ღამით საპირფარეშო - დღისით პროდუქტის ბაზრობა! - გზაპრესი

ღამით საპირფარეშო - დღისით პროდუქტის ბაზრობა!

პირველად სადგურზე, "ბავშვთა სამყაროს" ტერიტორიაზე მივედი.

მცხუნვარე მზეში ქუჩაში გამოფენილი საკვები პროდუქტი და ანტისანიტარია - მოკლედ ასე შეიძლება შეფასდეს "დეზერტირების" მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სიტუაცია. სასტუმრო "კოლხეთის" მიმდებარე ტერიტორიაზე გუბესთან სახელდახელოდ გაშლილ "დახლზე" ყველი გაუმწკრივებიათ. შუახნის ქალბატონი გამვლელებს სვანურ ყველს სთავაზობს, მისი მეზობელი - კახურ ჩურჩხელას.

- რა ღირს ყველი?

- შვიდი ლარი, სულგუნს ცხრა ლარად მოგცემ...

- სადაური ყველია?

- სვანური, ჩემს ოჯახში გაკეთებული...

- კარგად იყიდება?

- რა გითხრა, ერთი საათია, მოვედი და ჯერ ორი თავი სულგუნი გავყიდე...

- გარევაჭრობა რომ აკრძალულია, გეცოდინებათ, პატრული არ მოდის ხოლმე?

- მოდის და გვაწიოკებს. თუ ვერ მოვასწარით გაქცევა, გვართმევენ საქონელს და გვაჯარიმებენ. აქ ჯდომა კი არ მსიამოვნებს, შუადღისას ბაზარში ვაგრძელებ მუშაობას.

- დილიდან რატომ არ ყიდით ბაზარში?

- იქ დილით ვაჭრობა არ არის და რისთვის მივიდე? თან ადგილიც ძვირია.

- რამდენს იხდით?

- ერთ კვადრატულ მეტრში ხუთ ლარს.

- ამ ადგილას ყველის გაყიდვა, თქვენი აზრით, რამდენად დასაშვებია? პირდაპირ გუბესთან გაქვთ "დახლი".

საუბარს ჩურჩხელით მოვაჭრე ქალბატონი მაწყვეტინებს:

- პარკში უდევს ყველა თავი, როგორ უნდა დაბინძურდეს?! ამას აქ თავისი კლიენტი ჰყავს. აგერ, აფთიაქში მუშაობს ქალი, სულ ამისგან ყიდულობს სულგუნს...

სვანი და კახელი ქალბატონებისგან განსხვავებით, სავაჭრო ცენტრ "კიდობანთან", სადაც ჩამოსასხმელ ღვინოსა და არაყს ყიდიან, რამდენიმე ქალბატონს ალუჩა, კიტრი, პამიდორი, ყველი და დაკლული ქათამი პირდაპირ ასფალტზე უწყვია.

- ყველი არ გინდა, შვილო? - მეკითხება შავოსანი ქალბატონი.

- რა ღირს?

- ხუთი ლარი.

- ეს ქათამი?

- ესეც ხუთი ლარი. სამტრედიულია, იმისთანა ხორცი აქვს, არ დაგავიწყდება გემო...

- ასე რომ გაქვთ, არ გაფუჭდება?

GzaPress- ცელოფანში რა გააფუჭებს ქათამს?!. თან, ჯერ ისე არ ცხელა.

"ბავშვთა სამყაროსთან", ღია ცის ქვეშ მდგარ ნაყინის დახლ-მაცივრებთან ახალგაზრდა ქალბატონს ყველი პლასტმასის ამოტრიალებულ ვედროზე უდევს და მიქებს, - ისეთია, ჭამით ვერ გაძღებიო. მეზობელ სასურსათო მაღაზიას კი პოლიეთილენის პარკში ჩაყრილი პური მიწაზე უდევს(!)...

თამარ მეფის გამზირისა და წინამძღვრიშვილის ქუჩის კვეთაზე, თაღში, სადაც ყველანაირი პროდუქცია იყიდება, შარდისა და სუნელების სუნი ერთმანეთშია არეული. პროდუქტი აქაც სახელდახელოდ გაშლილ დახლებზეა გამოფენილი. მოვაჭრეები მეუბნებიან, - ღამით ეს ადგილი საპირფარეშოდაა ქცეულიო(!).

