უნდა ველოდოთ, რადგან ჩვენთან ყველაფერი უცხოეთიდან შემოდის. კიტრი და პომიდორიც კი თურქეთიდან შემოდის და იმათ ფასებზე ვართ დამოკიდებული. ჰოდა, შაქრის გაძვირება რატომ გვიკვირს? ერთი თვის წინ ერთი ტომარა შაქარი 80 ლარი ღირდა, დღეს კი უკვე 105-110 ლარი ღირს. ამიტომ, იძულებული ვართ, საბითუმო ფასიც გავაძვიროთ, მერე მაღაზიაც მოუმატებს თანხას. იმპორტზე, დოლარზე და ათას უბედურებაზე ვართ დამოკიდებული. ამიტომ, ზაფხულში შაქარი 1,80 ლარი ღირდა, ახლა კი 2,40 ლარია. აქვე გეტყვით, ყველა შაქარი ერთი ხარისხის როდია: შეიძლება, რამდენიმე კოვზი ჩაყაროთ, მაგრამ ვერ დაატკბოს. ამიტომ, უმჯობესია ცოტა ძვირი იყოს, მაგრამ ხარისხიანი. საერთოდ, ევროპული შაქარი მაღალი ხარისხისაა. საქართველოში ძირითადად, პოლონური და ფრანგული შაქარი შემოდის, რომელიც სუფთა და ხარისხიანია, მაგრამ მისი ფასი სხვებისგან დიდად არ განსხვავდება.

გურამ დადეშქელიანი, შპს "ამბარის" მენეჯერი:

- ჩვენ მთლიანად იმპორტიორებზე ვართ დამოკიდებული. მარტო შაქარი კი არა, სხვა პროდუქტებიც გაძვირდა, რომელიც იმპორტირებულია, რადგან ყველაფერი დოლართან არის დაკავშირებული. მსოფლიო ბაზარზე შაქრის დეფიციტია, თანაც, ლარის კურსიც დაეცა და გაძვირებაც ამით უნდა აიხსნას. იმედი ვიქონიოთ, რომ ეს დროებითი მოვლენაა და გამოსწორდება - ამის მეტს ვერაფერს გეტყვით.

სოსო არჩვაძე, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში:

- ჩვენთან ორი პროცესის თანხვედრას აქვს ადგილი: ერთი მიზეზია ის, რომ ლარი დოლართან მიმართებაში უფასურდება და მეორე ის, რომ შაქრის ფასი მსოფლიო ბაზარზე არ იკლებს. ზუსტად ასეა ნებისმიერი პროდუქციის შემთხვევაში, რომელიც იმპორტზეა დამოკიდებული. ამიტომ სჭირდება სახელმწიფოს მძლავრი აგრარული სექტორი და გადამმუშავებელი მრეწველობა, რომ უცხო ქვეყნების გავლენისგან მაქსიმალურად იყოს დაცული. როდესაც ქვეყანას თავისი, ეროვნული ეკონომიკა აქვს, ამ ქვეყნის სტაბილურობა უფრო დაცული და გარანტირებულია. ჩვენ ყოველწლიურად ვყიდულობთ 1,1 მილიარდის ოდენობის აგროსასურსათო პროდუქციას და მათ შორის, შაქარს, რადგან შაქრის წარმოება არ გვაქვს. მოკლედ, იმპროტირებული პროდუქტის გაძვირებისთვის საქართველოში ორმაგი საფუძველია შექმნილი. საკმარის პროდუქციას არ ვაწარმოებთ, რის გამოც, მსოფლიო ბაზარზე და იმპორტიორებზე ვართ დამოკიდებული, თანაც, ამ ყველაფერს ლარის გაუფასურებაც დაერთო და შედეგი ყველასათვის ნათელია.

დავით ასლანიშვილი, თსუ-ის პროფესორი, ექსპერტი:

- შაქრისა და სხვა პროდუქტების გაძვირების მიზეზი ის არის, რომ საქართველოში არ არსებობს სრულყოფილი კონკურენცია. ყველა დარგში გვაქვს ოლიგოპოლია ან მონოპოლია. ამიტომ, საერთაშორისო ბაზარზე მიმდინარე ფასების კლების ტენდენცია ჩვენზე ან ძალიან გვიან, ან საერთოდ არ აისახება. ფასმა რომ დაიკლოს, იმდენი შემომტანი უნდა იყოს, რომ ვერც ერთმა იმპორტიორმა ვერ შეძლოს ფასის მომატება. ჩვენთან კი, კარტელური შეთანხმებები წყვეტს ყველაფერს. ამის დასტურია ხორბლის ფასი, რომელიც მთელ მსოფლიოში ძალიან გაიაფდა, მაგრამ ეს არც პურზე ასახულა და არც პურპროდუქტებზე. ანალოგიური მდგომარეობაა ნავთობზე, რომელზეც ჩვენთან არაადეკვატურად მაღალი ფასებია. ქვეყანაში გვყავს რამდენიმე მოთამაშე, რომლებსაც დანაწილებული აქვთ სხვადასხვა დარგი და სწორედ ისინი ხრავენ ამ ქვეყანას. შესაბამისად, კატასტროფაა თითქმის ყველა დარგში. როგორ შეიძლება ამ სიტუაციას ვუმკურნალოთ? - ამ ყველაფრის წამალი ბაზრის გახსნილობა და მაღალკონკურენტიანი პროდუქციის შექმნაა აქვე, საქართველოში. ქვეყანაში ასი ან ორასი მწარმოებელი და იმპორტიორი რომ იქნება, მაშინ მათ წესებს ვერავინ უკარნახებს. დღეს კი, მთელი საქართველო მონოპოლისტური ჯგუფების ხელშია და არაფერი იცვლება საქართველოს ეკონომიკის სასარგებლოდ. შაქრის გაძვირებაც ამის ბრალია. ეს არ უნდა დავაბრალოთ ლარის კურსს, ეს მტკნარი სიცრუეა. რატომ? - ყველა ვალუტა გაუფასურდა, რუსული რუბლით დაწყებული, თურქულ ლირამდე და მათ ფონზე, ლარი საკმაოდ ჯანსაღად გამოიყურება. მან ყველაზე ნაკლებად განიცადა დევალვაცია, მით უმეტეს, სამი კრიზისი გადაიტანა და სამივე ხელოვნურად იყო გამოწვეული. ლარის დაცემასთან ერთად, პროდუქციის გაძვირება სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანს. გამოსავალი ადგილობრივი პროდუქციის წარმოება და სრულყოფილი კონკურენციაა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ვიღებთ გაუკუღმართებულ და სახეშეცვლილ ეკონომიკას, სადაც ყველაფერი არაპროგნოზირებადია.

ხათუნა ჩიგოგიძე