"ICE BUCKET" - ქველმოქმედება თუ - გართობა? - გზაპრესი

"ICE BUCKET" - ქველმოქმედება თუ - გართობა?

პიტი ვერც კი წარმოიდგენდა, რომ მისი ქმედება ასეთი "გადამდები" აღმოჩნდებოდა და მის გვერდით მთელი მსოფლიო დადგებოდა. ქველმოქმედების შინაარსი ასეთია: ადამიანმა უნდა დაასახელოს სამი მეგობარი, ვისაც მოუწოდებს, რომ იგივე გაიმეოროს, მერე კი თავზე ყინულებიანი წყალი გადაისხას. დასახელებულ მეგობრებს იმავეს გასაკეთებლად ვადა 24 საათი აქვთ. ვინც იმავეს არ გააკეთებს, მაშინ დაავადებულთა ფონდში 100 დოლარი უნდა გადარიცხოს. თუ წყალს გადაისხამს, ამ ფონდში მხოლოდ 10 დოლარს ჩარიცხავს.

ამ აქციას მხარი ქართველებმაც დიდი ენთუზიაზმით დაუჭირეს. აქციის მონაწილეები ქართველი პოლიტიკოსები, ხელოვანები, ჟურნლისტები და საზოგადოებისთვის უცნობი ადამიანებიც არიან. მათ შორის - ბავშვებიც. აქციის ერთ-ერთი პირველი მონაწილე ჟურნალისტი ლევან ჯავახიშვილი გახლდათ, რომელმაც ყინულებიანი წყალი პირდაპირ ეთერში, "ქრონიკის" სტუდიაში გადაისხა. მან კოლეგა, ვახო სანაია გამოიწვია, რომელმაც არ დააყოვნა და იგივე, იმავე დღეს, მანაც პირდაპირ ეთერში გაიმეორა. პირველად სწორედ ლევანს დავუკავშირდი და ამ ყველაფერზე კომენტარი ვთხოვე.

ლევან ჯავახიშვილი, ჟურნალისტი:

GzaPress- ამ აქციის შესახებ "ქრონიკაში" სიუჟეტი გავიდა და შევუერთდით.

- ანუ ის, რომ შენ პირდაპირ ეთერში ყინულებიანი წყალი უნდა გადაგესხა, წინასწარ დაგეგმილი არ ყოფილა?

- რა ვიცი. მთლად დაგეგმილიც არ ყოფილა. შეიძლება ითქვას, რომ ექსპრომტი იყო.

- ერთ-ერთი პირველი ადამიანი იყავი, ვინც საქართველოში ეს გააკეთა. მერე ამ ყველაფერმა საკმაოდ მასშტაბური სახე მიიღო...

- ამ ყველაფერს მხოლოდ მე ნუ დამიკავშირებ. აქციას კი ერთ-ერთი პირველი ნამდვილად შევუერთდი, რადგან ჩემთვის ნებისმიერი სახის ქველმოქმედება, ეს იქნება კონცერტი, მარათონი თუ გამოფენა, მისაღებია. ამ აქციაში კი მთავარი წყლის გადასხმა კი არა, ის თანხაა, რომელიც ჩავრიცხეთ. ეს თანხა უნდა მივიდეს ადრესატამდე და ამ ადამიანებმა რეალურად უნდა ნახონ, რომ მათ ვეხმარებით.

- თანხა შენ კი ჩარიცხე, მაგრამ მგონი საქართველოში ამ ყველაფერმა უფრო გართობის სახე მიიღო და არა - ქველმოქმედების.

- ჰო, საერთოდ, საქართველოში პოლიტიკაც გასართობი ხდება ხოლმე. რა გასაკვირია, რომ ქართველებს ეს ყველაფერი ასე მიეღოთ? ეს, რასაკვირველია, ცუდია. თუმცა, მგონი მთლად ასეც არ არის, რადგან უმეტესობამ, ვინც ამ აქციაში ჩაერთო, თანხაც ჩარიცხა. სულ არ მაინტერესებს იმ ადამიანების აზრი, ვინც თვლის, რომ ეს ყველაფერი სისულელეა. მათ მოვუწოდებ, რომ დამშვიდდნენ. მხოლოდ იმ ადამიანების აზრი მაინტერესებს, ვინც რეალურად დახმარებას საჭიროებს. ეს არის მთავარი და არა - კრიტიკოსთა მოსაზრებები, რადგან საქართველოში ყველა ყველას აკრიტიკებს. საქმეს კი, რეალურად, არავინ აკეთებს...

