სტიქიურად საშიში ტერიტორიები საქართველოში - გზაპრესი

სტიქიურად საშიში ტერიტორიები საქართველოში

ღვარცოფები, წყალდიდობები, ზვავ და მეწყერსაშიში უბნები, - ეს ისაა, რაც ჩვენი ქვეყნისთვის მუდმივად რისკის შემცველია. სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში 53 ათასი მეწყრული უბანი და 3 000-მდე ღვარცოფსაშიში მდინარეა აღრიცხული, მეზობელ აზერბაიჯანში კი, რომელიც საქართველოზე დიდია, 9 ათასი მეწყრული უბანია, სომხეთში - 3800. სტიქიურად საშიში ზონები საქართველოს თითქმის ყველა რაიონში მდებარეობს და იმის პროგნოზირება, თუ როდის გააქტიურდება სტიქია, რთულია. მთიანი ტერიტორიები კი მუდმივად რისკის ზონად ითვლება. სპეციალისტების თქმით, ადრიანი გაზაფხული და შემოდგომა ერთ-ერთი სახიფათო პერიოდია ჩვენი ქვეყნისთვის. გარდა რთული რელიეფისა და რისკ-ზონებისა, სტიქიის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი ტყეების უსისტემო განადგურება-გაჩეხაა, რაც ღვარცოფებისა და მეწყრების გააქტიურებას უწყობს ხელს. გეოგრაფების აზრით, სტიქიური მოვლენების შეჩერება წარმოუდგენელია, პრევენციული ღონისძიებების გატარება კი - შესაძლებელი. გარდა ამისა, მეწყრული და ღვარცოფსაშიში ზონები მკაცრად უნდა იყოს დაცული, იქ მოსახლეობის ცხოვრება და სანჟინრო ნაგებობების მშენებლობა დაუშვებელია. საქართველო მთიანი ქვეყანაა და აქ ეკოლოგიური კატასტროფების საფრთხე ბუნებრივად არსებობს, ამიტომ მოსახლეობა მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული.

GzaPressშეგვეძლო თუ არა, დარიალის ხეობის ტრაგედიის თავიდან აცილება, რომელია განსაკუთრებით საშიში ზონები საქართველოში და რა საშიშროება ემუქრება თბილისს, სტიქიის დროს? გასულ წელს შედგენილი თბილისის რუკის მიხედვით, დედაქალაქში 60-მდე მეწყრული უბანი და 50-ზე მეტი ღვარცოფსაშიში მდინარე და ხევია. დედაქალაქის დატბორვის საშიშროებას კი გაუმართავი სანიაღვრე სისტემა ქმნის.

გიორგი დვალაშვილი, გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი, თსუ-ის ასისტენტ-პროფესორი:

- დევდარაკის მყინვარზე და მდინარე ამალის ხეობაში ჩვენ წლების განმავლობაში არაერთი კვლევა ჩაგვიტარებია, რადგან საშიშ ხეობად მიიჩნევა. მყინვარწვერის ფერდობზე ჩამომავალ მყინვარ დევდარაკს, ბოლო 15 წელია, ვაკვირდებით და ვსწავლობთ, როგორ მოძრაობს. 17 მაისის ტრაგედია ბუნებრივი მოვლენა იყო. ღვარცოფს არანაირი კავშირი არ ჰქონდა მეწყერთან, რაც ამ ხეობაში არაერთხელ მომხდარა 2002, 2007 წლებში. ამ ხეობაში ტრაგედია 1832 წელსაც დატრიალდა, როდესაც უზარმაზარი მასა ჩამოწვა და თერგი 8 საათის განმავლობაში გადაკეტა. ეს ნაშთები დღესაც ჩანს მდინარის ხეობაში. დაგუბებულმაUუზარმაზარმა ტბამ, ვლადიკავკაზის მიმდებარე ტერიტორია გაანადგურა. XIX საუკუნეში ამ ტერიტორიაზე ხუთი ასეთი ფაქტი დაფიქსირდა, რადგან სტიქიური მოვლენების გავრცელების მხრივ საშიში ხეობაა.

