ახალ­გაზ­რ­და ბიზ­ნეს­მე­ნის საქ­მე და გეგ­მე­ბი - გზაპრესი

ახალ­გაზ­რ­და ბიზ­ნეს­მე­ნის საქ­მე და გეგ­მე­ბი

მინდა, ახალგაზრდა მამაკაცი, 19 წლის გიორგი სეხნიაიძე გაგაცნოთ, რომელიც მისაბაძი მაგალითია არა მხოლოდ თავისი თაობის წარმომადგენლებისთვის. ინიციატივიანი ახალგაზრდა სწავლის პარალელურად საქმეშია ჩაბმული და თავისი ბიზნესის განვითარებაზეც ფიქრობს. ყველა დიდი გზა პირველი ნაბიჯით იწყება და გიორგის უკვე გადადგმული აქვს ეს პირველი ნაბიჯი. ზაფხულს სოფელ შენაქოში ატარებს და ტურისტებს თავის სასტუმროსა და კაფეტერიაში ემსახურება. ამასთან, ტყეში სამკურნალო მცენარეებს აგროვებს, აფასოებს და ყიდის.

თვითონ მოგვიყვება, როგორ წამოიწყო საქმე და როგორ აპირებს მის განვითარებას.

- თბილისში ვცხოვრობ, დედასა და ბებიასთან ერთად, ვსწავლობ უნივერსიტეტში და ზაფხულს თუშეთში, სოფელ შენაქოში ვატარებ.

- იქ ვინმე ცხოვრობს მუდმივად?

- ჩემს სოფელში სულ 3 ადამიანი რჩება ზამთრის პერიოდში, რადგან გზა ოქტომბრის შუა რიცხვებიდან მაისის ბოლომდე დაკეტილია, ხოლო ზაფხულში მე და დედა ვართ იქ, გვაქვს ხელნაკეთი ნივთების მაღაზია, პატარა საოჯახო სასტუმრო, თავისი პატარა კაფეტერიით.

- სასტუმროსა და კაფეტერიის ბიზნესი როგორ მიდის? გაამართლა?

- არ ვუჩივით ტურისტების რაოდენობას, თან წელს მივიღე დაფინანსება პროექტ `აწარმოე საქართველოსგან~ და ვამატებ თონეს და ვაუმჯობესებ კაფეტერიასა და სასტუმროს.

- შენ რა გევალება ოჯახურ ბიზნესში? რა საქმეს ასრულებ კონკრეტულად?

- ტურისტებს ვუმზადებ ჩაის, ყავას ან სხვა სასმელებს და ვანაწილებ ოთახებში. დანარჩენს დედა ჰპატრონობს.

- პროდუქტის მიტანა ვის ევალება?

- პროდუქტი ერთიანად მიგვაქვს სეზონის დასაწყისში, რადგან კახეთიდან გვიწევს წაღება. ასე რომ, შემდეგ თავისუფალი ვართ ამ საქმისგან.

- რომელი ქვეყნიდან უფრო მოდიან ტურისტები?

- გააჩნია, რომელი თვეა. მაგალითად, სექტემბერში ძირითადად ისრაელიდან მოდიან ტურისტები.

- რა ენაზე ეკონტაქტებოდი მათ?

- მე ინგლისურად და რუსულად, ხოლო დედა - ბერძნულად. სხვათა შორის, წელს ქართველი დამსვენებელიც ბევრი იყო.GzaPress

- რამდენი ხანია, რაც ოჯახურ ბიზნესს აწარმოებთ?

- 3 წელია უკვე.

- ყველაზე მეტი ტურისტი როდის იყო?

- ამ სამი წლის განმავლობაში, ვფიქრობ, რომ წელს. ისე კი ტურისტთა რიცხვი ყოველ წელს იმატებს.

- რომელ ფაკულტეტზე სწავლობ?

- სკოლა გასულ წელს დავამთავრე ექსტერნად და ახლა მეორე კურსზე ვარ, ტექნიკურ უნივერსიტეტში, არქიტექტურის ფაკულტეტზე და მინდა, რესტავრაციის განხრით წასვლა, რადგან რაც გვაქვს მნიშვნელოვანი ქართველებს, ისინი შემოვინახოთ. კულტურულ ძეგლებზე ვლაპარაკობ, რომლებიც ნამდვილად ძვირფასია ჩვენთვის.

- ახლა გადავიდეთ შენს კიდევ ერთ საქმიანობაზე: ჩაის ველური მცენარეებისგან ამზადებ. რომელი მცენარეებია ეს და როგორ ამზადებ?

- ზაფხულში, როცა თავისუფალი დრო გამომიჩნდება, ძირითადად ბალახეულს ვაგროვებ. ამ საქმის წამოწყების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, ცოტაოდენი ფულის შოვნის გარდა, ისაა, რომ ქართველებს როგორც ძვირფასი არქიტექტურა, ასევე ფლორა და ფაუნა გვაქვს, ჩვენი მცენარეები ძალზე ბევრი სამკურნალო-გამაჯანსაღებელი თვისებებით გამოირჩევიან, რომლებიც, ვფიქრობ, ბევრად უკეთესია, ვიდრე ქიმიური წამლები. ჩემ მიერ დამზადებულ ჩაის დიდებულ არომატთან ერთად, სამკურნალო თვისებებიც აქვს, რომლებიც არ მინდა, რომ დაიკარგოს.

- მცენარეების სამკურნალო თვისებებზე ინფორმაცია სად მოიძიე? სოფელში, იქაურებისგან თუ სპეციალურ ლიტერატურას გაეცანი?

