უტი­ტუ­ლო ჩემ­პი­ო­ნი - გზაპრესი

უტი­ტუ­ლო ჩემ­პი­ო­ნი

1972 წლის მიუნხენის ოლიმპიური თამაშების ძიუდოისტთა ტურნირზე ერთმანეთს იაპონელი ფუმიო სასახარა და ქართველი შოთა ჩოჩიშვილი ხვდებოდნენ. სასახარა იაპონელთა ეროვნული ჭიდაობის, ძიუდოს ექვსი დანის მფლობელი და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი იყო, ხოლო ჩოჩიშვილი ჩვენი ეროვნული სახეობის, ქართული ჭიდაობის ფანდების დიდოსტატი. თუმცა ის სასახარასგან განსხვავებით ჯერ არავითარ ტიტულს არ ფლობდა, ასე განსაჯეთ საქართველოს ჩემპიონიც კი არ ყოფილა. "ამომავალი მზის" ქვეყანაში ძიუდოში ჭიდაობა XIX საუკუნის მეორე ნახევარში დაიწყეს, ჩვენში კი ჭიდაობის ეს სახეობა თითქმის ასი წლის შემდეგ შემოვიდა.

პირველად სპორტის ახალ სახეობაში თავიანთი ძალები სამბისტებმა მოსინჯეს. 1957 წელს უნგრელებმა საბჭოთა ნაკრები ბუდაპეშტში, სამატჩო შეხვედრაზე მიიწვიეს. უნგრეთის დედაქალაქში რამდენიმე ქართველი სამბისტიც გაემგზავრა და მათ შორის ბიძინა მაზიაშვილიც, შემდგომში ქართული ძიუდოს პატრიარქი. მოგვიანებით ბატონი ბიძინა იხსენებდა: "მაშინ ძიუდოს შესახებ არაფერი ვიცოდით და ყველაფრის შესწავლა გვინდოდა. კინოაპარატი არ გვქონდა და ყველაფრის დამახსოვრება გვიხდებოდა, გაფაციცებით ვადევნებდით ჩვენთვის უცნობ ილეთებს. მახსოვს, სხვების ჭიდაობას რომ ვუყურებდი, ჩემი თვალები ფოტოაპარატივით მუშაობდნენ. იმ პერიოდისათვის ჩვენ კარგი სამბისტები გვყავდა, მაგრამ საერთაშორისო შეხვედრების გამოცდილება არც მათ ჰქონდათ. ამის მიუხედავად, მასპინძლები ჯერ სამბოში დავამარცხეთ, ხოლო შემდეგ ძიუდოს წესებით ვიჭიდავეთ და აქაც ვაჯობეთ".

გორის პედაგოგიურ ინსტიტუტში ძიუდოს სექცია გურამ პაპიტაშვილმა გახსნა, რომელიც შემდგომ იმდენად პოპულარული გახდა, რომ მას ძიუდოს აკადემია შეარქვეს. სწორედ გურამ პაპიტაშვილთან დაიწყო ვარჯიში შოთა ჩოჩიშვილმა. შეგირდი ქართული ჭიდაობის ილეთებს საკმაოდ კარგად კი ფლობდა, მაგრამ ფიზიკურად სუსტი იყო. ამიტომ სპეციალურად მისთვის პაპიტაშვილმა ვარჯიშები მოიფიქრა, რომ ბიჭი მოღონიერებულიყო. არც ჩოჩიშვილს ეზარებოდა წვრთნა და მალე შედეგსაც მიაღწია, თბილისის საერთაშორისო ტურნირი მოიგო.