ერთ-ერთი გამყიდველი:

- ნახევარი თბილისი მშიერია, ბუნკერებში იქექებიან და ისე გააქვთ თავი. ჩვენც აქ დგომაში არაფერს ვიხდით, თანაც არ გვაწვიმს და მზე არ გვადგება. მაგრამ დაგვერივნენ გარე მოვაჭრეებს და დღე არ გავა, რომ პატრულმა არ ააწიოკოს გაუბედურებული ხალხი, ეს არის საქმე? გასაგებია, რომ არ არის ლამაზი აქ საჭმლის გაყიდვა, მაგრამ სხვა რა გზა გვაქვს?! თუ გარეთ ნაგავში ვაჭრობა შეიძლება, აქ "არკაში" რატომ არ შეიძლება ვიდგეთ?!

- დიდი ხანია აქ დგახართ?

- მეორე წელია, - მიპასუხა გამყიდველმა და მერე პოლიეთილენის პარკში ჩაწყობილ 10 თავ სულგუნზე, რომელიც გვერდით ედო, მითხრა, - შეკვეთაა, რესტორნის მომმარაგებელმა უნდა წაიღოსო(!).

მარჯანიშვილის ქუჩაზე, მეტროს გვერდით, გარე მოვაჭრეებს გვერდს ვერ აუვლით. როგორც ყველგან, აქაც პროდუქტს პირდაპირ ასფალტიდან გთავაზობენ. ერთ-ერთი გარე მოვაჭრე, ჭაღარა მამაკაცი მეუბნება, - ყველი გორის რაიონიდან მომაქვს და მომხმარებელი არ მაკლია, დღეს, მაგალითად, 6 კილო გავყიდეო.

- ქუჩაში ყიდით, ავტომობილები მოძრაობენ, მტვერი არ ედება ყველს?

- ცელოფანში მაქვს ყველა თავი, მტვერი როგორ უნდა დაედოს?

- მზე რომ აცხუნებს?GzaPress

- მზე რომ აცხუნებს, ჩრდილში გადამაქვს ხოლმე.

"საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციის" დირექტორი მადონა კოიძე სიტუაციას საგანგაშოს უწოდებს:

- ერთადერთი მაკონტროლებელი სტრუქტურა, რომელსაც ევალება სურსათის ეროვნული კონტროლი სახელმწიფოში, "სურსათის ეროვნული სააგენტოა", მაგრამ ეს უწყება გარევაჭრობას არ ზედამხედველობს, რადგან გარევაჭრობა კანონდარღვევაა, რომელიც უნდა იყოს აღკვეთილი. მასზე დაწესებულია საჯარიმო სანქციები. მართალია, საპატრულო პოლიცია პერიოდულად ებრძვის გარევაჭრობას, თუმცა მის მიერ გატარებული ღონისძიებები საკმარისი არ არის. "საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციამ" ლაბორატორიული კვლევისთვის, ცოტა ხნის წინ საქართველოს სხვადასხვა ბაზრობაზე ამჯერად ყველის ნიმუშები შეიძინა და საზოგადოებას ჩატარებული კვლევის შედეგები საგანგებო პრესკონფერენციაზე აცნობა. ფედერაციის ხელმძღვანელმა მადონა კოიძემ აღნიშნა:

"რძის პროდუქტები განსაკუთრებით მალფუჭებადი პროდუქტია, რომელსაც შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმი სჭირდება სწორად შენახვისთვის. ჩვენ რამდენიმე ქალაქში შევისყიდეთ 50-მდე ყველი, მათ შორის: ტრადიციული, ქარხნული, სულგუნი. საგანგაშო მდგომარეობაა - 50 ნიმუშიდან 30-ში აღმოჩენილია ე.წ. კოლიფორმები ანუ ნაწლავის ჯგუფის ტიპის ბაქტერიები, და ხუთში აღმოჩენილია პათოგენი - ოქროსფერი სტაფილოკოკი. სიცხეში ეს პათოგენი გამოჰყოფს ენტეროტოქსინს, რომელიც 90%-ით აზიანებს მომხმარებლის ჯანმრთელობას და იწვევს კვებით ინტოქსიკაციას". მადონა კოიძემ ასევე დასძინა, რომ ძირითადად, გლეხურმა ანუ ოჯახურ პირობებში დამზადებულმა ყველმა ვერ დააკმაყოფილა სტანდარტები, ხოლო ქარხნული წესით დამზადებული - მაგალითად, "სანტეს" ყველი, "სანებო" და "კარფურის" ყველი ლაბორატორიული შემოწმების დროს სუფთა აღმოჩნდა.

თორნიკე ყაჯრიშვილი