- ინფორმაციას თავიდან ადგილობრივებისაგან ვიგებდი, ძირითადად, ბებოსგან მაქვს ნასწავლი როგორც მცენარეთა სამკურნალო თვისებები, ასევე ისიც, თუ რომელი მცენარე რა ფერს გვაძლევს. ამ პირველადი ინფორმაციის მიღების შემდეგ ლიტერატურას ვეცნობი ამა თუ იმ კონკრეტულ მცენარეზე. მაგალითად, ნედლი კაკლის ნაჭუჭი წენგოს ფერს გვაძლევს. ჯანგარო (ლიტერატურული სახელი არ ვიცი) - კლდის ფერფლივითაა და ეგ მოწითალო, დაახლოებით მწიფე შინდის ფერს გვაძლევს, ღოლოს ძირები - ყვითელს. ასევე, ჯანგით ვღებავთ შავად. ჩვენ ნაქსოვ წინდებსა და `ჩიტებსაც~ ვყიდით, რომელიც ნატურალური მატყლისგან მზადდება და ფერებს ნატურალურად, მცენარეებისგან ვიღებთ, რომელშიც მატყლს ვღებავთ.GzaPress

- რა დაავადებებს კურნავს ის მცენარეები, რომელსაც აგროვებ?

- ბექქონდარა - საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევას, შებერვას, მკერდის არეში ტკივილს, უძილობას, ასევე, `კუჭის შემკვრელია~. თავშავა - უძილობის, ნევროზის, სისხლძარღვების დაავადებების სამკურნალო, სპაზმის მომხსნელი საშუალებაა და ასევე, უმადობას უხდება... კრაზანა - ნაღვლის ბუშტს, ჰეპატიტებს, ქოლესტერინს კურნავს, კბილებისა და ღრძილებისთვის არის კარგი საშუალება, სისხლის მიმოქცევას აწესრიგებს და გინეკოლოგიურ დაავადებებს კურნავს. ეს არასრული ჩამონათვალი გახლავთ.

- როგორ ახმობ? სპეციალური მეთოდია რამე?

- დაკრეფილს ვაშრობ ჩრდილში ისე, რომ მზე არ მოხვდეს, რადგან მზე ძალიან ფიტავს და შესაძლოა, დაკარგოს სამკურნალო თვისებები და არომატი. შემდეგ კონებად ვკრავ და `თავდაყირა~ ვკიდებ. კარგად რომ გაშრება, ვფხვნი ხელით და ვფუთავ პაკეტებში.

- დამზადებული პროდუქციის გასაღებას როგორ ახერხებ?

- გასაღებას რაც შეეხება, ახლა დავწერე განაცხადი და ველოდები პასუხს, რომ დავარეგისტრირო საწარმო თუშეთში და `მთის კანონის~ პროგრამით გათვალისწინებული შეღავათებით ვისარგებლებ. კერძოდ - გავთავისუფლდები ქონებისა და მოგების გადასახადისგან. მანამდე კი, გამომდინარე იქიდან, რომ მოგების გადასახადი საკმაოდ მაღალია, საქმე კი შრომატევადი, ძირითადად კერძო პირებზე ვყიდი, ვინც უკვე იცის ჩემ შესახებ ან ჩაის შესახებ ინფორმაციას სოციალური ქსელიდან იგებენ.

- ჩაი წელს პირველად დაამზადე?

- დიახ, წელს წამოვიწყე.

- რამდენი დაამზადე? გაყიდე რამე?

- კი, რაღაც ნაწილი გავყიდე. დაახლოებით 500-550 პაკეტი მექნება ალბათ წელს. რომ გავყიდი, ფულს შევაგროვებ და რაიმე პატარა დანადგარის შეძენა მინდა, ჩაის გადასამუშავებლად. რაღაც პროექტი იყო ამ ზაფხულს, თუ არ ვცდები, ჩეხები აფინანსებდნენ, იქ დავწერე პროექტი, მაგრამ სამწუხაროდ, არ დამაფინანსეს და ველოდები სხვა რაიმე პროგრამას ან ჩემს შემოსავალს, რომლითაც შევძლებ დასაფხვნელი და შესაფუთი დანადგარის შეძენას, რომელიც 3.000-3.500 დოლარი ღირს და ამით რაოდენობის გაზრდას მოვახერხებ. ეს საშუალებას მომცემს, კიდევ რამდენიმე თუში ახალგაზრდა დავასაქმო. თუმცა, ვიდრე ყველაფერი კარგად იქნება, მეც და დედასაც არსებობა გვჭირდება და ორივე ვეძებთ რაიმე სამსახურს.

- თითოეული მცენარე ცალკე გაქვს დაფასოებული თუ ნარევს აკეთებ?

- არა, დღეს ცალ-ცალკე მაქვს. მინდა, ბევრი ვაწარმოო, მაგრამ `ბევრსაც~ გააჩნია. როცა მექნება დანადგარი, საგრძნობლად შემიმსუბუქდება საქმე, მაგრამ დანადგარი არ ნიშნავს, რომ აუცილებლად ბევრი უნდა ვაწარმოო. 2 სიტყვით გეტყვით სახელწოდებაზეც, თუ შესაძლებელია: თუშეთში, სოფელ შენაქოში უშაროანთ გორელი ვარ, უშაროანთ ეძახიან ჩვენს ბიძაშვილ სეხნიაიძეებს და რაც მთავარია, შარის მაგიერ სიმშვიდე მოაქვს ამ ჩაის.

მარი ჯაფარიძე