შოთა ჩოჩიშვილი:

- მაშინ 20 წლისაც არ ვიყავი. პაპიტაშვილმა გორიდან ბიძინა მაზიაშვილთან გამომიშვა. მისამართი მომცა და დამაბარა, მაზიაშვილს უთხარი საქართველოს ნაკრებში აგიყვანოს და ტურნირზე გაჭიდაოსო. დილაადრიან დავადექი თავზე ბატონ ბიძინას და პაპიტაშვილის დანაბარები გადავეცი. შეიცხადა, გუნდი უკვე დაკომპლექტებულია, ვის მაგივრად გაჭიდაოო? მერე ამათვალიერ-ჩამათვალიერა და მითხრა, თუ სპარინგებში იყოჩაღებ, გაჭიდავებო. ვიჭიდავე და კონკურენტებს ვაჯობე, მაზიაშვილმაც ტურნირზე გამომიყვანა. პირველი შეხვედრა გერმანელ ვებერთან მქონდა და მახსოვს ქართული ფანდით დავახეთქე ტატამზე. დანარჩენი მეტოქეებიც წმინდად დავამარცხე და თბილისის საერთაშორისო ტურნირი პირველად მოვიგე. საბჭოთა ნაკრების უფროს მწვრთნელს, ვლად ანდრეევს მაშინ ძალიან მოვეწონე. ყველას ეკითხებოდა, ვინ არის ეს ბიჭი, სად იპოვეთო. ერთ კვირაში მოსკოვში გაიმართა საკავშირო ტურნირი და ანდრეევმა იქაც მაჭიდავა. ისევ კარგად გამოვედი და თავის გუნდში, საბჭოთა ნაკრებში მიმიწვია. ანდრეევი გამოცდილი სპეციალისტი იყო. მას წვრთნის თავისებური მეთოდი ჰქონდა. მისი ხელმძღვანელობით საბჭოთა ძიუდოისტები და მათ შორის ანზორ კიკნაძე და ანზორ ქიბროწაშვილი არაერთხელ გახდნენ ევროპის ჩემპიონები, ხოლო ანზორ კიკნაძე ფარნაოზ ჩიკვილაძესთან ერთად ტოკიოს ოლიმპიადის პრიზიორიც გახდა. მე ყოველთვის კარგად მექცეოდა და მისი დიდად მადლიერი ვარ. ვარჯიშებზე ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯებოდი. კიმონოები ვეღარ მიძლებდა და ხშირად მათი გამოცვლა მიხდებოდა. სხვები რომ შინ მიდიოდნენ, მე დარბაზში ვრჩებოდი და წვრთნას ვაგრძელებდი. ანდრეევს საერთოდ ქართველი ძიუდოისტები უყვარდა და აფასებდა მათ.

ანდრეევისაგან განსხვავებით, საბჭოთა ნაკრების სხვა მწვრთნელებს არ მოსწონდათ ჩოჩიშვილის გახსნილი ჭიდაობა. ქართველი არ გაურბოდა ორთბრძოლას, ყრუ დაცვაში არ დგებოდა. პირიქით, ზეზეულად მიდიოდა მეტოქეზე და მხრებგაშლილი ჭიდაობდა. ეს სტილი სახიფათოა და ხშირად მარცხით მთავრდებაო, ამბობდნენ ანდრეევის ოპონენტები, მაგრამ მთავარ მწვრთნელს სჯეროდა ჩოჩიშვილის. თუმცა, მაშინ ანდრეევს არ დასცალდა ჩოჩიშვილის საერთაშორისო არენაზე გაყვანა, ქვეყნის მთავარი გუნდი სხვას ჩააბარეს და გერმანული ლიუდვიგსჰაფენის მსოფლიოს ჩემპიონატზეც ქართველი ფალავანი არ წაიყვანეს. საბჭოთა ნაკრებმა იქ ერთი ოქროს მედალიც ვერ მოიპოვა. როგორც ჩანს, მიზეზს "ზემოთაც" მიხვდნენ და მიუნხენის ოლიმპიურ თამაშებამდე რამდენიმე თვით ადრე ვლად ანდრეევი ნაკრებში დააბრუნეს. შოთა ჩოჩიშვილმა კვლავ იმედიანად გააგრძელა ოლიმპიადისათვის მზადება. თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა, სპორტული ფორმის პიკსაც უახლოვდებოდა, მაგრამ ბედის ირონიით, თამაშების დაწყებამდე ორი კვირით ადრე, სპარინგის დროს ცუდად დაეცა და კისრის მძიმე ტრავმა მიიღო. წესით, მისთვის ოლიმპიადა აქ უნდა დამთავრებულიყო, მაგრამ ანდრეევს ისევ სჯეროდა მისი და ქართველი ძიუდოისტი მაინც გამოიყვანა ოლიმპიურ ტატამზე.