აქციას სოციალური ქსელის მეშვეობით ყოფილი პრემიერ-მინისტრიც გამოეხმაურა.

ვანო მერაბიშვილი:

- სიამოვნებით შევუერთდები საქველმოქმედო აქციას და ჩემი ოჯახი აუცილებლად გადარიცხავს შესაბამის თანხას ამიოტროფული ლატერალური სკლეროზის გამოკვლევებისთვის. რაც შეეხება ცივი წყლის გადასხმას, თითქმის მთელი ზაფხულია, მე და გიგი ამას ყოველდღიურად ვაკეთებთ ჩვენს საკნებში, სადაც ტემპერატურა დაახლოებით 45 გრადუსია, თუმცა, აქამდე წარმოდგენა არ გვქონდა, ამ საქციელით რამხელა სიკეთეს ჩავდიოდით. შესაბამისი კადრები შეგიძლიათ გამოითხოვოთ სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან.

ნიკა რურუა, ყოფილი კულტურის მინისტრი:

GzaPress- ICE BUCKET CHALLENGE-ს სკეპტიკოსებს ანუ, თავზე ყინულიანი წყლის გადასხმის მოწინააღმდეგეებს ვეტყოდი, რომ ისინი ნამეტანი სერიოზულად იღებენ და უყურებენ საკუთარ მნიშვნელოვან პერსონას და მიმაჩნია, რომ ქველმოქმედების გარეშეც ასეთი საამური სისულელე კარგი რამეა, ჩვენნაირი "ჩაკომპლექსებული" ერისთვის, ვისაც აშკარად აკლია ცივილიზებული სილაღე. რაც შეეხება ქველმოქმედებას, გადავწყვიტე, რომ ჩემი თანხა გადავრიცხო საქართველოს მოქალაქეთა დასახმარებლად, (WE HELP-ში) და არა ოკეანეს იქით, ვინაიდან ამ შემთხვევაში, ჯორჯ ორუელის არ იყოს, "ყველა გაჭირვებულს უჭირს, მაგრამ ზოგ გაჭირვებულს უფრო მეტად უჭირს". ნამდვილად ასეა ჩვენს შემთხვევაში.

კრისტი ყიფშიძე, მოდელი:

GzaPress- ეს საქველმოქმედო აქცია ძალიან მომწონს და მიმაჩნია, რომ რაც უფრო ხშირად გაიმართება მსგავსი აქციები, მით უკეთესია. ამ აქციის პირობებში მთავარი თანხის ჩარიცხვაა, წყლის გადასხმა კი სახალისო ფაქტია. ჯაჭვივით არის, ერთი მეორეს იწვევს, მეორე მესამეს და ა.შ. შესაბამისად, ამაში ყველა ჩაერთო და ეს ძალიან კარგია.

- თავად ჩარიცხე თანხა?

- რასაკვირველია. თავიდან არც კი ვიცოდი სად და როგორ უნდა ჩამერიცხა. მერე მეგობრებმა მასწავლეს და ჩავრიცხე.

- სოციალური ქსელი აჭრელებულია წყლის გადასხმის ამსახველი ვიდეოებით. ამან საზოგადოების გარკვეული ნაწილის გაღიზიანება გამოიწვია...

- ცუდია ადამიანების დახმარება? რატომ ღიზიანდებიან? გააჩნია, ვინ როგორ შეხედვას ამ ყველაფერს. საქართველოში ხომ იცი, მოწინააღმდეგე ყველაფერს უნდა გამოუჩნდეს. ჩემს პროფილზე რასაც მინდა, იმას დავდებ. პირადად მე, წყალი აუზზე გადავისხი. ხალათი მეცვა და წყალი იმდენად ცივი იყო, რომ ის ხალათი გაიყინა. მართლაც რაღაც მსხვერპლი გავიღე. ამიტომ, სულაც არ მაინტერესებს, ვინ რას იტყვის. ვისაც არ მოსწონს, ნუ უყურებს. მთავარი ის არის, რომ იმ დაავადებული ადამიანებისთვის საკმაოდ დიდი თანხა შეგროვდა.