- შესაძლებელი თუ იყო ამ ტრაგედიის თავიდან აცილება?

- სამწუხაროდ, ამ მოვლენის თავიდან აცილება შეუძლებელია. აქ შემაკავებელი შენობა-ნაგებობა რომ ყოფილიყო, მაინც გაანადგურებდა. მიმაჩნია, რომ ასეთ საშიშ ხეობებში არ უნდა იყოს დასახლებები, მილსადენები, გზები და სხვა საინჟინრო ნაგებობები. თერგი რომ დაგუბებულიყო და მას გვირაბში გზა არ ენახა, გაცილებით დიდი ღვარცოფი წარმოიქმნებოდა, შედეგიც გაცილებით სავალალო იქნებოდა. მთლიანად დატბორავდა მშენებარე ჰესებს და დაფარავდა საკონტროლო გამშვებ პუნქტს.

- თუ არსებობს განმეორების საშიშროება?

- ბოლო 15 წლის განმავლობაში, ამ მყინვარზე სისტემატურ მონიტორინგს ვახორციელებთ და ამ პერიოდში სამწუხაროდ, სამჯერ განმეორდა. განმეორების რისკი ყოველთვის არსებობს, თუმცა, მიმაჩნია, რომ ამხელა მასშტაბით - არა. შესაძლოა, მომავალ წელსაც განმეორდეს, საშიში ხეობაა და მისი რთული რელიეფიდან გამომდინარე, გამეორების საფრთხე ყოველთვის არსებობს.

- როგორც ვიცით, საქართველოში მეწყერსაშიში ტერიტორიები მრავლადაა, რაც საფრთხეს უქმნის მოსახლეობას.

- საქართველოში მეწყერსაშიში ტერიტორიები მისი რთული რელიეფიდან გამომდინარე, მართლაც მრავლადაა. სამწუხაროდ, ასეთი სახიფათო რეგიონები მოსახლეობის მხრიდან ათვისებულია. ერთ-ერთი ასეთი რეგიონია აჭარა. იქ რამდენიმე ათასი მეწყერია აღრიცხული და ათეულობით სოფელი მეწყერსაშიშ ზონაში მდებარეობს. მჭიდროდ დასახლებული მცირემიწიანი რეგიონი ზედმეტ დატვირთვას იღებს, რაც ააქტიურებს მეწყრებს და ღვარცოფებს. ხულო, შუახევი, ქედა, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი რისკ-ზონას მიეკუთვნება. ეს ტერიტორიები ადამიანის მიერ ინტენსიური ათვისების შემდეგ გახდა საშიში. 100 წლის წინ ამდენი საშიში ტერიტორია არ ფიქსირდებოდა. ტყის გაჩეხამ კი ეკოლოგიური პროცესების გაუარესება გამოიწვია. რისკ-ზონებს მიეკუთვნება რაჭა, სვანეთი, თუშეთი, ხევსურეთი. ბოლო წლებში იმატა წყალდიდობების, წყალმოვარდნების შემთხვევებმა, რასაც ხშირად მსხვერპლი მოსდევს. სამწუხაროდ, ადამიანი დასასახლებლად მდინარის ახლოს მიმდებარე ტერიტორიას ირჩევს, რაც რისკის შემცველია. საქართველოში ყურადღება უნდა გამახვილდეს სახიფათო უბნების მიმართ, იქ დასახლებები და ნებისმიერი საინჟინრო საქმიანობა უნდა აიკრძალოს და მოსახლეობა უნდა იყოს ინფორებული.

- სტიქიისთვის დასავლეთი საქართველო უფრო საშიშია თუ - აღმოსავლეთი?

- დასავლეთ საქართველოში მეწყრული მოვლენებია აქტიური. ინტენსიურიად ვითარდება წყალდიდობები და წყალმოვარდნები. აღმოსავლეთ საქართველოში ფიქსირდება ღვარცოფები, მთიან ტერიტორიაზე - თოვლის ზვავები. სამწუხაროდ, საქართველოს დიდი ტერიტორია აგრეთვე მიწისძვრების აქტიურ ზონაში მდებარეობს. განსაკუთრებით საშიშ რეგიონებს მიეკუთვნება რაჭის ქედი და ჯავახეთი.