შოთა ჩოჩიშვილის მეტოქე ოლიმპიური ტურნირის სტარტზე კორეელი ჩჟო დუ იონგი იყო, მაგრამ როგორც ჩანს, მას ტრავმა ჰქონდა და გამარჯვება უბრძოლველად დაუთმო ქართველს, მეორე წრეში კი ჩოჩიშვილს სწორედ ის იაპონელი სასახარა ხვდებოდა, ვის გამარჯვებასაც ყველა ელოდა.

შოთა ჩოჩიშვილი:

- მაშინ, მიუნხენში, ჩემს თავზე რაღაც ზეციური სასწაულები ხდებოდა, თითქოს განგების ძალა მეხმარებოდა. ის ტრავმაც სასიკეთოდ წამადგა, გაუთავებელი ვარჯიშებისაგან დავისვენე. ცოტა ხნით განვიტვირთე. ორთაბრძოლების დაწყების წინ კი დამესიზმრა, რომ ტატამზე თეთრწვერა მოხუცს გავყავდი. ძალიან მშვიდი იყო და მისი სიმშვიდე მეც გადმომედო. იაპონელებმა იციან ძიუდოს ყადრი. ისინი საკუთარ თავსაც პატივს სცემენ და მეტოქესაც, გახსნილნი, ვაჟკაცურად ჭიდაობენ. შემოდიან ფანდზე, უკან დახევა არ უყვართ. სასახარა ჩვენ მადლიან ქართულ ფანდზე, "კისრულზე" წამოვიღე და სულ რაღაც ხუთ წუთში დავამარცხე. თავადვე არ სჯეროდა, რომ ასე უეცრად წააგო.

ქვემძიმე წონითი კატეგორიის მთავარი ფავორიტის მოულოდნელი მარცხი ძიუდოისტთა ტურნირის ერთ-ერთი სენსაცია იყო, მაგრამ მომდევნო წრეში ასევე მოულოდნელად თავად ჩოჩიშვილი დამარცხდა ბრიტანელ დევიდ სტარბრუკთან. დღევანდელი წესებით ქართველ ფალავანს მხოლოდ ბრინჯაოს მედლისათვის შეეძლო ბრძოლის გაგრძელება, მაგრამ იმ პერიოდში ერთი წაგების შემდეგაც შეიძლებოდა ოქროს ჯილდოს მოპოვება, თუ სტარბრუკი ფინალამდე მიაღწევდა. ბრიტანელი ურიგო ფალავანი არ იყო. ჩოჩიშვილმა იტალიელი პიერ ალბერტინი 15 წამში იპონზე დააგდო. ამერიკელ ჯეიმს უოლს წუთ-ნახევარში მოუგო, გერმანელ პაულ ბარტს კი წუთსა და ხუთ წამში სძლია და ფინალში კვლავ სტარბრუკის პირისპირ დადგა.