მამუკა ლომაშვილი, მსახიობი:

GzaPress- ეს არის საქველმოქმედო აქცია და ყველანაირი ფორმის ქველმოქმედება სიკეთეა. სიკეთე კი ადამიანის მოთხოვნილებაა. გარდა ამისა, ყველას და განსაკუთრებით ქართველების უმრავლესობას მატერიალური პრობლემები გვაქვს და შეიძლება ფული ვერ გადავრიცხოთ, მაგრამ გადავისხათ თავზე წყალი, ამაში ცუდი ან გამაღიზიანებელი რა არის? ადამიანები ხალისობენ და ერთობიან. ამაზე არ არის საჭირო ფილოსოფოსობა და საკუთარი ბრძნული მოსაზრებების გამოთქმა. რა მოხდა? ამორალური ქცევაა თუ ვინმეს უფლებებს ლახავენ? ამ აქციამ თუნდაც სოციალურ ქსელში, დიდი პოზიტივი შემოიტანა. რა არის იმაში ცუდი, თუ ადამიანი მხოლოდ წყალს გადაისხამს და თანხას არ გადარიცხავს? ამას იმის გამო კი არ აკეთებს, რომ ძუნწია, ან ქველმოქმედება არ აინტერესებს, არამედ იმიტომ, რომ უმრავლესობას ამის საშუალება არ აქვს. 100 დოლარი კი არა, 50 ლარიც ბევრი ქართველისთვის საკმაოდ დიდი თანხაა. ვისაც ეს არ მოსწონს, არ არის აუცილებელი, საკუთარი აზრი დააფიქსიროს.

- შენ გადაისხი წყალი?

- არა, არ გადამისხამს.

- აქციაში სასულიერო პირებიც ჩაერთვნენ, რამაც საზოგადოების აგრესია გამოიწვია...

- ჰო, საერთოდ სასულიერო პირები, ამ ბოლო დროს, თემაა საზოგადოებაში. რა მოხდა? წყალი გადაისხეს, ტაბურეტით ხომ არ გამოეკიდნენ ვინმეს?

ია ჟორჟოლიანი, ამერიკაში მცხოვრები ემიგრანტი:

- იცით თუ არა, რომ ამ აქციაში ფულის გადარიცხვა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე წყლის საქვეყნოდ გადასხმა? ბევრმა ისიც კი არ იცის, თუ საერთოდ რისთვის დაიწყო ეს აქცია და რას ნიშნავს ყინულიანი წყლის გადასხმა. როდესაც ყინული კისერზე მოულოდნელად გესხმება, იმ მომენტში თითოეული კუნთი გეყინება და გიშეშდება. ეს სწორედ ის შეგრძნებაა, რაც ALშ დაავადებულ ადამიანებს იპყრობს. მათი თითოეული კუნთი ატროფირებას განიცდის და საბოლოოდ ადამიანი კვდება. ეს არ არის სახალისო გამოწვევა, რაც უკვე სერიოზულად გამაღიზიანებელი გახდა. ეს ყველაფერი იმას არ ნიშნავს, რომ ამ აქციის მოწინააღმდეგე ვარ. თანხა უკვე გადავრიცხე, მაგრამ ჩემი სოციალური ქსელის მეგობრების დასანახავად წყალი ვერ გადავისხი, რადგან ჯანმრთელობის პრობლემები მაქვს. იმედია, მაპატიებენ.

აქციას საკმაოდ განსხვავებული და ორიგინალური ვერსიით შეუერთდა ბიზნესმენი მამუკა ხაზარაძეც. ის თანადგომას უცხადებს ამიოტროფული ლატერალური სკლეროზით დაავადებულ პირებს და მათ ფონდში გარკვეული თანხაც გადარიცხა. ასევე, მან გადაწყვიტა, რომ ერთბაშად ორი კეთილი საქმე გაეკეთებინა და თავზე ყინულიანი წყლის გადასხმის ნაცვლად, ის ერთი ვედრო წყალი თბილისში, სიცხეების შედეგად გამხმარი ხისთვის დაესხა. ბიზნესმენმა თავის 6000 თანამშრომელსაც მოუწოდა, რომ იგივე გაეკეთებინათ და მათი სახლების ან ოფისების წინ მდგომი ხეებისთვისაც თითო სათლი წყალი დაესხათ...

ნათია ჟივიძე ჟურნალი "გზა"