- რომელია სტიქიურად საშიში ტერიტორიები?

- სტიქიურად საშიში რეგიონების გამოსავლენად და შესასწავლად, კვლევებს ინტენსიურად აწარმოებს საქართველოს ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო. რელიეფიდან გამომდინარე, რაჭა-ლეჩხუმში, ქვემო და ზემო სვანეთში დამახასიათებელია თოვლის ზვავები, ღვარცოფები და მეწყრები. მეწყერსაშიში ზონებია აჭარაში, გურიაში, იმერეთში (ზესტაფონი, საჩხერე, ჭიათურა, ბაღდათი, ხარაგაული), სამეგრელოს ნაწილში (ჩხოროწყუ, ზუგდიდი, წალენჯიხა). სამეგრელოსთვის უფრო დამახასიათებელია წყალმოვარდნები და წყალდიდობები. ღვარცოფებით კახეთი განსაკუთრებულად საშიში ზონაა. რელიეფიდან გამომდინარე, რისკის ქვეშაა ყვარელი. მის მიმდებარე ტერიტორიაზეა 230-ტონიანი ლოდი, რომელიც მდინარე დურუჯმა ჩამოიტანა ღვარცოფის დროს. მდინარე დურუჯის ღვარცოფი ნებისმიერ დროს არის მოსალოდნელი.

- როგორ შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ ან შევამციროთ მაინც სტიქიის მიერ მოყენებული ზარალი?

GzaPress- ბოლო პერიოდში ბევრი რამ გაკეთდა, თუმცა ამ მხრივ უფრო მეტი კლვევა და საქმიანობაა საჭირო. წვიმა რომ მოვა, ჩამოტანილი მასალა მაშინვე უნდა ამოვიტანოთ კალაპოტიდან. ნებისმიერი წვიმის დროს, უნდა ვიზრუნოთ კალაპოტის გასუფთავებაზე. მეწყერს, ღვარცოფს მონიტორინგი მუდმივად სჭირდება და რაც მთავარია, ადამიანი უნდა გაუფრთხილდეს გარემოს. ხეტყის ინტენსიური ჭრა და განადგურება კარგს არაფერს მოგვიტანს.

- რაც შეეხება ჩვენს დედაქალაქს, მეწყერსაშიში ტერიტორიები აქაც მრავლადაა.

- თბილისი 2002 წლის მიწისძვრის შემდეგ, მიწისძვრის რისკის ზონაშიც მოექცა. ასევე, გარკვეული ტერიტორიები მოქცეულია მეწყერსაშიშ ზონაში. ეს ის უბნებია, სადაც არასწორადაა გაკეთებული კომუნიკაციები. ბევრ უბანში არის ნაყარი მასალაც. თბილისში არა მხოლოდ დამეწყრილი უბნები, ასევეა ღვარცფსაშიში ტერიტორიებიც. ინტენსიური წვიმების შედეგად, ძველ უბნებში სანიაღვრე სისტემები ვერ ატარებს წყალს, რაც დიდი ტერიტორიების დატბორვას იწვევს. მაგალითად, ორთაჭალაში, ფონიჭალაში, სადაც დაბლობი ადგილებია და ვაკე რელიეფი, ფერდობიდან ჩამოტანილი წყალი დიდ სიმაღლეზე გროვდება და საფრთხეს უქმნის მოსახლეობას. თბილისში ერთსაათიანი ინტენსიური წვიმის შედეგად, შესაძლოა, დიდი ტერიტორიები დაიტბოროს, რასაც დიდი ზარალი მოაქვს.

საქართველოს დაახლოებით 70% დამეწყრილია. სამწუხაროდ, დამეწყრილ უბნებში ცხოვრება გრძელდება. სტიქია კი მხოლოდ მაშინ გვახსენდება, როცა მორიგი ტრაგედია მოხდება. გავრცელებული ინფორმაციით, 1995 წლიდან სტიქიამ 100-მდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

ლამუნა ირემაშვილი