შოთა ჩოჩიშვილი:

- გადამწყვეტ შეხვედრაში ფრთხილი ჭიდაობა იყო საჭირო, შეცდომის უფლება არ მქონდა. ახლა ჩემთვის მთავარი იყო, არ დამეშვა სულ პატარა შეცდომაც კი. ასე ახლოს ოლიმპიურ ოქროს მედალთან მანამდე არც ერთი საბჭოთა და არც ქართველი ძიუდოისტი ყოფილა. თუ გავიმარჯვებდი, პირველი მე გავხდებოდი ოლიმპიური ჩემპიონი. ფინალი კოშმარი აღმოჩნდა, შეხვედრა დიდხანს გაგრძელდა. ერთ მომენტში სარმა გამოვდე, დაეცა და როგორც ჩანს, ფეხი იტკინა. ექიმები კარგა ხანს დასტრიალებდნენ. ბოლოს, როგორც იქნა, წამოდგა და შეხვედრა გავაგრძელეთ. სტარბრუკი შევატყვე ძალიან დაიღალა, ვგრძნობდი, რომ ძალა ელეოდა. თუმცა მეც გვარიანად დავიღალე. სრულფასოვანი გდება ვერც ერთმა გავაკეთეთ და დრო რომ ამოიწურა, გამარჯვებულის ვინაობა მსაჯებს უნდა გაერკვიათ. ეს დროც გულისგამაწვრილებლად გაიწელა. კარგა ხანს ველოდით და ბოლოს, როგორც იქნა, გამარჯვების ნიშნად მსაჯმა ჩემკენ გამოიშვირა ხელი. პირველი ოლიმპიური ჩემპიონი გავხდი, საბჭოთა ძიუდოისტებს შორის.

მოგვიანებით სპორტული კარიერა რომ დაასრულა, ანდრეევი ამბობდა: - ყველა დროის სამი უძლიერესი ძიუდოისტის დასახელება რომ შემომთავაზონ, ამ სამეულში აუცილებლად მოხვდება შოთა ჩოჩიშვილიო. შოთა ჩოჩიშვილი ოლიმპიური ჩემპიონი ისე გახდა, რომ საქართველოს ჩემპიონიც კი არ ყოფილა.

შოთა ჩოჩიშვილმა მიუნხენის ტრიუმფის შემდეგ საბჭოთა კავშირის, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზეც იასპარეზა, მაგრამ ვერც ერთ ამ ტურნირში პირველობა ვეღარ მოიპოვა. კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურთან ყველაზე ახლოს ის ვენის მსოფლიოს ჩემპიონატზე იყო, მაგრამ იქ მსაჯებმა კურიოზული გადაწყვეტილება მიიღეს: იაპონელ ხარუკი უემურასთან შეხვედრისას ქართველმა ფალავანმა თავის საფირმო ილეთზე დაიჭირა მეტოქე და ტატამზე დააგდო. ფანდი იმდენად მაღალი ამპლიტუდით და ეფექტიანად იყო შესრულებული, რომ ყველამ და მათ შორის ჩოჩიშვილმაც იფიქრა, რომ მსაჯი სუფთა გამარჯვებას, იპონს დააფიქსირებდა და ხელი გაუშვა მეტოქეს. მან კი გააგრძელა ჭიდაობა და ჩოჩიშვილი შებოჭა. მსაჯიც დუმდა. საბოლოოდ, იაპონელი ჩემპიონი გახდა, ქართველს კი ბრინჯაოს მედალიღა ერგო.

შოთა ჩოჩიშვილისათვის ხარუკი უემურა საბედისწერო მეტოქე გამოდგა. მონრეალის ოლიმპიადის მესამე წრეში ისინი კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს და მსაჯებმა გამარჯვება ისევ იაპონელს მიაკუთვნეს. ოქროს მედალი კვლავ იაპონელმა მოიპოვა, ქართველმა კი მესამე ადგილისათვის შეხვედრაში მსოფლიოს ჩემპიონი, ფრანგი ჟან-ლიუკ რუჟე დაამარცხა და მშობლიურ გორში ამჯერად ოლიმპიური ბრინჯაოს ჯილდო ჩამოიტანა.

შოთა ჩოჩიშვილი 2008 წელს გარდაიცვალა. ჩვენი ძიუდოისტების მთავარი საწვრთნელი ბაზა დიღომში დღეს შოთა ჩოჩიშვილის სახელობისაა.

გოგი ფრანგიშვილი