17 ნოემბერი გალაკტიონ ტაბიძის დაბადების დღეა! - უნიკალური ფოტო არქივიდან - გზაპრესი

17 ნოემბერი გალაკტიონ ტაბიძის დაბადების დღეა! - უნიკალური ფოტო არქივიდან

ამ დიდებული ადამიანის ცხოვრებას კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი და განსაკუთრებით კი მის პირად ცხოვრებაზე შევჩერდეთ.

ცნობილია, რომ გალაკტიონს არც ცხოვრებაში უმართლებდა და არც - სიყვარულში. 1912 წელს, ქუთაისში, მან და მისმა მომავალმა მეუღლემ, ოლია ოკუჯავამ შემთხვევით გაიცნეს ერთმანეთი. ეს ამბავი ასე მოხდა: პოეტი და მისი ბიძაშვილი, ტიციანი ქუჩაში მიდიოდნენ, ოლია კი მარტო იყო (იმ წელს გაუცვნია მერი შერვაშიძეც, ისიც ქუჩაში მიმავალი დაუნახავს)... ოლია ამ გაცნობას პირად წერილებში ასე აღწერს: "გალაკტიონი რომ დავინახე, მივხვდი, რომ ცხოვრება ტანჯვად გადაჰქცეოდა (მაშინ ოლია ქუთაისის წმინდა ნინოს სასწავლებელში სწავლობდა, რომლის გვერდით, კლასიკური გიმნაზიაში გალაკტიონი ეუფლებოდა ცოდნას. - ავტ.). იქ გალაკტიონს სულ ვხედავდი. თავისი შარფით განმარტოვებული დადიოდა და სხვებს ნამდვილად არ ჰგავდა".

მოკლედ, დიდი პოეტისა და მისი მომავალი მეუღლის სიყვარულიც მაშინ დაწყებულა...

მერი შერვაშიძის ნახვამ კი გალაკტიონში განსაკუთრებული შინაგანი მუხტი წარმოქმნა, რაც მის შემოქმედებაზეც აისახა, რადგანაც 1912 წლამდე დაწერილი მისი ლექსები სხვა სტილის გახლდათ. დიახ, როგორც ლიტერატორები ამბობენ, როცა მის ცხოვრებაში ეს ორი ქალბატონი გამოჩნდა, ორივემ თავისებური სიახლე შეიტანა პოეტის პოეზიაშიც, მაგრამ მერი შერვაშიძე გალაკტიონს პირადად არ იცნობდა და ურთიერთობა არ ჰქონიათ. მერი გალაკტიონისგან ცხოვრების სტილით გამორჩეული იყო, თავისი გარეგნობის გამო, ყმაწვილობიდანვე პოპულარული გახლდათ. პოეტს მერი უყვარდა, მაგრამ ეს სიყვარული ოლია ოკუჯავას სიყვარულმა გადასძალა. როდესაც მისი და ოლიას შეუღლება გადაწყდა, 1915 წელს მერისთან გამოსათხოვარი ლექსი - "მერი" დაწერა...

ფოტო გიორგი კეკელიძემ გამოაქვეყნა.